როგორ ვუმკურნალოთ სახსართა დაავადებებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ სახსართა დაავადებებს

უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს.

სახსართა სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარიული სამსახურის მთავარ რევმატოლოგს, ნ. ს. კახიანის სახ. საგზაო კლინიკური საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგეს ნუნუ ტატიშვილს.

- ქალბატონო ნუნუ, სახსართა დაავადებების მკურნალობისას რა არის მთავარი ამოცანა და როგორ ხდება ექიმის მიერ მკურნალობის მართვა?

- როდესაც კითხვას ასე ვსვამთ, უნდა დავაზუსტოთ, რომ ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს როგორც ამა თუ იმ დაავადების სიმპტომი, ასევე დამოუკიდებელი დაავადება. ასეა თუ ისე, ყველა დაავადების მკურნალობას აქვს ერთი მიზანი: მოიხსნას ტკივილი და ჩაქრეს ანთება, ამიტომ ექიმი, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ორი ტიპისაა: სტეროიდული და არასტეროიდული.

ისეთი ანთებითი დაავადებების დროს, როგორიც არის, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და რევმატოიდული პოლიართრიტი, ალტერნატიული თერაპიული კურსი ჰორმონულ პრეპარატებს მიჰყავს. ასეთებია პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, მედროლი, მეტიპრედი... დოზირება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით ხდება.

მეორე ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველთვის გამოიყენება სახსართა პათოლოგიების მკურნალობისას, არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომელთა არჩევანი დღევანდელ ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ ფართოა.

ქიმიური სტრუქტურისა და აქტივობის ხასიათის მიხედვით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები შემდეგ ჯგუფებად ერთიანდება:

  • სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი));
  • პირაზოლიდინები;
  • ინდოლძმარმჟავას წარმოებულები (ინდომეტაცინი);
  • ფენილძმარმჟავას წარმოებულები (დიკლოფენაკი);
  • პროპიონის მჟავას წარმოებულები (იბუპროფენი, ნაპროქსენი, კეტოპროფენი);
  • ოქსიკამები (პიროქსიკამი, მელოქსიკამი, მოვალისი და სხვა);
  • ალკანონები (ნაბუმეტონი);
  • სულფონამიდები (ნიმესილი).

ამ მრავალრიცხოვანი არსენალიდან დიაგნოზისა და დაავადების მიმდინარეობის მიხედვით ექიმი შესაფერისს შეარჩევს. მაგალითად, დეგენერაციული დაავადების, მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, დროს ჯობს ინდოლძმარმჟავას წარმოებულები ან ოქსიკამების ჯგუფის პრეპარატები დაინიშნოს. როდესაც საქმე გვაქვს სახსრების ინფექციასთან დაკავშირებულ დაავადებასთან, ტარდება სპეციფიკური თერაპიული კურსი ანტიბიოტიკებითა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით.

პრეპარატის შერჩევისას აქაც ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: აქვს თუ არა პაციენტს კუჭ-ნაწლავის მხრივ გართულება, აღნიშნავს თუ არა ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს. ამ შემთხვევაში გართულებებისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ანტაციდური პრეპარატები უნდა მივაშველოთ. სახსართა დაავადების მქონე ადამიანისთვის ზემოთ აღნიშნული პრეპარატები აუცილებელია, მაგრამ ვინაიდან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ექიმმა აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვა კუჭ-ნაწლავის სისტემის მდგომარეობის შესახებ და დამხმარე ანტაციდური პრეპარატები დანიშნოს.

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს ხომ არ იწვევს?

- არა, გარდა პრეპარატების ერთი ჯგუფისა, კერძოდ, ჰორმონული პრეპარატებისა, თუმცა ისინიც იწვევს არა დეგენერაციას, არამედ ოსტეოპოროზს. ამიტომ არის, რომ იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებიც ჰორმონულ თერაპიაზე იმყოფებიან, ვრთავთ ბიფოსფონატებსა და ქონდროპროტექტორებს.

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ბევრი ექიმის დანიშნულების გარეშე სვამს...

