ჯანმრთელობის სარკე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის სარკე

სიარულის ტემპი და ტიპი მეტად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, სხეულის სიმაღლესა და ნაბიჯის სიგრძეზე. განასხვავებენ სიარულის 5 ტემპს: ნელს, შენელებულს, თავისუფალს, აჩქარებულსა და ჩქარს. ადამიანი ყველაზე ხშირად თავისუფალი ტემპით გადაადგილდება, რადგან ამ დროს კუნთები მინიმალურად იტვირთება.

ყველაზე დაჩაგრული ორგანო

ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივ მოძრაობას, რომელსაც ყველაზე ხშირად ვასრულებთ, საკმაოდ რთულ ფუნქციურ-ანატომიურ წარმონაქმნს - ტერფს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც კუნთების, ძვლების, მყესოვანი აპარატის, სისხლძარღვებისა და ნერვული დაბოლოებებისგან შედგება. სწორედ ამ ორგანოს დააკისრა ბუნებამ მთელი სხეულის ზიდვა, გადაადგილება, კოორდინაცია და წონასწორობის დაცვა. ტერფის დანიშნულებაა:

  • სხეული უსაფრთხოდ და გეგმაზომიერად გადააადგილოს წინ (ეს მისი მთავარი ფუნქციაა);
  • შეუნარჩუნოს სხეულს ვერტიკალური მდგომარეობა, რომელიც მას გადაადგილებისას დაცემისგან იცავს;
  • სიარულისას ნაბიჯის ფაზებს შორის დატვირთვის გადანაწილების ხარჯზე დაზოგოს ორგანიზმის ენერგია, რათა ეს მოძრაობა ენერგიის მინიმალური ხარჯვით განხორციელდეს;
  • უზრუნველყოს თავისუფალი მოძრაობა, რათა სიარულის დროს მკვეთრმა მოძრაობებმა სხეულის დაზიანება არ გამოიწვიოს;
  • უზრუნველყოს გადაადგილებისას სხეულის სიმძიმის ცენტრის დაუბრკოლებელი გადაადგილება-გადანაცვლება.

სასიარულო აპარატი

ტერფი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ნამდვილად ვერ შეასრულებდა, სასიარულო აპარატის დანარჩენი წევრები რომ არ ეხმარებოდნენ. ესენი არიან ქვედა კიდურების კუნთები, ძვლები, მყესოვანი აპარატი, სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები. სასიარულო აპარატის მთავარი რგოლია წყვილი მენჯის ძვლისგან შემდგარი ქვედა კიდურების სარტყელი (რომლითაც იგი ხერხემალს უკავშირდება) და მისი  მეორე თავისუფალი ნაწილი, რომელიც სამ სეგმენტს: ბარძაყს, წვივსა და ტერფს - მოიცავს, ამიტომ სიარულის გაძნელება ან ამ დროს გაჩენილი დისკომფორტი მხოლოდ ტერფის კი არა, სასიარულო აპარატის სხვა წევრების დაზიანებაზეც მიანიშნებს.

ბიომექანიკური ცენტრი

ტერფი სასიარულო აპარატის ბიომექანიკური ცენტრიც არის, რადგან სიარულის დროს აპარატის ყველა სხვა წევრებზე მეტი დატვირთვა ადგას. ტერფი განსაკუთრებით მდიდარია ნერვული დაბოლოებებით. სწორედ ბიოაქტიური წერტილების სიმრავლის გამო უწოდეს მას ჩინელებმა ჯანმრთელობის სარკე. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ტერფი წარმოუდგენლად დიდ და ძლიერ დატვირთვას იტანს - სხეულის მასის 120-250%-ის ტოლფასი ძალის დაძლევა უხდება. სწრაფი სიარულისას ის წამში 5 მეტრს გადის, რაც დაახლოებით 18 კმ/სთ-ია, სირბილის დროს კი 70 კმ/სთ სიჩქარით "მოძრაობს". დღის განმავლობაში ადამიანი 2-დან 6 ათასამდე ნაბიჯს დგამს. წელიწადში ეს 860 000-დან 2 085 600-ამდე ნაბიჯია. ტერფის ამტანობას მისი დახვეწილი მექანიკური კონსტრუქცია და უნიკალური მასალა განაპირობებს.

ტერფის ძვლოვანი ნაწილი

ტერფი, მტევნის მსგავსად, სამი ნაწილისგან შედგება: წინა და უკანა ტერფისა და თითებისგან. ტერფის ანატომიურ აგებულებას იმ მოთხოვნათა სირთულე განსაზღვრავს, რომელთა განხორციელებაც მას სხეულის გადაადგილებისას სიმძიმის ცენტის სწრაფი ცვლილების საშუალებას აძლევს.

წინა ტერფი

წინა ტერფის ჩონჩხი შედგება 5 მოკლე ლულოვანი ძვლისგან, რომელთაგან მხოლოდ პირველი გამოირჩევა მასიურობით, დანარჩენი 4 თანაბარი ზომისაა. თითები 3 რიგად განლაგებული ფალანგებისგან შედგება.


უკანა ტერფი

უკანა ტერფის ჩონჩხი განსხვავებული ფორმისა და სიდიდის 7 ძვლისგან შედგება. ისინი ორ რიგად არიან განლაგებულნი. პირველ რიგში 2 მსხვილი - კოჭისა და ქუსლის, მეორეში კი დაახლოებით თანაბარი ზომისა და კონფიგურაციის 5 ძვალია.

