რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოქონდროზის საპროფილაქტიკოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოქონდროზის საპროფილაქტიკოდ

ოსტეოქონდროზი ის პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა ვერ აგვარებს. ეს არის პათოლოგია, რომელიც ადამიანისაგან მუდმივ მობილიზებას და ჯანმრთელობისთვის ყურადღების დათმობას მოითხოვს. რეგულარული ვარჯიში, მასაჟი, კუნთოვანი კორსეტის გამაგრება, ყოველდღიურ ყოფაში სწორად ქცევისა და ხერხემლის დამზოგველი წესების დაცვა ჰაერივით აუცილებელია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ოსტეოქონდროზით დაავადებულმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ ექიმის ძალისხმევა და დანიშნული მედიკამენტები ვერ უშველის, უმთავრესი ექიმის რჩევა-რეკომენდაციების გათვალისწინება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვაა. სხვაგვარად, ორგანიზმის ჯანმრთელობის მთავარი საფუძველი – ხერხემალი კიდევ უფრო მეტად გამოვა მწყობრიდან და უამრავ შეუქცევად ცვლილებას გამოიწვევს. ადამიანის მდგომარეობის გაუარესება და მძიმე გართულებები, უპირველესად, პაციენტის მხრიდან მისივე ჯანმრთელობისადმი უდიერი დამოკიდებულებისა და უპასუხისმგებლობის ბრალია.

ხერხემლის პათოლოგიათა კომპლექსურ მკურნალობაზე გვესაუბრება და ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის შესაბამის რეკომენდაცია-რჩევებს გვიზიარებს საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედის” ტკივილის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი შალვა გაბადაძე:

- ბატონო შალვა, ვიდრე პროფილაქტიკის თემას შევეხებოდეთ, გვითხარით, რას მოიცავს ხერხემლის ოსტეოქონდროზის კომპლექსური მკურნალობა.

- ოსტეოქონდროზის მკურნალობის დროს მთავარი მიზანი დაზიანებული ხრტილის, მყესებისა და ძვლის ქსოვილის გამაგრება-გაჯანსაღებაა, ძლიერი კუნთოვანი კორსეტის შექმნა, პაციენტთათვის სწორი ჩვევების სწავლება-გამომუშავება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების საჭიროებაში დარწმუნებაა. სადღეისოდ ოსტეოქონდროზის მკურნალობისათვის დანერგილია ინოვაციური მეთოდები, მაგალითად, დაზიანების კერაში ქონდროპროტექტორების, ზრდის ფაქტორისა და ოზონის კოქტეილის შეყვანა, რომელსაც პროტოკოლის მიხედვით და რიგითობის დაცვით მოჰყვება ულტრაფონოფორეზი, ლაზეროთერაპია, ვაკუუმთერაპია, სამკურნალო მასაჟი, ტრაქციული (ხერხემლის დაჭიმვა როგორც მშრალი, ასევე სველი წესით) და კინეზითერაპია (მოძრაობით, ვარჯიშებით მკურნალობა). მკურნალობის პროცესში პაციენტებს ვეხმარებით სწორი ჩვევების ათვისებაში. მკურნალობის შემდეგ კი ვიწყებთ სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას.

- საზოგადოდ, რომელი ჩვევებია საჭირო ოსტეოქონდროზის საპროფილაქტიკოდ?

- ამ ჩვევათა ათვისება და ყოველდღიურ ყოფაში წესად დანერგვა მეტად აუცილებელია ხერხემლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მაგალითად:

  • დაგვის პოზაში სიმძიმის აწევა არ შეიძლება;
  • ავტომობილით ხანგრძლივი მგზავრობისას სასურველია ვიხმაროთ ორთოპედიული ბალიში ცენტრში ღიობით;
  • ავტომობილის სავარძელში ჯდომისას მუხლის სახსრები უნდა მდებარეობდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ოდნავ ზევით. გაშლის კუთხე ფეხებსა და ტანს შორის უნდა იყოს 90-100 გრადუსი;
  • მძღოლი მთლიანად უნდა ეხებოდეს სავარძლის საზურგეს;
  • იდეალური დისტანცია სავარძელსა და საჭის თვალს შორის განისაზღვრება ასე: სავარძელში სწორად ჯდომისას მძღოლის წინ გაწვდილი ხელის მაჯის სახსარი ზუსტად უნდა თავსდებოდეს საჭის თვალის ზედა კიდეზე;
  • ყოველი 100 კმ-ის გავლის შემდეგ რეკომენდებულია მანქანის გაჩერება, გადმოსვლა და 5 წთ-ით გამამხნევებელი ვარჯიშის ჩატარება;
  • ხანგრძლივი ჯდომითი საქმიანობისას სასურველია ვიხმაროთ ორთოპედიული ბალიში ცენტრში ღიობით, სხეული მთლიანად უნდა ეხებოდეს საზურგეს, ტერფები უნდა მოვათავსოთ შემაღლებულ ადგილას ისე, რომ მუხლის სახსარი მენჯ-ბარძაყის სახსრის ოდნავ ზევით მდებარეობდეს;
  • არ შეიძლება სიმძიმის აღება და მხოლოდ ტორსის შემობრუნებით მისი გვერდზე გადადება, საჭიროა მოვბრუნდეთ მთელი სხეულით;
  • არასასურველია ფეხიფეხზეგადადებული ან ჩავარდნილ სავარძელში ჯდომა.

