ტოქსიკომანია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტოქსიკომანია

ტერმინი "მავნე ეფექტები" გულისხმობს ჯანმრთელობის გაუარესებას წამლის არადანიშნულებისამებრ სისტემატური მიღების შედეგად. თუ წამლის მიღება ასეთ პრობლემას უქმნის მომხმარებელს, მაგრამ ის წამლის მიღებისგან თავს ვერ იკავებს, იგი წამლის "არადანიშნულებით მომხმარებლად", "წამლისადმი მიდრეკილების მქონედ" ანუ "ნარკომანად" ითვლება და მკურნალობა სჭირდება. თანამედროვე კლასიფიკაციით, ქცევის დარღვევის გამომწვევი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ორი სახის პათოლოგიური მოვლენა ვითარდება: "წამლისადმი ან სუბსტანციისადმი დამოკიდებულება" და "წამლის ან სუბსტანციის არადანიშნულებით მიღების ჩვევა". "სუბსტანციისადმი დამოკიდებულება" წამლის მიმართ ტოლერანტობით გამოიხატება. ეს ნიშნავს, რომ სასურველი სუბიექტური განცდისთვის ნივთიერების სულ უფრო  მეტი დოზაა აუცილებელი. ალკოჰოლისა და თამბაქოს  სისტემატური მოხმარება, გარდა ქცევის დარღვევისა, ისეთი პათოლოგიების  მიზეზადაც იქცევა, რომლებსაც შესაძლოა ლეტალური დასასრული ჰქონდეს. ამჯერად მკითხველის ყურადღებას "სუბსტანციებთან დაკავშირებული ქცევითი დარღვევის" ერთ-ერთ სახეზე - ტოქსიკომანიაზე გავამახვილებთ. სწორედ მასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე:

- ბატონო მალხაზ, ქცევითი დამოკიდებულების რა სახეა ანუ რას წარმოადგენს ტოქსიკომანია?

- ტოქსიკომანია (ლათინურად - ტოხიკოს - შხამიანი, მანია - ავადმყოფური მისწრაფება) - ავადმყოფურ მდგომარეობათა ერთობლიობაა, რომელთაც ახასიათებთ იმ სამკურნალო საშუალებებისა და სხვა ნივთიერებების (საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები - მღრღნელების შხამები, ინსექტიციდები, ლაქები, საღებავები, ქიმწმენდის საშუალებები და სხვ.) მიმართ მისწრაფება და მიჩვევა, რომლებიც, "გაეროს 1961 წლის ნარკოტიკული საშუალებების ერთიანი კონვენციის" მიხედვით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მიეკუთვნება. ტოქსიკომანიას ახასიათებს ქრონიკული ინტოქსიკაცია, ფსიქიკური და/ან ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მედიცინის თვალთახედვით, ტოქსიკომანია გამოიხატება ტოქსიკური ნივთიერებების მუდმივი მოხმარებით, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების, შრომისუნარიანობისა და ფსიქიკის დარღვევით, ქრონიკული ინტოქსიკაციის მრავალმხრივი გამოვლინებით. ტოქსიკომანიისთვის დამახასიათებელია პიროვნების ღრმა დეგრადაცია. როგორც წესი, ტოქსიკომანიას თან ახლავს მრავალი ნეგატიური სოციალური გამოვლინება - ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და პროსტიტუცია. ტოქსიკომანებისთვის დამახასიათებელია მიჩვევის ძალიან მოკლე პერიოდი, ორგანიზმის დაცვითი რეაქციების უქონლობა დოზის გადაჭარბებისას, ერთჯერადი და დღიური დოზების გაზრდა, შიში, პარანოია და ჰალუცინაციები. ფსიქიკური დამოკიდებულება გამოიხატება ავადმყოფური მისწრაფებით მუდმივად ან პერიოდულად მიიღონ ფსიქოაქტიური ნივთიერება, რათა შეიგრძნონ, განიცადონ ეიფორია ან მოიხსნან ფსიქიკური დისკომფორტი. ამით აიხსნება პიროვნების მიზანმიმართული ქცევა. მისი მთავარი საზრუნავი საჭირო ნივთიერების მოძიებაა. ფიზიკური დამოკიდებულება ანუ აბსტინენციური სინდრომი (მოხსნის სინდრომი) გამოიხატება ვეგეტონევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით, რაც ტოქსიკური ნივთიერებების მიღების შეწყვეტით არის გამოწვეული.

