დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

ერთი ოდნავ პატარაა, მეორე - ოდნავ დიდი, მაგრამ როცა ამ განსხვავებას თან არ სდევს ტკივილი ან რაიმე სხვა პათოლოგიური გამოვლინება, ეს ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა. მათი ფორმა კი, როგორც წესი, ერთნაირია. რაც შეეხება ასოს, ის შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს. აქვე - ერთი გადახვევა, რომელიც, ვფიქრობ, მრავალ მამაკაცს დააინტერესებს: ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. პარტნიორის სქესობრივ დაკმაყოფილებას ცოდნა სჭირდება და არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ზომისაა სასქესო ორგანო.

ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ ახლა ხშირად შეხვდებით რეკლამებს, სადაც სასქესო ასოს გაზრდას გვპირდებიან. თუ, რა თქმა უნდა, მამაკაცს ეს იდეა-ფიქსად აქვს ქცეული, შეუძლია, ოპერაცია გაიკეთოს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი, ვიმეორებ, ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგმა გიორგი გოგეშვილმა, რომელსაც იმ დაავადებების შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ, რომლებიც სასქესო ორგანოების ზომისა თუ ფორმის ცვლილებებს იწვევს.

- მოდი, ჯერ ფიზიოლოგიურ ნორმებს გაგაცნობთ. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება.

სათესლე ჯირკვლებს გვერდებზე, ზემოდან ქვემოთ, ჩაუყვება სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია.

სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია მათი კლინიკური ნიშნებიც, მაგრამ ხშირად ამ დაავადებებს მაინც აქვთ საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.

  • ვარიკოცელე - ეს სათესლე ჯირკვლისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ვარიკოცელე მამაკაცთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება გახლავთ და ხშირად არცთუ ისე სასიამოვნო შედეგი მოსდევს. უმეტესად ვარიკოცელე სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვითარდება, ის სწრაფად აღწევს გარკვეულ ხარისხს და აღარ პროგრესირებს.

ვარიკოცელე თითქმის ყოველთვის მარცხენამხრივია. ორმხრივი ვარიკოცელე იშვიათია, მარჯვენამხრივი - კიდევ უფრო იშვიათი. ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ეს ორგვარად შეიძლება გამოვლინდეს - ტკივილითა და უსიამოვნო შეგრძნებებით ან უნაყოფობით. ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს უმეტესად აქვს მქაჩავი, დამწოლი ხასიათი. ხშირად პაციენტები ამ მდგომარეობას აღწერენ, როგორც სათესლე პარკში სიმძიმის შეგრძნებას. ეს შეგრძნებები მუდმივი არ არის - ჩვეულებრივ, ვლინდება ფიზიკური დატვირთვის, სქესობრივი აქტის, სითბური პროცედურების, ხანგრძლივი უმოძრაობის დროს.

მარცხენამხრივი ვარიკოცელეს დროს ტკივილი ყოველთვის მარცხნივ არ არის ლოკალიზებული. ხშირად ავადმყოფს უჭირს გარკვევა, რომელ მხარეს უფრო მეტად სტკივა, ხოლო არცთუ იშვიათად ტკივილი მარჯვნივ ლოკალიზდება. ვარიკოცელე უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ პაციენტი არაფერს უჩივის. ბევრი მამაკაცი ვარიკოცელეთი ატარებს მთელ სიცოცხლეს, შვილებს აჩენს და დაავადების შესახებ არაფერი იცის. ხშირად ვარიკოცელეს სხვა მიზეზის გამო გასინჯვისას შემთხვევით აღმოაჩენენ. ვარიკოცელეს აღმოჩენა ხდება სათესლე ჯირკვლის დათვალიერებით, ექოსკოპიური ან დოპლეროგრაფიული კვლევით. ბოლო ორი კვლევა აუცილებლად ორ მდგომარეობაში - წოლითსა და დგომითში - უნდა ჩატარდეს. სხვაგვარად გამოკვლევა აზრს დაკარგავს.

მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ვარიკოცელეს აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს სპერმომორფოგრამა. ვარიკოცელეს მხოლოდ ოპერაციული მეთოდით მკურნალობენ. თუ სადმე მისი უოპერაციოდ განკურნების ამბავს მოჰკარით ყური, არ დაიჯეროთ; ოპერაციის გარეშე ვარიკოცელეს ეფექტური მკურნალობა შეუძლებელია. ვარიკოცელე უმთავრესად ანატომიური ან გენეტიკური განწყობის გავლენით ვითარდება, ამიტომ მისი პროფილაქტიკის შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია. სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ, 19-20 წლის ასაკში, კარგი იქნება უროლოგთან კონსულტაციის გავლა და თუ ვარიკოცელეს არავითარი ნიშანი არ აღმოგაჩნდათ, მაშინ ამის გამო ნერვიულობა აღარ ღირს.

თუ ვარიკოცელე უკვე არის, მაშინ თავი უნდა არიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და მოაწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება. სათესლე ჯირკვლებში ტკივილის დროს შესაძლოა შვება მოგგვაროთ ცივის დადებამ სათესლე პარკის მიდამოში ან სისხლძარღვთა შემავიწროებელმა პრეპარატებმა, ხოლო სისხლძარღვთა გამაფართოებლები და სითბო უკუნაჩვენებია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ვიზიტი ექიმთან ან ოპერაცია.

  • ორქიტი - სათესლე ჯირკვლის ანთებაა. ის თითქმის ყოველთვის რომელიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადების გართულებაა, სახელდობრ, ეპიდემიური პაროტიტისა (ყბაყურა), გრიპისა, წითურასი, პნევმონიისა, ბრუცელოზისა, უფრო ხშირად კი შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებებისა - ურეთრიტისა, პროსტატიტისა, ეპიდიდიმიტისა, ვეზიკულიტისა. ორქიტი შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლის ტრავმის შემდეგაც.

მწვავე ორქიტი (არსებობს ქრონიკულიც) სათესლე ჯირკვლის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა ბოქვენის, შორისის, წელის, კუდუსუნის მიდამოში. სათესლე პარკი დაავადებისას ორჯერ და მეტჯერ დიდდება, კანი გლუვდება. დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეს მიდამო წითლდება, ადგილობრივი (კანის) ტემპერატურა იმატებს. ანთებადი ჯირკვალი გადიდებული და მკვეთრად მტკივნეულია. ტკივილთან ერთად თავს იჩენს ანთების ზოგადი სიმპტომები: სისუსტე, ციებ-ცხელება. სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსს აღწევს. აღმოცენდება თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება. ზოგჯერ პროცესი სათესლე ჯირკვლის დაჩირქებითა და მისი აბსცესის ჩამოყალიბებით სრულდება, რამაც საბოლოოდ შესაძლოა სეკრეტორული ფორმის უშვილობამდე მიგვიყვანოს.

თუ დაჩირქებაა სავარაუდო, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა გულისხმობს იმ ძირითადი დაავადების აღმოფხვრას, რამაც ორქიტი გამოიწვია. სათესლე პარკს აწეულს აფიქსირებენ, ადებენ ცივ საფენებს. თავდაპირველად ტარდება ანტიბაქტერიული თერაპია, ხოლო მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ - ფიზიოთერაპია, სითბური პროცედურები. დაჩირქებისა და სათესლე ჯირკვლის აბსცესის შემთხვევაში კეთდება ოპერაცია.

მძიმე შემთხვევებში ხდება ჯირკვლის ცალმხრივი ამოკვეთა. ორქიტის პროფილაქტიკა შარდსასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებადი პროცესების, ტრავმებისა და ინფექციური დაავადებების (გრიპი, ყბაყურა და სხვა) დროულ მკურნალობას გულისხმობს.

