გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც აგვისტოს ომში საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილა
როგორც „მკურნალი.გე“-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს, გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰოსპიტალის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
„11 აგვისტოს ექიმი გიორგი აბრამიშვილი არ დაემორჩილა ევაკუაციის ბრძანებას - სასწრაფოდ დაეტოვებინა გორის სამხედრო ჰოსპიტალი. საავადმყოფო იყო პირველი, იმ ობიექტების სიაში, რომელიც რუსული ავიაციის სამიზნე უნდა გამხდარიყო. ეს ყველაფერი ექიმს უთხრეს, მაგრამ ის მაინც მარტო დარჩა საავადმყოფოში და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მზად იყო დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
სპეციალურად ამ დღისთვის დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საველე სამხედრო სამედიცინო სწავლებას ჩაატარებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს სამხედრო ექიმებს პროფესიულ დღეს და გამოხატავს დიდ პატივისცემას თითოეული სამხედრო ექიმის მიმართ.
სამხედრო მედპერსონალი პროფესიულ დღეს 1992 წლიდან აღნიშნავს.
თამარ ნეფარიძე