- ბატონო შალვა ლეიბის (ე.წ. “მატრასის”) შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ზოგს რბილ ლეიბზე წოლა უყვარს, თუმცა სპეციალისტები ხერხემლის ჯანმრთელობისათვის მყარ ზედაპირზე წოლას გვირჩევენ. არა და მკვრივ ლეიბზე დაძინება ბევრს არ შეუძლია გადაბრუნებისას გვერდები სტკივათ, ვერ ისვენებენ. ოსტეოქონდროზით დაავადებულებს კი, პირიქით, რბილ ლეიბზე წოლისას, წელის არის ჩავარდნის გამო, ხშირად აწუხებთ ტკივილი და დისკომფორტი აქვთ. მოკლედ, ეს არცთუ მარტივი საკითხია, რას გვეტყვით, როგორ საწოლზე ჯობს ძილი?

- საწოლის მატრასის (ლეიბის) შერჩევის პრინციპი ოსტეოქონდროზით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანებისათვის რამდენადმე განსხვავებულია. საზოგადოდ, სწორად შერჩეული მატრასი თავიდან აგვაცილებს ხერხემლის სვეტის მამოძრავებელი სეგმენტის არაბუნებრივ დეფორმაციას და შესაბამისად, დილის საათებში შებოჭილობის სინდრომის ჩამოყალიბებას.

ოსტეოქონდროზით დაავადებული პაციენტებისათვის მატრასი უნდა შეირჩეს მის დასამზადებლად გამოყენებული მასალის სიმკვრივის, ელასტიკურობის, მატრასის კონსტრუქციისა და რაც მთავარია, პაციენტის ხერხემლის მამოძრავებელი სეგმენტის ინსტაბილიზაციის ხარისხის გათვალისწინებით.

ხერხემლის ინსტაბილიზაციის ხარისხს განსაზღვრავს ექიმი სპეციალისტი ინსტაბილიზაციის კლინიკური და რენტგენოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, მატრასის აგებულებასა და გამოყენების წესებს კი გაეცნობით დამამზადებელი ქარხნის საინფორმაციო წერილითა და ადგილობრივი დისტრიბუტორის გამოკითხვით.

მატრასის შერჩევის ძირითადი პრინციპი ასეთია - რაც მეტია ხერხემლის ინსტაბილიზაციის ხარისხი, მით მეტი სიმკვრივის მატრასია საჭირო პაციენტისთვის და პირიქით.

ჯანმრთელი ადამიანებისთვის მატრასი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. დამზადებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის მასალისაგან და გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატი;

2. უნდა იყოს მსუბუქი. არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი, მასზე წოლისას უნდა იმეორებდეს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების ფორმას;

3. მატრასის ვერტიკალური დრეკადობის ხარისხი მისი ზედაპირის ყველა წერტილში თანაბარი უნდა იყოს;

4. სასურველია, მატრასს გააჩნდეს 2 ზედაპირი, ერთი ზაფხულისთვის განკუთვნილი, მეორე - ზამთრისთვის.

5. მატრასის გვერდით ზედაპირებზე ჩამონტაჟებული უნდა იყოს სპეციალური სარქვლები მატრასის შიგთავსის აერაციისათვის.

- როგორი ბალიში გამოვიყენოთ წოლისას: დიდი, ფუმფულა, თუ პატარა და შედარებით მკვრივი? ზოგს დიდი, მამაპაპური ბალიში მოსწონს, რომელზეც არა მხოლოდ თავი, სხეულის (ტორსის) ნახევარიც კი უდევს, ზოგსაც მხოლოდ კისერქვეშ ამოდებული პატარა მუთაქა ურჩევნია.

- ბალიშის შერჩევის პრინციპები კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის ასეთია: ხერხემლის სვეტის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს შეიძლება იყოს მალათაშორისი სახსრების ქვეამოვარდნილობა - ჰიპერექსტენსიური სუბლუქსაცია და სამოძრაო სეგმენტის ინსტაბილიზაცია. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბალიშის შერჩევას, კერძოდ:

1. ბალიში დამზადებული უნდა იყოს შესაბამისი სიმკვრივისა და მსუბუქი მასალისაგან;

2. ზურგზე წოლისას ბალიშის ქვედა კიდე უნდა მდებარეობდეს ბეჭების შემაერთებელი ხაზის გასწვრივ;

3. ბალიში ზურგზე წოლისას უნდა იმეორებდეს კისრის ფიზიოლოგიური ნადრეკის ფორმას;

4. ბალიშის სისქე გვერდზე წოლისას ტოლი უნდა იყოს კისრის გვერდითი ზედაპირიდან ბეჭის სახსრამდე მანძილის.

ხშირ შემთხვევაში ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს გასაყიდი ორთოპედიული ბალიშები.