ვარიკოცელე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარიკოცელე

2. მცირე მენჯის ღრუში ან სათესლე პარკში სისხლის წნევის მომატება. ეს ხელშემწყობი ფაქტორი უფროა, ვიდრე უშუალო მიზეზი, მაგრამ ზოგჯერ ანატომიური ცვლილებები, რომლებიც ვენებში წნევას ზრდის, იმდენად აშკარაა, რომ ხელშემწყობი ფაქტორი დაავადების განვითარების მიზეზად იქცევა. სათესლე ჯირკვლის ვენები შეიძლება მოიღუნოს, მოიჭყლიტოს სხვა სისხლძარღვით ან ქსოვილის ნაკეცებს შორის და ა. შ. ყოველივე ეს ვენის სანათურის შევიწროებას და მასში წნევის მომატებას იწვევს.

ვენებში წნევის მომატებას ხელს უწყობს ასევე ქრონიკული შეკრულობა ან აშლილობა, სიმძიმის აწევა, მუცლის პრესის კუნთების დაჭიმულობა და ა.შ. თითოეული ეს ფაქტორი შეიძლება ვარიკოცელეს დაედოს საფუძვლად.

რა არის ვარიკოცელე

სათესლე პარკის ვენების გავლით სისხლი საკვერცხეებიდან და მათი გარემომცველი ქსოვილებიდან გულისკენ მიედინება. ამ დროს ის ქვემოდან ზემოთ, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ მოძრაობს. სისხლის უკუდინებას ხელს უშლის ვენის კედლების სარქვლოვანი აპარატი. ვენების გაფართოებისას ეს სარქვლები აღარ მუშაობს, რის გამოც სისხლი ვენაში ქანქარასებურ მოძრაობას ახორციელებს. შედეგად მისი დინება მკვეთრად ნელდება და საკვერცხეები ზიანდება - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქსოვილები ჟანგბადით ღარიბდება, მეორე - სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა ნორმაში სხეულისაზე დაბალია, ვარიკოცელეს დროს კი ისინი გაფართოებული ვენური ქსელის გარემოცვაში იმყოფება, რის გამოც მათი ტემპერატურა სხეულისას უტოლდება და მათი ფუნქციაც ითრგუნება. განასხვავებენ ვარიკოცელეს განვითარების ოთხ საფეხურს.

პირველი საფეხური - სათესლე ჯირკვლების ვენები ხელით არ ისინჯება, ვარიკოზული გაგანიერება დგინდება მხოლოდ ინსტრუმენტული კვლევის (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, დოპლეროგრაფიის) მეშვეობით.

მეორე საფეხური - გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომისას.

მესამე საფეხური - გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომისას და წოლისას.

მეოთხე საფეხური - გაფართოებული ვენები შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

ვარიკოცელე ვითარდება ბავშვობის ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მალევე აღწევს განსაზღვრულ საფეხურს და პროგრესირებას წყვეტს. იშვიათად შეიძლება ერთი საფეხურიდან მეორეში გადავიდეს. ვარიკოცელე თითქმის ყოველთვის მარცხენამხრივია. მეტად იშვიათია ორმხრივი ან მარჯვენამხრივი ფორმები.

როგორ ვლინდება ვარიკოცელე

ვარიკოცელეს დროს ზიანდება სათესლე ჯირკვლები, რაც ვლინდება ტკივილით, უსიამოვნო შეგრძნებით, უნაყოფობით. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება ხშირად დაქაჩვას, ზეწოლას წააგავს. ავადმყოფი უჩივის სათესლე პარკში სიმძიმის შეგრძნებას. ეს შეგრძნება მუდმივი არ არის, მეტწილად ფიზიკური დატვირთვის, სქესობრივი აქტის, სითბური პროცედურების შემდეგ ან უმოძრაობისას აღინიშნება. მარცხენამხრივი ვარიკოცელეს დროს ტკივილი ყოველთვის მარცხენა მხარეს არ არის ლოკალიზებული. პაციენტს უჭირს მტკივნეული მხარის განსაზღვრა. არცთუ იშვიათად ტკივილს მარჯვნივ აფიქსირებენ.

