ლამაზი და ჯანსაღი კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი

კოკო შანელი ამტკიცებდა, რომ 40 წლის ასაკში ქალს ისეთი სახე აქვს, როგორსაც იმსახურებს. ჩვენ, ქალები, ამ სასტიკ სინამდვილეს ვერსად გავექცევით. თუმცა “სასტიკი” ხმამაღალი ნათქვამია, რადგან დღეს სახის მოვლა ადვილია და, რაც მთავარია, ყველასათვის ხელმისაწვდომი. მთავარია იცოდე, რა ტიპის კანი გაქვს და არ იზარმაცო! უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კანის სისუფთავეზე ზრუნვა. სწორედ ეს განასხვავებს ერთმანეთისგან მოვლილ და მოუვლელ ქალებს. სულაც არ არის ტრაგედია, თუ ძვირად ღირებული კოსმეტიკის შეძენის საშუალება არ გაქვთ - გაიხსენეთ ბებიების რეცეპტები და გვერწმუნეთ, არაჩვეულებრივ ეფექტს მიიღებთ. რუბრიკა „ლამაზი და ჯანსაღი კანი“ ნებისმიერი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ქალებისთვისაა განკუთვნილი. ქალი მშვენიერი არსებაა და თუ მცირე ხანს მაინც გამონახავს თავის მოსავლელად, ამ მშვენიერებას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს. გახდით ჩვენი რუბრიკის ერთგული მკითხველი, არ დაიზაროთ ჩვენი რჩევების შესრულება და სახის კანი მუდამ ჯანსაღი და მიმზიდველი გექნებათ.

I. კანის აგებულება

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომლის ზედაპირიც, იმავდროულად, ინტენსიურად ეხება გარე სამყაროს. მას მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია და მშვენივრადაც ართმევს თავს. კანი რამდენიმე შრისგან შედგება:

1. გარეთა, რქოვანა შრე, რომელიც მკვდარი უჯრედებისგან შედგება;

2. ეპიდერმისი - ცოცხალი, მზარდი შრე;

3. დერმა;

4. კანქვეშა ცხიმოვანი შრე.

კანის შრეებიდან მხოლოდ ეპიდერმისშია ცოცხალი, გაყოფის უნარის მქონე უჯრედები. მათ ბაზალური უჯრედები ეწოდება. ეპიდერმისის უჯრედები იზრდება, იყოფა, ბერდება და კვდება და თანდათან გადაინაცვლებს გარეთა, რქოვანა შრისკენ, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთზე მიწებებულ კერატინებს ანუ იმას, რაც რჩება უჯრედისგან სიკვდილის შემდეგ. ეპიდერმისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა გარეთა, რქოვანა ფენის მუდმივი ცვლა. ეს უკანასკნელი თავისი სიმკვრივისა და წინააღმდეგობის უნარის წყალობით კანის ერთგვარ ჯავშანჟილეტს წარმოადგენს. ეპიდერმისის ცოცხალ და მკვდარ უჯრედებს შორის მდებარეობს მემბრანა, რომელიც ორგანიზმში მავნე ნივთიერებათა მოხვედრას უშლის ხელს. მემბრანა არც გარედან შიგნით, კანის ღრმა შრეებისკენ ატარებს ნივთიერებებს და არც შიგნიდან გარეთ (უმთავრესად - წყალს). ამრიგად, ეპიდერმისი რქოვანა შრესთან ერთად კანს განსაზღვრულ სინოტივეს უნარჩუნებს. დერმაში განლაგებულია კოლაგენური ბოჭკოები, რომელთაც გაწელვის და საწყის მდგომარეობაში დაბრუნების უნარი შესწევთ. ისინი კანს სძენენ სიმტკიცეს, სიგლუვეს, ელასტიკურობას. ასაკთან ერთად კოლაგენური ბოჭკოების მთლიანობა ირღვევა და კანი იერსახეს იცვლის - ეშვება, ნაოჭდება, თხელდება. სიბერის ამ ნიშნებს ვერ გადავურჩებით, მაგრამ შესაძლებელია მათი განვითარების შეფერხება ან ალაგება, ოღონდ ეს უკანასკნელი - მხოლოდ კოსმეტიკური ოპერაციების დახმარებით. დერმის ქვეშ მდებარეობს კანქვეშა ცხიმოვანი შრე, რომლის ძირითად ფუნქციას ორგანიზმის თერმორეგულაცია წარმოადგენს.

კანის ფუნქცია

კანს მრავალი ფუნქცია აკისრია: დამცველობითი, თერმორეგულატორული, სეკრეტორული, სასუნთქი, ნივთიერებათა ცვლის და სხვა.

დამცველობითი ფუნქცია

ეპიდერმისი იცავს ნერვებს, სისხლძარღვებს, მათ ქვეშ განლაგებულ ქსოვილებს გარე სამყაროში არსებული მავნე ნივთიერებებისგან. კანი გამოიმუშავებს პიგმენტებს და ამის წყალობით ორგანიზმს მზის სხივების ჭარბი ზემოქმედებისგან იცავს. ადამიანის კანში 300 ათასზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალია, რომლებიც კვირაში 100-200 გ კანის ცხიმს გამოიმუშავებენ. კანის ცხიმი კანს თხელ ფენად ეკვრის ზემოდან და წყლის, ოფლისა და ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

გამწმენდი ფუნქცია

კანი გამოყოფს ოფლს და ამით ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებისგან ათავისუფლებს. ოფლთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმში საკვებსა და წამლებთან ერთად მოხვედრილი მომწამვლელი ნივთიერებებიც. ადამიანის კანი შეიცავს 2 მილიონზე მეტ საოფლე ჯირკვალს, რომლებიც სხეულში არათანაბრადაა განლაგებული. ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში, ჩვეულებრივ, 0,4-2 ლ ოფლს გამოყოფს.

მარეგულირებელი ფუნქცია

ორგანიზმის თერმორეგულაცია სხვადასხვანაირად ხორციელდება. მაგალითად, კანი იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ავტომობილის რადიატორი - აგრილებს სისხლს, რადგან გარე სამყაროსთან აქვს უშუალო კონტაქტი, გარე სამყაროს ტემპერატურა კი სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. გარდა ამისა, შინაგანი ტემპერატურის მომატების დროს კანის კუნთები ეშვება, სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის ნაკადი ძლიერდება და ორგანიზმი ოფლის ჭარბი გამოყოფით სითბოს გასცემს. დაბალი ტემპერატურის დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის ნაკადი სუსტდება, სითბოს გაცემა მცირდება. ამიტომაა, რომ სიცხეში ვწითლდებით და სიცივეში ვფითრდებით. ოფლის გამოყოფაც და სითბოს გაცემაც ცენტრალური ნერვული სისტემის მუდმივი კონტროლით მიმდინარეობს. კანის თერმორეგულატორული ფუნქციის დარღვევა მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე აისახება.

კვებითი ფუნქცია

კოსმეტოლოგიისთვის მეტად მნიშვნელოვანია კანის მიერ ზოგიერთი ნივთიერების შეწოვის უნარი, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ ეპიდერმისში აღწევს (იხ. დამცველობითი ფუნქცია), ზოგი მათგანი კი (სპირტი, ეთერი, ვერცხლისწყალი) ღრმად შეიწოვება. კანიდან ორგანიზმში შეიწოვება ცხოველური და მცენარეული ცხიმებიც. კანის ამ თვისებას ითვალისწინებენ სამკურნალო ნივთიერებების, ვიტამინების, ჰორმონების შემცველი საცხების მომზადების დროს.

სუნთქვითი ფუნქცია

კანის ეს ფუნქცია აირების ცვლით გამოიხატება. კანიდან ხდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და ჟანგბადის შთანთქმა. კანიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა დღის განმავლობაში ფილტვებით ამოსუნთქული ნახშირორჟანგის 2%-ს შეადგენს, ხოლო კანის მიერ შთანთქმული ჟანგბადი ფილტვებით ჩასუნთქულის 1%-ია. გარდა ამისა, კანიდან გამოიყოფა 800 გ წყლის ორთქლი, რაც 2-ჯერ აღემატება ფილტვების ამავე მაჩვენებელს.

D ვიტამინის სინთეზი

კანის მნიშვნელოვანი ფუნქციაა დ ვიტამინის წარმოქმნაც, რაც აუცილებელია ძვლოვანი სისტემისთვის. კანი შეიცავს ინერტულ ნივთიერებებს, რომელთაგანაც წარმოიქმნება დ ვიტამინი. როცა სხეულზე მზის სხივები ხვდება, იწყება ქიმიური რეაქცია და ინერტული ნივთიერებები გარდაიქმნება დ ვიტამინად, რომელიც შთაინთქმება და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმს მიეწოდება. ამ რეაქციის დასაჩქარებლად არ არის აუცილებელი მზის გულზე წოლა, სავსებით საკმარისია კანის მცირე უბანზე დღის სინათლის ზემოქმედება. მრავალმხრივი ფუნქციის წყალობით კანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში. მცდარია მოსაზრება, თითქოს კანის დეფექტის აღმოსაფხვრელად კოსმეტიკური საშუალებები კმაროდეს. ამ დროს საჭიროა მთელი ორგანიზმის, მეტადრე - ნერვული სისტემის, მდგომარეობის გათვალისწინება, ამასთან ერთად - კანის სწორი და რეგულარული მოვლა, კოსმეტიკური მასაჟის კურსები, მკვებავი ნიღბები და კრემები. მთელი ეს კომპლექსი ამკვრივებს სახის კანს, ზრდის მისი წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა გამღიზიანებლისა და პათოგენის მიმართ, ამცირებს ან სრულიად აქრობს კანზე სხვადასხვა დაავადების ნიშნებს.

