როგორ გავუფრთხილდეთ ხერხემალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუფრთხილდეთ ხერხემალს

- ქალბატონო ნანი, რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები წელის ტკივილის ჩივილით?

- წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რის გამოც პაციენტები ექიმებს მიმართავენ. ვინც ხანგრძლივად ზის - საჭესთან, მერხთან თუ კომპიუტერთან, მათ ხშირად აწუხებთ ეს პრობლემა, თუმცა პირველ ეტაპზე იშვიათად აქცევენ მას ყურადღებას, რადგან თვლიან, რომ ეს დისკომფორტი დროებითია და თავისით გაივლის. გაურთულებელ შემთხვევაში ეს ასეცაა, მაქსიმუმ 4-5 კვირაში წელის ტკივილმა შესაძლოა დამოუკიდებლად გაიაროს, თუმცა ზოგჯერ სიტუაცია რთულდება და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი?

- ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მათ შორისაა დისკოზი. ამ პათოლოგიის დროს შეიძლება დაზიანდეს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე დისკი. პროცენტულად ყველაზე ხშირად ზიანდება წელის სეგმენტი, შემდეგ ადგილზეა კისერი. პათოლოგია გამოწვეულია მალათაშუა დისკის დაზიანებული ქსოვილის ზეწოლით ხერხემლის არხის სანათურში გამავალი ნერვის ფესვზე.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა?

- დაავადებას იწვევს:

  • ხერხემლის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • სიმძიმეების აწევა;
  • ტრავმა;
  • კუნთოვანი გადაძაბვა;
  • ცხოვრების მჯდომარე წესი;
  • ქრონიკული სტრესული სიტუაციები;
  • ჭარბი წონა;
  • სხვადასხვა პათოლოგია (არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივად მიღება და სხვ.).

- თქვენ პათოლოგიის სხვადასხვა ლოკალიზაცია ახსენეთ. ამის გათვალისწინებით, რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს დისკოზი?

- მალათაშუა დისკის დაზიანება წელის არეში შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: წელის მწვავე გამჭოლი ხასიათის ტკივილი, ტკივილის გადაცემა წელიდან ქვედა კიდურში, ტკივილის გაძლიერება მოძრაობისას, მგრძნობელობითი დარღვევები ქვედა კიდურში, სხეულის იძულებითი პოზა სკოლიოზის სახით - დისკის გამოვარდნის საპირისპირო მხარეს.

რაც შეეხება კისრის სეგმენტს, ამ დროს ტიპურია ტკივილი კისერში, გამჭოლი ტკივილი ზედა კიდურში თავის მობრუნებისას, მგრძნობელობითი დარღვევები და პარეზები ზედა კიდურში, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სმენითი და მხედველობითი დარღვევები.

- რამდენადაც ცნობილია, ტკივილის სინდრომს რადიკულოპათიაც იწვევს. რა პათოლოგიაა და როგორ ვლინდება იგი?

- რადიკულოპათია - ეს არის ზურგის ტვინის ფესვების დაზიანება, რომელიც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ვეგეტაციურ დარღვევებს და მწვავე ტკივილს. ტკივილის სინდრომს თან ახლავს კუნთოვანი ძალის რეფლექსებისა და მგრძნობელობის დაქვეითება იმ ზონაში, რომელიც ინერვირდება დაზიანებული ნერვით. ტკივილი იწყება მწვავედ სიმძიმის აწევის, უხერხული მოძრაობის, სტრესის ან ინფექციის გადატანის შემდეგ.

ანთებითი პროცესის მდებარეობის მიხედვით განარჩევენ გავა-წელის, გულმკერდისა და კისრის რადიკულოპათიებს. მათ, თავის მხრივ, შეიძლება ჰქონდეთ მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა.

- ხერხემლის პათოლოგიებისას რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს ფლობს დღევანდელი მედიცინა?

- ხერხემლის პათოლოგიების სადიაგნოსტიკო მეთოდებია რენტგენოლოგიური კვლევა, კტ და მრტ კვლევები, აგრეთვე ელექტრო ნეირომიოგრაფია და მიელოგრაფია. თითოეული მათგანის დაგეგმვისას ექიმი წინასწარ განსაზღვრავს, ერთი მხრივ, კვლევით მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობას, მეორე მხრივ - მათგან გამოწვეულ ზიანს და დანახარჯებს. ასევე მნიშვნელოვანია სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ტუტეფოსფატაზა, ღF, AჩჩP, PშA კვლევები.

