“პაციენტისთვის ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“პაციენტისთვის ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო”

ხშირად ხდება, როცა პაციენტის უკიდურესად გართულებული მდგომარეობის გამო მედიკოსები მკურნალობას

უშედეგოდ მიიჩნევენ, იმედის ნაპერწკალსაც აღარ ტოვებენ, მეტიც, ზოგჯერ პაციენტს “ხელსაც არც ჰკიდებენ”.

წარმოიდგინეთ, როგორი გამონათებაა ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ექიმი, რთული სიტუაციის მიუხედავად, დახმარების ხელს უწვდის მას, ბრძოლას იწყებს და ოპერაციასაც უკეთებს გადასარჩენად! ეს რომ მარტივი საქმე არ არის და უდიდეს პასუხისმგებლობასა და ტვირთს გულისხმობს, ცხადია. ამ ტვირთის ზიდვა კი განსაკუთრებულ სპეციალისტთა, პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გამორჩეულთა ხვედრია მხოლოდ!

გსმენიათ ალბათ უნიკალურ, სენსაციურ ოპერაციებზე და გაოცებულხართ კიდეც, როგორ “გარისკა” ქირურგმა ჩარევა, როგორ შეეჭიდა ურთულეს, თითქმის დაუჯერებელ ოპერაციას.

ზოგს აკვირვებს მსგავსი შემთხვევები, ზოგისთვის კი ეს ცხოვრების ნაწილია.

განსაკუთრებულ და საინტერესო ოპერაციებზე გვესაუბრება საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, MMT-ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი:

- ბატონო გურამ, თქვენ მიერ წარმოებული ოპერაციები ყოველთვის განსაკუთრებული და თამამად შეიძლება ითქვას, უნიკალურია, რადგან ძალიან რთულ და მძიმე შემთხვევებს ეჭიდებით. თავად რომელს გამოარჩევდით?

- გასულ წელს გვყავდა 52 წლის პაციენტი, ძალიან აქტიური კაცი, პროფესიით პედაგოგი. საშარდე სისტემის ტუბერკულოზი ჰქონდა გადატანილი, ამის გამო დაკარგა მთელი საშარდე სისტემა, გარდა თირკმელებისა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა საბრალო, თირკმელებში ჩასმული ჰქონდა ორი პატარა მილი, რომლებითაც შარდი გარეთ გამოდიოდა. ორივე შარდსაწვეთი მთელ სიგრძეზე შევიწროებული ჰქონდა, შარდის ბუშტი - შეჭმუხნილ-დაპატარავებული, საშარდე მილიც - სულ დაზიანებულ-შევიწროებული, კაცი ვერ შარდავდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

ჩავუტარეთ ორი ოპერაცია, ყველაფერი აღვუდგინეთ, მათ შორის - საშარდე მილიც შუა ნაწილამდე. შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტის აღსადგენად გამოვიყენეთ ნაწლავი, შარდსადენი მილის რეკონსტრუქციისთვის კი ლოყის ლორწოვანი გარსი გადავუნერგეთ. დღეს ეს პაციენტი ჩვეულებრივ შარდავს; ამ ზაფხულს ბედნიერი შეგვეხმიანა კიდეც - ზღვაზე ვარ და ვირუჯებიო.

- მართლაც სასწაულია! როგორ ჩვეულებრივად ჰყვებით და როგორი რთული ოპერაცია ჩაგიტარებიათ!..

- ამ ზაფხულს, საზოგადოდ, საშარდე მილის აღდგენის ბევრი ოპერაცია ჩავატარეთ. იყო ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა კრონის დაავადება, ამის გამო პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა ნაწლავები, კათეტერების ჩადგმისას დაუზიანდა და საბოლოოდ, საშარდე მილიც დაკარგა, გაწამებული იყო ახალგაზრდა კაცი, დადიოდა შარდის ბუშტიდან გამომავალი მილით. მასაც აღვუდგინეთ საშარდე მილი ლოყის ლორწოვანი გარსიდან გადანერგილი გრაფტით.

- თირკმლის პლასტიკურ ოპერაციებზე რას გვეტყვით?