- ძირითადად რომელ ნივთიერებებს მოიხმარენ ტოქსიკომანები? თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოში ყველაზე ფართოდ მოხმარებად "წამლებზე"? რომელს იყენებენ ჩვენთან ყველაზე ხშირად და რატომ?

- ტოქსიკომანიას მრავალი პრეპარატი თუ ნივთიერება იწვევს. პირველ რიგში, მათ მიეკუთვნება სედაციური და დამაძინებელი მოქმედების მედიკამენტები: ბარბიტურის მჟავას ნაწარმები (გარდა ციკლობარბიტალისა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებაა), ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ტრანკვილიზატორები (ელენიუმი, დიაზეპამი, ტემაზეპამი და სხვა), პარკინსონიზმის სამკურნალო (ციკლოდოლი) და ანტიჰისტამინური (დიმედროლი,  პიპოლფენი) პრეპარატები, ფსიქოსტიმულატორები (ეფედრინი, თეოფედრინი, კოფეინი, სიდნოკარბი, სოლუტანი და სხვა), საინჰალაციო სანარკოზე საშუალებები (ეთერი, აზოტის ქვეჟანგი). ბოლო ხანს საქართველოში გახშირდა მიორელაქსანტ (კუნთების მომადუნებელ) ბაკლოფენისა და ნეიროლეპტიკური საშუალება აზალეპტინის ბოროტად გამოყენება. ხშირია ამ ორი მედიკამენტით გამოწვეული ინტოქსიკაცია და სიკვდილიანობაც.

- ბატონო მალხაზ, კარგი იქნება, თუ მოკლედ დაახასიათებთ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც ტოქსიკომანები იყენებენ - რომელი ტოლერანტობის როგორი დონით გამოირჩევა, რომელი იწვევს უფრო სწრაფ მიჩვევას, რომელს ახასიათებს ეიფორიის (ნეტარების, კაიფის) უფრო ძლიერი განცდა, რომელს - განსაკუთრებით მძიმე გართულებები ორგანიზმის ცალკეულ ორგანოთა და ორგანოთა სისტემების მხრივ, რომელი იწვევს უფრო ხშირად და სწრაფად სიკვდილს და სხვა თავისებურებები.

- სედაციური და საძილე საშუალებებით გამოწვეულ მწვავე ინტოქსიკაციას ახასიათებს მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, სიტუაციის სწორად აღქმის უნარის დაქვეითება, გონების დაბინდვა. ავადმყოფი მოგვაგონებს ალკოჰოლური თრობის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. დამახასიათებელია ტოქსიკომანთა გარეგნული იერი - ნახევრად დახუჭული თვალები, ფერმკრთალი კანი; ხშირია გამონაყარი, ენაზე  ყავისფერი ნადები. სიარულისას მოძრაობა შეზღუდულია და უზუსტო, შეინიშნება მცირედი კოჭლობაც. ტოქსიკომანებს ხშირად აღენიშნებათ ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ზედაპირული სუნთქვა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, ციანოზი. ინტოქსიკაციის მწვავე  პერიოდში შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვების შეშუპება, სისხლის მამოძრავებელი და სასუნთქი გზების დამბლა. სედაციური და საძილე საშუალებების თერაპიული დოზით დიდხანს და განუწყვეტლივ მოხმარების დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს წამალზე დამოკიდებულების სინდრომი, რომლის დროსაც თანდათანობით მცირდება ამ პრეპარატების ეფექტურობა და წარმოიშობა დოზის მომატების საჭიროება. აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას დამოკიდებულების სინდრომი უფრო მოკლე ხანში ყალიბდება. ქრონიკული ინტოქსიკაციის პროცესში იცვლება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა: მას გონება ეფანტება, არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება, უქვეითდება მეხსიერება და განსჯის უნარი.