- და ძალიან აშავებს. ექიმმა იცის, რომელი ჯგუფის პრეპარატის გამოყენება ჯობს კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, რევმატოიდულ ართრიტს ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატი სჭირდება, ხოლო ინფექციით გამოწვეულს (საუბარია უროგენიტალურ ინფექციაზე - რეიტერის დაავადებაზე) - ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად სხვა.

- კიდევ რომელი ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ სახსრების მკურნალობისას?

- არსებობს მიკროცირკულაციური პრეპარატები, რომლებიც უჯრედულ ცირკულაციას აუმჯობესებს და მიორელაქსაციას ახდენს. ამ ჯგუფის მედიკამენტებს მადეფორმირებელი ოსტეოართროზით დაავადებულებს ვუნიშნავთ. ამ ჯგუფში შედის მიდოკალმი, ბაკლოფენი. მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსში ანტიაგრეგანტული, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატების - ტრენტალის, აქტოვეგინის და სხვათა - ჩართვა.

- სახსართა დაავადებების მიზეზთა ჩამოთვლისას სისტემური დაავადებებიც ახსენეთ. ამ დროს რომელ პრეპარატებს ენიჭება უპირატესობა სახსრების სამკურნალოდ?

- სისტემურ დაავადებებზე საუბრისას სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული პოლიართრიტი და შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაავადებები იგულისხმება. ასეთ დროს წამყვანი სახსართა პათოლოგიაა. ავადმყოფს თითქმის ყველა სახსარი სტკივა. ამ შემთხვევაში ექიმი დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის გათვალისწინებით ნიშნავს ბაზისურ პრეპარატებს იმ ანგარიშით, რომ ოდესმე პაციენტს მოეხსნება ჰორმონული პრეპარატები, თუ მას ეს პრეპარატები დანიშნული აქვს. ასეთია ქინოლინის ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის - საყოველთაოდ ცნობილი დელაგალი, ქლოროქინი.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც სახსრების სამკურნალოდ გამოიყენება, ციტოსტატიკებია: ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი, აზათიოპრინი. ისინიც ბაზისურ პრეპარატებად ითვლება. ჩვენ მათ სისტემური დაავადების მქონე ყველა პაციენტს ვუნიშნავთ. მათი დოზა ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს შერჩეული და შემოწმებული ექიმის მიერ.

ციტოსტატიკები ხელს უწყობს სისხლის ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიც არის აგრანულოციტოზი, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს უტარდებათ გეგმური შემოწმება, მათ შორის - სისხლისა და შარდის ანალიზები.

სახსართა დაავადებებსა და მათ სამკურნალო საშუალებებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ძალზე გავრცელებულ დაავადებას - მადეფორმირებელ ოსტეოართროზს. ის უმეტესად მენოპაუზის ასაკის ქალებში გვხვდება. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ 5 ქალიდან 4-ს სახსრები სტკივა. ეს არის მსხვილი, კერძოდ, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის, სახსრების პრობლემა, რომელმაც პაციენტი შესაძლოა ინვალიდად აქციოს. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსში ვრთავთ ქონდროპროტექტორებს. ეს პრეპარატები ახდენს სახსრის რემოდულაციას, აღადგენს დარღვეულ პროცესებს, მაგრამ მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთია ქონდრო-რიცი, დონა, სტრუქტუმი, ტერაფლექსი. უფრო ფართო სპექტრისაა აკლაქტა, ფოსმაქსი.


- ალბათ, გვერდს ვერც ისეთ პათოლოგიას ავუვლით, როგორიც ოსტეოპოროზია. ამ დროს როგორ დავეხმაროთ სახსრებს?

- ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელსაც დღეს მსოფლიო კონგრესები ეძღვნება. ისიც უმეტესად ქალებს ემართებათ და უმეტესად მენოპაუზურ პერიოდში. რასაკვირველია, სხვა მიზეზით პირობადებული ოსტეოპოროზიც არსებობს, - მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულს აუცილებლად ექნება ეს პათოლოგიაც, - მაგრამ ბალზაკის ასაკის ქალებს, რომლებიც მენოპაუზას უახლოვდებიან, ასაკობრივი დისჰორმონული ცვლილების საკორექციოდ აუცილებლად უნდა დაენიშნოთ ქონდროპროტექტორული პრეპარატები, კერძოდ, ბიფოსფონატები - ბივალოსი და ბონვივა.

