კუნთების ტრავმული დაზიანება პირველი დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთების ტრავმული დაზიანება პირველი დახმარება

ჭრილობები და სისხლდენა

ამ ქვეთავში არაფერს ვიტყვით ნაკაწრების შესახებ. მართალია, ასეთ ტრავმასაც ცოდნით სჭირდება მიდგომა, მაგრამ ამჯერად ჩვენს პუბლიკაციას სულ სხვა მიზანი აქვს. მაშ ასე: არსებობს სამი სახის სისხლდენა:

1) მწირი. ამ დროს ინფექციის შეჭრის საშიშროება უფრო მეტია. პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ ის სუფთა ქსოვილით.

2) უხვი. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობაზე რამდენიმე ფენად დაკეცილი ქსოვილი და დაადეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობას ქსოვილი კიდევ შემოახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.

3) ჭრილობიდან სისხლი შადრევანივით ასხამს. ამ დროს სისხლი ძალიან სწრაფად იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად არტერიის საპროექციო არეს (ჭრილობის ზემოთ) თითით (ან თითებით) უნდა დააწვეთ, მერე კი ლახტი დაადოთ. არტერიაზე ზეწოლის ადგილებია: მხრის ქვედა მესამედი და ბარძაყის ზედა მესამედი.

ლახტის დადების წესი

ლახტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (როცა სისხლი შადრევანივით ასხამს) ადებენ, რადგან გამორიცხული არ არის, თვითონვე გამოიწვიოს შეუქცევადი დაზიანება. ლახტი ედება ჭრილობის ზემოთ. ლახტის დასადები ადგილი ტანსაცმლით უნდა იყოს დაფარული. თუ ეს არე შიშველია, ლახტს ქვეშ რაიმე ქსოვილი უნდა დავუფინოთ. პირველი ნახვევი მჭიდრო უნდა იყოს (შეძლებისდაგვარად უნდა დამაგრდეს), შემდეგ ლახტი იჭიმება და ჭრილობის არეს დამატებით ედება 3-4-ჯერ (ლახტის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თოკი, ქამარი და სხვა). ლახტი სწრაფად ედება, მაგრამ იხსნება ნელა, თანდათანობით. დაზარალებულს შუბლზე უნდა დაეწეროს (ნებისმიერი საშუალებით) ლახტის დადების თარიღი და დრო. ეს აუცილებელია, რადგან ლახტის ნებადართულზე მეტხანს დატოვება სახიფათოა! ლახტი ზამთარში ერთი საათით, ზაფხულში კი ორი საათით ედება. ამ ხნის შემდეგ ლახტი 5-10 წუთით უნდა მოუშვათ და თავდაპირველი ადგილის ოდნავ ზემოთ ხელახლა დაადოთ. ლახტი აუცილებლად უნდა ჩანდეს. შეამოწმეთ, სწორად ადევს თუ არა ლახტი - სწორად დადების შემთხვევაში კიდურზე პულსი არ ისინჯება.

რა არ უნდა გავაკეთოთ

ჭრილობაში ხელი არ ჩავყოთ; ჭრილობიდან არაფერი ამოვიღოთ; სისხლით გაჟღენთილი ნახვევი არ მოვხსნათ (არ მოვიხსნათ). როგორ მოვიქცეთ შემდეგ:

  • მივიყვანოთ დაზარალებული ექიმთან.
  • თუ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