ხშირად ეფექტის გასაზრდელად სედაციურ და საძილე პრეპარატებს ალკოჰოლთან და/ან ნარკოტიკთან ერთად იღებენ. ამ შემთხვევაში აშკარაა პიროვნების ცვლილება: ის ან ძლიერ ნეტარებას განიცდის, დიდსულოვანი ხდება, ან დაძაბული, გაღიზიანებული და ფეთქებადია. სედაციური და საძილე პრეპარატებით გამოწვეული აბსტინენციური სინდრომი, როგორც წესი, მძიმედ მიმდინარეობს. ის ყალიბდება პრეპარატის მოხსნიდან 24 საათში და პიკს აღწევს 2-3 დღის შემდეგ. აბსტინენციური სინდრომის სიმპტომების თანამიმდევრობა ასეთია: შფოთვა, კუნთების უნებლიე კუმშვა, კიდურებისა და თითების ტრემორი (კანკალი), პროგრესირებადი სისუსტე, თავბრუხვევა, მხედველობითი აღქმის დამახინჯება, გულისრევა, ღებინება, წონის კლება, ვერტიკალური მდგომარეობის მიღებისას არტერიული წნევის დაქვეითება, მსხვილი სახსრების ტკივილი, ძილის მოშლა სრულ უძილობამდე. ზოგჯერ ავადმყოფს აღენიშნება დელირია (ცნობიერების მოშლა, ბოდვა), ჰალუცინაციურ-ბოდვითი ფსიქოზი და გენერალიზებული კრუნჩხვა, რაც შესაძლოა სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ციკლოდილის, დიმედროლის, პიპოლფენისა და სხვა ქოლინოლიზური მოქმედების პრეპარატების ბოროტად გამოყენებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს მწვავე ინტოქსიკაცია, რომელიც თავდაპირველად ალკოჰოლურ სიმთვრალეს მოგვაგონებს. ავადმყოფს აღენიშნება არამოტივირებული მხიარულება, ყურადღებისა და ზუსტი მოძრაობების დაქვეითება. ინტოქსიკაციის გაძლიერებისას გონება იბინდება, ირღვევა ადგილსა და დროში ორიენტაცია, აღმოცენდება მხედველობითი ჰალუცინაციები. ფსიქოსტიმულატორების ბოროტად გამოყენებისას განვითარებულ კლინიკურ სურათს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. მწვავე ინტოქსიკაციის პირობებში გამოხატულია მიდრიაზი (გუგის გაფართოება), ტაქიკარდია და უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზია, კანის სიფითრე, ლორწოვანი გარსების სიმშრალე. სიარული აჩქარებულია, ავადმყოფი წრიალებს, ყბედობს, იჩენს ზედმეტ გულახდილობას. დიდი ხნის განმავლობაში დაქვეითებული აქვს მადა, დარღვეული აქვს ძილი. ფსიქოსტიმულატორების დიდი დოზით მიღებისას (ზოგჯერ - ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც კი) შესაძლოა განვითარდეს ფსიქოზი, რომელიც მოგვაგონებს ტოქსიკურ დელირიას ცნობიერების დარღვევით, მხედველობითი ჰალუცინაციებით და შიშით.

- როგორც ცნობილია, ეიფორიის განცდას ტოქსიკომანები ხშირად ნივთიერებათა შესუნთქვით აღწევენ. რომელი საშუალებები გამოიყენება ამ მიზნით ყველაზე ხშირად?

