რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
სახსრების ენდოპროთეზირება
სახსრების ენდოპროთეზირება
სახსრების ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. იმპლანტების მწარმოებელი მსოფლიო ფირმები მუდმივად ხვეწენ გამოშვებული პროდუქციისათვის საჭირო მასალას და ცდილობენ, სულ უფრო მეტად სრულყოფილი ენდოპროთეზები შექმნან. მათი მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ ენდოპროთეზის კომპონენტების ძვალში მყარად ფიქსაცია და სახსრის ოპტიმალური ფუნქციობა, მაქსიმალურად გაზარდონ ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, შეამცირონ პოსტოპერაციული გართულებების რიცხვი.


ენდოპროთეზირების ასეთი მრავალფაქტორული სტრუქტურა ექიმ-სპეციალისტს საშუალებას აძლევს სახსრის დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებების დროს შეარჩიოს და გამოიყენოს ყოველი პაციენტისათვის შესაბამისი, რაციონალური მკურნალობა. მხოლოდ პროფესიონალ ექიმ-ტრავმატოლოგს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელი ენდოპროთეზი იქნება
ყველაზე მოხერხებული და რაციონალური ამა თუ იმ პაციენტისათვის მისი მდგომარეობის მიხედვით. მით უფრო, რომ დღეისათვის სახსრის ენდოპროთეზირება, რეალურად, ერთადერთი და ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიაა კიდურის დაკარგული ფუნქციის აღსადგენად.

როდის ხდება საჭირო ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლება, რა ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს სახსრის ენდოპროთეზირებას, ამ და სხვა საინტერესო
საკითხებზე გვესაუბრება "ნიუ ჰოსპიტალსის" ტრავმატოლოგია- ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - ლუხუმ ჭანტურია:

- ბატონო ლუხუმ, რომელი სახსრების ენდოპროთეზირება ხდება, საზოგადოდ, მსოფლიოში და ასევე საქართველოში?
- სადღეისოდ, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც თითქმის ყველა სახსრის ენდოპროთეზირება სრულდება. ამას ხელი შეუწყო როგორც, საზოგადოდ, მედიცინისა და სამედიცინო ტექნოლოგიურმა წინსვლამ, ასევე ექიმებისა და მედპერსონალის განვითარებულ ქვეყნებში განათლების მიღებამ და ცოდნის გაღრმავებამ.

სახსრების ენდოპროთეზირება-ართროპლასტიკის ისტორია საკმაოდ მდიდარია. ჯერ კიდევ 1891 წელს სცადეს ბარძაყის თავის ჩანაცვლება სპილოს ძვლით. წარმატებული გამოდგა 1940 წელს ამერიკელი ქირურგის, ოსტინ მურის (Austin Moore, 1899–1963) მიერ შექმნილი მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზი, რომელმაც საფუძველი დაუდო თანამედროვე, უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით დამზადებულ იმპლანტებს. საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის მიერ დაინერგა კერამიკისა და სხვა იმპლანტებით ენდოპროთეზირება, რამაც განვითარებისა და სრულყოფის პიკს 2000 წლის შემდეგ მიაღწია. აღნიშნული იმპლანტების დახვეწა დღემდე გრძელდება.

- რა შემთხვევაშია საჭირო ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით შეცვლა, უხშირესად რა არის ენდოპროთეზირების პირდაპირი ჩვენება?
- ამა თუ იმ სახსრის ენდოპროთეზირების, იმავე ართროპლასტიკის ანუ სახსრის "გამოცვლის" აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც სახსარი ძლიერი ტკივილის, სასახსრე კომპონენტების დაზიანების ან/და სხვა მრავალი გარემოების გამო კარგავს საკუთარ ფუნქციას. ეს, თავის მხრივ, იწვევს მთლიანი კიდურის ფუნქციის დაქვეითება-დაკარგვას, რამაც შეიძლება უნარშეზღუდულობამდეც მიიყვანოს პაციენტი. ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი სახსრის ისეთი დაზიანებისა, რომელიც ენდოპროთეზირებას საჭიროებს. ასეთ რისკფაქტორებში შედის: რევმატული და სხვა სახის ართრიტები, ტრავმა, ოსტეოპოროზი, ვირუსული და ინფექციური დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები და სხვა.

სახსრის დაავადებების ოპერაციული მკურნალობის - ენდოპროთეზირების პირდაპირი ჩვენებაა: ტკივილი, რომელიც იმატებს დატვირთვაზე, კიდურის სიმოკლე, საკუთარი თავის მოვლის გაძნელება, გადაადგილების უნარის შეზღუდვა და ყველა ის ობიექტური კვლევა, რომლებიც დაადასტურებს სახსრის დაზიანებას.

