სარკოიდოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარკოიდოზი

სარკოიდოზის პროგრესირებისას დაზიანებულ ქსოვილებში ყალიბდება სპეციფიკური ანთებითი უბნები - გრანულომები. უმეტესად ეს უბნებიც ქრება - ან თავისთავად, ან მკურნალობის შედეგად, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გრანულომები არ უკუვითარდება, ქსოვილში ანთებითი ცვლილებები რჩება და საბოლოოდ ყალიბდება ნაწიბუროვანი ცვლილებები ან ფიბროზი.

ცოტა რამ ისტორიიდან

სარკოიდოზი პირველად დაახლოებით 100 წლის წინ აღწერა ორმა კანის ექიმმა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ: ჯონათან ჰატჩინსონი - ინგლისში, ხოლო სეზარ ბეკი - ნორვეგიაში. სარკოიდოზსაც ჰატჩინსონის დაავადებას ან ბეკის დაავადებას უწოდებდნენ. თანამედროვე სახელწოდება კი ბეკს ეკუთვნის. მან ის შექმნა ბერძნული სიტყვებისგან, რომელთა თარგმანიც “ხორცის მსგავსს” ნიშნავს. ტერმინი აღწერს სარკოიდოზის დროს კანზე არსებულ წარმონაქმნებს.

სიმპტომები

სარკოიდოზის პირველი სიმპტომები შესაძლოა იყოს ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) და ხველა, რომელიც დიდხანს არ გაივლის. შესაძლოა, დაავადებამ პირველად გამონაყარით იჩინოს თავი - წითელი, შემაღლებული კვანძოვანი წარმონაქმნებით (კვანძოვანი ერითემით) სახეზე, ზედა კიდურებზე, მუხლებზე. ხშირია თვალების ანთებაც. ზოჯგერ სარკოიდოზის გამოვლინება უფრო გენერალიზებულია. ამ შემთხვევაში ავადმყოფი უჩივის წონის კლებას, ღამის ოფლიანობას, სისუსტეს, ცხელებას.

ვის ემართება

ოდესღაც სარკოიდოზი იშვიათ დაავადებად მიიჩნეოდა, სადღეისოდ კი ცნობილია, რომ ის საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება შეგვხვდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადების სიხშირის გათვალისწინებით კონგრესმა 1990 წელს სარკოიდოზის დღეც კი დააწესა. სარკოიდოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ის ორივე სქესისა და ყოველგვარი რასის წარმომადგენლებთან გვხვდება, თუმცა უფრო მეტად - შავკანიანებთან, განსაკუთრებით - შავკანიან ქალებთან, აგრეთვე - სკანდინავიელებთან, გერმანელებთან, ირლანდიელებსა და პუერტორიკოელებთან. გავრცელების ამ თავისებურების მიზეზი არავინ იცის. რაკი შესაძლოა, სარკოიდოზის დიაგნოზი დროულად ვერ დაისვას ან ის სხვა, ანალოგიური სიმპტომებით მიმდინარე დაავადებაში აგვერიოს, მისი გავრცელების ზუსტი მაჩვენებელი უცნობი რჩება. დღეს არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ის აქვს 100 000 კაციდან ხუთს, შავკანიანთა შორის - უფრო მეტს, დაახლოებით 40-ს 100 000 კაცზე. დაავადების შემთხვევები სოფლად უფრო იშვიათია. ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ეს მონაცემები მცდარია - დაავადება გაცილებით ფართოდ არის გავრცელებული. სარკოიდოზი უმთავრესად 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს ემართებათ. თეთრკანიან ქალებსა და მამაკაცებთან დაავადება ერთნაირი სიხშირით გვხვდება, ხოლო შავკანიანთა შორის ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადდებიან. სარკოიდოზი უფრო ხშირია და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონში. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყოველ 100 000 კაცზე 64 შემთხვევა აღირიცხება. აქვე უნდა ითქვას, რომ 40-იან წლებში შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულმა ფილტვების მასობრივმა რენტგენოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ დაავადება საკმაოდ ხშირია ჩრდილოეთ ამერიკაში.