- მათ დანიშვნამდე ხომ არ უნდა იქნეს გამოკვლეული სისხლში კალციუმის დონე?

- აუცილებლად. ამ პრეპარატების მიღება მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმის ფარგლებშია. კალციუმის დეფიციტის დროს ბიფოსფონატების მიღებამ შესაძლოა ტეტანია გამოიწვიოს. ბივალოსიც და ბონვივაც კალციუმის პრეპარატებთან ერთად უნდა იქნეს მიღებული. ეს არის არჩევითი პრეპარატები პოსტმენოპაუზური ასაკის პაციენტებისთვის, ასტიმულირებს ძვლის ფორმირებას, ამცირებს რეზორბციას, აღადგენს ოსტეოპოროზის დროს დარღვეულ ბალანსს. ეს არის ხსნა ინვალიდობისგან, რომელსაც ხანდაზმულ ქალებში ბარძაყის ყელის მოტეხილობა იწვევს.

- ალბათ მნიშვნელოვანია წამლის ფორმაც: არსებობს საინექციო სითხეები, აბები, გელები, მალამოები... რის საფუძველზე წყდება, ამა თუ იმ შემთხვევაში რომელ ფორმას მიენიჭოს უპირატესობა?

- გელის გამოყენებას თითქმის ყველა შემთხვევაში ვურჩევთ პაციენტს, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, გელის წასმის დროს ხდება თვითმასაჟი, სახსარს კი მასაჟი უყვარს - ის მიკროცირკულაციას აუმჯობესებს.

- თბილისის აფთიაქებში მრავლად იყიდება ქარხნული წესით დამზადებული ჰომეოპათიური საშუალებები. რამდენად ეფექტურია ისინი სახსრების მკურნალობისას?

- ბოლო ხანს რევმატოლოგიაში ფართოდ იყენებენ ქარხნული წესით დამზადებულ ჰომეოპათიურ საშუალებებს ამპულირებული, ტაბლეტირებული თუ გელის სახით. მათგან აღსანიშნავია ტრაუმელი, დისკუსკომპოზიტუმი, რომელთაც ვუნიშნავთ როგორც დასალევად, ასევე სახსარშიგა ინექციების სახითაც. მინდა, აქვე ვახსენო შეზეთვითი პრეპარატებიც, კერძოდ, ჰიალურონიდაზა, რომლის ირგვლივაც ამჟამად გაცხოველებული მითქმა-მოთქმაა მადეფორმირებელი ართროზების მკურნალობის სფეროში. ეს არის სინოვიური სითხე, რომელიც სახსარში შეგვყავს.

ჰიალურონიდაზა ქარხნული წესით დამზადებული ბიოლოგიური პროდუქტია. ასეთივეა ფერმატრონი, ჰირუანი. ეს პრეპარატები უშუალოდ სახსარში შედის და მშრალ სახსარს ზეთავს.

მცირე განმარტებას მოგცემთ: როდესაც სახსარი საკუთარ სინოვიურ სითხეს კარგავს, წარმოიქმნება მშრალი სახსრის ფენომენი, ძლიერდება ხახუნის ძალა, რაც სახსარში ანთებითი სითხის ჩადგომას იწვევს, ამიტომ ჯერ სახსარს უნდა მოვუაროთ ჰორმონული პრეპარატებით - კენალოგით, დიპროსპანით - და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი აღდგენა შეზეთვითი პრეპარატებით.

- იმუნომასტიმულირებელ საშუალებებს თუ იყენებთ?

