რამდენ ხანს შეიძლება მამაკაცისთვის სექსუალური თავშეკავება
გვიპასუხებენ აქტუალურ შეკითხვებზე. დღევანდელი ბლიც-ინტერვიუ ეხება მამაკაცებში სექსუალური თავშეკავების გავლენას უროლოგიურ და რეპროდუქციულ სისტემაზე.
კითხვებს პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
-
მამაკაცებში სექსუალუერი ურთიერთობისგან თავშეკავება შეიძლება თუ არა გახდეს რომელიმე უროლოგიური პათოლოგიის საბაბი და თუ კი - კერძოდ რომლის?
- სექსუალური ურთიერთობისაგან სისტემატურმა თავშეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა მცირე მენჯის ვენებში, რაც თავის მხრივ აფერხებს წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის აცინუსების (აცინუსი - სტრუქტურული ერთეულია, სადაც გროვდება პროსტატის სეკრეტი - წვენი) დრენირებას ანუ დაცლას. ეს ხელს უწყობს ასეპტიურ არაინფექციურ ანთებას – კონგესტიურ პროსტატიტს. პროსტატიტის განვითარება ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციების გაუარესებას. მოგეხსენებათ, რომ წინამდებარე ჯირკვალს რამოდენიმე ფუნქცია გააჩნია: 1. მოტორული, 2. ბარიერული, 3. სეკრეტორული.
დღეს უკვე აქსიომაა, რომ კონგესტიურ პროსტატიტს იწვევს სექსუალური ურთიერთობების დისრიტმია (რიტმის დარღვევა).
მეტიც, თუ ჩვენ საქმე გვაქვს ინფექციურ პროსტატიტთან, სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პათოლოგიური პროცესების გაღრმავებას.
-
სექსუალური ურთიერთობისგან თავშეკავება აისახება თუ არა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, თუ კი - როგორ?
- ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევაში ხშირია მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის შემცირება ხისხლში, მატულობს ქალისათვის დამახასიაებელი ჰორმონები – ვითარდება ჰიპერესტროგენემია, რაც აუარესებს პროსტატაში აღდგენით პროცესებს და აღრმავებს დისტროფიულ მოვლენებს.
როგორც მოგახსენეთ, პროსტატიტის დროს ირღვევა პროსტატის ბარიერული და სეკრეტორული ფუნქციები. ბარიერული (დამცავი) ფუნქცია განპირობებულია პროსტატის წვენში (სეკრეტში) თუთიის, ლიზოციმის, უჯრედული იმუნიტეტის ფაქტორების და სხვა ნივთიერებების არსებობით. ამ ბიოაქტიურ ნივთიერებებს მკეთრად გამოხატული ანტიბაქტერიულ ეფეტი აქვთ, რაც აჩერებს ინფექციის გავრცელებას, თუნდაც სათესლე ბუშტუკებში (ვეზიკულიტი).
რაც შეეხება სეკრეტორულ ფუნქციას, პროსტატის უჯრედებში გამომუშავდება ლიმონის მჟავა, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სპერმატოზოიდების მოძრაობაში და მათ განაყოფიერებისუნარიანობაში.
-
მართალია, რომ ხანმოკლე შუალედებით ხშირი სექსუალური კავშირები სპერმის ხარისხს აქვეითებს?
- დიახ, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყოველი მომდევნო სქესობრივი აქტის შედეგად მცირდება სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში (სათესლე სითხეში). მაგრამ თუ სპერმატოგენეზი დარღვეული არ არის, ეს სწრაფად სწორდება. მკითხველისთვის საინტერესო იქნება რამოდენიმე ფაქტი. სათესლე ჯირკვლის დანამატში მოძრაობისას სპერმატოზოიდი გადის გზას, რომლის სიგრძე გარედან ერთი შეხედვით 3 – 4 სმ, ხოლო რეალურად 3 – 4 მეტრია. ამ გზის გავლას სპერმატოზოიდი ანდომებს მაქსიმუმ 12 დღეს. თუ სათესლე ჯირკვლიდან დღის განმავლობაში დანამატის თავში გადმოედინება 137 მილიონი სპერმატოზოიდი, ახალი - მომდევნო სპერმატოზოიდებისთვის ამ გზის გავლის დრო მცირდება 2-4 დღემდე. ხოლო თუ 34 მილიონი, ეს დრო მატულობს 6 და მეტ დღემდე. შესაბამისად სპერმატოზოიდების სტაბილური რაოდენობა ეაკულატში ბევრად არის დამოკიდებული ნორმალურ სპერმატოგენეზზე. აქვე დავამატებდი კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს, რომ სპერმატოზოიდი მოძრაობის სრულფასოვან უნარს იძენს სათესლე დანამატში მოძრაობისას – დანამატის თავიდან კუდამდე, და უკვე სრულად მომწიფებული სპერმატოზოიდების მოგროვება ხდება დანამატის კუდში.
