ვასკულიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვასკულიტი

როგორ ვლინდება ვასკულიტი

ვასკულიტის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, რომელი სისხლძარღვი და, შესაბამისად, რომელი ორგანო დაზიანდება, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ცხელება;
  • სისუსტე;
  • წონის კლება;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  • უმადობა;
  • ნერვების დაზიანება, რაც კიდურების სისუსტით ან დაბუჟებით ვლინდება.

კვანძოვანი პოლიარტერიიტი

კვანძოვანი პოლიარტერიიტი იშვიათი დაავადებაა. ამ დროს ვითარდება სისხლძარღვთა ანთება - ვასკულიტი, რომელიც, თავის მხრივ, ორგანოთა დაზიანებას იწვევს. კვანძოვანი პოლიარტერიიტის დროს უმეტესად ზიანდება ნერვები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, გული, სახსრები. შესაძლოა, დაზიანდეს თირკმლის სისხლძარღვებიც, რასაც არტერიული წნევის მომატებამდე და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ.

როგორ იცვლება სისხლძარღვები

ანთების შედეგად სისხლძარღვის კედელი სუსტდება, ფართოვდება, რაც ანევრიზმის - სისხლძარღვის კედლის პარკისებური გამოდრეკის - ფორმირებას იწვევს. ზოგჯერ დასუსტებული კედელი სკდება და ქსოვილში ვითარდება სისხლჩაქცევა. გარდა ამისა, ვასკულიტი იწვევს სისხლძარღვის სანათურის შევიწროებას და დახშობასაც კი, რასაც ქსოვილებისა და ორგანოების სისხლით მომარაგების დარღვევა მოსდევს. კვანძოვანი პოლიარტერიიტის დროს ზიანდება საშუალო სანათურის სისხლძარღვები.

როგორ ვლინდება კვანძოვანი პოლიარტერიიტი

კვანძოვანი პოლიარტერიიტის დროს შესაძლოა სხვადასხვა ორგანო და სისტემა დაზიანდეს. შესაბამისია კლინიკაც. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს უსიამოვნო თვითშეგრძნებას, საერთო სისუსტეს, ტემპერატურის მომატებას, უმადობას, წონის კლებას. ეს ზოგადი ნიშნებია. არსებობს სხვაგვარი სიმპტომებიც, რომლებიც კონკრეტული ქსოვილის ან ორგანოს დაზიანებით არის გამოწვეული. ესენია კუნთებისა და სახსრების ტკივილი, წყლულებისა და კვანძების გაჩენა კანზე, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი, ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში გულის დაზიანების გამო. კვანძოვანი პოლიარტერიიტის დროს ხშირია მაღალი არტერიული წნევა, რაც ვასკულიტის გამო თირკმლის სისხლით მომარაგების დაქვითებით არის განპირობებული. ნერვების დაზიანების გამო აღმოცენდება უჩვეულო (მაგალითად, ჭიანჭველების ცოცვის) შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე. დაავადების მიმდინარეობისას შესაძლოა თავი იჩინოს აღნიშნული სიმპტომების ნებისმიერმა კომბინაციამ.

რა იწვევს კვანძოვან პოლიარტერიიტს

კვანძოვანი პოლიარტერიიტის მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ ის არ არის სიმსივნური, არ არის გადამდები და არც მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ამჟამად არსებული მონაცემები მოწმობს, რომ კვანძოვანი პოლიარტერიიტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური სისტემა. სწორედ იმუნური მექანიზმების მონაწილეობით ვითარდება სისხლძარღვთა და ქსოვილთა ანთება და დაზიანება. კვანძოვანი პოლიარტერიიტის მსგავსი ვასკულიტი თან ახლავს ბ და ც ჰეპატიტებსაც, ამიტომ ვასკულიტის დროს აუცილებლად ტარდება კვლევა ამ დაავადებათა გამოსარიცხად.

ვის ემართება კვანძოვანი პოლიარტერიიტი

დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს. ის თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.


კვანძოვანი პოლიარტერიიტის დიაგნოსტიკა

ექიმმა კვანძოვანი პოლიარტერიიტის არსებობა შესაძლოა სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე იეჭვოს. ეს მონაცემებია:

  • პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, რომელიც შეესაბამება დაავადების კლინიკას;
  • პაციენტის გასინჯვა, რომელიც ავლენს ორგანოთა დაზიანებას და გამორიცხავს ანალოგიური სიმპტომების გამომწვევ სხვა დაავადებებს;
  • სისხლისა და შარდის ანალიზი, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებაზე ბადებს ეჭვს;
  • გამომსახველობითი კვლევები, სავარაუდოდ - დაზიანებული ორგანოების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მას შემდეგ, რაც გაჩნდება ეჭვი კვანძოვანი პოლიარტერიიტის თაობაზე, დიაგნოზის დასაზუსტებლად შეიძლება ჩატარდეს არტერიოგრაფია ან ბიოფსია. არტერიოგრაფიის დროს სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური საკონტრასტო ნივთიერება, რის შემდეგაც ტარდება რენტგენოგრაფია. ვასკულიტის დროს ვლინდება სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ან ანევრიზმის არსებობა. ბიოფსიის დროს სპეციალური ნემსით იღებენ ქსოვილის უმცირეს ნაწილს, რომელსაც შეისწავლიან მიკროსკოპულად. ვასკულიტის დროს ვლინდება დამახასიათებელი სურათი. რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს იმ ორგანოს ან ქსოვილის არტერიოგრაფია ან ბიოფსიაც, რომლის დაზიანებაც სავარაუდოა პაციენტის გასინჯვის, ლაბორატორიული ან გამომსახველობითი კვლევების საფუძველზე მიღებული მონაცემებით.