  • ეპიდიდიმიტი - სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებაა. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება. ტკივილი მის დანამატში აღმოცენდება, მაგრამ დანამატისა და სათესლე ჯირკვლის სიახლოვის გამო ამ დაავადების მქონე მამაკაცები ყოველთვის უჩივიან სათესლე ჯირკვლის ტკივილს. ეპიდიდიმიტს ბაქტერია იწვევს - წესისამებრ, გონოკოკი ან ქლამიდია, რომლებსაც ურეთრიტის განვითარებაშიც ხშირად მიუძღვის ბრალი. სათესლე ბაგირაკის ანთება მოხუცებსაც უვითარდებათ, როცა ინფიცირებული პროსტატიდან ბაქტერიები მასშიც ვრცელდება.

ეპიდიდიმიტი თითქმის ყოველთვის მხოლოდ ცალ მხარეს ვითარდება. ერთი-სამი დღის განმავლობაში ტკივილი თანდათან იმატებს. უეცარი ტკივილის შეგრძნება ჯირკვლის შემოგრეხაზე უფრო მეტყველებს. ეპიდიდიმიტის დროს მამაკაცი შეიძლება უჩიოდეს შარდსასქესო ტრაქტის ინფიცირების სხვა ნიშნებსაც - ტემპერატურის მომატებას, ურეთრის წვას, უნებლიე შარდვას და სხვა. ექიმი დათვალიერებისას ხედავს ნორმალურ სათესლე ჯირკვალს, მაგრამ ბაგირაკის მსგავსი დანამატი შეშუპებული და მგრძნობიარეა. თუ პაციენტი დაგვიანებით მივიდა ექიმთან, მაშინ შეშუპებული და მტკივნეული შესაძლოა მთელი სათესლე პარკი იყოს. უროლოგი ამ დროს შარდის ანალიზს ითხოვს და შესაძლოა, ანთების გამომწვევის გამოსავლენად კულტურის დათესვაც გადაწყვიტოს. ბაქტერიების ამა თუ იმ ტიპის აღმოჩენის დროს ექიმი ნიშნავს მის საწინააღმდეგო პრეპარატს. სხვა შემთხვევაში ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები: დოქსაციკლინი, ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი. მკურნალობა ფაქტობრივად ორქიტის მკურნალობის მსგავსად მიმდინარეობს.

  • ტრავმა. სათესლე პარკის ტრავმა ყველაზე ხშირად ზეწოლის და/ან დარტყმის შედეგია, იშვიათად კი ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას წარმოადგენს. სათესლე პარკის იზოლირებული დაზიანებები ვითარდება ველოსპორტის, ჯირითის, ორძელსა და სხვა სპორტულ მოწყობილობებზე ვარჯიშის დროს. შორისის მიდამოსთან არსებული ორგანოები სისხლით კარგად მარაგდება და მგრძნობიარე ნერვებით არის აღჭურვილი. იქ არის ზონები, რომლებზე დარტყმაც ტკივილით გამოწვეული შოკის გამო შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, ხოლო სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში სისხლი მდინარესავით მოედინება, რაც მეტად საშიშია სიცოცხლისათვის.

სათესლე ჯირკვლების დაზიანების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს შესაძლოა სასქესო უჯრედების მომწიფება დაერღვეს, რასაც უნაყოფობა მოსდევს. დახურული ტრავმის შედეგად შესაძლოა წარმოიშვას ჰემატომა - სათესლე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა, საკმაოდ დიდი ზომისაც გახდეს და სხვა ორგანოებზე ზეწოლა და ტკივილი გამოიწვიოს.

სათესლე ჯირკვლის ტრავმის დროს ზოგადი მდგომარეობა ყოველთვის უარესდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ტკივილით გამოწვეული შოკი, რომელმაც ადამიანი შესაძლოა მოკლას კიდეც. ღია და დახურული ტრავმები ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება.

