ტერფის ორთოპედიული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტერფის ორთოპედიული პრობლემები

ტერფის ანატომია

ტერფი, ისევე როგორც მტევანი, სამი ნაწილისგან შედგება. ესენია: უკანა ტერფი, წინა ტერფი და თითები. ადამიანის ტერფის რთულ აგებულებას უშუალო კავშირი აქვს ვერტიკალური დგომისა და ლოკომოციის ბიომექანიკურ მოთხოვნებთან - დიდ სიმაღლეზე მდებარე და სისტემატურად მერყევი სიმძიმის ცენტრისთვის სათანადო ფართობის საყრდენი ზედაპირის შექმნა, მთელი სხეულის რყევების ამორტიზება, ტერფის ელასტიკურობა, რაც სიმძიმის ცენტრის გადაადგილების შესაბამისად საყრდენი წერტილის სწრაფი გადანაცვლების საშუალებას იძლევა. უკანა ტერფის ძვლები წარმოადგენს სხვადასხვა ფორმისა და ზომის შვიდ ძვალს, რომლებიც ორ რიგად არიან განლაგებულნი. პირველი რიგი ორი მსხვილი - კოჭისა და ქუსლის - ძვლისგან შედგება, მეორე რიგში კი დაახლოებით თანაბარი კონფიგურაციისა და ზომის ხუთი ძვალია. წინა ტერფის ძვლები ხუთი მოკლე ლულოვანი ძვლით არის წარმოდგენილი, ტერფის თითების ძვლები კი სამ რიგად განლაგებული ფალანგებით. ადამიანის ტერფი, მიუხედავად სხვა ძუძუმწოვართა ტერფებთან მორფოლოგიური მსგავსებისა, ბიომექანიკური თვისებებით მათგან საგრძნობლად განსხვავდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი თაღოვანი აგებულებით გამოიხატება. განასხვავებენ ადამიანის ტერფის გასწვრივ და განივ თაღებს.