კოჭი

კოჭს განსაკუთრებული აგებულება აქვს, რასაც მისი ფუნქცია განაპირობებს - ის წვივის ძვლებსა და ტერფს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი, ერთი მხრივ, სხეულისთვის უშუალო საყრდენ ზედაპირს ქმნის, მეორე მხრივ კი იმაგრებს ტერფის მამოძრავებელ მნიშვნელოვან კუნთებს. სწორედ კოჭზეა მიმაგრებული განსაკუთრებით სათუთი ბარძაყის სამთავა კუნთის დაბოლოება - აქილევსის მყესი, რომელიც, ფეხის ცერა თითისა და სახსრის დარად, სიარულისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ყველაზე ხშირად ზიანდება და ტერფის დეფორმაციას იწვევს.

თაღები

ნორმალურ, ჯანსაღ ტერფს რკალისებრი მოხაზულობა აქვს. ამას ორი: გასწვრივი და განივი - თაღი განაპირობებს. ისინი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ:

  • ძვლების, კუნთების, მყესებისა და იოგების საშუალებით სძენენ ტერფს ბუნებრივი ზამბარის ფუნქციას, რომლის წყალობითაც ადამიანი შეუმჩნევლად ლახავს დედამიწის მიზიდულობის ძალას;
  • მოთხოვნისამებრ გადაანაცვლებენ სხეულის სიმძიმის ცენტრს ერთი ადგილიდან მეორეზე;
  • სხეულს რყევებისგან იცავენ და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს უმარტივეს მოძრაობად  გარდაქმნიან. 

მიზეზთა გამო ზოგჯერ ტერფის გასწვრივი და განივი თაღები არასათანადოდ არის განვითარებული ან სრულიად განუვითარებელია. სწორედ ამ პათოლოგიურ მდგომარეობას უწოდებენ მედიცინაში ბრტყელტერფიანობას. ამ დროს მკვეთრად ირღვევა ტერფის როგორც ბიოლოგიური ზამბარის ფუნქცია და სიარულიც მეტად დამღლელი და მომქანცველი ხდება.

სახსროვანი ნაწილი

ტერფში ძვლები ერთმანეთს უკავშირდება და იოგებისა და მყესების დახმარებით საკმაოდ მყარ სახსრებს ქმნის. ამ მხრივ აღსანიშნავია კოჭ-წვივის სახსარი, რომელიც წვივს ტერფთან აკავშირებს.

კუნთოვანი ნაწილი

მომხრელი, გამშლელი, შიგნით და გარეთ მბრუნავი კუნთები რომ არა, მხოლოდ ძვლებითა და სახსრებით არათუ სიარულს, სირბილსა და ხტომას, ადამიანი უმარტივესი მოძრაობის შესრულებასაც კი ვერ მოახერხებდა. ძვალ-კუნთოვანი აგებულების მიხედვით განასხვავებენ ორი სახის ტერფს: რბილსა და მაგარს.

კვება

ტერფს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით თეძოს გარეთაAარტერია ამარაგებს, რომლის ურიცხვი და უწვრილესი განშტოებებიც ტერფის თითოეულ ძვალში, სახსარსა და კუნთში შედის და მათ უჯრედებამდე არსებობისთვის საჭირო ნივთიერებები მიაქვს. ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი უვარგისი პროდუქტების მოშორება კი ქვედა ღრუ ვენისა და მისი განტოტებების საშუალებით ხდება.

მგრძნობელობა

ტერფი განსაკუთრებით მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, რომლებიც, ძველი ჩინელების აზრით, ადამიანის სასიცოცხლო უნარზე დიდ გავლენას ახდენს. მისი ნერვულ-რეფლექსური მოქმედება, გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებზე მყისიერი რეაგირება წელ-გავის ნერვული წნულიდან გამომავალი რამდენიმე ნერვის დამსახურებაა, რომელთა შორისაც, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მსხვილი და გრძელი - საჯდომი ნერვი უნდა ვახსენოთ. მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული ქვედა კიდურთა მგრძნობელობა. ტერფზე უამრავი ნერვული, მგრძნობიარე რეცეპტორია, რომელთა ერთი ნაწილი მყისიერად რეაგირებს ტემპერატურაზე, მეორე - ქიმიურ ნივთიერებებზე, მესამე კი სხვა სახის მექანიკურ გამღიზიანებლებზე და ამით ადამიანს მოახლოებული საშიშროებისგან იცავს.

საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები

ტერფზე ურიცხვი ცხიმისა და საოფლე ჯირკვალია. ამ მიდამოში კანი განსაკუთრებით მდიდარია აღნიშნული ჯირკვლებით, რომლებიც იმითაც გამოირჩევა, რომ სხვა უბნებზე განლაგებულ ჯირკვლებზე აქტიურია და ოფლისა და ცხიმის გაძლიერებული სეკრეცია შეუძლია. ამის გამო ტერფს განსაკუთრებული მოვლა და სწორად შერჩეული ფეხსაცმლის ტარება სჭირდება, რადგან გაძლიერებული სეკრეციის პირობებში, ჰიგიენური წესების დაუცველობისას, დაუბრკოლებლად მრავლდებიან ტერფზე უხვად დასახლებული მიკრობები და უამრავ დაავადებას იწვევენ. ამას ერთვის ტერფის განსაკუთრებული დატვირთვაც. ყოველივე ამის გამო სხეულის ეს ნაწილი ზოგჯერ მწყობრიდან გამოდის, სიარული თავისუფალი აღარ არის, სულ უფრო მეტ დისკომფორტს გვაყენებს და ხშირად ძლიერი, აუტანელი ტკივილების მიზეზადაც იქცევა.