ტრავმების თავიდან ასაცილებლად ელემენტარული ყურადღება და რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო. ველოსიპედი ბავშვს ასაკის მიხედვით უნდა შევურჩიოთ. ნება არ მივცეთ, გამოიყენოს მასზე გაცილებით უფროსი ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი ველოსიპედი. მოუყევით, რით არის საშიში ფეხებს შორის ხელის ან ფეხის დარტყმა. გააფრთხილეთ, როგორი ტრავმით შეიძლება დამთავრდეს სახლის პიროტექნიკით თამაში. არ ჩააცვათ ვიწრო საცვლები. მიაჩვიეთ, მაშინვე გითხრათ შორისის მიდამოში მიღებული ნებისმიერი ტრავმის შესახებ. ნუ ეცდებით ტრავმის დამოუკიდებლად მკურნალობას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს - უროლოგს ან ქირურგს.


  • პეირონის დაავადება. ეს დაავადება ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცებს ემუქრება. იგი ტკივილით იჩენს თავს, რაც მამაკაცს აიძულებს, გულდასმით დაითვალიეროს სასქესო ორგანო. სწორედ მაშინ აღმოაჩენს ის ასოში მკვრივ, მკვეთრკონტურებიან სიმკვრივეს, კვანძს, ბალთას.

პეირონის დაავადება ონკოლოგიურთა რიცხვს არ მიეკუთვნება, არც შარდვის დარღვევებს იწვევს, მაგრამ ძალუძს, საკმაოდ დიდი ხნით დიდი დაღი დააჩნიოს სქესობრივ ცხოვრებას. დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასქესო ასო ერექციისას დეფორმირდება, მრუდდება. გამრუდების კუთხემ შესაძლოა 90 გრადუსს და უფრო მეტსაც მიაღწიოს. რთულდება ერექცია, შეუძლებელი ხდება სქესობრივი აქტის ნორმალურად ჩატარება. პეირონის დაავადების შესახებ საერთო აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს.

როგორია დაავადების მექანიზმი?

სასქესო ასოს შიგნით ორი ცილინდრია, რომლებსაც კავერნოზულ სხეულებს უწოდებენ. ერექციის დროს ეს ცილინდრები სისხლით ივსება, თუმცა უსაზღვროდ არ ფართოვდება - ამაში თეთრი გარსი უშლით ხელს. პეირონის დაავადების დროს სწორედ ეს გარსი ზიანდება (იგლიჯება). ორგანიზმი თვითონვე "აკერებს" დაზიანებულ ადგილს, მაგრამ ისე უხეშად, რომ პაციენტის მდგომარეობა სავალალოდ იცვლება.

პეირონის დაავადება თავისთავად არ იკურნება. მისი მკურნალობა მხოლოდ გამოცდილ უროლოგს ძალუძს. მედიკამენტური თერაპია, დასხივებები, სტეროიდების თუ E ვიტამინის ინიექციები დაავადების მხოლოდ დასაწყისში შეიძლება იყოს ეფექტური, ისიც - ნაწილობრივ. ბოლო დროს დიდი წარმატებით იყენებენ ულტრაბგერის დარტყმით მეთოდს, მკურნალობის ვიბრაციულ მეთოდებს. როცა ბალთაში კალციუმის მარილები ჩალაგდება, მედიკამენტური თერაპიისთვის დროის დაკარგვა აღარ ღირს, აქ საქმეში ქირურგია ერთვება. ხოლო თუ მამაკაცი ასოს დეფორმაციის ან ტკივილის გამო ვერ ახორციელებს სქესობრივ აქტს, პრობლემის მოგვარება ასოს პროთეზებს ეკისრება.

  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნე. სხვა სასქესო ორგანოებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლების სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მის წილად მოდის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებების 2%. სამწუხაროდ, ასიდან თითქმის 99 სიმსივნე ავთვისებიანია.

