წამალდამოკიდებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალობა თანამიმდევრულად უნდა ჩატარდეს

ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც მატერიალური მდგომარეობა თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. მას ზიანი მოაქვს არა მარტო ცალკეული ადამიანებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, იწვევს ახალგაზრდობის ფიზიკურ თუ მორალურ დეგრადაციას, გენოფონდის გადაგვარებას, ფსიქიკურად და ფიზიკურად დეფექტური ბავშვების რაოდენობის ზრდას, ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი პოტენციალის მკვეთრ შემცირებას.

ნარკომანიით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე გვესაუბრებიან კლინიკა "ბემონისა" და საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრის "ენ-ბე-ა-კას" სპეციალისტები, ექიმი ნარკოლოგი ნესტან სიჭინავა და ფსიქოლოგი მაია ჯავახიშვილი.

- გაქვთ თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი ადამიანი მოიხმარს დღეს საქართველოში ნარკოტიკულ საშუალებებს?

მაია ჯავახიშვილი: - სამწუხაროდ, ერთიანი სტატისტიკა არ არსებობს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი პრობლემაა. არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემები. მაგალითად, შსს-ს მონაცემებით, დღემდე დაფიქსირებულია ნარკოტიკების მოხმარების 117 ათასი შემთხვევა. ყურადღება მიაქციეთ: ეს რიცხვი წამალდამოკიდებულთა რეალურ რაოდენობას კი არა, მხოლოდ დაფიქსირებულ შემთხვევებს ასახავს, სადაც ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა რამდენჯერმე იყოს აღრიცხული. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მონაცემთა ერთიანი ბაზა არსებობდეს, არსებობდეს დაყოფა იმის მიხედვით, რამდენია ინექციური და რამდენი - არაინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი, რა და რა ნივთიერებებს მოიხმარენ ისინი. სადღეისოდ ასეთი მონაცემები არ გვაქვს, თუმცა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში "ბემონის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ საქართველოში ინექციური ნარკოტიკების დაახლოებით 40 ათასი მომხმარებელი გამოავლინა.

- პატარა ერისთვის ეს საკმაოდ დიდი რიცხვია... ყველაზე მეტად რომელი ნარკოტიკული საშუალებებია გავრცელებული საქართველოში? ამასთან ერთად მკურნალობის პირველ ეტაპზე - დეტოქსიკაციაზეც ვისაუბროთ.

ნესტან სიჭინავა: - საქართველოში უპირატესად ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკებია გავრცელებული. შავ ბაზარზე გვხვდება ჰეროინი, სუბუტექსი, მეტადონი. ბოლო დროს გახშირდა ისეთი კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება, როგორიც არის ვინტი და ჯეფი. მათ გამოყენებას მძიმე შედეგები მოსდევს. კლინიკა "ბემონს" აქვს ნარკომანიის მკურნალობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრ "ენ-ბე-ა-კასთან". მკურნალობა მხოლოდ დეტოქსიკაციით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს რამდენიმე ეტაპს. თავდაპირველად - ეს ყველაზე მთავარი, მოსამზადებელი ეტაპია - ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მას მკურნალობასჭირდება, უნდა განეწყოს ამ პროცესისთვის, ანუ ოჯახის წევრებს კი არ უნდოდეთ, რომ მან იმკურნალოს, არამედ თავად უნდა სურდეს მკურნალობა.

წამალდამოკიდებულის ჩვენთან მოსვლის შემდეგ ტარდება გამოკვლევები იმის გასაგებად, რა მდგომარეობაშია მისი ორგანიზმი. შემდეგ იწყება დეტოქსიკაციის ეტაპი, რომელიც შვიდიდან თოთხმეტ დღემდე გრძელდება იმის მიხედვით, რა სახის ნარკოტიკს იყენებდა ადამიანი. თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება; მკურნალობა უნდა ჩატარდეს იმის მიხედვით, რა აწუხებს მას, რა არის წამყვანი მის მდგომარეობაში, ვთქვათ, ტკივილი, ზოგადი დისკომფორტი, დაძაბულობა თუ უძილობა.