პირველი დახმარება სხვა სახის ჭრილობებისა და სისხლდენების დროს

ჭრილობაში უცხო სხეულის არსებობა: თუ ჭრილობიდან გამოჩრილია უცხო სხეული, ეცადეთ, ის მაქსიმალურად დააფიქსიროთ; ნახვევი გამოჩრილი უცხო სხეულის ირგვლივ დაადეთ; ჭრილობიდან არასდროს არაფერი ამოიღოთ. შინაგანი სისხლდენა: გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება; დაშავებულს მუცელზე დაადეთ ცივი; ჩაუტარეთ შოკის საწინააღმდეგო დახმარება; ტრანსპორტირება მჯდომარე მდგომარეობაში უნდა მოხდეს. შინაგანი სისხლდენის ნიშნები ასეთია: ადამიანი სუსტდება; ტკივილს შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს; გაფითრებულია, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს; თავბრუ ეხვევა და თვალწინ მუქ რგოლებს ხედავს; სუნთქვა სუსტი და ზერელე აქვს; ხელის დაჭერისას მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია; შესაძლოა მიიღოს ემბრიონის პოზა; მუცელზე შესაძლოა ჩალურჯებული ადგილები ემჩნეოდეს. რა არ უნდა გავაკეთოთ: არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი; არ ვაჭამოთ; წყალი არ დავალევინოთ. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის დროს: დაფარეთ ჭრილობა; მოიქეცით ისე, როგორც შინაგანი სისხლდენის დროს. თუ შინაგანი ორგანოები გარეთ არის გამოვარდნილი, ძალიან ფრთხილად მოათავსეთ ნაჭერში ან ცელოფნის პაკეტში, დაამაგრეთ სკოჩით, ლეიკოპლასტირით ან ბინტით. არ მოუჭიროთ. ნაწლავებს შეგიძლიათ თავისუფლად შეეხოთ - ეს მტკივნეული არ არის. ნაწლავების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად ნახვევი განუწყვეტლივ უნდა დაასველოთ. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის დროს: ჰერმეტულად დახურეთ ჭრილობა; დაადეთ ცივი; აუკრძალეთ დაშავებულს ლაპარაკი; სთხოვეთ, შეძლებისდაგვარად ღრმად ისუნთქოს; პაკეტი ან რამდენიმე ფენად (რაც შეიძლება სქლად) დაკეცილი ქსოვილი სკოჩით ან ლეიკოპლასტირით მიამაგრეთ ჭრილობის არეში: თუ არსებობს შემავალი ხვრელი, სავსებით შესაძლებელია, არსებობდეს გამომავალიც (ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს გამომავალი ჭრილობა შემავალზე დაახლოებით ათჯერ დიდია). თუ ისიც პატარაა, შეიძლება მისი ლეიკოპლასტირით მჭიდროდ დახურვა. ტრავმული ამპუტაციის (კიდურის მოგლეჯის) დროს: მოგლეჯილი კიდური ცელოფნის პარკში ჩადეთ, ეს პარკი - მეორე პარკში და გააცივეთ; "კონტეინერი" პაციენტთან ერთად გაგზავნეთ საავადმყოფოში; 6 საათის განმავლობაში მოგლეჯილი კიდურის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია (არსებობს იდაყვამდე მოგლეჯილი ხელის ან მუხლამდე მოგლეჯილი ქვედა კიდურის აღდგენის შანსი); სასწრაფოდ დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას! დაკავშირების დროს აუცილებლად უთხარით, რომ საქმე მოგლეჯილ კიდურთან ექნებათ.


ტრავმები

ღია მოტეხილობის შემთხვევაში ჯერ ჭრილობას უნდა მოვუაროთ ზემოთ აღწერილი მეთოდებით, მერე კი ტრავმას. რაკი შეუიარაღებელი თვალით რენტგენოგრაფიის ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ მოტეხილობაზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი ვიქცევით ისე, როგორც მოტეხილობის დროს: ვიყენებთ ზ ასოს წესს. ეს იმას ნიშნავს, რომ დეფორმირებული კიდური როგორშიც არის, იმავე მდგომარეობაში უნდა დაფიქსირდეს. არტაშანი ედება ისე, რომ დააფიქსიროს სახსრები მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ. არტაშნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამრეწველო პენოპლასტის, სქელი მუყაოს, ფირფიცრის და სხვა ნაჭრები. სასურველია, ცარიელი ადგილები ქსოვილის ნაჭრებით ამოავსოთ. თვითნაკეთი არტაშნით ფიქსირდება მოტეხილი მიდამო. ამოვარდნილობის ჩასწორება არ შეიძლება, ვიქცევით ისე, როგორც მოტეხილობის დროს. შესაძლოა, დაშავებულმა დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგოს. ტკივილის შესამცირებლად ტრავმირებულ ადგილზე აუცილებლად უნდა დაადოთ ცივი საფენი (შედეგიანია ტრავმის მიღებიდან 6 საათის განმავლობაში, მერე - აღარ). ცივი 15 წუთით დაადეთ, შემდეგ ხუთი წუთით აიღეთ და თუ ტკივილი გაძლიერდა, ისევ 15 წუთით დაადეთ. ყინულს პირდაპირ ნუ დაადებთ - რამეში გაახვიეთ. ნიშნები და სიმპტომები: ტკივილი; შესივება; კიდურის არაბუნებრივი მდებარეობა; სისხლდენა; მოძრაობის დარღვევა. რა არ უნდა გავაკეთოთ: არ ვცადოთ კიდურის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება. როგორ მოვიქცეთ შემდგომ: დაშავებული მივიყვანოთ ექიმთან; თუ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

ძაღლისა და სხვა ცხოველების ნაკბენი

ცხოველი შესაძლოა ავად იყოს, ამიტომ უნდა მოძებნოთ მისი პატრონი და დაწვრილებით გამოჰკითხოთ აცრების შესახებ; ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ ისევე, როგორც ჭრილობა (არ გამოიყენოთ სპირტი, არაყი და სხვა); აჩვენეთ ექიმს, თუნდაც ნაკბენი უმნიშვნელო იყოს და დაწვრილებით აუხსენით, რომელმა ცხოველმა გიკბინათ. რა არ შეიძლება: ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს!!!

