მამაკაცის უშვილობა მიზეზები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის უშვილობა მიზეზები და მკურნალობა

- ბატონო ალეკო, ჩვენი საუბრის თემა მამაკაცთა უშვილობაა, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, გაგვარკვიოთ - სქესობრივი თანაცხოვრების დაწყებიდან რა ხნის შემდეგ შეიძლება უშვილობაზე საუბარი? ჩვენი აზრით, ეს მეტად საგულისხმო საკითხია, რადგან ზოგიერთი, პირველსავე თვეს თუ არ დაორსულდა, ნერვიულობას იწყებს, რითაც მხოლოდ ვნებს თავს, ზოგიერთი კი წლობით არ მიდის ექიმთან, მკურნალობა გვიანდება და, საბოლოო ჯამში, უშედეგოა.

- წყვილი უშვილოდ მიიჩნევა, თუ ქალი დაუცველი სქესობრივი ცხოვრების 12 თვის განმავლობაში არ დაორსულდა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ ვადას ორ წლამდეც სწევს. ჩვეულებრივ, პირველ 6 თვეში დაორსულების ალბათობა 25%-ია, ხოლო ერთი წლის თავზე - 90%. თუ ორსულობა 12 თვის შემდეგაც არ დადგა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წყვილი უშვილოა, ვინაიდან არსებობს მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაორსულების 23%-იანი და კიდევ ერთი წლის შემდეგ დაორსულების 10%-იანი ალბათობა.

- რამდენად ხშირია მამაკაცების უშვილობა?

- უშვილო წყვილის შემთხვევაში ქალის ფაქტორი 50%-ს უტოლდება, მამაკაცისა - 30%-ს, თუმცა უკანასკნელ ხანს ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, შერწყმული ფაქტორი კი 20%-ში გვხვდება. აქედან გამომდინარე, უშვილობის დროს ერთდროულად იწყება როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა მიზეზის გამოსავლენად.

- რა იწვევს მამაკაცთა უშვილობას?

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევის თანახმად, რომელშიც 10 469 უშვილო მამაკაცის მონაცემები შევიდა, მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. იდიოპათიური უშვილობა (როდესაც მიზეზი უცნობია) - 31%;

2. ვარიკოცელე - 15,6%;

3. ჰორმონული დარღვევები - 8,9%;

4. უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები - 8%;

5. იმუნოლოგიური ფაქტორები - 4,5%.

- რედაქციის საფოსტო მისამართზე და ჩვენს ინტერნეტსაიტზე მოსული კითხვებიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მამაკაცებში საკმაოდ ხშირია ვარიკოცელე. რას გვეტყვით ამის თაოიბაზე?

- ვარიკოცელეს გავრცელება, ზოგადად, 20%-ს შეადგენს, მაგრამ იმ მამაკაცთაგან, ვინც უშვილობის გამო მიმართავს ექიმს, ეს დაავადება 40%-ს უდასტურდება. პათოლოგიის ასეთი სიხშირე და უშვილო მამაკაცებში მისი გამოვლენის მაღალი ალბათობა იწვევს ეჭვს, რომ ვარიკოცელე უშვილობის უშუალო მიზეზია. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, ვინაიდან ვარიკოცელეს წარმატებული მკურნალობის შემდეგ ოპერაციიდან 6-12 თვის განმავლობაში სპერმის მაჩვენებლები 50-80%-ში უმჯობესდება.

- რატომ 100%-ში არა?

- ეს სავსებით სამართლიანი კითხვაა და მასზე პასუხს ეძიებს უშვილობის პრობლემაზე მომუშავე მთელი სამედიცინო საზოგადოება. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: უნდა დადგინდეს ის შემთხვევები, როდესაც უშვილობა უშუალოდ ვარიკოცელეს ბრალია.

- რა პარამეტრებს ეფუძნება ვარიკოცელეს დიაგნოზი?

- არსებობს ვარიკოცელეს სხვადასხვა სტადია და მათი გამოსავალი ძალზე ინდივიდუალურია. ვარიკოცელეს დასადგენად აუცილებელია მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი აპარატურა, ამ მიმართულებით გამოკვლევის მწარმოებელი სპეციალისტის დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ამიტომ ყველა პაციენტს, ვინც უშვილობისა და ვარიკოცელეს გამო მოგვმართავს, პირადად ვუტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას, რასაც, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს.


- თუ უშვილობის მიზეზი ვარიკოცელეა, რა ცვლილებები უნდა იყოს სპერმოგრამაში?

- კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ აუცილებელია ვარიკოცელეს ულტრაბგერითი კვლევით დიაგნოსტირება. რაც შეეხება სპერმის ანალიზს, ვარიკოცელეთი გამოწვეული ცვლილებები უმეტესად სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითებას – ასთენოზოოსპერმიას უკავშირდება. ისეთი ცვლილებები, როგორიც არის ოლიგოზოოსპერმია (განსაკუთრებით - II და III ხარისხისა) და აზოოსპერმია, ჩემი აზრით, ვარიკოცელესთან კავშირში ნაკლებად არის, - ამ შემთხვევაში უფრო ღრმა და დეტალური გამოკვლევები უნდა ვაწარმოოთ (ჰორმონული, გენეტიკური და სხვა).

- რა ტიპის მკურნალობა ინიშნება ვარიკოცელეს დროს?