სახსრების შეცვლის – ენდოპროთეზირების აუცილებლობას განსაზღვრავს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება ყველა ის კლინიკური და რადიოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც ადასტურებს სახსრის ისეთ დაზიანებას (სხვადასხვა ეტიოლოგიის, როგორც უკვე აღვნიშნეთ), რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. თუმცა ნიშანდობლივია იმ სუბიექტური ფაქტორის არსებობაც, რომელსაც პაციენტი წარმოქმნის (გრძნობს, განიცდის). ხშირად რადიოლოგიურად სახსრის დაზიანების ხარისხი მაღალია, თუმცა ის ჯერ კიდევ არ უშლის პაციენტს ხელს ყოფა-ცხოვრებაში. ასეთ დროს ძნელია პაციენტის დარწმუნება ოპერაციის აუცილებლობაში.

- განუმარტეთ მკითხველს, რას ნიშნავს სახსრის ენდოპროთეზირება. რა ინერგება ამ დროს ოპერაციულად, რას ცვლის პროთეზი?
- სახსრების ენდოპროთეზირების დროს დაზიანებული ხრტილისა და ძვლის ნაწილები იცვლება ხელოვნური კომპონენტებით - იმპლანტებით, თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.

- რა გართულებები მოსდევს, ჩვეულებრივ, ოპერაციას?
- სახსრების ენდოპროთეზირებას, როგორც ყველა სხვა ქირურგიულ ჩარევას, ახლავს სტანდარტული გართულებები. მათი დიდი ნაწილი დამოკიდებულია როგორც სახსრის დაზიანების ხარისხზე, ასევე ორგანიზმის მზადყოფნაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს უცხო სხეულის ფაქტორს. წინასწარი განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის უცხო სხეული ორგანიზმისთვის, ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია როგორც საკუთრივ იმპლანტის ხარისხზე, ასევე ორგანიზმის თავისებურებებზე. ოპერაცია - ართროპლასტიკას შეიძლება მოჰყვეს ყველა ის გართულება, რომელიც თან ახლავს, საზოგადოდ, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას. ესენია: ცხიმოვანი და თრომბოემბოლია, სისხლდენა, ჩირქოვანი პროცესი, ტრავმის მიღების დროს სხვადასხვა მექანიკური გართულება.

- რა უკუჩვენებები აქვს ენდოპროთეზირებას, რა შემთხვევაშია კატეგორიულად დაუშვებელი მისი ჩატარება, მიუხედავად რეალური საჭიროებისა?
- იმპლანტირების უკუჩვენება შეიძლება იყოს მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ზრდის ოპერაციის რისკებს.

- როგორია რეაბილიტაციის პერიოდი ყოველი კონკრეტული სახსრის ხელოვნურით შეცვლის შემთხვევაში, რაზეა ის დამოკიდებული?
- სახსრების ენდოპროთეზირების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი კარგი დახმარების პირობებში 3-დან 6 კვირამდე ვადებში მერყეობს. თუმცა საქართველოში რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ვერ ახერხებს თანხის უქონლობისა და რაიონებში სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობის გამო.

- როგორც ექიმი ტრავმატოლოგი, რას ურჩევთ პაციენტებს სახსრების დაავადებათა თავიდან ასაცილებლად?
- ჩვენი რეკომენდაციები და შეხედულებები ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას სახსრების დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში, რაც ითვალისწინებს: პროფილაქტიკურ და დროულ კვლევებს, კალციუმის პრეპარატების, ქონდროპროტექტორების, პამიდრონატების, ბისფოსფონატების პრევენციულ და სამკურნალო მიღებას, რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრებას ჯანსაღი წესით.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
მთელს მსოფლიოში რევმატოიდული ართრიტით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ეს აუტოიმუნური დაავადება აზიანებს სახსრებს
ჩვეულებრივ, სახსრებში ტკაცუნი მათი მომატებული მოძრაობითაა განპირობებული. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ მდგომარეობას ჰიპერმობილობა ეწოდება.

ბევრს სირბილი არ შეუძლია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ან იმის შიშით, რომ სახსრები შეაწუხებს. მეცნიერებმა ექსპერიმენტული კვლევით დაადგინეს, რომ რეგულარული სირბილი არა მარტო ზოგადად ჯანმრთელობისთვის, არამედ სახსრებისთვისაც სასარგებლოა.
ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და ასპირინის კომბინაცია ართრიტთან ბრძოლის მაქსიმალურად ეფექტურ
ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ სტკივათ მუცელი, თავი, ფეხები... ასეთი ჩივილის
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.