ავთვისებიანი სიმსივნეების მაქსიმალური სიხშირე, მაქსიმალური გამოვლინება თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელი), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულ მამაკაცებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორ ფაქტორს. ერთ-ერთი მათგანი კრიპტორქიზმია (მდგომარეობა, როცა სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოშვებული). ხშირად კრიპტორქიზმის გართულებაა, თანაც კიდევ უფრო საშიში, სემინომა - სათესლე ჯირკვლის სიმსივნე. სხვა გართულებებს შორისაა სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას - სათესლე ჯირკვლის ატროფია და მამაკაცის ორგანიზმში მიმდინარე მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია.

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დასაწყისში თავს არაფრით ამჟღავნებს. ჩვეულებრივ, ავადმყოფები ერთ-ერთ სათესლე ჯირკვალში თავად აღმოაჩენენ სიმაგრეს. ჯირკვალი სწრაფად დიდდება, შეიძლება ითქვას, იჭიმება, ზოგჯერ მტკივნეულობაც შეინიშნება. თავად სათესლე ჯირკვლის სიმსივნე ტკივილის შეგრძნებას არ იწვევს, ტკივილი სიმსივნური პროცესის სათესლე ბაგირაკზე გადასვლის შემდეგ ვითარდება. მოგვიანებით სათესლე ჯირკვალი უფრო მეტად მკვრივდება და დეფორმირდება. ამ პროცესს მოსდევს სათესლე ჯირკვლის გარსებში სითხის დაგროვება, რაც კიდევ უფრო ადიდებს სათესლე პარკის შესაბამის ნახევარს.

თუ სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის დაშვებული (ან არ იქნა დაშვებული ქირურგიული გზით), სიმსივნე შეიძლება ისინჯებოდეს საზარდულის მიდამოში, სადაც ის ასევე მკვრივი და მტკივნეულია. თუ სათესლე ჯირკვალში სიმსივნე განვითარდა კრიპტორქიზმის აბდომინალური ფორმის დროს, ანუ მაშინ, როცა სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუშია დარჩენილი, მაშინ ის ძალზე დიდი გაიზრდება, შესაძლოა, მუცლის ღრუს ნახევარიც კი დაიკავოს. ავადმყოფების დაახლოებით 3%-ს სიმსივნე ორივე სათესლე ჯირკვალში ერთდროულად უვითარდება. შედარებით იშვიათია რამდენიმეწლიანი შუალედით განვითარების შემთხვევები.

სიმსივნეების დიაგნოსტიკა სათესლე პარკის დათვალიერებით იწყება. ეს სიმსივნის შესახებ პირველ მონაცემებს იძლევა. თუ ავადმყოფს კრიპტორქიზმი არ აქვს, მაგრამ აღენიშნება სათესლე პარკის ასიმეტრია, მაშინ ის ხელითაც უნდა გაისინჯოს. ეს ილეთი ექიმს საკმაოდ ფასეულ ინფორმაციას აწვდის. როგორც ზემოთ ითქვა, სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დროს გარსებს შორის სითხე გროვდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა სითხე პუნქციით ამოიღოს და სათესლე ჯირკვალი მერეღა გასინჯოს ხელით.

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს ულტრაბგერითი გამოკვლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის შიდა სტრუქტურის, სიმსივნის დანახვა და მისი ზომების განსაზღვრა. სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სადიაგნოზოდ ყველაზე უფრო შედეგიანი მეთოდია პუნქციის შედეგად ბიოფსიის გზით აღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა.

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეს უმთავრესად ოპერაციული გზით მკურნალობენ. ამ დროს აკეთებენ ჰემიკასტრაციას - ამოკვეთენ დაზიანებულ სათესლე ჯირკვალს. უმეტესად, ასე ვთქვათ, მომწიფებული სემინომის დროს ჩატარებული ეს ოპერაცია, წესისამებრ, დამაკამაყოფილებელ შედეგებს იძლევა, სხვა შემთხვევაში კი საჭირო ხდება სათესლე ბაგირაკის მთლიანად ამოკვეთა.