- თირკმლის პლასტიკური და ლაპაროსკოპიული ოპერაციები უამრავი გვაქვს გაკეთებული. გვყავდა სულ ახალგაზრდა პაციენტი, 20 წლის გოგონა, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის უზარმაზარი კისტა ჰქონდა, დიაფრაგმის ქვეშ მოთავსებული, ელენთასა და პანკრეასს მიბჯენილი, ცენტრალური მაგისტრალური სისხლძარღვებით შემოხვეული. ამ პაციენტთან ლაპაროსკოპიულად მოვახდინეთ თირკმელზედა ჯირკვლის კისტის ლიკვიდაცია, რაც ძალიან რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, საბოლოოდ წარმატებული ოპერაცია გამოგვივიდა.

ამას წინათ იყო ასევე ძალიან რთული შემთხვევა, თირკმელზედა ჯირკვლის ძალიან რთული ლოკალიზაციის უზარმაზარი კიბო, პანკრეასთან, აორტასთან მიხორცებული, თირკმლის ვენაში ჩაზრდილი. ეს წარმონაქმნიც ლაპაროსკოპიულად ამოვიღეთ.

- ასეთი მძიმე შემთხვევების დროს ლაპაროსკოპიული ჩარევა ხომ ძალზე რთულია, ღია წესით რატომ არ გაუკეთეთ ოპერაცია?

- არსებობს ოპერაციები, რომელთა წარმოებაშიც ლაპაროსკოპიულ მიდგომას მაინცდამაინც დიდი პრივილეგია არ აქვს, მაგალითად, პროსტატექტომიების დროს ლაპაროსკოპიული და ღია წესით ჩატარებული ოპერაციებისას განაკვეთი 2-3 სმ-ით განსხვავდება, სამაგიეროდ, ღია წესით ოპერაციის წარმოება პროსტატაზე უფრო მოხერხებულია, შარდის შეუკავებლობაც უფრო ნაკლებია, უროლოგიური შედეგები კი - ბევრად უკეთესი.

აი, თირკმელთან დაკავშირებით კი, მიმაჩნია, რომ თირკმლის შემთხვევაში ლაპაროსკოპია უკეთესია, რადგან ღია წესით ჩარევას იმხელა განაკვეთი სჭირდება, რომ თითქმის ნახევარი სხეული უნდა გადაუჭრა ადამიანს. მოგეხსენებათ, ეს კოსმეტიკურადაც ულამაზოა, პოსტოპერაციული პერიოდიც უფრო რთულია, განაკვეთი სიდიდის გამო საკმაოდ მტკივნეულია, ამიტომ თირკმელებზე მაქსიმალურად ვცდილობთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, ოპერაციები ლაპაროსკოპიით ვაწარმოოთ. მაგალითად, ერთ-ერთ პაციენტს თირკმლის ვეებერთელა სიმსივნე ჰქონდა, რომელიც ღვიძლში იყო ჩაზრდილი, მაშინ ღვიძლის ნაწილის მოკვეთაც მოგვიწია, ოპერაცია ღია წესით გავაკეთეთ, რადგან სხვაგვარად ამხელა მასშტაბის ოპერაცია ვერ განხორციელდება.

საზოგადოდ კი, ჩვენ არც ერთი ტიპის ოპერაციის წარმოების პრობლემა არ გვაქვს, მთავარია, ყველა მეთოდს ვფლობთ და საჭიროებისას იმას ვიყენებთ, რომელიც პაციენტისთვის უკეთესი და რაციონალურია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა არ ხარ ტექნოლოგიებში შეზღუდული, ყველა მეთოდსა თუ ტექნოლოგიაზე მიგიწვდება ხელი, ასეთ დროს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტს ვარჩევთ მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

- ყველამ იცის, რომ ძალიან მძიმე და გართულებულ შემთხვევებსაც თამამად ეჭიდებით, მაგალითად, პროსტატის, შარდის ბუშტის და სხვა შორსწასულ სიმსივნეებს, სხვა პათოლოგიებს, ისეთ პაციენტებსაც მკურნალობთ და უტარებთ ოპერაციებს, რომლებსაც, ასე ვთქვათ, მავანნი “ხელს არ ჰკიდებენ”. არ შიშობთ ხოლმე, რომ რისკი არ გამართლდეს?