კვანძოვანი პოლიარტერიიტის მკურნალობა

კვანძოვანი პოლიარტერიიტის მკურნალობის საფუძველია იმუნური სისტემის ანომალიური აქტივობის დათრგუნვა. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა იმუნოსუპრესიული საშუალება. კვანძოვანი პოლიარტერიიტით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც ორგანოთა დაზიანება აღენიშნებათ, უნიშნავენ პრედნიზოლონს მეორე იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან - ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში. ციკლოფოსფამიდი არის პრეპარატი, რომლის დიდ დოზებს ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ. მას ქიმიოთერაპიულ საშუალებასაც უწოდებენ. სიმსივნის დროს ციკლოფოსფამიდი იწვევს სიმსივნური უჯრედების სიკვდილს ან მათი ზრდის მკვეთრ შეფერხებას. ვასკულიტის დროს ციკლოფოსფამიდი 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლები დოზით გამოიყენება, ვიდრე სიმსივნის დროს. ამ შემთხვევაში პრეპარატი იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და თრგუნავს მას. იშვიათად, როცა პაციენტს არ აღენიშნება ნერვული სისტემის, გულის, თირკმელების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანება ან დაავადების სხვა მძიმე გამოვლინება, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს პრედნიზოლონით მკურნალობა. ყველა იმუნოსუპრესიულ პრეპარატს აქვს გვერდითი ეფექტი, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტზე დაკვირვება და სათანადო ღონისძიებების ჩატარება გვერდითი ეფექტების დროულად გამოსავლენად და შესამცირებლად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველ ხანებში მკურნალობის კარგად ატანა არ იძლევა გარანტიას, რომ გვერდითი ეფექტები მომავალში არ აღმოცენდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიდმივი მეთვალყურეობის აუცილებლობას. ზოგიერთი არასასურველი ეფექტი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. მკურნალობის მიზანია კვანძოვან პოლიარტერიიტთან დაკავშირებული ანთების სიმპტომების შემცირება. ამის მიღწევისას საუბრობენ დაავადების რემისიის შესახებ. დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესების შემდეგ ნელ-ნელა ამცირებენ სტეროიდების დოზას, ზოგჯერ კი მათ სრულიად წყვეტენ. ციკლოფოსფამიდს ხშირად იყენებენ რემისიის მიღწევამდე (ჩვეულებრივ, 3-6 თვის განმავლობაში), რის შემდეგაც რემისიის შესანარჩუნებლად მას ცვლიან სხვა იმუნოსუპრესანტებით - მეტოტრექსატით ან აზატიოპრინით. შემანარჩუნებელი მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაა, უმეტესად - 1-2 წელი. ამ ხნის შემდეგ შეიძლება დაისვას გამოყენებული საშუალებების დოზის თანდათანობითი შემცირების ან შეწყვეტის საკითხი. როცა პაციენტს აქვს კვანძოვანი პოლიარტერიიტის მსგავსი ვასკულიტი, რომელიც დაკავშირებულია ბ ან ც ჰეპატიტთან, მნიშვნელოვანია ჰეპატიტების ანტივირუსული მკურნალობა. ამ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს იმუნოსუპრესიული აგენტებით ვასკულიტის კონტროლის მიზნით, თუმცა მათ მალევე ხსნიან, რათა უკეთ წარმოჩნდეს ანტივირუსული აგენტების ეფექტი.

დაავადების პროგნოზი

როგორც აღვნიშნეთ, კვანძოვანი პოლიარტერიიტი არ არის ხშირი, ამიტომ სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები მისი შედეგის შესახებ არ არსებობს. დაავადების გამოვლენიდან 5 წლის შემდეგ პაციენტთა საშუალოდ 80% თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. რასაკვირველია, ეს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ კვანძოვანი პოლიარტერიიტი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, პაციენტთა დიდი ნაწილი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს. მისი დამზიანებელი ეფექტის შემცირების საუკეთესო გზაა დროული მკურნალობა და ექიმის რეგულარული დაკვირვება. სათანადო მკურნალობისა და მეთვალყურეობის შემთხვევაში კვანძოვანი პოლიარტერიიტის რემისიის მიღწევა მძიმე მიმდინარეობის დროსაც შესაძლებელია. რემისიის შემდეგ არ არის გამორიცხული დაავადების გამწვავება. გამწვავების სიხშირე 10-დან 40 პროცენტამდე მერყეობს. გამწვავება ზოგჯერ იმავე სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც დაავადების პირველი გამოვლენისას შეინიშნებოდა, თუმცა არც განსხვავებული ნიშნების არსებობაა გამორიცხული. კვაძოვანი პოლიარტერიიტის მძიმე გამწვავების თავიდან აცილება შესაძლებელია ახალი სიმპტომების აღმოცენებისას ექიმთან დროული ვიზიტისა და სათანადო კვლევების რეგულარული ჩატარების მეშვეობით. გამწვავებას მკურნალობენ იმავე პრინციპით, როგორითაც დაავადების პირველ გამოვლინებას. რემისიის მიღწევა უმეტესად ისევ ხერხდება.