ტერფის უკანა საყრდენი ზედაპირის პრობლემები

სამედიცინო პრაქტიკაში ტერფის საყრდენი ზედაპირის პრობლემების უდიდესი ნაწილი ქუსლის წილად მოდის. ბევრი უჩივის ქუსლებზე კანის გაუხეშება-გარქოვანებას, კოჟრებსა და ნახეთქებს. ეს პრობლემები გამოწვეულია ქუსლის მომეტებული დატვირთვით სიარულისა და დგომის დროს, განსაკუთრებით - დარღვეული მოძრაობითი სტერეოტიპის პირობებში. კანის გაუხეშება და კოჟრები შესაძლოა გამოხატული იყოს ქუსლის მთელ ზედაპირზე, ცალ (გარეთა ან შიგნითა) მხარეს, ანდა მხოლოდ ქუსლის უკანა ნაწილში. ქუსლის გარეთა მხარეს კანის გაუხეშება მოძრაობითი სტერეოტიპის ცვლილებაზე, სიარულისას ტერფის გადახრაზე, ხოლო დგომისას მის შიგნით მდებარეობაზე მეტყველებს (მედიცინაში ამას ქუსლის ძვლის ვარუსულ მდებარეობას უწოდებენ). ასეთ დროს სქელი და უხეში კანის განვითარებით ტერფი თავს იცავს გარეთა კიდეზე მაღალი დატვირთვისგან. ქუსლის ვარუსული მდებარეობა ხშირად ქუსლის ტრავმის, კოჭ-წვივის სახსრის დაავადებების, სახსრის ამოვარდნილობის შედეგია. ქუსლის შიგნითა მხარეს კანის გაუხეშება ქუსლის ძვლის გარეთ გადახრის - ქუსლის ვალგუსური მდებარეობის - შედეგია. ეს მდგომარეობა უმეტესად ბრტყელტერფიანობის გამოვლინებაა, თუმცა დამოუკიდებლადაც შეიძლება აღმოცენდეს ჭარბი წონის, კოჭ-წვივის სახსრის მომეტებული დატვირთვის, აგრეთვე - კოჭ-წვივის სახსრის მყესოვანი აპარატისა და იმავდროულად წვივის კუნთების სისუსტის შემთხვევაში. წვივისა და ქუსლის ძვლის ღერძები ამ დროს მნიშვნელოვნად (5 გრადუსზე მეტით) არის გადახრილი ურთიერთსაპირისპირო მხარეს. ქუსლის არასწორი მდებარეობის ნიშნები, ჩვეულებრივ, ფეხსაცმელზე აისახება - ამ უკანასკნელს ქუსლის შიგნითა ან გარეთა ზედაპირი უფრო მეტად უცვდება. ქუსლის უკანა კიდე უხეშდება ტერფის მეტად სპეციფიკური მდებარეობის დროს, როდესაც გასწვრივი თაღი მაღალია და ტერფი დგომისა თუ სიარულისას მხოლოდ ქუსლსა და თითების ფუძეს ეყრდნობა. დიდი დატვირთვა ქუსლის უკანა კიდეზე ჰიპერკერატოზის (გარქოვანების) განვითარებას იწვევს. კანის გაუხეშება-გარქოვანება, ნახეთქები ქუსლებზე ხანგრძლივი და მუდმივად მიმდინარე პროცესია. უკანა საყრდენი ზედაპირის კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა დეზი. სიარულის დროს ტერფზე ხანგრძლივი დატვირთვისა და იმავდროულად ქუსლის არის მყესოვან აპარატში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ქუსლზე ვითარდება ახალი „არადიფერენცირებული" ძვალი. პათოლოგია ვლინდება ძლიერი ტკივილებით ქუსლის არეში როგორც სიარულისას, ასევე დგომისას. ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანს გადაადგილება უჭირს, ცდილობს, ტერფის წინა ნაწილს დაეყრდნოს. პრობლემის აღმოფხვრა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება - ქირურგიული ჩარევით, საგანგებო ფეხსაცმლის ტარებით ან ფეხსაცმლის ქუსლის არეში სხვადასხვა სახის ორთოპედიულ საშუალებათა მოთავსება-მორგებით.


ტერფის წინა საყრდენი ზედაპირის პრობლემები

ტერფის წინა საყრდენი ზედაპირის პრობლემებიც არანაკლებ აქტუალურია. ტერფის ამ ნაწილში განვითარებული ცვლილებები მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. დიდი თითის ფალანგის ფუძესთან განვითარებული "ძვლოვანი წანაზარდი", თითების დეფორმაცია და სხვა, უმთავრესად განივი ბრტყელტერფიანობის გართულებაა. 

განივი ბრტყელტერფიანობა

განივი ბრტყელტერფიანობა წინა ტერფის ძვლების დონეზე ვითარდება. ტერფის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად, გამოყოფენ დაავადების 3 ხარისხს. პირველი ხარისხის ბრტყელტერფიანობის დროს თაღები ჯერ კიდევ ასრულებს თავის ფუნქციას. პრობლემას ქმნის მხოლოდ მომეტებული ფიზიკური დატვირთვა: ხანგრძლივი სიარული და დგომა. ამ ხარისხის ბრტყელტერფიანობის დროს ტერფის დეფორმაცია ხშირად შეუმჩნეველია, პათოლოგიური მდგომარეობის დადასტურება მხოლოდ სპეციალური გამოკვლევებით ხერხდება. მეორე ხარისხის ბრტყელტერფიანობას ახასიათებს გამოხატული ცვლილებები ტერფის როგორც ძვლოვან სისტემაში, ასევე კუნთოვან ტონუსში. ფეხების სისქე იმატებს, ტერფები დეფორმირდება, ხშირად ჩნდება ე. წ. ძვალი - ჰალუს ვალგუსი. ის ვითარდება პირველი წინატერფ-ფალანგის სახსრის არეში და გარდა იმისა, რომ უსიამოვნოა ესთეტიკური თვალსაზრისით, ტკივილის გამოც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. დიდი თითი გარეთ იხრება. განივი ბრტყელტერფიანობის კიდევ ერთი ნიშანია ტერფის მეორე და მეოთხე თითების ფუძეებთან კოჟრების განვითარება, რაც ხელს უშლის სიარულსა და დგომას. მესამე ხარისხის ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი პრაქტიკულად სულ მთლად ბრტყელდება, თაღები აღარ არსებობს, შესამჩნევია ძვლოვანი ჩონჩხის დეფორმაცია და კუნთოვანი ტონუსის დაცემა. მესამე ხარისხის ბრტყელტერფიანობის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი მეორე და მესამე თითების გამოხატული დეფორმაციაა. მესამე ხარისხის განივი ბრტყელტერფიანობის დროს თითები ერთმანეთზეა გადაჯვარედინებული - მეორე თითი პირველზე გადადის და ზემოდან აწვება. თითების დეფორმაცია დიდი თითის გარეთ გადახრის ფონზე ყალიბდება. დისკომფორტი იმდენად დიდია, რომ ადამიანი იძულებულია, ერთი-ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი შეიძინოს.