სტაციონარული მკურნალობის შემდეგ პაციენტს უტარდება ამბულატორიული მკურნალობა და იგი ერთვება რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელშიც შედის: ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, საინფორმაციო ჯგუფი, თვითდახმარების ჯგუფი. ამ ჯგუფს უძღვება კონსულტანტი, რომელსაც ადრე თავად ჰქონდა ეს პრობლემა - თორმეტი წლის განმავლობაში იყო მომხმარებელი, მაგრამ რვა წელია "სუფთაა" და გამოცდილება აქვს, როგორ შეიძლება დაძლიოს ეს მდგომარეობა ადამიანმა; ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან, პაციენტები დაგვყავს აუზზე, ტრენაჟორებზე, უტარდებათ მასაჟი და ფიზიოპროცედურები. ფიზიოპროცედურებისთვის ვიყენებთ ტრანსკრანიალურ ელექტროსტიმულატორს, რომელიც აღადგენს ენდორფინების გამომუშავებას, მოქმედებს თავის ტვინში არსებულ ოპიატურ რეცეპტორებზე, რის შედეგადაც პაციენტს აღარ აწუხებს "ლომკა" - ძლიერი ნარკოტიკული შიმშილი. გვაქვს კიდევ ერთი - ელექტროძილის აპარატი, რომელიც მოქმედებს თავის ტვინის ქერქში არსებულ აღგზნებისა და შეკავების კერებზე და ახდენს ნერვული სისტემისა და ბუნებრივი ძილის რეგულირებას. ეს აპარატი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის გარდა ნევროზების დროსაც გამოიყენება.

- ქალბატონო მაია, ბევრს ნარკომანია მხოლოდ ფიზიკური დაავადება ჰგონია, არადა ასე არ არის...

მაია ჯავახიშვილი: - მართალი ბრძანდებით, ნარკომანია არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური დაავადებაა - ამ დროს ძირითადი, წამყვანი პრობლემა არის განსაზღვრულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ტიპის ნივთიერებაზე ფიზიკური დამოკიდებულებაც ყალიბდება...

საზოგადოდ, დიდ შეცდომას უშვებს, ვინც ფიქრობს, რომ თუ ნარკოტიკი არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, მომხმარებელი ნარკომანი არ გახდება. პრობლემა სწორად ფსიქიკური დამოკიდებულებაა. მომხმარებლები, რომლებმაც ეს არ იციან, ფიქრობენ: თუ "ლომკა" არ მაქვს, ესე იგი, წამალზე დამოკიდებული არ ვარო. და როცა ეს სწრაფვა დაუძლეველ ლტოლვად იქცევა, მხოლოდ მაშინ ხვდება ადამიანი, რომ მეტისმეტად შორს შეტოპა და ვეღარ ჩერდება. ასეთი დაუძლეველი ლტოლვა მხოლოდ წამალდამოკიდებულებას არ ახასიათებს; მსგავსი რამ აზარტული თამაშებით გატაცებასაც მოჰყვება.

ნესტან სიჭინავა: - ესეც რთული დაავადებაა. მას გემბლინგი ჰქვია და ძნელი სამკურნალოა. მის მკურნალობას სხვა ტიპის, ჩაკეტილი კლინიკა სჭირდება, სადაც მკურნალობა-რეაბილიტაცია უფრო მეტხანს მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენთან, საქართველოში, მას ჯერჯერობით არ მკურნალობენ, თუმცა კონსულტაციისთვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან მობრძანდეს.


- ყველაზე საშიში ასაკი, როდესაც ადამიანი შეიძლება წამალზე დამოკიდებული გახდეს, გარდატეხის პერიოდია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილს პრობლემა თავიდან ააცილოს?

ნესტან სიჭინავა: - ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მშობლებმა დაბადებიდანვე უნდა იზრუნონ ამაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის, როგორია აღზრდის სტილი, რა ღირებულებებია წამყვანი ოჯახში, თუმცა არც ეს არის გადამწყვეტი... იმაზე საუბარი, რომ ნარკოტიკის მიღება ცუდია, არ არის საკმარისი ბავშვის დასაცავად; არ არის საკმარისი იმის თქმა, თუ ამას გააკეთებ, არ ვიცი, რას გიზამო. მშობლებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ნარკოტიკების შესახებ. ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ახალგაზრდებსაც, რათა იცოდნენ, რატომ არის ეს ცუდი. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის დაავადება და არა მხოლოდ დანაშაული - ჩვენში ხომ ყოველთვის ამ უკანასკნელზე კეთდება აქცენტი.

- ადამიანი, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს იყენებს, არაადეკვატურად იქცევა, აღგზნებული, ემოციურია. მოდი, ამ სიმპტომებზე ვისაუბროთ.

