რატომ გვიჭირს სიარული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიჭირს სიარული

 რაც შეეხება თვით იმ დაავადებებს, რომლებიც უპირატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიარულის მეტ-ნაკლები გაძნელება ქვედა კიდურთა სახსრების დაზიანებით მიმდინარე ნებისმიერ პათოლოგიას ახასიათებს. ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, პოდაგრა, მაანკილოზებელი სპონდილოარტრიტი, ოსტეოპოროზი, რევმატოიდული ართრიტი. სიარულის გაძნელება ხშირად ორთოპედიულ პრობლემებს, მაგალითად, ბრტყელტერფიანობას, ტერფის ცერა თითის დეფორმაციას, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიასაც უკავშირდება.

_ როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიარულის გაძნელება პოდაგრით არის გამოწვეული?

_ პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი ნივთიერებათა ცვლის მოშლით განპირობებული დაავადებაა. ახასიათებს სისხლში შარდმჟავას მარილების - ურატების შემცველობის მატება და ქსოვილებში მისი კრისტალური ნაერთების ჩალაგება. ხშირად ზიანდება ტერფის ცერის სახსარი, ვითარდება მისი მწვავე ანთება - მწვავე პოდაგრული ართრიტი. ავადმყოფს სიარული რომ უჭირს, სწორედ მწვავე ანთების ბრალია. მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევა, წესისამებრ,  ღამით იწყება და იმდენად ძლიერი ტკივილი სდევს თან, რომ პაციენტი ცდილობს, კიდური საერთოდ არ ამოძრაოს.

 სახსარი შესიებული და შეწითლებულია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული. იმატებს სხეულის საერთო ტემპერატურაც. შეტევა რამდენიმე საათიდან ერთ-ორ დღემდე, ხშირად კვირამდე გრძელდება, მერე კი თანდათან ცხრება, სახსრის ფუნქციაც აღდგება. თუმცა არსებობს პოდაგრის ქრონიკული სტადიაც. ამ დროს რამდენიმე სახსარი ზიანდება - დაავადება პოლიართრიტის სახეს იღებს. სახსრები შუპდება, დეფორმირდება, მოძრაობა ჭირს, არ არის გამორიცხული, საქმე სრულ შრომისუუნარობამდეც მივიდეს. როდესაც პაციენტს უჭირს სიარული ტერფის ცერის დეფორმაციის გამო, ჰქონდა პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევა, რომელიც აღმოცენდა მწვავედ, ღამით, და ზემოთ აღწერილი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდა, თანაც წინ უძღოდა პურინებით მდიდარი პროდუქტის (ლობიოს, სოკოს, ლუდის ან ღვინის, ღორის ხორცის, შოკოლადის) მიღებას, საფუძველი გვაქვს, პოდაგრული შეტევა ვივარაუდოთ, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად და შარდმჟავას შემცველობის დასადგენად აუცილებელია ექიმთან მისვლა.

_ როგორ მკურნალობენ პოდაგრას? რამდენად ეფექტურია მკურნალობა?

_ პოდაგრის მწვავე შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, პრეპარატი კოლხიცინი. შეტევის კუპირებას კი, ბუნებრივია, მოძრაობის უნარის აღდგენაც მოჰყვება. მწვავე პერიოდში დიდ დახმარებას გვიწევს ფიზიოთერაპიული პროცედურებიც, რომლებსაც ფიზიოთერაპევტი შეარჩევს. დაავადების პროფილაქტიკის, მისი ქრონი-კული ფორმის ჩამოყალიბების, ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციისა და სიარულის გაძნელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სისხლში შარდმჟავას შემცველობის ნორმალიზება, ამისთვის კი მიზანშეწონილია დიეტა, პრეპარატები, რომლებიც ამცირებს შარდმჟავას მარილების სინთეზს ან აძლიერებს შარდთან ერთად მათ გამოყოფას. გამწვავების თავიდან ასაცილებლად იყენებენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ზოგ შემთხვევაში ტერფის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამო შესაძლოა ოპერაციული მკურნალობაც გახდეს საჭირო. პროფილაქტიკისთვის კარგია ტუტე სასმელების (რძის, ბორჯომის) უხვი მიღება.

_ რა არის მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი? როგორი შეიძლება იყოს სიარულის გაძნელება ამ დაავადების დროს?


_ მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი არის იდიოპათიური (უცნობი მიზეზით გამოწვეული) ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება გავა-თეძოს სახსრები და ხერხემალი. პროცესში შეიძლება პერიფერიული სახსრებიც ჩაერთოს. არცთუ იშვიათად ზიანდება შინაგანი ორგანოებიც - თვალი, გული, აორტა... სახსრების დაზიანება, ბუნებრივია, სიარულის გაძნელებას იწვევს, რომელიც, დაავადების თავისებურებიდან გამომდინარე, რამდენადმე თავისებურია. თავდაპირველად გავა-თეძოს სახსრის ანთებითი დაზიანება - საკროილეიტი ვითარდება. მას ახასიათებს ტკივილი და შებოჭვის შეგრძნება გავის მიდამოში, რომელიც, ჩვეულებრივ, ღამის მეორე ნახევარში ან ადრიან დილით იწყება, უფრო ძლიერია გაღვიძებისას, ხოლო დღის განმავლობაში, მოძრაობის კვალდაკვალ, მცირდება. ზიანდება ხერხემლის წელის მიდამოც, რაც მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. იცვლება ტანდეგობა: ავადმყოფი წელში იხრება, კიდურები წინ აქვს წამოწეული, უყალიბდება ეგრეთ წოდებული მთხოვნელის პოზა.

მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის ზოგიერთ შემთხვევაში სიარულის გაძნელებას, გარდა ხერხემლის დაზიანებით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვისა და ტკივილისა, ქვედა კიდურების სახსართა დაზიანებაც იწვევს.

_ როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიარულის გაძნელების მიზეზი რევმატოიდული ართრიტია? რა მეთოდებს გვთავაზობს მედიცინა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის?

_ რევმატოიდული ართრიტის უმთავრესი გამოვლინება წვრილი სახსრების დაზიანებაა. ტიპურია პათოლოგიურ პროცესში მათი ორმხრივი და სიმეტრიული ჩართვა. პაციენტს განსაკუთრებით უჭირს დილით მოძრაობის დაწყება, თუმცა დღის 12 საათისთვის დილის შებოჭილობა მცირდება. თავს იჩენს ანთების ზოგადი სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, წონის დაქვეითება. დაავადების სხვადასხვაგვარი აქტივობისას ეს ნიშნები სხვადასხვაგვარად არის გამოხატული. ბუნებრივია, სიარულის გაძნელება მკვეთრად შესამჩნევია ქვედა კიდურების სახსართა დაზიანებისას. ყველაზე ხშირად ზიანდება ტერფის II, III, IV თითების ნებ-ფალანგის სახსრები, რაც სიარულისას ტკივილს იწვევს. ტერფი თანდათან დეფორმირდება. რევმატოიდული ართრიტის მძიმე გამოვლინებაა მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანება, რომელიც დაავადების შორსწასულ შემთხვევებში გვხვდება.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა ემყარება დაავადების გამოვლინების თავისებურებებს, რენტგენოლოგიურ ცვლილებებს და სისხლში ეგრეთ წოდებული რევმატოიდული ფაქტორის აღმოჩენას.

მართალია, სიარულის გაძნელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვედა კიდურების სახსართა დაზიანებაა, მაგრამ რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების შესახებ საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ მტევნის სახსრების დეფორმაცია. ის იმდენად ტიპურია, რომ დაავადების სავიზიტო ბარათსაც კი უწოდებენ და მის სადიაგნოზო ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები და საშუალებები, რომელთაც დაავადების მიმდინარეობის შეცვლა ანუ მოდიფიცირება შეუძლიათ (ოქროს პრეპარატები, D-პენიცილამინი, მეტოტრექსატი, სულფასალაზინი), იმუნოსუპრესიული პრეპარატები.

_ ბევრი სახსრების ტკივილს და ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ სიარულის გაძნელებას რევმატიზმს აბრალებს. რა დაავადებაა რევმატიზმი და როდის გვაქვს საფუძველი ჩავთვალოთ, რომ სწორედ ეს პათოლოგიაა სიარულის გაძნელების მიზეზი?