- როგორია მკურნალობა?

- დისკოპათიებისა და რადიკულოპათიების სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორც შიგნით მისაღები, ასევე საინექციო ფორმით;
  • ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებლები;
  • კუჭ-ნაწლავის დამცავები;
  • მიორელაქსანტები;
  • ფიზიოთერაპია.

- ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა როდის ჩნდება?

- თუ სწორად ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ტკივილი გახანგრძლივდა, გართულდა რაშის კუდის დაზიანებით და მცირე მენჯის ღრუს დისფუნქციით, კტ ან მრტ კვლევებზე დაყრდნობით, აგრეთვე ექიმთა ჯგუფის (ნევროლოგი, ნეიროქირურგი, რადიოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი) ერთობლივი გადაწყვეტილებით წყდება ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის საკითხი.

ხერხემლის პრობლემებისგან თავის ასარიდებლად ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროფილაქტიკური ღონისძიებების ცოდნა და განხორციელება, რომლებიც მიმართულია სწორი ტანდეგობის შენარჩუნებისაკენ. მათ შორისაა:

  • სწორი ფიზიკური აქტივობა - ცურვა, ცეკვები ან უბრალოდ ვარჯიში შინ, 20-30 წუთი დღის განმავლობაში. ეს ამყარებს ზურგის კუნთოვან კარკასს და აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური აქტივობა შესაძლებელია მხოლოდ უტკივილო პერიოდებში.
  • შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმის დაცვა - მჯდომარე და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონეთათვის მნიშვნელოვანია ყოველ ერთ საათში 3-5-წუთიანი მსუბუქი მოთელვა, თავის მოძრაობის, ტანის წინ, უკან და გვერდებზე გადახრის და ადგილზე სიარულის სახით.
  • კომფორტული ძილი - საწოლი, რომელზეც სძინავს პაციენტს, საჭიროა იყოს ზომიერად მყარი და მოხერხებული. უკეთესია ორთოპედიულ მატრასზე, დაბალ და ფართო ბალიშზე ძილი, რათა ამ დროს ხერხემლის სვეტი სწორ ღერძზე იყოს განლაგებული.
  • სიმძიმის აწევის სწორი ტაქტიკა - იმის მიუხედავად, რა სიმძიმეს ეწევით (ჰანტელი, ჩანთა, ბავშვი), საჭიროა გამოიყენოთ გარკვეული ტაქტიკა, რომ აიცილოთ ხერხემლის პრობლემები სახლსა თუ სამსახურში. მაქსიმალურად ახლოს მიდით საგანთან, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ზურგი მაქსიმალურად სწორად გეკავოთ, ღრმად მოკეცეთ მუხლები, დაჭიმეთ მუცლის კუნთები და ფეხის კუნთების ხარჯზე ნელა ასწიეთ საგანი.

საჭიროა წონის კონტროლი

თუ დიდხანს გიწევთ დგომა - დარწმუნდით, რომ დგახართ გამართული ხერხემლით და ფეხებიც გამართული გაქვთ მუხლის სახსრებში. ეს პოზა ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე.

ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი – ზომიერი სიმაღლის (4-5 სმ, გამოყოფილი ქუსლით). ის სატარებლადაც ადვილია და ზურგის კუნთებსაც იცავს ზედმეტი გადაძაბვისაგან.

ავტომობილის მართვისას სარკეები ისე განალაგეთ, რომ მათკენ თავის მიბრუნება არ დაგჭირდეთ. სავარძელს კარგად უნდა ეჭიროს ზურგი.

ადამიანი, რომელსაც აწუხებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ესა თუ ის დაავადება, საჭიროა იცავდეს ბალანსირებულ კვების რეჟიმს: კალციუმითა და ფოსფორით მდიდარი საკვები, საკმაო რაოდენობით ცილები, ხილი და ბოსტნეული; მნიშვნელოვანია პროდუქტები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ქონდროპროტექტორებს და პერიოდულად სასურველია კვებით რაციონში ვიტამინო-მინერალური დანამატების შეტანაც. ზურგის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ მათი უმრავლესობის თავიდან აცილება შეგიძლიათ, თუ რეგულარულად მიიღებთ ექიმის რეკომენდაციებს, სწორად შეარჩევთ საკვებს, ფეხსაცმელს, საწოლს და შეინარჩუნებთ ჯანსაღ სხეულს.