ტერფმრუდობა

თანდაყოლილი ტერფმრუდობა ტერფის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ანომალიებს შორის ყველაზე ხშირია - მათი საერთო რიცხვის 33-38%-ს აღწევს. თანდაყოლილი ტერფმრუდობა, ჩვეულებრივ, ორმხრივია და ვაჟებს შორის ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებს შორის. მას ტერფის ძვლების ან წვივის კუნთების ნორმალური განვითარებისა და ინერვაციის დარღვევა იწვევს. თანდაყოლილი ტერფმრუდობა კლინიკურად შემდეგი ნიშნებით გამოიხატება: ტერფის მოხრა კოჭ-წვივის სახსარში ფეხისგულისკენ (ფეხისგულისკენა მოხრა ანუ ეკვინუსი), ტერფის წინა ნაწილის მოხრა, ტერფის მოზიდვა. ამ დროს ტერფის თაღის სიმაღლე იმატებს, ტერფის ფეხისგულის ზედაპირი შუა ხაზისკენ ბრუნდება (სუპინაცია). ამის გამო ტერფის ზურგის ზედაპირი გვერდულად და გარეთა მიმართულებით რჩება შემობრუნებული, ტერფის ფეხისგულის ნაწილი კი - შუა ხაზისკენ. ყოველივე ეს კოჭ-წვივის სახსარში მოძრაობას ზღუდავს. როდესაც ამ პრობლემის მქონე ბავშვი ფეხს იდგამს, ტერფის ფეხისგულის ნაწილს კი არ ეყრდნობა, არამედ გარეთა კიდეს. ამის გამო ყალიბდება სიარულის სპეციფიკური მანერა. თანდათანობით დეფორმირდება ტერფის ძვლოვანი ჩონჩხიც. ხანგრძლივად ტერფმრუდობისას ტერფის ძვლები ერთურთის მიმართ რამდენადმე ამოვარდება, ტერფის გარეთა ზედაპირის კანი უხეშდება, წვივის კუნთები, რომლებიც სიარულში არ მონაწილეობს, ატროფირდება (განილევა). ირღვევა მუხლის სახსართა ნორმალური ფუნქციობა. დიაგნოზს,  ჩვეულებრივ,  ტიპური კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. დროული დიაგნოზი დროული მკურნალობის საწინდარია, ხოლო საბოლოო შედეგი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, დროულად დაიწყება და რაციონალურად ჩატარება თუ არა მკურნალობა. გახსოვდეთ, ნორმალური და ჯანმრთელი ტერფი იდეალური კონსტრუქციაა სხეულის დაყრდნობისა და გადაადგილებისათვის. ტერფმრუდობით გამოწვეული ტკივილები არა მხოლოდ ტერფის არეში ვითარდება, არამედ წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრებსა და ხერხემალშიც კი. ტერფმრუდობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული თავის ტკივილებიც.

რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება;
  • ხანგრძლივი დგომა;
  • ჭარბი წონა;
  • ორსულობა;
  • მაღალ ქუსლებზე დგომა.