_ ხალხში სახსრის ყოველგვარ ტკივილს მართლაც რევმატიზმს უწოდებენ. სინამდვილეში რევმატიზმი ანუ რევმატული ცხელება არის ორგანიზმის ზოგადი, იმუნური სისტემის ჰიპერაქტიურობით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც სისტემურად ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი, სისხლძარღვები, უპირატესად - გულ-სისხლძარღვთა სისტემა. შესაძლოა, პათოლოგიური პროცესი მოიცავს გულის ერთ, ორ ან სამივე გარსს: შიგნითა გარსს - ენდოკარდიუმს, საკუთრივ კუნთოვან გარსს - მიოკარდიუმს და გარეთა გარსს - პერიკარდიუმს. ენდოკარდიტი საბოლოოდ - გულის მანკის ფორმირებას, ხოლო რევმატიზმის განმეორებითი შეტევები უკვე არსებული მანკის შემდგომ პროგრესირებას იწვევს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია, პაციენტს წლების განმავლობაში ჰქონდეს რევმატიზმი და თავი არ იჩინოს გულის პათოლოგიამ. გარდა ამისა, რევმატიზმის შემთხვევათა უმრავლესობა ბავშვობისა და მოზარდ ასაკში ვითარდება, ხოლო სახსართა ის პათოლოგიები, რომლებსაც ჩვენი პაციენტები შეცდომით რევმატიზმად მიიჩნევენ, მოწიფულ ასაკში, უმთავრესად 40-50 წლის შემდეგ იჩენს თავს. თავად რევმატიზმი მართლაც შეიძლება სიარულის გაძნელების მიზეზი იყოს.


 მწვავე რევმატული პოლიართრიტის (სახსრების მწვავე ანთების) დროს (ის უმეტესად რევმატიზმის პირველი შეტევების დროს ვითარდება) ავადმყოფს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სიარული და სახსრებში ნებისმიერი მოძრაობა უჭირს. რევმატულ პოლიართრიტს საკმაოდ დამახასიათებელი გამოვლინება აქვს. ის, წესისამებრ, სტრეპტოკოკული ინფექციის (ანგინის, ფარინგიტის, ჰაიმორიტის, კანის ჩირქოვანი ინფექციის) გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ ვითარდება. ზიანდება დიდი ზომის (მუხლის, კოჭ-წვივის, იდაყვის, მხრის, სხივ-მაჯის) სიმეტრიული სახსრები, ისინი შეწითლებულია, შესივებული, ცხელი, მცირედი მოძრაობის დროსაც კი ძლიერ მტკივნეული. იმატებს სხეულის ტემპერატურა. ჩვეულებრივ, აღნიშნული ცვლილებები ერთ ან რამდენიმე დღეს გასტანს, შემდეგ სიმპტომები სუსტდება და ქრება, მაგრამ თავს იჩენს სხვა სახსრებში. ამ თავისებურების გამო ამბობენ, რომ რევმატულ პოლიართრიტს მფრინავი ხასიათი აქვს. მიუხედავად ესოდენ აშკარა კლინიკური სურათისა, რევმატული პოლიართრიტი კეთილთვისებიანად მიმდინარეობს. რამდენიმე დღის შემდეგ მწვავე ანთების მოვლენები ქრება. მართალია, სახსრების უმნიშვნელო ტკივილი პაციენტს შესაძლოა დიდხანს აწუხებდეს, მაგრამ რევმატიზმის შედეგად სახსრების მყარი ცვლილებები (დეფორმაცია, კონტრაქტურა) არასოდეს ვითარდება. რევმატიზმის დროს სიარულის გაძნელება შესაძლოა გულის პათოლოგიის გამო დატვირთვის შედეგად აღმოცენებულ გულის ფრიალსა და ქოშინთანაც იყოს დაკავშირებული.

_ ბოლო ხანს ხშირად ახსენებენ ოსტეოპოროზს. შეიძლება თუ არა, ის სიარულის გაძნელების მიზეზი გახდეს?

