ტერფი და მისი დერმატოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტერფი და მისი დერმატოლოგიური პრობლემები

- რა უწყობს ხელს ტერფის სოკოვანი პათოლოგიის განვითარებას?

- ტერფის სოკოვანი დაავადებით ანუ ტერფის მიკოზით დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან ან მის ნივთებთან კონტაქტით, უპირველეს ყოვლისა - პედიკიურისა და მანიკიურის ხელსაწყოების, პირსახოცის, ფეხსაცმლისა და წინდების საშუალებით. ასევე ადვილად ხდება ინფიცირება აუზზე, საუნაში და სპორტულ დარბაზში. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, მიკროტრავმები, ვიწრო ფეხსაცმელი, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მიკოზის განვითარების რისკი იმატებს იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით, გადაღლით, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღებით, არასრულფასოვანი კვებით, ანემიით. 

- გარდა ქავილისა, რას უჩივის ამ დროს პაციენტი?

- კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. ხშირად დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს და მაშინღა აღმოაჩენენ, როცა პაციენტს სამედიცინო ცნობა დასჭირდება ანდა თავს იჩენს ესთეტიკური პრობლემები, სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი. თუ სოკოვანს ბაქტერიული ინფექციაც დაერთო, ვითარდება კანის ანთება, შეშუპება და ტკივილი.

- დაავადების გამომწვევი პარაზიტებიდან რომელი გხვდებათ ყველაზე ხშირად?

- ტერფის სოკოვან პათოლოგიას ყველაზე ხშირად იწვევს თრიცჰოპჰიტონ რუბრუმ და თრიცჰოპჰიტონ მენტაგრაპჰყტეს. ეს ორი გამომწვევი უმეტესად თითებს (კერძოდ, მე-3-სა და მე-4-ს) შორის არსებულ ნაოჭებში ბუდობს, აქედან კი პროცესი ვრცელდება ტერფის კანზე და ფრჩხილის ფირფიტაზე. ტერფებზე შეინიშნება აქერცვლა და კანის აშრევება. ამავე უბნებზე წარმოიქმნება წვრილი ბუშტუკები, ერითემა, ნაპრალებიც კი. კლინიკისა და ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ დერმატოფიტიის შემდეგი სახეები: თითებშუა დერმატოფიტია, ფეხისგულების დერმატოფიტია (როცა დაზიანების კერა შემოიფარგლება ფეხისგულითა და ტერფის გვერდითი ზედაპირებით), დისჰიდროზული დერმატოფიტია (როდესაც შეინიშნება დიდი რაოდენობით წვრილი და მსხვილი ბუშტუკები), ღრმა დერმატოფიტია (ამ შემთხვევაში გამონაყარი ვრცელდება თითებშუა ნაოჭებში, ფეხისგულსა და ტერფის დორზალურ ზედაპირზე. ხშირად თან ახლავს ბაქტერიული ინფექციაც).

- დათვალიერებასთან ერთად რომელ გამოკვლევებს ეფუძნება დიაგნოსტიკა?

- ტერფის მიკოზის საბოლოო დიაგნოსტიკისთვის, გარდა ზემოთ აღნიშნული გარეგნული ცვლილებების დადასტურებისა, საჭიროა პათოლოგიური კერიდან აღებული მასალის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ამ უკანასკნელს ექიმი ნიშნავს. ამასთანავე, ხშირად დერმატოლოგი მიზანშეწონილად მიიჩნევს თერაპევტის, ენდოკრინოლოგის ან ანგიოლოგის კონსულტაციას.

- რას გულისხმობს ტერფის დაავადებათა რაციონალური მკურნალობა და პროფილაქტიკა?

- სწრაფი და ეფექტური განკურნების საწინდარია ექიმთან დროულად მისვლა და მკურნალობის ადრეულ სტადიაში დაწყება. ამჟამად ანტიმიკოზური მედიკამენტების არჩევანი საკმაოდ დიდია და მოიცავს როგორც სისტემური, ასევე  ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებს: კრემებს, ლოსიონებს, სპრეის, აეროზოლს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, როდესაც პროცესი გენერალიზებულია ან თან ერთვის ბაქტერიული ინფექცია, მკურნალობის სქემაში უნდა ჩაირთოს სისტემური პრეპარატებიც, რომელთაც ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს. პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, თეთრეულის, ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექციას. უნდა გვეცვას მხოლოდ საკუთარი ფეხსაცმელი, თავი ვარიდოთ ფეხშიშველა სიარულს ისეთ ადგილებში, როგორიც არის აუზი, საუნა, სპორტდარბაზი. წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებელია ტერფის კარგად გამშრალება და პერიოდულად ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) აეროზოლის შესხურება.

- რას გვეტყვით ფრჩხილების დაავადებებზე, მათ დეფორმაციასა და სხვა სახის ცვლილებებზე?

- უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში იმატა ფრჩხილების დეფორმაციული დაზიანებისადმი როგორც დერმატოლოგების, ასევე კოსმეტოლოგებისა და სხვა სპეციალისტების ინტერესმა. ეს, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება მოსახლეობის ავადობის მატებას და ფრჩხილების ამა თუ იმ ცვლილებისას დიაგნოზის დასმის სირთულეს. ფრჩხილების დაავადება ინფექციურიც შეიძლება იყოს და არაინფექციურიც. სოკოვანი ინფექციების წილად მოდის ფრჩხილების დაავადებათა დაახლოებით 50%, დანარჩენ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ფრჩხილის ფირფიტის არაინფექციურ დაზიანებასთან ანუ ონიქოდისტროფიასთან. სოკოთი ინფიცირებული ფრჩხილის ჯანმრთელისგან გარჩევა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებამდე, საწყის ეტაპზე, შესაძლებელია მხოლოდ ფერის ცვლილებით. მოგვიანებით ფრჩხილი სქელდება, ფხვიერდება და იწყება მისი დესტრუქციული ცვლილებები. ფერი შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო, ყავისფერი ან შავი. არანამკურნალევი ონიქომიკოზი (ფრჩხილის სოკოვანი დაავადება) განიხილება როგორც სხვადასხვა ინფექციური (მაგალითად, წითელი ქარის) დაავადების წყარო. ონიქომიკოზი არსებითად ართულებს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას. გარდა ამისა, დასნებოვნებულს შესაძლოა განუვითარდეს ალერგია,  ჩამოუყალიბდეს ჰიპერმგრძნობელობა სოკოს როგორც ალერგენის მიმართ; დაემართოს ან გართულდეს ისეთი დაავადებების მიმდინარეობა, როგორიც არის ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი.


ონიქომიკოზის მკურნალობა ამჟამად არ წარმოადგენს სირთულეს, მით უმეტეს - თუ, როგორც აღვნიშნეთ, პაციენტმა დროულად მიმართა ექიმს და ზედმიწევნით დაიცვა მკურნალობის რეჟიმი. თანამედროვე ეფექტურ ანტიმიკოზურ (როგორც სისტემურ, ასევე ადგილობრივ) საშუალებებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში შესაძლოა ჩაირთოს უახლესი მეთოდი - დაზიანებული ფრჩხილის აპარატული დამუშავება. სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა იმ ნივთების დეზინფექცია, რასაც კი ეხება პაციენტი: მანიკიურისა და პედიკიურის ხელსაწყოებისა, ფეხსაცმლისა, წინდებისა... ფრჩხილის არაინფექციურ დაზიანებას, ონიქოდისტროფიას, ასევე ახასიათებს ფრჩხილის ფირფიტის ფერის, ფორმის, ზედაპირის, სისქისა და ელასტიკურობის ცვლილება. ამ პათოლოგიურ პროცესს საფუძვლად უდევს ფრჩხილის ფირფიტის ტროფიკის (კვების) დარღვევა, რაც შემდგომ მისი დეფორმაციით, განლევითა და აშრევებით გამოვლინდება. ონიქოდისტროფია შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე სხვა დაავადების სიმპტომი. უფრო მეტიც - დერმატოლოგიაში მიღებულია ონიქოდისტროფიის ამგვარი დაყოფა:

  • შინაგანი დაავადებების, ინფექციური, ნერვულ-ფსიქიკური, ენდოკრინული და სხვა სისტემური დაავადებების თანმხლები ტროფიკული ცვლილებები;
  • კანის დაავადების: ფსორიაზის, ეგზემის, წითელი ბრტყელი ლიქენის, ბუდობრივი ალოპეციის - თანმხლები ფრჩხილის ცვლილებები;
  • ადგილობრივი (მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური) ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული ფრჩხილის დაზიანება.

კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს გამომწვევი ფაქტორის დადგენას, პრეპარატების, ფიზიოპროცედურების ინდივიდუალურ შერჩევას, ზოგჯერ - ქირურგიულ ჩარევასაც.

- სამწუხაროდ, არც ქუსლის ნახეთქებია იშვიათი. რა ხდება ამ დროს, რა აჩენს ნახეთქებს?