- ნუ დავარქმევთ ამას ცალსახად რისკს, მიმაჩნია, რომ პაციენტისთვის ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, ექიმობა უნდა გიყვარდეს და ბოლომდე უნდა დაიხარჯო, სხვაგვარად შედეგს ვერ მიიღებ. ყოველი რთული და განსაკუთრებული შემთხვევა ხომ თავისებური გამოწვევაა ქირურგისთვის, საზოგადოდ, ექიმისთვის. როცა ცოდნა და კვალიფიკაცია გაძლევს საშუალებას, უნდა მოჰკიდო კიდეც ხელი პაციენტს და ბოლომდეც უნდა იბრძოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში - ზოგი მათგანი განწირულია.

მოგიყვანთ ერთ მაგალითს - გვყავდა პაციენტი საშვილოსნოს ყელის კიბოთი, ვეებერთელა წარმონაქმნი ჰქონდა, ჩაზრდილი შარდის ბუშტში, პარამეტრიუმში, მცირე მენჯის ღრუში, სისხლძარღვებთან მჭიდროდ მისული, ბოლოს შლა დაიწყო სიმსივნემ, ქალს სისხლდენა დაეწყო საშოდან, ურგენტულად მოგვიწია ოპერაციის ჩატარება, პრაქტიკულად სწორი ნაწლავი დავტოვეთ მხოლოდ, ყველაფერი ამოვიღეთ, სათითაოდ ვაცლიდით, ფაქტობრივად ვაფცქვნიდით ლიმფურ კვანძებსა და სისხლძარღვებს პათოლოგიურ ქსოვილს, საშინელი შემთხვევა იყო, ნახევრად დაშლილი, ამყაყებული სიმსივნე. ოპერაციის შემდგომ ამ ქალბატონს ქიმიოთერაპიაც ჩაუტარდა. ტომოგრაფიულ კვლევაზე რომ მივიდა, გაოცებული დარჩა ექიმი, მას ხომ ოპერაციამდე ნანახი და შეფასებული ჰქონდა პაციენტის მდგომარეობა, შედეგით აღფრთოვანებულმა გაოცება ვერ დამალა თურმე - საოცრებაა, ქალბატონო, დაუჯერებელია პირდაპირო - უთხრა. გასახარია, როცა კოლეგა შეგაქებს, სასიკეთო სიტყვას ეტყვის პაციენტს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, ასეთ დროს სიცოცხლის გახანგრძლივება 4-5 თვით ხდება ხოლმე, სამი წელი გავიდა და, ჩვენდა სასიხარულოდ, ეს ქალბატონი ცოცხალია.

- მართლაც ხსნა ხართ განწირული პაციენტებისათვის, მათი გადამრჩენელი!

- ბევრი საინტერესო შემთხვევა მქონია პრაქტიკაში. იყო ქალბატონი (თუ არ ვცდები, 52 წლის), რომელსაც გინეკოლოგიური ოპერაციის შედეგად დაუზიანდა შარდის ბუშტი, შარდის ბუშტსა და საშოს შორის ჩამოუყალიბდა ფისტულა (ფაქტობრივად, საშოდან შარდავდა), გარდა ამისა, აღენიშნებოდა მენჯის ფსკერის პროლაფსი, საშოს წინა კედლის დაწევა, შარდის ბუშტის “გამოვარდნა”. ძალიან საინტერესო ოპერაცია ჩავუტარეთ - ფისტულოპლასტიკა, საშოს ჩამოწეული კედელი და შარდის ბუშტი “ავწიეთ” და ფისტულის ლიკვიდაცია მოვახდინეთ. შედეგად, მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ ქალმა როგორც იქნა მოშარდა ნორმალურად, ამის შემდეგ იგი ძალზე ხშირად გვემადლიერება სოციალური ქსელების გზით.

გვქონდა ასეთი შემთხვევაც: გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ ქალს უეცრად დაეწყო შარდში გაზების გამოყოფა შარდის ბუშტსა და სიგმოიდურ ნაწლავს შორის განვითარებული ფისტულის გამო, საბრალო სულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე იყო, წლების განმავლობაში განუწყვეტელი ცისტიტების გამო. ამ ქალბატონს ჩვენს კლინიკაში ყველა სახის გამოკვლევა ჩავუტარეთ, მათ შორის რენტგენოკონტრასტულიც. აღმოჩნდა, რომ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის ფისტულა გაჩენილიყო და განავლოვანი მასები ნაწლავიდან შარდის ბუშტში გადადიოდა. გავუკეთეთ პლასტიკური ოპერაცია, ნაწლავი და შარდის ბუშტი განვაცალკევეთ და პრობლემაც მოიხსა. ეს ადამიანი ბედნიერად და ლაღად აგრძელებს ცხოვრებას.

