რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ

რევმატულ დაავადებებს მიეკუთვნება სახსრების ქრონიკული დაავადებები: ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი, სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები და სხვა.

სახსრების დაავადებების ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა: ტკივილი, დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა, პათოლოგიური მოტეხილობა და სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

- უპირატესად რომელ დაავადებას ახასიათებს მსხვილი სახსრების ტკივილი?

- მსხვილი სახსრების პროექციაზე ტკივილი დამახასიათებელია ოსტეოართროზისთვის. ის სახსრების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ძვლების სასახსრე ზედაპირების მფარავ ხრტილს აზიანებს, ხრტილი კარგავს ელასტიკურობას და სისადავეს, უჩნდება ნახეთქები. ამიტომ სასახსრე ზედაპირები პირვანდელივით ადვილად აღარ სრიალებს. გარდა ამისა, შეცვლილი ხრტილი ვეღარ იცავს ძვლებს დატვირთვისაგან. ყოველივე ამის შედეგად სახსარში, განსაკუთრებით - მოძრაობისას, აღმოცენდება ტკივილი, დროთა განმავლობაში კი მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა. დაავადება იწყება თანდათანობით. საწყის სტადიაზე ტკივილი მხოლოდ მოძრაობის დროს აღინიშნება, შემდეგ მუდმივი ხდება, დაზიანებულ სახსარში იწყება ხმაური და ვითარდება დეფორმაცია, რაც განპირობებულია ძვლოვანი წანაზარდებით.

- რომელი დაავადებები იწვევს წვრილი სახსრების ტკივილს?

- წვრილი სახსრების ტკივილი ძირითადად ახასიათებს ანთებით დაავადებებს: რევმატოიდულ ართრიტს, ფსორიაზულ ართრიტს, პოდაგრულ პოლიართრიტს და სხვა. რევმატოიდული ართრიტის დროს ზიანდება მტევნისა და ტერფის წვრილი (უპირატესად პროქსიმული ფალანგთაშუა) სახსრები. ტკვილი შუაღამისას იწყება და გამთენიისას ძლიერდება. სახსრები სივდება და მოძრაობა იზღუდება. ანალოგიური კლინიკა აქვს ფსორიაზულ ართრიტს. პოდაგრული პოლიართრიტის შეტევა კი ხასიათდება უძლიერესი ტკვილით ტერფის, ცერა თითის შესივებით, ჰიპერემიით (შეწითლებით), მოძრაობის შეზღუდვით, ტემპერატურული რეაქციით, შეტევა გრძელდება 5-10 დღე.

- რა არის სახსრების (როგორც მსხვილის, ასევე წვრილის) ტკივილის მიზეზი?

- ტკივილს სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს, რომელიც ძვლისსაზრდელას მდიდარი ინერვაციითაა განპირობებული.

სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს - მის ხასიათს, მიმდინარეობას და იმას, უკავშირდება თუ არა ის მოძრაობას. ზოგიერთი დაავადებისას ტკივილი მოძრაობის დროსაა და მოსვენებით მდგომარეობაში ქრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. კოქსართროზით ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზით მოავადეთ ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება (ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი).

კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა.

ტკივილის გამომწვევი არც ისე ადვილი დასადგენია. ის შეიძლება სახსარს, ძვალს ან მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს უკავშირდებოდეს. სხვადასხვა დაავადების დროს პროცესში ერთვება ერთი ან რამდენიმე სახსარი და შესაძლოა სიარულის მანერაც კი შეიცვალოს.

სახსრების ტკივილი აღინიშნება როგორც ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების (გონართროზი, კოქსართროზი, ომართროზი), ასევე ანთებითი დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი, ბეხტერევის დაავადება) და სხვათა დროს.

დეგენერაციული დაავადებებისას მოძრაობა უფრო ნაკლებად მტკივნეული და შეზღუდულია, ვიდრე ართრიტების დროს.

ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად დატვირთულ ქვედა კიდურებშია გამოხატული. პირველ ხანებში ტკივილი სახსრის არეში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით საღამოობით. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა მატულობს, ხოლო რეაქტიული სინოვიტი იწვევს ე. წ. “სტარტულ ტკივილს”, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და კვლავ რჩება სახსრის გადაღლისას.

მუხლის სახსრების ართროზი მეორე ადგილზეა სიხშირით. მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ვიდრე კოქსართროზი. მისი მიზეზი უმეტესად სტატიკის დარღვევა და მუხლის სახსრის ტრავმაა. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება სიმსუქნე და ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. დაზიანება ორმხრივია, ტკივილი მექანიკური ხასიათისაა (კიბეზე ასვლა-ჩასვლა).

რევმატული დაავადებების დროს სახსრის ტკივილს თან სდევს მისი გარეგნული ცვლილებებიც.

პოდაგრული პოლიართრიტი იწყება ერთბაშად, ღამით ტერფის, ცერის, წინა ტერფ-ფალანგთა სახსრის ართრიტით. შეტევას ახასიათებს უძლიერესი ტკივილი, სწრაფი შესივება, კანის ჰიპერემია, ციანოზური ელფერი, დაჭიმულობა, ბზინვარება. შესივებული ქსოვილი შეხებისას მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული, მოძრაობა - შეზღუდული, ავადმყოფს აღენიშნება ციებ-ცხელება. ასეთი მძაფრი კლინიკა არც ერთ რევმატულ დაავადებას არ ახასიათებს. ხოლო ართროზული პროცესი პერიოდულად რეაქტიული სინოვიტით რთულდება. ამ შემთხვევაში ტკივილი ძლიერდება, სახსარი ცივდება, იმატებს კანის ადგილობრივი ტემპერატურა.