რა ვიცით სარკოიდოზის შესახებ

ბევრი რამ დღემდე უცნობია, თუმცა მან, ვისაც სარკოიდოზი აქვს, უნდა იცოდეს, რომ დაავადება არ არის საბედისწერო. ხშირად ის 24-36 თვეში უკუვითარდება. მაშინაც კი, როცა დაავადება უფრო მეტხანს გასტანს, პაციენტთა ცხოვრება მეტწილად არ იცვლება. სარკოიდოზს არაფერი აქვს საერთო სიმსივნესთან; იგი არ არის გადამდები, ამიტომ პაციენტი საფრთხეს არ წარმოადგენს გარშემო მყოფთათვის. მართალია, დაავადება ზოგჯერ ოჯახის წევრებს შორისაც გვხვდება, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენეტიკის ბრალია. სადღეისოდ მიაჩნიათ, რომ სარკოიდოზს არასწორი იმუნური პასუხი იწვევს. დაუდგენელია, რა არის ამ პასუხის მიზეზი, გამშვები მექანიზმი - უცხო ნაწილაკი, ქიმიური ნივთიერება, მედიკამენტი, ვირუსი თუ სხვა რამ. სარკოიდოზი უმეტესად - ასიდან 60-70 შემთხვევაში - ექიმის ჩაურევლად იკურნება, პაციენტთა 20-30%-ს კი ფილტვის შეუქცევადი დაზიანება უყალიბდება. 10-15%-ს შესაძლოა დაავადების ქრონიკული ფორმა განუვითარდეს. თუ გრანულომებმა ან ფიბროზმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები - ფილტვები, გული, ნერვული სისტემა, ღვიძლი ან თირკმელი დააზიანა, დაავადება შესაძლოა ფატალურიც აღმოჩნდეს. ასე ხდება ასიდან 5-10 შემთხვევაში. ზოგ ადამიანს ასეთი გართულების უფრო მაღალი რისკი აქვს, მაგრამ უცნობია, რატომ. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ მიმდინარეობას მიიღებს სარკოიდოზი კონკრეტულ პაციენტთან. გარკვეული ვარაუდის საფუძველი შესაძლოა მოგვცეს სიმპტომატიკამ, პაციენტის რასობრივმა კუთვნილებამ, ექიმის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა. მაგალითად, ისეთი ზოგადი სიმპტომები, როგორებიცაა წონის კლება ან დაუძლურება, მოასწავებს, რომ დაავადება შედარებით ხანმოკლე იქნება. ქოშინი და კანის დაზიანება ქრონიკული და მძიმე მიმდინარეობის რისკს ზრდის. თეთრკანიანებთან დაავადება უმეტესად საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ხოლო შავკანიანთა შორის უფრო ხშირია ქრონიკული და მძიმე ფორმები. სარკოიდოზი იშვიათად ვითარდება 10 წლამდე ან 60 წლის შემდეგ, თუმცა ერთეული შემთხვევები ამ ასაკშიც არის აღწერილი. ამ დროს სიმპტომატიკა უფრო ზოგადია.


დიაგნოსტიკა

სარკოიდოზის წინასწარი დიაგნოზი ემყარება პაციენტის ისტორიას, ლაბორატორიულ ტესტებს, ექიმის მიერ ჩატარებულ გასინჯვას და გულმკერდის რენტგენოგრაფიას. ექიმი ატარებს გამოკვლევას, რათა გამორიცხოს ანალოგიური სიმპტომების გამომწვევი სხვა დაავადებები: ბერილიოზი (ლითონ ბერილიუმის ზემოქმედებით აღმოცენებული ფილტვის დაზიანება), ტუბერკულოზი, ფერმერის ფილტვი (ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი), სოკოვანი ინფექცია, რევმატოიდული ართრიტი, რევმატული ცხელება, ლიმფური კვანძების სიმსივნე - ლიმფომა.