_ ოსტეოპოროზის დროს ირღვევა წონასწორობა ძვლის ქსოვილის წარმოქმნასა და რეზორბციას შორის, რის შედეგადაც ძვლის მასა ქვეითდება. ასაკთან ერთად დაავადება ხშირდება. ოსტეოპოროზი ხშირად რთულდება მოტეხილობით, რაც ინვალიდობის მიზეზად იქცევა. დისკომფორტს იწვევს ტკივილი წე-ლის, გავის მიდამოში, რომელიც ფიზიკური დატვირთვის, სიარულის, ფეხზე დგომის დროს ძლი-ერდება. გარდა პირველადი, ასაკთან დაკავშირებული ოსტეოპოროზისა, არსებობს მეორეული ოსტეო-პოროზიც, რომელიც ამა თუ იმ დაავადების (ენდოკრინული, რევმატული პათოლოგიების, ანემიის, ზოგიერთი პრეპარატის მიღების) ფონზე ვითარდება, თუმცა ისიც შეიძლება, ამ პათოლოგიებმა ოსტეოპოროზისგან დამოუკიდებლად, თვითონვე გამოიწვიოს სიარულის გაძნელება.

_ ზემოთ დერმატომიოზიტი ახსენეთ...

_ დერმატომიოზიტი და პოლიმიოზიტი მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა. მისი ძირითადი გამოვლინებაა ჩონჩხის კუნთების დაზიანება, რაც სრული უმოძრაობის მიზეზად იქცევა. კუნთოვანი სინდრომი დაავადების კლინიკურ სურათში წამყვანია. დამახასიათებელი და ადრეული ნიშანია კუნთების ტკივილი და კუნთოვანი სისუსტე. ის იმდენად ძლიერია, რომ პაციენტს უჭირს საწოლიდან ადგომა, თავის აწევა, თმის დავარცხნა. მძიმე შემთხვევებში მოძრაობა მკვეთრად იზღუდება, სიარული შეუძლებელი ხდება. ძლიერ სისუსტესა და კუნთების დაზიანებასთან დაკავშირებულ სიარულის გაძნე-ლებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს სხვა სიმპტომებიც: ერითემა (სიწითლე), შეშუპება სხეულის ღია ნაწილებზე, დეკოლტეს ზონაში. დერმატომიოზიტის ტიპური ნიშანია ასევე შეშუპება და ერითემა თვა-ლების ირგვლივ, რასაც დერმატომიოზიტულ სათვალეს უწოდებენ. ზიანდება შინაგანი ორგანოებიც, თუმცა უფრო ნაკლებ თვალსაჩინოდ, ვიდრე სხვა რევმატული დაავადებების დროს, მნიშვნელოვანია ნევროლოგიური სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკის დროს ყოველთვის ვიღებთ მხედველობაში, რომ არსე-ბობს სიმსივნური დერმა(პოლი)მიოზიტი, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის ან ენდოკრინული დაავა-დების დროს მეორეულად ვითარდება. სიმსივნის ლოკალიზაცია შეიძლება ნებისმიერი იყოს. ამის გამო დერმა(პოლი)მიოზიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ავადმყოფის დეტალური გამოკვლევა, რათა სიმსივნის დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს. კვლევა განსაკუთრებით მნი-შვნელოვანია იმიტომ, რომ სიმსივნური დერმა(პოლი)მიოზიტი გარეგნულად არაფრით განსხვავდება პირველადი დერმა(პოლი)მიოზიტისგან. სიმსივნის წარმატებული მკურნალობისას სიმსივნური დერმა-ტომიოზიტის სიმპტომები უკუვითარდება.

_ რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

_ როგორც ხედავთ, სიარულის გაძნელებას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებები იწვევს. ზოგიერთი მათგანი შედარებით ნელა პროგრესირებს, ზოგიერთი კი მალევე იწვევს დაინვალიდებას. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას, სწორ დიაგნოსტიკას, ამიტომ სჯობს, ესოდენ პოპულარული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების თვითნებური მიღების ნაცვლად ერთხელ მაინც მივმართოთ ექიმს.

თუ გსურთ, სახსრების დაავადებათა განვითარების ალბათობა შეამციროთ, ეცადეთ:

შეინარჩუნოთ სხეულის ჯანსაღი წონა;

  • ერიდოთ სახსრის ტრავმირებას;
  • ერიდოთ სახსრის მეტისმეტ დატვირთვას;
  • თავი არიდოთ უმოძრაობას, რეგულარულად ივარჯიშოთ;
  • აკონტროლოთ ყველა ქრონიკული დაავადება;
  • რეგულარულად მიირთვათ საქონლისა და თევზის მოხარშული ხრტილი და მყესი. ზოგიერთი დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ ისინი საუკეთესო საკვებისმიერი ქონდროპროტექტორული საშუალებებია.