თუ დადგენილია მუცელგარეთა სივრცის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობა, ტარდება ლიმფადენექტომია - დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთა. მარტივი ან გაფართოებული ჰემიკასტრაცია - ეს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის პირველი ეტაპია. ამის შემდეგ აუცილებელია სხივური თერაპიის ჩატარება. ასეთი მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა სემინომებისა და იმ ტიპის სიმსივნეების მკურნალობის დროს, რომლებსაც სემინომის ტიპის ელემენტები აქვთ. ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმსივნე დიდი ზომისაა, დასხივებას ოპერაციამდე აკეთებენ. ეს ხშირად იმდენად ამცირებს სიმსივნის ზომას, რომ მისი ამოკვეთა შესაძლებელი ხდება.

სხივური თერაპია გამოიყენება მეტასტაზების სამკურნალოდაც, ლიმფური კვანძების კონგლომერატის დასხივების სახით, იმ შემთხვევებშიც კი, როცა მათი ამოკვეთა შეუძლებელია. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეების მკურნალობისას, განსაკუთრებით - სემინომის შემთხვევაში, ფართოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიაც.

ინფორმაციისთვის იმასაც დავამატებთ, რომ პირველი-მეორე სტადიის სემინომის რადიკალური მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა, ხოლო არასემინომური სიმსივნეების შემთხვევაში - გაცილებით უარესი. თუ მცირეოდენ ყურადღებას გამოიჩენთ საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მიმართ, დაავადება ვერაფერს დაგაკლებთ, მისი განვითარების შემთხვევაში კი დროული სამედიცინო ჩარევით მრავალ პრობლემას აიცილებთ თავიდან და სრული გამოჯანმრთელების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

  • თვითგასინჯვა. სათესლე ჯირკვლები დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთ-ერთი მათგანი ძალიან პატარაა, სავარაუდოდ, ის დიდი ხნის წინ გადატანილი ინფექციის გამოა ატროფირებული. ერთი სათესლე ჯირკვალი ყოველთვის უფრო დაბლაა დაწეული, ვიდრე მეორე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხებს ერთად ვერ დადგამდით.

სასურველია, თავი თვეში ერთხელ მაინც დაითვალიეროთ, მაგრამ მხოლოდ სითბოში - სიცივეში სათესლე პარკი ძლიერ იჭმუხნება. საუკეთესო შემთხვევაში, დათვალიერება უნდა ჩაიტაროთ თბილ აბაზანაში ან შხაპის ქვეშ. სათესლე ჯირკვლები თითებს შორის გადააგორეთ. ისინი მაგრად მოხარშული კვერცხის (რა თქმა უნდა, უნაჭუჭოდ) კონსისტენციისა, დაახლოებით 3,5-4 სანტიმეტრი დიამეტრისა უნდა იყოს; ზომით ერთმანეთისგან 5-6 მილიმეტრზე მეტით არ უნდა განსხვავდებოდეს.

სათესლე ჯირკვლის უკანა ნაწილის გასინჯვის დროს სათესლე ჯირკვლის დანამატს ნახავთ, რომელიც ბაგირაკს ჰგავს და სპაგეტის სიმსხოა. თუ აღმოაჩინეთ უჩვეულო შეშუპება, კვანძი ან რაიმე სხვა ტიპის ანომალია, გააკეთეთ უბრალო დიაგნოსტიკური გასინჯვა: ბნელ ოთახში შედით, ჩართეთ ჯიბის ფარანი და სათესლე პარკი უკანა მხრიდან გაანათეთ. თუ შუქი შედარებით ადვილად აღწევს წარმონაქმნში, მაშინ ის, სავარაუდოდ, სითხით არის სავსე - ეს სათესლე ჯირკვლის წყალმანკის (ჰიდროცელე) ან სათესლე ჯირკვლის დანამატის კისტის სიმპტომია. მაგრამ ამ ტიპის ტესტი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვათ ექიმთან ვიზიტზე. თუ სათესლე ჯირკვლები ფრთხილად მოისინჯეთ, მაშინ ისინი არ უნდა გეტკინოთ.