უნაყოფობა ვარიკოცელეს დროს

უნაყოფო მამაკაცების 40%-ს ვარიკოცელეს დიაგნოზს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ზოგჯერ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, თუ სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმაში არ არის, აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევა. სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევის და შედეგად თერმორეგულაციის დარღვევა მათი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს. სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება, მათი მოძრაობა და მორფოლოგია უარესდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია აუტოიმუნური ანთება - იმუნური ფაქტორი სათესლე ჯირკვლებამდე აღწევს (ვინაიდან ვარიკოზულად გაფართოებული ვენის კედელი კარგავს ბარიერულ ფუნქციას) და მას უცხო ქსოვილად აღიქვამს. ყველაზე უარესი ის არის, რომ გამომუშავებული ანტისხეულები ჯანმრთელ სათესლეზეც მოქმედებენ და მის ანთებასაც იწვევენ.

ვერიკოცელეს უსიმპტომო ფორმა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ზოგიერთი ამ დაავადებას მთელი ცხოვრება ატარებს, ჰყავს შვილები და არც კი იცის, რომ ავად არის. დიაგნოსტირება ხდება შემთხვევით, სამედიცინო შემოწმებისას. ვარიკოცელე იშვიათად განიცდის პროგრესირებას, თუმცა ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკში თავს იჩენს საკვერცხეების ტკივილი, რომელიც სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზს უროლოგი სვამს. თუ ვენები შესამჩნევად გაფართოებულია, დიაგნოსტირებისთვის ინსტრუმენტული გამოკვლევა საჭირო არ არის. სხვა შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ სათესლე პარკის ულტრაბგერით კვლევას და დოპლეროგრაფიას მწოლიარე და მდგომარე პოზიციაში. სხვა შემთხვევაში გამოკვლევა აზრს მოკლებულია. ამასთანავე, აუცილებელია სპერმოგრამის ჩატარება.

მკურნალობა

ვარიკოცელეს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. თუ სადმე გაიგონებთ, რომ ვარიკოცელეს ოპერაციის გარეშე მკურნალობენ, ნუ დაიჯერებთ, - უოპერაციოდ ეფექტური მკურნალობა შეუძლებელია. ოპერაცია აუცილებელია, როდესაც დაავადება ტკივილს ან უნაყოფობას იწვევს. თუ საქმე უსიმპტომო ფორმას ეხება და მამაკაცს არ სურს შვილების ყოლა, ქირურგიულ ჩარევაზე შეიძლება უარი ითქვას.

არსებობს ოპერაციის ორი ტიპი

პირველი ტიპის ოპერაციის არსი ვარიკოზულად გაგანიერებული ვენის გადაკეტვაში, ამოჭრაში ან ამოღებაში მდგომარეობს. ამ ტიპის ოპერაციის ღირსება ის არის, რომ ადვილად, მინიმალური ტრავმის ხარჯზე ტარდება, მინიმალურია სტაციონარში ყოფნის დრო და ფინანსური დანახარჯიც. ნაკლია რეციდივის დიდი ალბათობა და არაფიზიოლოგიურობა. რეციდივი ვენების მდებარეობის ინდივი-დუალურობას უკავშირდება. თუ გაფართოებული ვენიდან გამომავალი ტოტი ოპერაციის დროს ვერ შეამჩნიეს და არ გადაკვანძეს, ჩარევა უშედეგო აღმოჩნდება. სწორედ ამას უწოდებენ რეციდივს, თუმცა ეს, ფაქტობრივად, უეფექტო მკურნალობაა. ამ სახის ოპერაციის დროს რეციდივის ალბათობა 10-40%-ს შეადგენს. არაფიზიოლოგიურობა იმას გულისხმობს, რომ ოპერაციისას გაფართოებულ ვენაში სისხლის მიმოქცევის გზა იხშობა და მის ნაცვლად ახალი ვითარდება. ამას ერთი კვირა სჭირდება. ამ პერიოდში ტკივილი, თუ ის მანამდეც აწუხებდა ავადმყოფს, ძლიერდება. შესაძლოა, დაირღვეს იმუნური ბარიერიც და განვითარდეს უნაყოფობა. მეორე ტიპის ოპერაციის დროს სათესლე ჯირკვლის გაფართოებულ ვენას მთლიანად ამოკვეთენ და შემდეგ მის პლასტიკას ახორციელებენ. ამ სახის ოპერაციას სათესლე ჯირკვლის მიკროქირურგიული რევასკულარიზაცია ეწოდება. მისი უპირატესობა ის არის, რომ ოპერაციის შემდეგ სათესლე ჯირკვლებში მყისვე აღდგება ნორმალური სისხლის მიმოქცევა. დაავადების რეციდივი გამორი-ცხულია. ოპერაციას ტკივილი არ მოჰყვება. ოპერაციის ნაკლია ტექნიკური სირთულე, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, სიძვირე. ოპერაციის ტიპი ექიმმა და პაციენტმა ერთობლივად, ერთი მხრივ - დაავადების ხარისხის, ხოლო მეორე მხრივ ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიონ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ოპერაციის ტიპის შერჩევაში დაგეხმარებათ.