- ბოლო ხანს ნარკოტიკული ეფექტის გამომწვევი აქროლადი ნივთიერებების შესუნთქვა ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვის გამო ყოველდღიურად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი ათასს აჭარბებს. ამგვარ ტოქსიკომანთა საშუალო ასაკი 8-15 წელია. ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის მიზნით (ეიფორიის, ჰალუცინაციების გამოსაწვევად და სხვა) მოზარდები შეისუნთქავენ ორგანულ გამხსნელებს. მათ სიაში შეიძლება შეგვხვდეს ისეთი აქროლადი ნივთიერებები, როგორიცაა ავტომანქანის საწვავი, საღებავის გამხსნელი, ფეხსაცმლის ლაქი, წებო და სხვა. ისინი ერთიანდებიან ალიფატური და არომატული ნახშირწყალბადების დიდ ჯგუფში, რომელსაც ეკუთვნის ტოლუოლი, ქსილოლი, ტრიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ბენზოლი, აცეტონი, ბენზინი, ქლოროფორმი, ეთილაცეტატი და სხვა.  ყველა ამ ნივთიერებას აქვს საერთო თვისებები: ლიპიდებში ადვილი ხსნადობა, სწრაფი აქროლადობა და მაღალი ტოქსიკურობა. აქროლადი გამხსნელებიდან ყველაზე ტოქსიკურია და ყველაზე სწრაფად იწვევს პიროვნების ინტელექტუალურ დეგრადაციას ლაქის ამომყვანები, ტოლუოლი და ეთილირებული ბენზინი. ბავშვებისა და მოზარდებისთვის აქროლადი გამხსნელების მიმზიდველობა აიხსნება თრობის თვისებითა და ხასიათით. თავბრუხვევისა და სიმსუბუქის განცდის ფონზე წარმოიშობა მცდარი ფერადი შეგრძნებები და ილუზიები. მხედველობითი წარმოდგენები კალეიდოსკოპურად მონაცვლეობს. ბავშვები მათ "მულტფილმების ყურებას" უწოდებენ. ეფექტი სწრაფად დგება. ტოქსიკური თრობა  აქროლადი გამხსნელების ზემოქმედებით რამდენიმე წამში იწყება. შხამიანი ნივთიერებები ძალიან სწაფად ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულში. ძლიერი ლიპოფილურობის გამო ისინი ადვილად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდებიან ტვინის ქსოვილში და იწვევენ ნერვული უჯრედების ღრმა ფუნქციურ მოშლილობებს.

- მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვის დროს განვითარებული თრობის სტადიებზე რას გვეტყვით? რამდენად რეალურია მოზარდისთვის წამალზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა?

- ტოქსიკომანიაზე საუბრისას გამოყოფენ თრობის რამდენიმე სტადიას. თავდაპირველად ადამიანი განიცდის მსუბუქ თრობას, რომელიც ალკოჰოლურს წააგავს. სხეული მსუბუქდება, გუნება-განწყობა მაღლდება. თუ შესუნთქვა გაგრძელდა, იწყება აღქმის ცვლილება, საგნები იცვლიან ფორმასა და ზომას. ამას მოჰყვება ძლიერი ჰალუცინაციების სტადია. ჰალუცინაციები მხედველობითიც შეიძლება იყოს და შეგრძნებითიც. სხეულზე მწერები "დაცოცავენ". ტოქსიკომანი მხოლოდ თავის რეალობაშია. ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ძალიან საშინელიც. მათი ზემოქმედების ქვეშ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მოზარდმა შეიძლება ჩაიდინოს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის საშიში ქმედებები. მწვავე ინტოქსიკაციის დროს ტოქსიკომანს სახე შესივებული აქვს, გუგები - გაფართოებული. გამოხატულია ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რიტმული მოძრაობები), თითებისა და ქუთუთოების ტრემორი. უფრო ძლიერი ინტოქსიკაციის დროს მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური ენცეფალოპათიისა და კომური მდგომარეობის განვითარება. აბსტინენციის სინდრომი გამოიხატება კუნთებისა და ძვლების ტკივილით, ტრემორით, ღებინებით, ძლიერი თავის ტკივილით, უმადობით, უძილობით, კრუნჩხვით. აბსტინენციის ფსიქიკური გამოვლენაც "არასასიამოვნოა" - ძლიერი დეპრესია, აგრესიის შეტევები, ძლიერი გაღიზიანებადობა, უკონტროლო ქცევა. ტოქსიკომანი ცხოვრობს თავის სამყაროში, სადაც მას არავინ სჭირდება. ის მოწყვეტილია ოჯახს, ნათესავებსა და ნაცნობებს. თუ ტოქსიკომანმა კვირებისა და თვეების განმავლობაში გააგრძელა ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვა, განუვითარდება ქრონიკული ინტოქსიკაცია. მისი განვითარდება ჩქარდება, თუ ადამიანი დღის განმავლობაში საათობით შეისუნთქავს მომწამვლელ ნივთიერებებს. ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ყალიბდება ტოქსიკური ენცეფალოპათია. მოზარდებს ძალიან სწრაფად უჩლუნგდებათ გონება, ძნელად ახერხებენ გარემოში ორიენტირებას, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, უზიანდებათ შინაგანი ორგანოებიც, რადგან შესუნთქვისას ორგანიზმში ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებები შეიწოვება. 1-2 თვის შემდეგ მუდმივ ტოქსიკომანს ეპილეფსიური შეტევები ეწყება. აქროლადი გამხსნელები შესაძლოა ყველაზე სასურველი "ნარკოტიკები" არ იყოს, მაგრამ ყველაზე იაფია. ბევრი ასეთი ნივთიერება იყიდება მაღაზიებში და თითქმის ყველა ოჯახშია. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ქიმიური საშუალებები წარმოადგენს პირველ ნივთიერებებს, რომლებსაც იყენებენ ბავშვები ცნობიერების შესაცვლელად. უფროსი ასაკის მოზარდები წყვეტენ აქროლადი გამხსნელების ინჰალაციას სხვა ნივთიერებებზე გადასვლის გამო. აქროლადი გამხსნელებით თრობის სურათი ყველა ტოქსიკომანისათვის მსგავსია და თითქმის არ არის დამოკიდებული საინჰალაციო ნივთიერებაზე. მოზარდები ნარკოტიკსა და ტოქსიკომანიურ საშუალებებთან პირველად შეხებას აღიქვამენ როგორც "ექსპერიმენტს". ამით გამოიხატება მოზარდების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურება - რისკიანობა, თვითდამკვიდრების ფორმის აქტიური ძიება. ამ დროს ძირითადი მოტივაციაა ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა (მაგალითად, ჯგუფის ლიდერის ბაძვა), მორჩილება, ჯგუფში თავისი ადგილის პოვნისაკენ სწრაფვა, ზოგჯერ პროტესტი "ზრდასული ადამიანების ქცევების" მიმართ. ასეთი რამ კი, როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც მოზარდს ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებები არ გააჩნია.