- სახსართა დაავადებები ხშირად აუტოიმუნური დაავადებებია, ასე რომ, იმუნოსტიმულაციის გარეშე მუშაობა შეუძლებელიც კია. ანაბოლურ ჰორმონებსაც ვიყენებთ, მაგრამ ამ პრეპარატების დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა და გარეშე პირის, თუნდაც ახლობლის რჩევით მათი მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ექიმმა იცის, რა დროს და როგორ დანიშნოს იმუნოსტიმულაცია და თუ დოზის ზუსტი კორელაცია არ მოხდა, შესაძლოა, სავალალო შედეგი მივიღოთ.

- სამწუხაროდ, სახსართა დაავადება უმეტესად ხანგრძლივი, ქრონიკული პროცესია და მკურნალობის რამდენიმე კურსს საჭიროებს. ალბათ პრეპარატებიც ძალიან ძვირია, რაზეც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიუწვდება ხელი. ხომ არ მოქმედებს რაიმე პროგრამა, რომელიც ამ პაციენტებს დაეხმარება?

- სამწუხაროდ, სახსართა სამკურნალო პრეპარატები მართლაც ძვირია, განსაკუთრებით - ახალი თაობისა: აქტემრა, მაბტერა, რემიკეიდი. საბედნიეროდ, შემუშავდა სამთვიანი პროგრამები, რომელთა ფარგლებში სახელმწიფო ავადმყოფებს ამ წამლების მიღებაში ეხმარება.

- როგორ უნდა ჩაერთოს ადამიანი ამ პროგრამაში? ვისზე ვრცელდება იგი?

- პროგრამა ვრცელდება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებზე. მასში ავადმყოფს რთავს ექიმი. 1 კგ სხეულის მასაზე საჭიროა 8 მგ პრეპარატი. სახელმწიფო 400 მგ-ს აფინანსებს, რაც დიდი შეღავათია, ხოლო დანარჩენის საფასურს პაციენტი იხდის. ეს არის რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის თანამედროვე ალტერნატივა, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთსა და საქართველოში.

- სამთვიანი კურსი საკმარისია? რა ქნან პაციენტებმა ამის შემდეგ?

- ამ წამალმა თვეების განმავლობაში უნდა იმუშაოს, ამიტომ აკადემიკოს დოდო ქართველიშვილის ძალისხმევით შეიქმნა კომისია, პარლამენტის სახელზე იწერება წერილები, - იქნებ ამოქმედდეს სხვა პროგრამები, რათა პაციენტმა მკურნალობის ბოლომდე მიყვანა შეძლოს.

- კვების თაობაზე რას გვირჩევთ?

- სახსართა დაავადებების დროს, მათ შორის - სისტემური პათოლოგიებით გამოწვეული პრობლემების დროსაც, რაციონი მრავალფეროვანი და გონივრული უნდა იყოს. ავადმყოფმა, უწინარეს ყოვლისა, კალციუმით მდიდარი საკვები უნდა მიიღოს.

პოდაგრის პირველი წამალი დიეტაა. პაციენტმა არ უნდა იშიმშილოს, მაგრამ რაციონიდან უნდა ამოიღოს ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, შემწვარი ხორცი, ხორცის ნახარში, ისპანახი, ლობიო, ბარდა, მჟაუნა, უნდა ერიდოს შოკოლადს. პოდაგრა უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. მათ თავი უნდა არიდონ ლუდის მიღებას, რადგან საფუარს შეიცავს და ერთმა ყლუპმაც კი შეიძლება პოდაგრული კრიზი გამოიწვიოს. ასევე არ შეიძლება სხვა ალკოჰოლური სასმელები, ყურძენი, კენკრა.

ნებადართულია რძის ნაწარმი, ყველანაირი ხორცი, ფრინველისა თუ საქონლის, ოღონდ კარგად მოხარშული და ნახარშის გარეშე. ავადმყოფებს, რომლებიც ჰორმონულ პრეპარატებს იღებენ, ვურჩევთ, პირველი საუზმე რძის ნაწარმისგან შედგებოდეს, მეორე - ბოსტნეულის (კომბოსტოს, სტაფილოს) წვნიანისგან. უხვად მიირთვან ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი და, რასაკვირველია, კუჭ-ნაწლავის დამზოგველი, ადვილად მოსანელებელი პროდუქტები.