როდის უნდა ვიეჭვოთ სარკოიდოზი

გარდა ფილტვებისა და ლიმფური კვანძებისა, სარკოიდოზმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი, კანი, გული, ნერვული სისტემა, თირკმელი. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: შესაძლოა, თავი იჩინოს ცალკეულ ორგანოთა დაზიანების სიმპტომებმა, მხოლოდ ზოგადმა სიმპტომებმა ან პროცესი ყოველგვარი გამოვლინების გარეშე წარიმართოს. სიმპტომები იცვლება იმის მიხედვით, რამდენი ხანია მიმდინარეობს დაავადება, სად ფორმირდება გრანულომები, რამდენად გავრცელებულია ქსოვილების დაზიანება და აქტიურია პროცესი.  მაშინაც კი, როცა პაციენტი არაფერს უჩივის, ექიმი სარკოიდოზის სიმპტომატიკას აღმოაჩენს მისი შემთხვევითი გამოკვლევისას. ჩვეულებრივ, დამახასიათებელ სურათს ავლენს ფილტვების რენტგენოგრაფია. აღსანიშნავია, რომ სარკოიდოზი შეიძლება გამოიხატოს სანერწყვე ან საცრემლე ჯირკვლების გადიდებით, ცისტური წარმონაქმნებით ძვლებში. დაავადების პირველი სამიზნე ფილტვია. ცნობილია, რომ სარკოიდოზის ათიდან ცხრა შემთხვევაში ვლინდება ფილტვის ესა თუ ის დაზიანება, ხოლო პაციენტთა დაახლოებით მესამედს რესპირატორული პრობლემა აქვს: ქოშინი და ხველა - მშრალი ან ნახველიანი, ასევე - ტკივილი და შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდში. სარკოიდოზი ალვეოლების ანთებით იწყება. ალვეოლა არის სასუნთქი გზების პარკისებური დაბოლოება, რომელშიც მიმდინარეობს აირთა ცვლა. ალვეოლიტი ან თავისთავად უკუვითარდება, ან გრანულომების ფორმირებას იწვევს. საბოლოოდ შეიძლება ჩამოყალიბდეს ფილტვის ფიბროზი, რაც აძნელებს სუნთქვას. თვალის დაზიანება ასიდან 20-30 შემთხვევაში გვხვდება. ის განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. შესაძლოა დაზიანდეს თვალის ნებისმიერი ნაწილი - ქუთუთო, რქოვანა, სკლერა, ბადურა, მინისებრი სხეული. თვალის დაზიანება შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ ან თვალის სიწითლითა და ცრემლდენით. იშვიათად მოსალოდნელია კატარაქტა, გლაუკომა და სიბრმავე. კანი ათიდან 1-4 შემთხვევაში ზიანდება. მასზე ჩნდება მცირე წამოწეული უბნები. ზოგჯერ ეს უბნები მოწითალოა და უფრო დიდი. ისინი გვხვდება კიდურებზე, სახეზე, დუნდულებზე. მნიშვნელოვანი სიმპტომია კვანძოვანი ერითემა, რომელიც უმეტესად კიდურებზეა ლოკალიზებული და თან ახლავს კოჭ-წვივის, იდაყვის, მაჯის, მტევნის სახრსების ანთება. კვანძოვანი ერითემა, ჩვეულებრივ, გაივლის, კანის სხვა ცვლილებები კი რჩება. ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებები შემთხვევათა 1-5%-ში იჩენს თავს. მაგალითად, სარკოიდოზისთვის დამახასიათებელი გრანულომები შესაძლოა წარმოიშვას თავის და ზურგის ტვინში, სახისა და მხედველობის ნერვებში. სახის ნერვის დამბლისას ან ნერვის სხვა დაზიანებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა სტეროიდებით. იშვიათად ზიანდება გული, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თეორიულად, სარკოიდოზის დროს შესაძლოა ნებისმიერი ორგანო დაზიანდეს. როგორც ითქვა, სიმპტომები ზოგჯერ აღმოცენდება და ქრება, ზოგჯერ კი გამუდმებით შეინიშნება.

რაზე მეტყველებს ლაბორატორიული მონაცემები

არ არსებობს ტესტი, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას მოგვცემს. ფილტვების რენტგენოგრაფია და სისხლის საერთო ანალიზი საწყისი კვლევებია. მნიშვნელოვანია სპირომეტრიული მონაცემები. გარდა ამისა, ტარდება ზოგიერთი სხვა გამოკვლევაც - ბრონქოსკოპიით მიღებული სითხის გამოკვლევა, ბიოფსია, ფილტვის სკანირება, თვალის გამოკვლევა. ამ გზით მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, არა მარტო დიაგნოზი დავსვათ, არმედ შევაფასოთ დაავადების მიმდინარეობაც.

მკურნალობის პრინციპები

საბედნიეროდ, სარკოიდოზით დაავადებულთა დიდ ნაწილს მკურნალობა არ სჭირდება - დაავადება თავისთავად უკუვითარდება. მკურნალობის მიზანია ფილტვის და სხვა ორგანოების ფუნქციის შენარჩუნება და სიმპტომების შესუსტება. ანთებისა და გრანულომების დროს პირველი რიგის არჩევის პრეპარატები კორტიკოსტეროიდებია. მათგან უმეტესად პრედნიზოლონი გამოიყენება. მკურნალობისას აუცილებელია ხშირი ვიზიტი ექიმთან ეფექტის შეფასებისა და თანმხლები მოვლენების კონტროლისთვის. შეიძლება დაინიშნოს სხვა პრეპარატებიც, თუმცა მათი ეფექტურობა არ არის დადგენილი სათანადო კვლევებით.

ზოგადი რჩევები პაციენტთათვის

როგორც აღვნიშნეთ, დაავადება შეიძლება თავისთავად უკუგანვითარდეს, მაგრამ როცა ის ქრონიკულ მიმდინარეობას იღებს, რეკომენდებულია:

  • რეგულარული სიარული ექიმთან;
  • ჯანსაღი კვება;
  • საკმაო რაოდენობის (დღე-ღამეში 8-10 ჭიქა) წყლის სმა;
  • ნორმალური ძილი;
  • რეგულარული ვარჯიში, წონის მოწესრიგება;
  • თამბაქოსთვის თავის დანებება.