მაია ჯავახიშვილი: - ყველა ნარკოტიკს აქვს დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება. საზოგადოდ, ჩვენ არ გვიყვარს სიმპტომებზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ შესაძლოა, ისინი ნარკოტიკების მოხმარების გარეშეც ჰქონდეს ადამიანს, ოჯახის წევრის მიერ ახლობლისთვის ბრალის უსაფუძვლოდ დადება კი კარგს არაფერს მოიტანს. თუ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საქციელის ცვლილება ნარკოტიკების მოხმარებით არის გამოწვეული, ჯობს, კონსულტაცია სპეციალისტისგან მივიღოთ. სხვათა შორის, ჩვენთან კონსულტაცია უფასოა. რამდენიმე ნიშანს მაინც ჩამოვთვლი: მომხმარებლები ხშირად იცვლიან მეგობრებს, ეცვლებათ ხასიათი, უფრო გულჩათხრობილები ან უფრო აღგზნებულები ხდებიან.

- ქალბატონო ნესტან, რა ფიზიკურ დეფექტებს იწვევს ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მოხმარება? მემკვიდრეობაზე ან შვილოსნობის უნარზე თუ ახდენს ის გავლენას?

- ნარკოტიკების მოხმარება შვილოსნობაზე უშუალო გავლენას ახდენს: მამაკაცებს უქვეითდებათ პოტენცია, ხოლო ქალებს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი. თანდაყოლილი დეფექტები გაცილებით ხშირია, როცა ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს დედა მოიხმარს. გარდა ამისა, არაჯანსაღი, დაძაბული ოჯახური ატმოსფერო, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს უმცროსი თაობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

- საუბრისას ითქვა, რომ ფიზიკურზე მნიშვნელოვანი ნარკოტიკისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა. თუ განკურნებულ ნარკომანს მიეცა შანსი, ისევ მიიღოს ნარკოტიკული ნივთიერება, ის თითქმის ვერასოდეს ამბობს უარს და კვლავ ნარკომანი ხდება. შესაძლებელია თუ არა ფსიქოლოგიური კონსულტაციებით ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან დახსნა?

ნესტან სიჭინავა: - რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მკურნალობა თანამიმდევრულად უნდა ჩატარდეს. აუცილებელია რეაბილიტაციის ბოლომდე მიყვანა, რათა სუფთა, ნათელი პერიოდი ადამიანმა დიდხანს შეინარჩუნოს. დეტოქსიკაციის კურსის შემდეგ პაციენტს აღარ აქვს "ლომკა", მაგრამ ეს არ არის დასასრული, ამით მხოლოდ პირველი ეტაპი მთავრდება. ამის შემდეგ იწყება სწორედ იმ პრობლემებზე მუშაობა, რომლებიც შეიძლება ადამიანს კლინიკიდან გაწერის შემდეგ შეხვდეს. ეს არის, ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობები ოჯახში, პრობლემები მეგობრებთან თუ სამსახურში, პრობლემები საკუთარ თავთან. სწორედ ამ საკითხებზე მუშაობას გულისხმობს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

პაციენტებმა იციან, რომ თუ მკურნალობის შემდგომ პერიოდში რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, შეუძლიათ, მოვიდნენ ჩვენთან - ამ პრობლემაზე ვისაუბრებთ, ერთად მოვძებნით მისი გადაჭრის გზებს. სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოება ხშირად რიყავს ასეთ ადამიანებს, რაც, ბუნებრივია, ერთგვარ ბიძგს აძლევს მათ, წამალს დაუბრუნდნენ.

მაია ჯავახიშვილი: - გარდა სახელმწიფოს დამოკიდებულებისა, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვანია, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებასაც. როდესაც ადამიანი მკურნალობას გაივლის და ცდილობს, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს, სწორედ ამ დროს სჭირდება მას ყველას თანადგომა, ძალიან ხშირად კი, სამწუხაროდ, პირიქით ხდება: სანამ წამალს მოიხმარს - ითმენენ, თავს ანებებს, იმკურნალებს, ფაქტობრივად მზად არის, ცხოვრება თავიდან დაიწყოს და ამ დროს ეუბნებიან: ნარკომანი იყავი და ამიტომ... პირიქით, სწორედ ეს არის ის ეტაპი, როდესაც ყველა მხარში უნდა ამოუდგეს ასეთ ადამიანს, რათა ის აღარ მიეჯაჭვოს ნარკოტიკს და მომავალზე, წარმატებაზე იყოს ორიენტირებული. ყველას უნდა მივცეთ შანსი, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს.

თბილისი, ქავთარაძის 16, დკც (ყოფილი მე-2 სამკურნალო კომბინატი), ტელ:. 18-60-60; 18-86-00; 877 77-52-46.