- დასასრულ, სიგარეტის წევაზე როგორც ქცევითი დამოკიდებულების ერთ-ერთ სახეზეც გვითხარით რამე.  ყველასათვის ცნობილი ნიკოტინის, კუპრისა და ბენზპირენის გარდა ორგანიზმისთვის მავნე კიდევ რომელ ნივთიერებებს შეიცავს თამბაქოს კვამლი?

- მრავალი მონაცემის მიხედვით, თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ნივთიერებას. მათ შორის 40-მდე კანცეროგენულია, ხოლო 12 მათგანს შეუძლია, ავთვისებიანი სიმსივნე გამოიწვიოს. თამბაქოს კვამლი აიროვანი  და მყარი ნაწილაკებისგან შედგება. აიროვანია ნახშირბადის ოქსიდი და დიოქსიდი, ციანწყალბადმჟავა, აცეტალდეჰიდი, აკროლეინი, ნიტრობენზოლი, აცეტონი, გოგირდწყალბადი, მყარია წყალი, კუპრი და ნიკოტინი. კუპრის შემადგენლობაში შედის ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, მათ შორის - ნიტროზოამინი, არომატული ამინები, ბენზპირენები, ანტრაცენები, ფენოლები. წყლის გარდა ყველა ზემოთ ნახსენები ნივთიერება ტოქსიკურია. ნიკოტინი  თამბაქოს ნატიური კომპონენტია, რომელსაც, მართალია, კანცეროგენული მოქმედება არ ახასიათებს, მაგრამ ძლიერი შხამია. იოლად აქროლადობის გამო ის ადვილად აღწევს სისხლში, გროვდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში და იწვევს მათი ფუნქციის მოშლას. ნიკოტინი დარიშხანზე სამჯერ მეტად ტოქსიკურია. ნიკოტინით ქრონიკული მოწამვლას ახასიათებს მეხსიერების შესუსტება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თავბრუხვევა და თავის ტკივილი.