- ქუსლის ნახეთქები ჩნდება, როდესაც კანი მეტისმეტად მშრალია და ელასტიკურობა დაქვეითებული აქვს. ამ პრობლემას უმეტესად ის ადამიანები უჩივიან, რომლებსაც კანის დაავადებები და ენდოკრინული სისტემის დარღვევები აქვთ. ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის სიმპტომი. მკურნალობა დაავადების მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, რეტინოლის დეფიციტით გამოწვეული ნახეთქების არსებობისას აუცილებელია კვების კორექცია და რაციონის გამდიდრება ღვიძლით, კვერცხის გულით, ხიზილალით, სტაფილოთი. თერაპია მოიცავს ინტენსიურ სამკურნალო პროცედურებს და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა პროფილაქტიკისთვისაც მიზანშეწონილი შარდოვანას შემცველი მალამო - ტოპიკ 10.

- მკითხველები ხშირად გვთხოვენ, ვასწავლოთ კოჟრების (კოჟიჟების) მკურნალობის ხალხური მეთოდებით მოცილება. როგორც ცნობილია, კოჟრების გაჩენის მიზეზი კანის გაუხეშება-გარქოვანება, მისი შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლებაა. ამას იწვევს მოუხერხებელი ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება, ერთსა და იმავე პოზიციაში მუდმივი დატვირთვა, რაც ხშირად პროფესიულია, მაგალითად, ცეკვის, ვარჯიშის დროს.

- კოჟრი არის კანის შემოფარგლული გარქოვანება, გამოწვეული მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებით, ბრტყელტერფიანობით, ჭარბი წონით, ფეხების მოვლის უგულებელყოფით. განვასხვავებთ კოჟრის მარტივ ფორმას, რომელიც ვითარდება ფეხის გაოფლიანების შემთხვევაში და რბილ, წყლით სავსე ბუშტუკს წარმოადგენს. ადამიანს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის მაგარი კოჟრი, რომელსაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ძლიერი ტკივილი სიარულისას.

- რომელია ყველაზე ეფექტური საშუალება კოჟრების მოსაცილებლად? რას გულისხმობს მათი განვითარების პროფილაქტიკა?

- კოჟრებს ხშირად შინ მკურნალობენ, რაც არასწორია, რადგან შინაურმა მეთოდმა შესაძლოა საღი კანის ანთება გამოიწვიოს და მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს. ხშირად გვესმის: "ფეხები თბილ წყალში მოათავსეთ, კოჟრი დაარბილეთ და პემზით გაიხეხეთ". ამ ხერხის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც კოჟრი მცირე ზომისაა. ამჟამად შემუშავებულია კოჟრების ეფექტური კომპლექსური მკურნალობა - მედიკამენტებთან ერთად პედოლოგიური აპარატით დამუშავება-მოცილება, რითაც მიიღწევა 100%-იანი შედეგი. ამ თითქოსდა უმნიშვნელო პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, თბილი წყლის აბაზანის შემდეგ დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, სინთეტიკურ წინდებზე უარის თქმა. ცალკე უნდა ვახსენოთ კანის გარქოვანება. ის მოიაზრება დაავადებათა ჯგუფში, რომელსაც აერთიანებს ტერმინი კერატოდერმია. გარქოვანება შეიძლება იყოს როგორც შემოფარგლული, ასევე გავრცობილი, დიფუზური, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ან სიმპტომური. თანდაყოლილ ფორმებზე, - ისეთებზე, როგორიც არის უნნა-ტოსტის, მელედას, ხელისგულ-ფეხისგულების წერტილოვანი კერატოდერმია და სხვა, - თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ. შეძენილია ინფექციური კერატოდერმია, რომლიც ვითარდება ინფექციური დაავადების შედეგად და კლიმაქტერიული კერატოდერმია, როცა კანის გარქოვანება თავს იჩენს კლიმაქსის პერიოდში და ფეხისგულებზე ერითემის წარმოქმნა ახასიათებს. ეს უკანასკნელი იფარება რქოვანა შრეებით და თანდათან მთელ ფეხისგულს მოიცავს. ზამთარში მდგომარეობა უარესდება. მკურნალობა სიმპტომურია. მიზანშეწონილია A, E, C და B ჯგუფის ვიტამინების მიღება, ზღვის მარილის აბაზანები, ადგილობრივი კერატოლიზური (გარქოვანებული უბნების დამშლელი) საშუალებების გამოყენება.