აქ რამოდენიმეჯერ მოგვიწია ტერმინ "სპერმატოგენეზის" ხსენება, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს სპერმატოზოიდის განვითარების პროცესს. ეს პროცესი ნამდვილად არ არის მარტივი, საწყისი უჯრედიდან –სპერმატოგონიიდან ზრდასრული სპერმატოზოიდის წარმოქმნამდე იხარჯება დაახლოებით 72 დღე. სამწუხაროდ, სპერმატოგენეზზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, როგორც გარეგანი (ალკოჰოლი, ნიკოტინი, მუდმივად მაღალი ტემპერატურა, მაგალითად თონეში მუშაობა), ისე შინაგანი (ჰორმონალური დისბალანსი, კრიპტორქიზმი - სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა სათესლე პარკში, ვარიკოცელე).
ვარიკოცელე, როგორც უშვილობის მიზეზი, ძალზედ გავრცელებულია, და მიზეზთა საერთო რაოდენობის 20 – 40 პროცენტს შეადგენს. ვარიკოცელე ეწოდება სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის გაგანიერებას, რაც თავის მხრივ არღვევს სათესლე ჯირკვლისათვის საჭირო ტემპერატურულ რეჟიმს და მნიშვნელოვნად აზიანებს სპერმატოზოიდების ფორმირების პროცესს. ამიტომ ყველა ბიჭუნა ან ახალგაზრდა მამაკაცი დროულად საჭიროებს შესაბამის გამოკვლევას – უროლოგის გასინჯვას, ექოსკოპიას, სათესლე სითხის გამოკვლევას. რაც შეეხება მკურნალობას, კეთდება მინიმალურად უმტკივნეულო განაკვეთი 2 – 3 სმ, ხდება ვარიკოზულად გაგანიერებული ერთ-ერთი ვენის გამოყოფა და მასში სულ რაღაც 3 – 4 მლ-მდე სპეციალური ნივთიერების შეყვანა. ეს ნივთიერება თვითდინებით ნაწილდება ამ ვენებში და ახშობს სანათურს. აღნიშნული მინი-ოპერაცია გრძელდება 20 წუთამდე და პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში. მკურნალობის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ხერხდება სპერმატოგენეზის ხარისხის გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს პარტნიორის დაორსულებას.
-
ხშირი მასტურბაცია ბავშვებში, მოზარდებსა თუ ზრდასრულებში რაიმე გართულებას ხომ არ გამოიწვევს?
- ისევე როგორც სექსუალური ურთიერთობისგან თავშეკავება, ხშირი მასტურბაცია და სექსუალური აღგზნება ხელს უწყობს კონგესტიებს, ანუ შეგუბებით პროცესს მცირე მენჯში და შესაბამისად პროსტატაში. ყოველი სექსუალური აღგზნება უნდა დასრულდეს ფიზიოლოგიური ეაკულაციით. გარდა ამისა, კონგესტიებს ხელს უწყობს ცხოვრების ჯდომითი წესი, არასრული ეაკულაცია, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, ეროტიკული ფილმების ყურება და ფოტოსურათების თვალიერება.
-
დაბოლოს, რამდენ ხანს შეიძლება მამაკაცისთვის სექსუალური თავშეკავება ისე, რომ უროლოგიური და რეპროდუქციული თვალსაზრისით მის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს?
- სექსუალური თავშეკავება მუდმივად ვერ გაგრძელდება, აუცილებლად მოხდება პოლუცია (ეაკულაცია ძილში), ამდენად მის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება.