როგორ მოვუაროთ ხერხემალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ხერხემალს

- ბატონო ზაზა, რამდენად აქტუალურია დღეს ხერხემლის დაავადებები?

- ჰიპოკრატე ამბობდა: "ხშირად ავადმყოფობ? - უმკურნალე ხერხემალს". ცხადია, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გრიპიც ხერხემლის გამო გვემართება, მაგრამ ხერხემალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ძირითადი ღერძია. როგორც კი ადამიანი ორ ფეხზე დადგა, იმ დღიდანვე დაიწყო დისკოს დეგენერაციული დაავადებები. ეს იმის ბრალია, რომ ვერტიკალური დატვირთვა იწვევს დისკოს პრობლემებს, ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს, ანუ ხერხემლის დაბერებას. ამას ემატება წელის ტკივილი, ხალხში რადიკულიტს რომ ეძახიან. დისკოპათიას XXI საუკუნის დაავადებას უწოდებენ, იმიტომ, რომ ადამიანი გადავიდა ინტელექტუალურ შრომაზე, მიეჯაჭვა სკამს. თავისთავად, ჯდომა ხერხემლისთვის - წელის, გულმკერდის, კისრის სეგმენტებისთვის - კატასტროფაა. ამას ემატება ცხოვრების უმოძრაო წესი, რაც იწვევს კუნთის დასუსტებას, ამ კომბინაციას კი ხერხემლის, ზურგის ტკივილებისკენ, ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისკენ მივყავართ.

- გახშირდა თუ არა ხერხემლის დაავადებები? არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები ამის შესახებ?

- აღრიცხულია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 98%-ს წელის ტკივილი აწუხებს.

- ვისი კომპეტენციაა ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა?

- ხერხემალი ძვალსახსროვანი სისტემის ნაწილია და მას ორთოპედმა უნდა უმკურნალოს.

- თქვენ ახსენეთ დისკოს დეგენერეცია, რომელსაც ხალხში რადიკულიტს უწოდებენ. ამ პათოლოგიას ხშირად ნევროლოგები მკურნალობენ. ჩვენი ჟურნალის დანიშნულება ისიც არის, რომ პაციენტებს სწორი მიმართულება მივცეთ...

- ხერხემალი მხოლოდ დისკო არ არის. ჩვენ ვლაპარაკობთ ძვლოვან პათოლოგიებზე, რომლებიც ცალკე მიდგომას საჭიროებს. მსოფლიოში რამდენიმე წელიწადია არსებობს ხერხემლის ქირურგია. ხერხემლის ქირურგი არ არის არც ნეიროქირურგი და არც ორთოპედი. ეს არის სპეციალისტი, რომელიც ერთსა და იმავე დროს ნეიროქირურგიცაა და ორთოპედიც. დისკო არის სახსარი, საზღვარი ძვალსა და ხრტილს შორის. ასე რომ, დისკოს პათოლოგიას შეიძლება უმკურნალოს როგორც ნევროლოგმა, ისე ორთოპედმაც. თუ დისკოს პათოლოგიას ერთვის პარეზი, ამ შემთხვევას ერთმნიშვნელოვნად ნეიროქირურგმა უნდა უმკურნალოს. თუ დისკოს პათოლოგია უბრალო ტკივილით, ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს - მკურნალობს ორთოპედიც.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ხერხემლის დაავადებათა გახშირება მჯდომარე ცხოვრების წესის ბრალია. კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი?

- ხერხემლის დისკოს დეგენერაციული დაავადება 16 წლიდან იწყება. გაგიკვირდებათ და, 20 წლის პაციენტის დისკო ჰისტომორფოლოგიურად განსხვავდება 16 წლის პაციენტის დისკოსგან. ხომ ვითომ ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვართ, არაფერს ვუჩივით, არაფერი გვაწუხებს, მაგრამ დისკომ უკვე დაიწყო დაბერება. ამ ასაკში ეს პროცესი კომპენსირებადია, რადგან ჭარბი წონა არ გვაქვს, კუნთებიც ტონუსშია, მაგრამ ასაკთან ერთად თავს იჩენს ჭარბი წონის პრობლემა, იმატებს ფიზიკური დატვირთვა, ქალები გადაიტანენ ორსულობას, ლაქტაციას... ალკოჰოლი და სიგარეტი ამ თვალსაზრისითაც უარყოფით როლს ასრულებს. უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს, რის გამოც მთელი დატვირთვა აწვება ხერხემალს. როდესაც კუნთები გამაგრდება და დატვირთვას საკუთარ თავზე აიღებს, ხერხემალიც დაისვენებს. ხერხემლის დისკო, უხეშად რომ ვთქვათ, არაჟნის, მაწვნის ან კარაქის კონსისტენციის ნივთიერებაა, რომელიც ხერხემლის მალებს შორის არის მოთავსებული და ასრულებს ერთგვარი ამორტიზატორის როლს. რაც უფრო მეტად იტვირთება, მით უფრო მალე გამოდის მწყობრიდან; რაც უფრო მეტი სიმძიმე დააწვება, მით უფრო მალე განილევა, მალებს შორის მანძილი შემცირდება, დისკოს ფრაგმენტი მოაწვება ზურგის ტვინის მაგარ გარსს, ფესვს და სწორედ ეს არის ის, რასაც ხალხში რადიკულიტს უწოდებენ.

- რა როლს ასრულებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხერხემლის პათოლოგიების ჩამოყალიბებაში?

- ქუსლის სიმაღლის ყოველი სანტიმეტრი 8 კგ-ით ტვირთავს ხერხემალს. საქმე ის არის, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის დროს სხეულის სიმძიმის ცენტრი ხერხემლიდან მოდის წინ, ნაცვლად იმისა, რომ სიმძიმე გადანაწილდეს ხერხემალზე, რაც ბუნებრივია ჩვენთვის. რატომ ჰქვია ასეთ ფეხსაცმელს საღამოსი? იმიტომ რომ ის არა ყოველდღიურად, არამედ იშვიათად უნდა ჩავიცვათ. თუმცა არც ბრტყელძირიანი, სულ მთლად უქუსლო ფეხსაცმელი ვარგა. საუკეთესო ვარიანტია 2-5 სმ სიმაღლის ქუსლი.


- თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წლის ასაკში დისკოს ჰისტომორფოლოგიური სურათი უკვე სხვანაირი ხდება. როდის გვაძლევს პირველ სიგნალს ხერხემალი და როგორ?

- ზურგის წვითა და დაღლილობით. გაიხსენეთ, ახალგაზრდობაში რამდენჯერ გიგრძნიათ წვა, თითქოს ბეჭებში რაღაც არის გაჩხერილი და გინდა, ძვალი გაიტკაცუნო. კუნთი იღლება, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და მთელი დატვირთვა მოდის ხერხემალზე. ეს ერთ, ორ და სამ დღეში არ ხდება. მაგრამ პირველი ჩივილია "დავიღალე, დიდხანს ჯდომის შემდეგ წელი დამეღალა".

- ხერხემლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას ხალხში მარილების დაგროვებას უწ-ოდებენ. რა პათოლოგიაა ეს?

- "მარილებს" უწოდებენ იმას, რაც რენტგენოგრამაზე წანაზარდების სახით ჩანს. ეს წანაზარდები მტკივნეული არ არის. ისინი წარმოადგენს წინა გასწვრივი იოგის კალციფიკაციას და ხერხემლის დამცავი ფუნქცია აკისრია: როდესაც ხერხემლის რო-მელიმე სეგმენტი არასტაბილურია, ეს წანაზარდები ერთმანეთს უერთდება და ამგვარად უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის სტაბილურობას. სამწუხაროდ, ეს "მარილები" არ იშლება. ეს არის ართროზი, ანთება, სიბერე და მათი დაშლა ადამიანის გაახალგაზრდავებას ნიშნავს. ჯერჯერობით ასეთი რამ შეუძლებელია. როდესაც რენტგენით რომელიმე სეგმენტში დავინახავთ ასეთ წანაზარდებს, ვხვდებით, რომ ამ სეგმენტში მიკრომოძრაობებია, რის გამოც წამოვიდა იგი.

- რა დაავადებაა ოსტეოქონდროზი?

- ამ "დაავადებას" მარტო საბჭოთა კავშირსა და საქართველოში იცნობენ. ოსტეოქონდროზი ასაკობრივია. ეს არის გარდაუვალი მოვლენა, ისევე როგორც ნაოჭები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 20 წლიდან იწყება დისკოს დეგენერაცია. 30-35 წლიდან რენტგენზე უკვე ჩანს წანაზარდები. ოსტეოქონდროზი აქვს ყველას და ის, რაც ყველას აქვს, შეუძლებელია ავადმყოფობად ჩაითვალოს. ეს ნორმაა.

- როდესაც ადამიანი წელის, კისრის, გულმკერდის ან გავა-წელის მიდამოს ტკივილს უჩივის, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?

- ტკივილის მიზეზი ოსტეოქონდროზი არ არის.

- მაშ, რა არის?

- ხერხემალი კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილებისგან შედგება. ტკივილის სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა წელი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, წელზე გადადის მთელი დატვირთვა, რომლის ატანაც უხდება ადამიანს: ბაზარი, ძუძუთი კვება, თავად სხეულის სიმძიმე... მეორე: წელის დისკო მსხვილია, სქელია, კისრისა კი წვრილი. რაც უფრო დიდია დისკოს მასა, მით უფრო მალე ზიანდება იგი. ტკივილის სიხშირით მეორე ადგილი უკავია კისერს. კისერი არის ხერხემლის ყველაზე მობილური, მოქნილი და დიდი ამპლიტუდით მოძრავი ნაწილი. წელის შემდეგ ყველაზე ხშირად ის ზიანდება. მესამე ადგილი უკავია გულმკერდს. გულმკერდში დისკოს დაავადება ძალიან იშვიათია, იმიტომ, რომ ეს სეგმენტი შეკრულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით, მაშასადამე, ის ყველაზე ნაკლებმოძრავია და ამ თვალსაზრისით ყველაზე უკეთ არის დაცული. ამიტომ სტკივა ადამიანს ჯერ წელი, მერე - კისერი და ბოლოს - გულმკერდი.

- ამ ლოგიკით, ყველაზე უკეთ დაცული გავა-კუდუსუნის სეგმენტი გამოდის...

- რა თქმა უნდა. გავის დისკოპათიები არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი ძვალი. მაგრამ გავის ძვალი არ აგვერიოს კუდუსუნში, რომელიც ცალკე პრობლემაა და ნევროლოგიასთან კავშირი არ აქვს. ამ შემთხვევაში ვითარდება მხოლოდ ტკივილის სინდრომი, რომელსაც არ აქვს ისეთი საკაცობრიო მნიშვნელობა, როგორიც წელის ტკივილს. კუდუსუნი არის რუდიმენტი - დაპატარავებული და ფუნქციადაკარგული კუდი. ცხოველებს კუდი მოძრავი აქვთ, შესაბამისად, ადამიანის გავასთან კუდუსუნი უძრავად არ არის შეერთებული. გავას სახსრით კუდუსუნის 4-5 პატარა მალა უერთდება. მასზე ჩვენ ვზივართ. ცხოვრების მჯდომარე წესის გამო იგი ძალიან ხშირად ზიანდება და ამ არეში ვითარდება ანთებითი პროცესი. ამ დაავადებას კოქსიკოდინია ეწოდება. კუდუსუნის ტკივილს კუდუსუნის ამოღებით მკურნალობენ.

- დისკოს პათოლოგიების დროს ჩატარებული კომპიუტერული კვლევის დასკვნებს თუ გადავხედავთ, პათოლოგიური პროცესის აღწერისას ხშირად არის ნახსენები გულმკერდის ბოლო და წელის პირველი მალის მიდამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი დატვირთვა ხერხემლის ამ სეგმენტზე მოდის?

- ყველაზე მეტად იტვირთება კისერ-გულმკერდის, გულმკერდ-წელისა და წელ-გავის მიდამო, ანუ ის სეგმენტები, სადაც ხერხემალი კისრიდან გულმკერდში, გულმკერდიდან წელში და წელიდან გავაში გადადის. აქ არის კიფოზი, ლორდოზი, სადაც არის მწვერვალები, რომლებიც ყველაზე მეტად იტვირთება. ეს იწვევს დისკოს პათოლოგიას, რაც გამოიხატება ტკივილით, დაბუჟებით, ნევროლოგიური დეფიციტით. მთელ ცივილიზებულ სამყაროში ასეა: სანამ ექიმს ხელთ არ ექნება ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დასკვნა, დიაგნოზში იწერება წელის ტკივილი, კისრის ტკივილი და ასე შემდეგ. დეფინიცია კვლევის შედეგად ხდება. კვლევა აუცილებლად უნდა დაიწყოს რენტგენით. დისკოს პათოლოგია რენტგენზე არ ჩანს, მაგრამ არსებობს მთელი წყება ძვლოვანი დაავადებებისა, რომლებმაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს სპონდილოლისტეზი, მეტასტაზური დაავადება, სიმსივნე, ტუბერკულოზი, ტრავმული მოტეხილობა.


- რა არის სპონდილოლისტეზი?

- სპონდილოლისტეზი არის დაცურება, დასრიალება. ამ დაავადების დროს ხერხემალი პირდაპირ სრიალდება წინ, ქვედა მალის მიმართ. მალების სტრუქტურა ნორმაშია, უბრალოდ, მალა მოდის წინ. განასხვავებენ ამ დაავადების ოთხ ხარისხს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო ძლიერია ტკივილი. ასიდან 99 შემთხვევაში დარწმუნებულები ვართ, რომ ტკივილის მიზეზი არის დისკო, ეს კი მხოლოდ კომპიუტერული გამოკვლევით ჩანს, მაგრამ აუცილებელია ბანალური რენტგენოლოგიური კვლევა პირდაპირ და გვერდით პროექციაში, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის მიზეზს რენტგენი არ აჩვენებს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ გამოგვეპაროს პათოლოგიები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

- ამდენი ვისაუბრეთ დისკოპათიაზე... ხშირად ამ დაავადებას უეცარი დასაწყისი აქვს - ძლიერი ტკივილი დატვირთვის ან უხერხული მოძრაობის შემდეგ.

- როგორც წესი, უეცრად ხდება დაზიანებული დისკოს პროვოცირება, უხეშად რომ ვთქვათ, დისკო "ყვირილს იწყებს" ფიზიკური დატვირთვის ან უხერხული მოძრაობის შემდეგ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა დღეს დისკო ჯანმრთელი იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, მიღებულია საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულება. ჩვენ ხერხემლის მოვლას ვიწყებთ მას შემდეგ, რაც შეგვაწუხებს. ტკივილის აღმოცენება იმას არ ნიშნავს, რომ ხერხემალი ახლა დაზიანდა.

- მაშასადამე, ტკივილი უკვე ბოლო სტადიაა?

- ტკივილი გამოხატავს პრობლემას, რომელიც ხერხემალს წლების განმავლობაში დაუგროვდა. მთელი მსოფლიო იმიტომ არის გადასული ვარჯიშზე, რომ კუნთები მუდმივად ტონუსში უნდა იყოს. არავის უხარია დილით ადრე ადგომა და სირბილი, მაგრამ მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ვარჯიში საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ ტკივილი არ აღმოცენდეს. როცა ტკივილი იჩენს თავს, უკვე გვიანია. ხერხემალს მანამდე უნდა მიხედვა, სანამ აგვტკივდება. დიასახლისების გასაგონად კი მინდა ვთქვა, რომ სახლის დალაგება ვარჯიში არ არის.

- რამდენი ხარისხი აქვს ამ დაავადებას?

- დისკოპათიის ხარისხზე არ ვლაპარაკობთ; აღვნიშნავთ დისკოს თიაქრის, თავისი ადგილიდან გამოვარდნილი, გამობერილი ფრაგმენტის ზომას, რასაც ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ავლენს. იგი მილიმეტრობით იზომება. რაც უფრო დიდია ეს ფრაგმენტი, მით უარესია შედეგი და ძნელია მკურნალობა. შეუძლებელია, კონსერვატიული მკურნალობით ეს ფრაგმენტი უკან დაბრუნდეს და პაციენტი გამოჯანმრთელდეს. ალბათ, გაგიგონიათ გამოთქმა: "დისკო ჩავასწორე". ასეთი რამ არ ხდება. საკმარისია, დისკომ 1 მიკრონით - მილიმეტრის მეათედით - შეიცვალოს პოზიცია, რომ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. საქართველოში ყველა პაციენტის პრობლემა ის არის, რომ ტკივილი გაივლის თუ არა, თავი გამოჯანმრთელებული ჰგონიათ, განაგრძობენ ძველებურ ცხოვრებას, სწევენ სიმძიმეებს, იმატებენ წონას, არ ვარჯიშობენ. ამიტომაც არის საქართველოში ოპერაციის ხშირი რეციდივი. კუნთს მუდმივად სჭირდება ტონუსში ყოფნა.

- რამდენად ეფექტურია ამ დროს მანუალური თერაპია?

- ეს არის ერთ-ერთი მეთოდი სიმპტომური ტკივილის სინდრომის მოსახსნელად. პაციენტი ცდილობს, მიიღოს მაქსიმალური შედეგი, ექიმი კი ვალდებულია, მიაწოდოს მას სწორი ინფორმაცია - რომ ეს არ იკურნება. ცხადია, პაციენტი აირჩევს იმას, ვინც დაჰპირდება, რომ განკურნავს. მანუალური თერაპიით შესაძლებელია ტკივილის მოხსნა, მაგრამ ეს არ არის განკურნება. პაციენტმა ეს უნდა იცოდეს. მანუალურ თერაპიასთან ერთად არსებობს დაჭიმვები (მექანოთერაპია), ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, მასაჟი, რომლებიც ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

- რას გვეტყვით მედიკამენტურ მკურნალობაზე?

- ხერხემლის დისკოგენურ პათოლოგიებს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მედიკამენტებით არ მკურნალობენ. მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები იხმარება. მედიკამენტებით ამ დაავადების მორჩენის იმედი ნაკლებია.

- რას გვეტყვით ქონდროპროტექტორებზე?

- ამ რიგის პრეპარატების ბუმმა გადაიარა. პაციენტებს ვურჩევ, ივარჯიშონ, იცურონ.

- მწვავე შემთხვევაში ვარჯიში ხომ არ შეიძლება?

- ლაპარაკია იმაზე, როგორ იქნება პაციენტი ექვსი თვის შემდეგ, მომავალში... დისკოპათიების მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომაა ტკივილგამაყუჩებლები მწვავე პერიოდში და კუნთების გამაგრება - ცურვა და ვარჯიში.

- სად გადის ზღვარი კონსერვატიულ და ოპერაციულ მკურნალობას შორის?

- საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა რთულია, რადგან ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. დისკოს დეგენერაციული დაავადებების მიმართ მიდგომა მთელ მსოფლიოში ასეთია: პაციენტს უნდა მიეცეს შანსი, გამოვიდეს მდგომარეობიდან ოპერაციის გარეშე. თუ ექვსთვიანმა სწორმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ვუნიშნავთ ოპერაციას. როდესაც დასტურდება ნევროლოგიური დეფიციტი - მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მოშლა: უნებლიე შარდვა, უნებლიე დეფეკაცია, ტერფის ჩამოვარდნა, კუნთის განლევა, - ამ შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია. მხოლოდ ტკივილი კი ოპერაციის ჩვენება არ არის. უნდა ვეცადოთ, პაციენტი ოპერაციას გადაურჩეს.


- როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ოპერაციის შემდეგ?

- ოპერაციის მიზანია, მოიხსნას ზეწოლა - კონფლიქტი დისკოს გამოვარდნილ ფრაგმენტსა და ნერვულ დაბოლოებებს შორის. ოპერაცია ძალზე ეფექტურია. პაციენტი მეორე დღესვე კარგად გრძნობს თავს და დგება.

- მაშ, რატომ უფრთხიან ოპერაციას?

- იმიტომ, რომ პაციენტები ვერ ასრულებენ რეკომენდაციებს, რომლებსაც ქირურგი აძლევს. რეჟიმის დაცვა ოპერაციის შემდეგაც აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც საჭიროა კუნთოვანი მასის გამაგრება. ასეთი ოპერაციების დროს ვახდენთ ფიქსაციას. ეს აადვილებს ოპრაციას და ამცირებს რეციდივის ალბათობას.

- გარდა ვარჯიშისა, ხერხემლის დაავადების პროფილაქტიკის სხვა გზაც თუ არსებობს?

- პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ სიგარეტზე, ალკოჰოლზე. მაღალ ადამიანს რისკი მეტი აქვს, მაგრამ გენეტიკას, სამწუხაროდ, ვერაფერს ვუზამთ. სამსახურს ასე იოლად ვერ შევიცვლით. იმის თქმა, რომ მანქანაში არ ჩავსხდეთ, უაზრობაა. ანუ არსებობს ფაქტორები, რომელთა შეცვლა ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, მაგრამ რის შეცვლაც შესაძლებელია, ამისგან უკან არ უნდა დავიხიოთ. წონის დაკლება და ვარჯიში საშუალებას იძლევა, ამ დაავადების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

- რა სახის ვარჯიშია ნებადართული?

- ვარჯიში, რომელიც ხერხემალს ვერტიკალურად არ ტვირთავს. ვარჯიშები იწყება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. სრულდება:

  • ფეხების მოხრა, გაშლა;
  • ველოსიპედი;
  • მაკრატელი;
  • მონაცვლეობით ფეხების აწევა - ამ შემთხვევაში კუნთები ისე მაგრდება, რომ არ იტვირთება ხერხემალი.

კუნთების გამაგრების შემდეგ შეიძლება ფეხზე დამდგარმაც ვივარჯიშოთ და ისეთი ვარჯიშებიც კი შევასრულოთ, რომლებიც მანამდე ტკივილს იწვევდა. პირდაპირ ტრენაჟორებზე ვარჯიშის დაწყება არ შეიძლება. ფიტნესკლუბში ვარჯიში სამკურნალო ვარჯიშის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ არის ნებადართული. უნივერსალურია ჰიდროთერაპია - ვარჯიში წყალში, ასევე - ცურვა. ხერხემლისთვის სასარგებლოა წყალში მოძრაობა, რომელიც კუნთების გამგრებას 2-3-ჯერ აჩქარებს. გარდა ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ სასარგებლოა დაჭიმვები. არსებობს ვერტიკალური, ჰორიზონტალური, წყალქვეშა, მშრალი დაჭიმვები. თითოეულ მათგანს აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც, მაგრამ არსი ერთია: ხდება დეკომპრესია, მალათაშუა სივრცის გაფართოება, რაც ამ ადგილას ქმნის ვაკუუმს, რომელიც თითქოს იწოვს დისკოს ფრაგმენტს. ზემოთაც გითხარით: საკმარისია, დისკო მილიმეტრის მეათედით მოსცილდეს, რომ პაციენტს მიეცემა შვება და ვარჯიში შეეძლება.

- სასარგებლოა თუ არა ხერხემლისთვის იპოთერაპია?

- ცხენით სიარული კუნთების გამაგრების ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა ჯირითის დროს ხერხემალი იღებს ჯდომით ვერტიკალურ დატვირთვას.

- ჯდომა, დგომა, საზოგადოდ, ვერტიკალური მდგომარეობა ხერხემლისთვის ცუდია?

- ჯდომა უარესია. ამ დროს წელის ლორდოზი სწორდება და ხერხემალი ორმაგად იტვირთება, ამიტომ მას, ვინც ეწევა მჯდომარე ცხოვრების წესს, აძლევენ რეკომენდაციას, ერთსაათიანი ჯდომის შემდეგ ადგეს და ათი წუთი გაიარ-გამოიაროს, წაივარჯიშოს. შეიძლება, ადამიანი მთელი დღე იჯდეს, მაგრამ მუდმივად ავარჯიშებდეს კუნთებს დაჭიმვა-მოდუნების გზით - ესეც ტონუსის მომატებას და კუნთების გამაგრებას იწვევვს.

- სასთუმალს თუ აქვს მნიშვნელობა?

- სასთუმალი 10-15 სმ სიმაღლისა უნდა იყოს. მაღალი სასთუმალი რეკომენდებული არ არის. მთლად უსასთუმლობაც არ ვარგა. თავს სჭირდება სიმაღლე, რადგან კისრის ლორდოზი რამით უნდა დაკომპენსირდეს.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.