რევმატოიდული ართრიტის დროს ხელის თითები თითისტარივით მსხვილდება და ციანოზულ ელფერს იღებს. კანი ჰიპერპიგმენტაციას განიცდის.

- რა არის ამ პრობლემის გამომწვევი რისკფაქტორები?

- პოლიართროზის გამომწვევი რისკფაქტორებია სახსრების ტრავმა, ვენური უკმარისობა, თანდაყოლილი დისპლაზიები (სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა), მეტაბოლური და ენდოკრინული დაავადებები. ანთებითი დაავადებების დროს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექცია, ვირუსი, გენეტიკური ფაქტორი, ნერვული სტრესი, მეტაბოლური დარღვევები და სხვა.

- როგორია სიმპტომები, რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვს სახსრის ტკივილით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებას?

- რევმატული დაავადებების ძირითადი სიმპტომებია ტკივილი, სახსრების შესივება, დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა. პოლიართროზისას ტკივილი საწყის სტადიაზეა მოძრაობის დროს. შემდეგ პროგრესირებასთან ერთად ტკივილი მოსვენებით მდგომარეობაშიც არის. ხშირია მუხლის სახსრის შესივება რეაქტიული სინოვიტის (სითხის არსებობა სახსარში) ხარჯზე.

ანთებითი დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი) ტკივილი უფრო მწვავე ხასიათისაა, შეიძლება იყოს შეტევითი (პოდაგრული პოლიართრიტი), რასაც ახლავს სახსრების შესივება, ჰიპერემია (სიწითლე).

- დაიგნოსტირების რა მეთოდები არსებობს?

- რევმატული დაავადებების დროს დიაგნოსტიკურ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორი დიაგნოზის ვერიფიცირებისათვის. კვლევებიდან დიდი ყურადღება ექცევა ლაბორატორიულ (კლინიკურ და იმუნურ-ფერმენტულ), რენტგენოლოგიურ, ულტრაბგერით კვლევას (სახსრების ექოსკოპია), გართულებული მდგომარეობისას მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

- სისხლის რა კვლევა უნდა ჩატარდეს ამ შემთხვევაში?

- სისხლის კვლევის ფორმა დამოკიდებულია დაავადებაზე. თუ დიაგნოზი პოლიოსტეოართროზია, ამ შემთხვევაში უმეტესად კეთდება სისხლის საერთო და ჩღP (ც რეაქტიული ცილა), ანთებითი და სისტემური დაავადებებისას: სისხლის საერთო, რევმატოიდული ტესტები (ჩღP, ღF, O - ანტისტრეპტოლიზინი), შარდმჟავა სისხლში, კუაგულოგრამა, სხვადასხვა ანტისხეული და სხვა სპეციფიკური კვლევები.

- თითოეული სახსრის პრობლემისას როგორია პროგნოზი და რამდენად შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა?

- დაავადების დროული დიაგნოსტირებისას პროგნოზი საიმედოა, პაციენტმა შეიძლება ხანგრძლივ რემისიას მიაღწიოს.

- როგორ ვუმკურნალოთ?

- რევმატული დაავადებების მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპია პროგრესირების შეჩერება, რემისიის მიღწევა და ინვალიდობის თავიდან აცილება.

მკურნალობა კომპლექსურია:

ა) არაფარმაკოლოგიური: ფიზიკური ვარჯიში (ცურვა, ველოსიპედი), სხეულის წონის კლება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, საგანმანათლებლო პროგრამები, საპროთეზო საშუალებები (სუპინატორი);

ბ) ფარმაკოლოგიური: მედიკამენტური (არასტეროიდები, სტეროიდები, ქონდროპროტექტორები, სახსარში ინექციები);

გ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა: ფიზიოთერაპია, სამკურნალო ტალახები, აბაზანები, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა;

დ) შორს წასულ შემთხევაში - ქირურგიული მკურნალობა.

მკურნალობის საკითხები ექიმმა უნდა შეარჩიოს.

- როგორია პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია?

- რევმატული დაავადებების პროფილაქტიკა ითვალისწინებს ცხოვრების ჯანსაღ წესს, იგულისხმება ფიზიკური ვარჯიში (ცურვა, ველოსიპედი), სხეულის წონის რეგულაცია, ტრავმების თავიდან აცილება და სხვა.

სანატორიულ-კურორტული მკურნალობა იძლევა კომპლექსური რეაბილიტაციის საშუალებას და მოიცავს: აბაზანებს, სამკურნალო ტალახს, ფიზიოპროცედურებს, მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას.

მასაჟი აუმჯობესებს ზოგად თვითშეგრძნებას, ხსნის კუნთების მტკივნეულ სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც უმჯობესდება სასახსრე ხრტილის კვება. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე: გარემოს გამოცვლა, სტრესული ზემოქმედების მოხსნა და სუფთა ჰაერზე ყოფნა. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი კურსები მკურნალობისა და რეაბილიტაციის მუდმივი პროცესის შემადგენელი ნაწილია.