II. სახე სულის სარკეა - კანის ტიპები და აგებულება

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ იცის, რა ტიპის კანი აქვს, მაგრამ შესაძლოა ცდებოდნენ - გამწმენდი, მატონიზებელი, მკვებავი, დამატენიანებელი საშუალებები და მაკიაჟი მოქმედებს კანზე და გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების მიმართ მის რეაქციას ცვლის. რასაკვირველია, კანის აგებულება ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რამდენად ინტენსიურად გამოყოფს ცხიმოვანი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ უბანზეა განსაკუთრებით აქტიური. განსხავებულია კანის მიერ ტენის შენარჩუნებისა და კარგვის მემკვიდრეობით მიღებული უნარიც. რაც უფრო მგრძნობიარეა კანი, მით უფრო ხშირად და შესამჩნევად იცვლება იგი. კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება. ქალების 90%-ს მოწიფულ ასაკში კანის სიმშრალისადმი აქვს მიდრეკილება, მაგრამ სწორი მოვლის პირობებში კანს შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე. სახის კანის მდგომარეობას ცვლის კლიმატური პირობები. სუსხიან ზამთარში შესაძლოა ნორმალური კანიც კი გამოშრეს, ზაფხულში კი ცხიმიანი გახდეს. არცთუ იშვიათად კანის ზოგი უბანი მშრალია, ზოგი კი - ცხიმიანი. ზოგჯერ ცხიმიანი უბნები დროთა განმავლობაში მშრალი ხდება. მხოლოდ ცხვირის მიდამოზე დაკვირვებით კანის ტიპზე მსჯელობა არ არის რეკომენდებული. არადა, მრავალი ქალი ცხვირის სიპრიალის გამო მთელი სახის კანის გაუცხიმოვნებას ცდილობს, რადგან ჰგონია, რომ ცხიმიანი კანი აქვს. კანის ტიპი რომ განსაზღვროთ, თავდაპირველად გულდასმით უნდა გაიწმინდოთ სახე და რამდენიმე საათით დაასვენოთ, მერე კი დღის სინათლეზე დაითვალიეროთ ჩვეულებრივი ან გამადიდებელი სარკის დახმარებით. კანის ტიპის ცოდნის გარეშე მისი მოვლის ეფექტური საშუალებების შერჩევა ძნელია, ამიტომ რაც უფრო ადრე ისწავლით კანის ტიპის განსაზღვრას, მით უკეთესი, თუმცა ეს არასოდეს იქნება გვიანი. ნორმალური ტიპის კანი ახალგაზრდა ქალებთანაც კი იშვიათად გვხვდება. რბილი, ელასტიკური, ნორჩი, გლუვი, მოვარდისფრო, შეხებისას არც ცხიმიანი და არც მშრალი - ასეთია ნორმალური კანი. მასზე ვერ ნახავთ გაფართოებულ ფორებს, შავ წერტილებსა და მუწუკებს. ასეთი კანი კარგად იტანს კოსმეტიკურ საშუალებებს. არ აღიზიანებს არც სიცხე და არც სიცივე, არც ქარი და არც ყინვა. ასეთი კანის პატრონებს მიაჩნიათ, რომ კანის მოვლის წესების ცოდნა არ სჭირდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას მწარედ ნანობენ. ნორმალური ტიპის კანის მქონე ქალებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ასაკთან ერთად კანში ცხიმის გამომუშავება მცირდება. თუ კანს ყოველდღიურად არ მოვუარეთ, მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდება, ტემპერატურის ცვლილების მიმართ მისი გამძლეობა შემცირდება. თუ გვსურს, კანს დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე და ელასტიკურობა, რეგულარული მოვლა აუცილებელია. აღსანიშნავია, კოსმეტიკურ ხაზებში ახალგაზრდა ნორმალური კანისთვის ცალკე დღის და ცალკე ღამის კრემები არ არის გამოყოფილი. არსებობს მხოლოდ 24 საათის განმავლობაში მოქმედი კრემები. ნორმალური ტიპის კანის პატრონებს ზაფხულობით შეუძლიათ მკვებავ კრემებზე უარის თქმა, თუმცა, განურჩევლად სეზონისა, კრემი მეტ ტენს უნდა შეიცავდეს, ვიდრე ცხიმს.