- მოკლედ, ბევრი საამაყო ოპერაცია გაქვთ სამედიცინო პრაქტიკის ისტორიაში...

- ნამდვილად ასეა. მახსოვს, იყო ერთი პატარა ბიჭი თანდაყოლილი ანომალიით, ერთი თირკმელი ჰიდრონეფროზული, ქრონიკული ინფექციების გამო ფუნქციადაკარგული ჰქონდა, მეორე თირკმელიც ასევე დაკარგვის საშიშროების წინაშე იყო, შარდის ბუშტი კი დაპატარავებული ჰქონდა. 4 წლის იყო, ოპერაცია რომ გავუკეთეთ. შარდის ბუშტის ზომის გასადიდებლად მისივე ჰიდრონეფროზულად გადაგვარებული თირკმლის შარდსაწვეთი გამოვიყენეთ, რომელიც ნაწლავივით იყო გაგანიერებული. ბავშვებთან, საზოგადოდ, არ არის სასურველი ნაწლავის გამოყენება შარდის ბუშტის რეზერვუარის შესაქმნელად, მეტაბოლურ დარღვევებს იწვევს ხოლმე, ამიტომაც შარდსაწვეთი გამოვიყენეთ. მეორე შარდსაწვეთი ყველა წესის დაცვით ჩავნერგეთ შარდის ბუშტში. დღეს ეს ბიჭი 13 თუ 14 წლისაა, ცეკვავს, ისევ ისეთი ლამაზი და მშვენიერია, მიხარია, რომ კარგადაა.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო 14 წლის ბიჭის შემთხვევა იყო, რომელიც შარდის შეუკავებლობის მიზეზით სკოლაში არ დადიოდა, ტოტალური ეპისპადიის გამო. ამ თანდაყოლილი ანომალიის დროს შარდსადენი მილი, ვენტრალურის ნაცვლად, ასოს დორზალურ (ზურგის) ნაწილზეა ლოკალიზებული.

საყურადღებოა, რომ ბიჭს პრაქტიკულად არ ჰქონდა საშარდე მილი, შარდის ბუშტის სფინქტერი არ ფუნქციობდა. ურთულესი ოპერაცია გავუკეთეთ. ლიტერატურაში რომ მოიძიოთ, ასეთი ოპერაციები მსოფლიოში ძალზედ მცირე რაოდენობითაა გაკეთებული და აღწერილი. ამ ოპერაციას ასოს ტოტალური დისასამბლეა ჰქვია, რაც გულისხმობს სასქესო ასოს “დაშლას” 3 შემადგენელ ნაწილად (ასო ფაქტობრივად სამ ნაწილად იშლება, ანატომიური სტრუქტურების - მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების - შესაბამისად) და მის თავიდან სწორად “აწყობას”. ასევე, ჩავუტარეთ შარდის ბუშტის სფინქტერის პლასტიკა. ძალიან რთული ჩარევა აღმოჩნდა, თუმცა წარმატებული და ბიჭი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნეთ.

* * *

რა ადვილი სათქმელია - ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ, პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნეთ, პრობლემა მოვუხსენით, აღარაფერს ვამბობ ადამიანისათვის სიცოცხლის გახანგრძლივებასა და საზოგადოდ, გადარჩენაზე...

გქონდეს დიდი კვალიფიკაცია, პრაქტიკული გამოცდილება, ცოდნა, ფლობდე ყველა უახლეს მეთოდსა და ტექნოლოგიას, გიყვარდეს ექიმობა, ბოლომდე იბრძოდე და სრულად იხარჯებოდე პაციენტისთვის - ეს ხომ გამორჩეულ პროფესიონალთა ხვედრია, ისეთების, როგორიც ჩვენი რესპონდენტია.

როცა ქირურგის ოსტატურ მარჯვენას თბილი სიტყვა, უშუალო დამოკიდებულება და სათუთი მზერაც ემატება, პარაცელსის სიტყვებისა არ იყოს - “მიიღება უბადლო, ჰარმონიული მკურნალი, რომელიც მედიცინაში კაშკაშა ვარსკვლავივით ბრწყინავს”.

ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ქართულ მედიცინასაც ჰყავს ასეთი კაშკაშა ვარსკვალავი, “ჰარმონიული მკურნალი” - გურამ ქარაზანაშვილი!