თუ ვარიკოცელეს თან სდევს ტკივილი სათესლე პარკის არეში, უმჯობესია მიკროქირურგიული ოპერაცია ჩატარდეს. სხვა ტიპის ქირურგიული ოპერაციის დროს ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ტკივილმა საგრძნობლად იმატოს. 

  • თუ ვარიკოცელეს ახლავს მცირედი ტკივილი ან დისკომფორტი სათესლე პარკში, ამ შემთხვევაშიც მიკროქირურგიული ოპერაცია უფრო მისაღებია. შესაძლებელია სხვა მეთოდის გამოყენებაც, ოღონდ ოპერაციის შემდეგ პირველი კვირის მანძილზე მზად უნდა იყოთ უსიამოვნო შეგრძნებებისთვის.
  • თუ ვარიკოცელეს თან სდევს სპერმოგრამის ცვლილება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა სათესლე ჯირკვლის მიკროქირურგიული რევასკულარიზაცია. სხვა მეთოდებმა შესაძლოა უშვილობა გააღრმაოს. 
  • თუ ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირება შემთხვევით მოხდა, მამაკაცი ახალგაზრდაა და სურს შვილების ყოლა, აუცილებელია ოპერაცია. მეთოდი პაციენტის შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. რაღა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭება სათესლე ჯირკვლის მიკროქირურგიულ რევასკულარიზაციას ან ენდოსკოპიურ ოპერაციას.
  • თუ ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მამაკაცი შუა ხნისაა და არ აპირებს შვილების ყოლას, ოპერაცია აუცილებელი არ არის, ვინაიდან დაავადება სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
  • თუ ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ რეციდივი განვითარდა, საჭიროა განმეორებითი ჩარევა. ოპტიმალური ვარიანტია ენდოსკოპიური ოპერაცია. დასაშვებია მიკროქირურგიული რევასკულარიზაციაც.
  • თუ ვარიკოცელე ორმხრივია, ერთეტაპობრივი ენდოსკოპიური ოპერაცია ამ პრობლემისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. სხვა შემთხვევაში საჭიროა ცალ-ცალკე ჩარევა მარცხენა და მარჯვენა სათესლე ჯირკვალზე, მაგრამ უნაყოფობის ან სათესლე პარკის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში უმჯობესია არჩევანი საკვერცხის მიკროქირურგიულ რევასკულარიზაციაზე შეჩერდეს.

პროფილაქტიკა

რაკი ვარიკოცელე უმთავრესად ანატომიური და გენეტიკური განწყობის საფუძველზე ვითარდება, რაიმე განსაკუთრებულ პროფილაქტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია. სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასრულების შემდეგ (19-20 წლის ასაკში) სასურველია უროლოგთან გამოკვლევა, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზევე იქნეს გამოვლენილი. თუ ვარიკოცელეს დიაგნოზი დაისვა, თავი უნდა არიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება, რომ დაავადებამ პროგრესი არ განიცადოს. ვარიკოცელეთი გამოწვეული ტკივილის დროს შეიძლება დაგეხმაროთ ცივის დაფენა სათესლე პარკზე და სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები. ვარიკოცელეს დროს ოპერაციის მთავარი საფუძველი უნაყოფობაა, ამიტომ საინტერესოა, რა ხდება ოპერაციის შემდეგ, როგორ მიმდინარეობს სპერმატოგენეზი, რომელიც ოპერაციამდე დათრგუნული იყო. მრავალწლიანი შრომის ანალიზით მედიკოსებმა ასეთი შედეგი მიიღეს: პაციენტთა 70%-ს გაუუმჯობესდა სპერმის ხარისხი, 53%-ს აღუდგა განაყოფიერების უნარი, ხოლო იმ მამაკაცებიდან, რომელთაც უარი თქვეს ოპერაციაზე, მხოლოდ 15% გახდა მამა. დასკვნა: ვარიკოცელე კარგად ემორჩილება მკურნალობას. დამტკიცებულია, რომ ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ამ დაავადების დროს კეთდება, ეფექტური და უსაფრთხოა.