შოკი

თუ დაზარალებული გონზეა, უნდა დაამშვიდოთ; გაათბოთ - ტანსაცმელი, პლედი ან სხვა რამ გადააფაროთ (ზაფხულშიც კი ადამიანს შესცივდება, კანკალი აიტანს); დააწვინოთ ზურგზე და მაღლა აუწიოთ ფეხები (თუ გონზეა და არ აღენიშნება თავის, კისრის, ხერხემლის ტრავმა); დაალევინოთ თბილი ტკბილი სითხე; ყურადღებით ადევნოთ თვალი მის მდგომარეობას. არ მისცეთ წყალი, თუ: აქვს თავის მძიმე ტრავმა; სტკივა გული; აღენიშნება მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა; ეჭვობთ შინაგან სისხლდენას.

დაშავებულის ტრანსპორტირება

პირველი დახმარების გამწევმა, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ დაშავებულს თავიდან ააცილოს გარეგანი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება და მოხერხებულად მოათავსოს. ამის შემდეგ კი დგება დაზარალებულის ტრანსპორტირების საკითხი, რომელიც სამ ალგორითმად შეიძლება დაიყოს:

  • სასწრაფო ტრანსპორტირება: საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს - ტრანსპორტირება ხდება ნებისმიერი ხერხით 5-30 წამის განმავლობაში უსაფრთხო ადგილზე;
  • მოკლე მანძილზე სასწრაფო ტრანსპორტირება: დაზარალებულის გადაყვანა უნდა მოხდეს ფრთხილად, საკუთარი ძალებით, 50-300 მეტრზე სახლამდე, მანქანამდე და სხვა;
  • ხანგრძლივი ტრანსპორტირება: კომფორტულად, სპეციალისტების ძალებით, 500 მეტრზე მეტ მანძილზე, სასწრაფო დახმარების მანქანით, საავადმყოფომდე.

როდის შეიძლება დაშავებულის გადაყვანა?

დაშავებული მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ, როცა არ გვაქვს სასწრაფო დახმარების სწრაფად მოსვლის იმედი ან დაშავებული აუცილებლად უნდა მოვაშოროთ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს. მაგალითად, აუცილებელია დაშავებულის გადაყვანა:

  • გზიდან, რომელზეც ბევრი მანქანა მოძრაობს; ავარიული შენობიდან, როცა არსებობს მისი ჩამოქცევის საფრთხე ან ხანძრის შემთხვევაში, როცა ცეცხლი გიახლოვდებათ; გაზით ან მომწამვლელი აირით (ნახშირჟანგი) სავსე შენობიდან და სხვა.

გადაყვანამდე: ეცადეთ, უპირველეს ყოვლისა, შეაფასოთ მიღებული ტრავმის სიმძიმის ხარისხი და ბუნება. განსაკუთრებით ეხება ეს ხერხემლისა და კისრის ტრავმას. ყურადღებით დაათვალიერეთ თავი, კისერი, მკერდი და მუცელი, ყველა კიდური, რომლებიც დაზიანების შემთხვევაში აუცილებლად ხელით უნდა გეჭიროთ; თუ ტრავმები სერიოზულად მოგეჩვენათ (თუნდაც დაშავებული გონზე იყოს და თავისუფლად სუნთქავდეს), სცადეთ მისი ტრანსპორტირება ზუსტად იმ პოზაში, რომელშიც იმყოფება. ხანგრძლივი ზეწოლით მიღებული ტრავმის შემთხვევაში ტრანსპორტირება შეძლებისდაგვარად გადადეთ - ამან შესაძლოა გაართულოს კიდეც დაშავებულის მდგომარეობა.

როგორ ავიცილოთ პრობლემა თავიდან?

სანამ ტანვარჯიშს ან სპორტს მოჰკიდებთ ხელს, აუცილებლად გაიარეთ ფიზიკური შემოწმება. ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც 40 წელს გადააბიჯა. სპორტული ტრავმების და, საერთოდ, ტრავმების განვითარების რისკი გაცილებით მეტია, როცა კუნთები ცუდად არის მომზადებული ან ადამიანი ნავარჯიშები არ არის. ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებელია ათწუთიანი მოთელვა - ადგილზე სირბილი ან ხტომა. ასეთი მოთელვა ზრდის სხეულის ტემპერატურას და კუნთების ტრავმის შესაძლებლობას ამცირებს. ვარჯიშის შემდეგ მსუბუქი მასაჟი ან დაჭიმვა მეორე დღის მტკივნეულობის შემცირებას უწყობს ხელს. დაბოლოს, კვირაში თუნდაც სამი დღის განმავლობაში დილის გამამხნევებელი ვარჯიში სპორტული ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. შესაბამისად, თავიდან აიცილებთ ისეთ ტრავმებს, რომლებსაც რამდენიმე დღით ნებისმიერი ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა ძალუძს.