ცისტოცელე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცისტოცელე

ამ დროს შარდის ბუშტის სამკუთხედი და ყელი საშოს წინა კედლის დაწევის გამო მდებარეობას იცვლის - ქვემოთ იწევს. ეს პათოლოგია უმეტესად 40 წელს გადაცილებულ, მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებს აღენიშნებათ. მისი მექანიზმი უკავშირდება მცირე მენჯის დიაფრაგმის იოგოვანი აპარატის გაწელვა-შესუსტებას, მენჯის ძირის კუნთოვანი აპარატის ჰიპოტროფიას, რის გამოც საშოს წინა კედელი იბურცება. საშოს წინა კედლის გამობურცვის პარალელურად ხდება შარდის ბუშტის ცდომა და შარდის გამომყოფი მილის დამოკლება. ქვედა საშარდე გზების ტოპოგრაფიის ასეთი ცვლილებები განაპირობებს ცისტოცელეს სიმპტომებს - შარდის გამოყოფის გაძნელებას ნარჩენ შარდთან ერთად, შარდის სტრესულ შეუკავებლობას სრულ შეუკავებლობამდე.

 

გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები

ცისტოცელეს განვითარების ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია სამშობიარო ტრავმა შორისის გახეთქვით, ხელშემწყობ ფაქტორებს შორის კი - პაციენტის პროფესიული საქმიანობა, რომელიც იწვევს დიდ ფიზიკურ დატვირთვას მუცლის პრესსა და მენჯის ძირზე, გადამეტებული დაძაბვა, მაგალითად, მშობიარობის პროცესში, ქრონიკული შეკრულობისას, მძიმე საგნების აწევისას, ქრონიკული ხველისას და სხვა. მცირე მენჯის ძირი წარმოდგენილია კუნთებისა და მყესების შრით, რომელიც სათანადო პოზიციაში აკავებს მენჯის ღრუს ორგანოებს - შარდის ბუშტს, საშვილოსნოს, მსხვილ და წვრილ ნაწლავებს. თუ ეს დამჭერი ქსოვილოვანი ძირი (ფსკერი) შესუსტდა და გაიწელა, ბუნებრივია, მცირე მენჯის ღრუს ზოგიერთი ორგანო ქვემოთ გადაინაცვლებს ან სხვის პროლაბირებას მოახდენს ერთგვარი გამობურცულობის სახით (რექტოცელე - სწორი ნაწლავის გამობურცვა, ცისტოცელე - შარდის ბუშტის გამობურცვა).

ცისტოცელეს განვითარების რისკფაქტორები

მშობიარობა - ორსულობა და მშობიარობა ცისტოცელეს ყველაზე ხშირი მიზეზია. მშობიარობის დროს ხდება საშოს დამჭერი კუნთებისა და მყესების გადაძაბვა-გაჭიმვა, რაც ხელს უწყობს ნორმალურ პოზიციაში ორგანოთა შემაკავებელი ქსოვილის დასუსტება-გაწელვას.

დაბერება - ცისტოცელეს განვითარების რისკი ასაკთან ერთად იმატებს, ვინაიდან კუნთოვანი აპარატის დაბერება-შესუსტებისა და თანდათანობითი განლევის გამო მცირე მენჯის დიაფრაგმის გაწელვის ალბათობა იზრდება. ცისტოცელე ხშირად აღმოცენდება მენოპაუზის დროს, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) შემცველობა იკლებს. ესტროგენები ფიზიოლოგიურად უზრუნველყოფენ კუნთოვანი სისტემის ტონუსს.

ჰისტერექტომია - საშვილოსნოს ამოკვეთა ხშირად იწვევს მცირე მენჯის ძირის კუნთოვანი შრის დასუსტებას.

გენეტიკური ფაქტორები - ზოგიერთი ქალი შედარებით სუსტი შემაერთებელი ქსოვილით (მათ შორის - მცირე მენჯის ღრუში) იბადება, რაც განაპირობებს კიდეც ცისტოცელეს განვითარებისადმი განწყობას. ამას ისიც ადასტურებს, რომ დასახელებული პათოლოგია არ ემართება ყველა მრავალჯერ ნამშობიარებ ან დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე ქალს.

რჩევები

  • ნუ აწევთ მძიმე საგნებს. ტვირთი ისე ასწიეთ, რომ დატვირთვა უმთავრესად ფეხებზე მოდიოდეს და არა ზურგსა და წელზე.
  • ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თუ შეკრულობისკენ გაქვთ მიდრეკილება, თავი არიდეთ უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს. იმკურნალეთ - არ დაუშვათ შეკრულობა!
  • არ მოსწიოთ! თუ გახველებთ, აუცილებლად იმკურნალეთ!
  • აკონტროლეთ წონა - მისი მომატება მდგომარეობას დაამძიმებს.

ივარჯიშეთ

რეგულარულად შეასრულეთ მცირე მენჯის ძირის კუნთების გასამაგრებლად მოწოდებული კეგელის ვარჯიშები. ამით შარდის შეუკავებლობასაც მოერევით.

1. მაქსიმალურად შეკუმშეთ მცირე მენჯის ძირის კუნთები, თითქოს შარდვას იკავებდეთ.

2. ასე გაჩერდით 5-6 წამს, შემდეგ ამდენივე ხნით მოდუნდით.

3. ვარჯიში 10-15-ჯერ გაიმეორეთ, დღის განმავლობაში კი 4-5-ჯერ მაინც შეასრულეთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

მსუბუქი ფორმის ცისტოცელე სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს, საშუალო და მძიმე ფორმის დროს კი, როდესაც ადამიანს აქვს დისკომფორტი შარდვისას, შარდის შეუკავებლობა, სიმძიმის შეგრძნება საშოსა და მცირე მენჯის არეში, საშოს ნაპრალიდან მცირე გამობურცვა, შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექციები, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და სხვა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა მოიცავს:

  • სამკურნალო-პროფილაქტიკურ ვარჯიშებს მენჯის ძირის გასამაგრებლად;
  • ესტროგენებით თერაპიას კუნთების ტონუსის ასამაღლებლად (აბები ან სპეციალური მალამოები ადგილობრივად);
  • ე.წ. ვაგინალური პესარიების - პლასტიკური ან რეზინის სპეციალური რგოლის - ჩადგმას საშოში შარდის ბუშტის უკანა და ზედა პოზიციაში დასაფიქსირებლად. ამავე მიზნით ქალებს ზოგჯერ დიდი ტამპონების გამოყენებასაც ურჩევენ;
  • ქირურგიულ ჩარევას საშოს წინა კედლის გამაგრება-პლასტიკისთვის.