- ვარიკოცელეს მკურნალობა ყოველთვის ოპერაციულია, თუმცა არსებობს ქირურგიული ჩარევის სხვადასხვა მეთოდი. გერმანიაში, სადაც სულ ახლახან გახლდით, ორი ძირითადი მეთოდია გავრცელებული: სკლეროთერაპია - ვენებში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც ახშობს ვენების სანათურს. უკვე რამდენიმე ამგვარი ოპერაცია ჩავატარე საქართველოში. მანიპულაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს, თანაც ამბულატორიულ პირობებში კეთდება. მეორე მეთოდიც მინიოპერაციაა, რომელსაც სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყოების გამოყენებით ვაკეთებ. ამ გზით გვარდება სამი მთავარი პრობლემა - ხდება ვენების სრული გადაკვანძვა და არტერიებისა და ლიმფური სადინარების შენარჩუნება. თუ ეს ოპერაცია, რომელიც, ჩემი აზრით, მარტივი ნამდვილად არ არის, ჩატარდა ამ პრინციპების გაუთვალისწინებლად, შედეგი იქნება დროებითი და მეტიც - შესაძლოა, განვითარდეს გართულებები. კლინიკას უნდა ჰქონდეს სრული აღჭურვილობა ამ  ერთი შეხედვით ძალზე მარტივი ოპერაციის ჩასატარებლად. აქვე დავძენ, რომ ამგვარი ჩარევა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

- შესაძლებელია თუ არა პროგნოზირება, რამდენად ეფექტური იქნება ოპერაცია?

- დიახ, არსებობს პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, გამოსწორდება თუ არა ამ ოპერაციის შემდეგ სპერმის ხარისხი.

- მამაკაცთა უშვილობის სხვა მიზეზებზეც ვისაუბროთ...

- მამაკაცის უშვილობის მიზეზებიდან, გარდა ვარიკოცელესი, აღსანიშნავია: ასთენოზოოსპერმია - სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის დაქვეითება. ასთენოზოოსპერმია შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციურმა სტრესმა, მარტივად რომ ვთქვათ, სპერმაში ჟანგბადის ნაკლებობამ, რაც ძალიან ვნებს სპერმატოზოიდებს. არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც ზრდის სპერმაში ჟანგბადის შემცველობას და ამის ხარჯზე საგრძნობლად აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მოძრაობის ხარისხს. იმუნოლოგიური ფაქტორები - სპერმატოზოიდების ზედაპირზე განლაგებულია ანტისხეულები, რაც ხელს უშლის მათ მოძრაობას და, შესაბამისად, აქვეითებს განაყოფიერების უნარს. ამ შემთხვევასაც კონსერვატიულად მკურნალობენ. უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები - პიოსპერმია (სპერმაში ლეიკოციტების მომატება), ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი და სხვა. იზოლირებული ოლიგოზოოსპერმია (სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება - 15-20 მილიონზე ნაკლები 1 მლ-ში), რაც შედარებით იშვიათია. უფრო ხშირად გვხვდება ოლიგოასთენოტერატოზოოსპერმია ანუ რაოდენობის, მოძრაობისუნარიანი და მორფოლოგიურად ნორმალური სპერმატოზოიდების შემცირების თანხვედრა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ვარიკოცელეც შეიძლება იყოს, მაგრამ მეტწილად, განსაკუთრებით კი მძიმე ხარისხის ოლიგოზოოსპერმიის დროს, როდესაც სპერმატოზოიდების რაოდენობა  1 მლ-ში 1-5 მილიონამდეა შემცირებული, მიზეზი ჰორმონულ დარღვევებსა და ამით გამოწვეულ სათესლე ჯირკვლის ქსოვილის არასრულფასოვნებაში უნდა ვეძებოთ. არსებობს პრეპარატები, რომლებიც სპერმატოზოიდების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამგვარ პაციენტებში ეს ერთადერთი გზაა სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აზოოსპერმია, რაც სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობას ნიშნავს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს თესლგამომტანი სადინარის დახშობა (ეს ვარიანტი შედარებით იშვიათია, მაგრამ მარტივად იმართება), თუმცა ხშირია აზოოსპერმია თესლგამომტანი სადინარის დახშობის გარეშეც. ამ უკანასკნელის მიზეზია სათესლე ჯირკვლის ქსოვილის არასრულფასოვნება, რომლის შედეგადაც სპერმატოზოიდები საერთოდ ან თითქმის არ წარმოიქმნება. აზოოსპერმიის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ორმხრივი კრიპტორქიზმის დაგვიანებული კორექციის შემთხვევები, მძიმე ჰორმონული დარღვევები, გენეტიკური ანომალიები. არაობსტრუქციული (დახშობის გარეშე) აზოოსპერმიის დროს ერთადერთი გამოსავალია სათესლე ჯირკვლის ქსოვილის მცირე ნაწილის ამოღება ნემსის ჩხვლეტით და მასში სპერმატოზოიდების მოძებნა ხელოვნური განაყოფიერებისთვის, თუმცა რამდენიმე პაციენტში სპეციალური მკურნალობით მოხერხდა სპერმატოზოიდების გამომუშავება მცირე რაოდენობით და შემდგომ ისინი სპერმიდან იქნა აღებული ხელოვნური განაყოფიერებისთვის, რის შედეგადაც თავიდან ავიცილეთ ჩარევა სათესლე ჯირკვლებზე. ბუნებრივია, ყველა შესაძლო ვარიანტს ვერ განვიხილავთ, მაგრამ ვეცადე, შევხებოდი ყველა ფართოდ გავრცელებულ მიზეზს. ჩემთვისაც, როგორც უშვილობის პრობლემაზე მომუშავე ყველა ექიმისთვის, უმთავრესი და ყველაზე პრინციპულია, ყოველი წყვილი პირველივე ვიზიტის დროს დავაყენოთ სწორ გზაზე, რათა უშედეგო მკურნალობაში არ დაიკარგოს დრო და არ დაიხარჯოს ოჯახის ფინანსები. უშვილობა მეტად მტკივნეული პრობლემაა წყვილისთვის და ექიმი მის მოგვარებას დიდი გულისყურით უნდა მოეკიდოს.