რატომ გვტკივა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვტკივა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი

სახსარი უდიდეს დატვირთვას განიცდის. ეს განპირობებულია არა მარტო ღეჭვით, არამედ მეტყველებით, სახის მიმიკით, სახეზე ზეწოლით... ამ და სხვა მიზეზების გამო ვითარდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია, რაც იწვევს სახსრის დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და სხვა ცვლილებებს.

ხშირია საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომი - სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც ახასიათებს სახსრის ტკაცუნი, ტკივილი საღეჭ კუნთებზე ზეწოლისას ან პირის გაღება-დაკუმვისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. ზოგჯერ ერთი შეხედვით უცნაური ჩივილები - ყურის ტკივილი ან თავის ტკივილიც აღინიშნება. სინდრომი სამჯერ უფრო ხშირია ქალებს შორის და უპირატესად 30-50 წლის ასაკში გვხვდება.

როგორ ამოვიცნოთ

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ მოწოდებულია სიმპტომები, რომელთა არსებობაც საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომს გვავარაუდებინებს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ხშირი თავის ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით;
  • ჩვევა, კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭიროთ ან კბილები აკრაჭუნოთ;
  • კბილების მწვერვალების გაცვეთა, განსაკუთრებით ზედა ყბის ეშვებზე;
  • ყბის კუნთების ტკივილი;
  • პირის გაღებისას ან ღეჭვისას სახსრების ტკაცუნი;
  • პირის გაღების გაძნელება, სახსრის მოძრაობის შეზღუდვა;
  • სახის, ყბის, კისრის ან მხრის კუნთების ტკივილი;
  • ყურის არეში ტკივილი;
  • ყურებში დაგუბებისა და ქავილის შეგრძნება;
  • ყურის მუდმივი ყრუ ტკივილი ყურის დაავადების არარსებობის მიუხედავად;
  • ყურებში ხმაური;
  • ხშირი თავბრუხვევა.

ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ ხშირი თავის ტკივილი, ტკივილი და დისკომფორტი სახის, კისრის, მხრების არეში შეიძლება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციასთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ეს ართულებს და აგვიანებს დიაგნოსტიკას, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. მართლაც, ვერავინ იფიქრებს, რომ თავის ტკივილის ან კისრის კუნთების დაძაბვის დროს სტომატოლოგს, ქირურგს ან ორთოპედს უნდა მიმართოს. როცა ამ ჩივილებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკაცუნიც ერთვის, ჩამოთვლილი ჩივილების მიზეზიც ნათელია.

დიაგნოზს ადასტურებს რენტგენოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ექიმი აუცილებლად გამორიცხავს ქვედა ყბის მოტეხილობასა და ამოვარდნილობას, პერიოდონტიტსა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანებით მიმდინარე სიმსივნურ დაავადებებს.

რა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომს?

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ხუთ წყვილ კუნთთან ერთად ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ყბას და გვაძლევს საშუალებას, ქვედა ყბა ვამოძრაოთ ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ. ნებისმიერი დარღვევა კუნთების, იოგების, ძვლებისა და სახსრების რთულ სისტემაში, რაც იწვევს ტკივილს ან რაიმე დისკომფორტს, განიხილება როგორც საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომი. ერთ-ერთი მიზეზია ყბის სახსრების თანხვედრის დარღვევა. სახსრების თანხვედრა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დაირღვეს. ამ მიზეზებს შორის აღსანიშნავია არასწორი თანკბილვა, არაკვალიფიციური სტომატოლოგიური ჩარევა - ცუდად დაბჟენილი კბილი ან არასწორად მორგებული პროთეზი, კბილების კრაჭუნის ჩვევა ან უნებლიე კრაჭუნი ძილის დროს, ტრავმა, რომლის დროსაც ყბამ დარტყმა განიცადა...

სხვათა შორის, კბილების კრაჭუნი იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ცალკე განიხილება და ბრუქსიზმის სახელწოდებით არის ცნობილი. იქნებ სასაცილოც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ სახსრების თანხვედრას არღვევს ტელეფონის ყურმილის მხრით დაჭერის ჩვევა. დიდ როლს ასრულებს სტრესი. პირველი ჩივილები ხშირად სწორედ ცხოვრების კრიტიკულ პერიოდებსა და მოვლენებს ემთხვევა. გარდა ამისა, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილი აღინიშნება ართრიტის, ართროზისა და სახსრების სხვა დაავადებების დროს.

იცით თუ არა, რომ...

ამერიკის შეერთებულ შტატებში საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომის მკურნალობა მეორე ადგილზეა და პირველობას მხოლოდ სიმსივნურ დაავადებებს უთმობს? ასეთივე ვითარებაა გერმანიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 75 მილიონამდე ადამიანია დაავადებული.

როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?

მრავალი უცხოელი სპეციალისტის მტკიცებით, ქვედა ყბის სახსრების თანხვედრა პაციენტთა თითქმის ნახევარს აქვს დარღვეული, მაგრამ საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომს მათი მხოლოდ ნახევარი უჩივის. სტომატოლოგებს მიაჩნიათ, რომ რამდენიმე რეკომენდაციის დაცვით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება. ქვემოთ მოგვყავს ზოგიერთი მათგანი:

  • მსუბუქად დაიზილეთ მტკივანი ადგილი: ტკივილი დაკავშირებულია კუნთების სპაზმთან, სახსრისა და ყურის არის მსუბუქი მასაჟი კი სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს.
  • დაგეხმარებათ სითბო. ის შესანიშნავად ადუნებს კუნთებს. მტკივან ადგილზე შეგიძლიათ სათბური დაიდოთ, ოღონდ თბილი და არა ცხელი.
  • შესაძლოა, შვება ყინულის პარკმაც მოგგვაროთ.
  • არ არის მიზანშეწონილი ცივისა და თბილის მონაცვლეობა. შეარჩიეთ, რაც გსიამოვნებთ და ყოველთვის ის გამოიყენეთ.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ისინი ამცირებენ კუნთოვან ტკივილს.
  • დაივიწყეთ მავნე ჩვევები. გახსოვდეთ, რომ ყურმილის მხრით დაჭერა, კბილების ერთმანეთზე დაჭერა ან როდენის მოაზროვნესავით მუშტზე თავის ჩამოდება საგრძნობლად ზრდის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დატვირთვას.
  • თუ ტკივილი ძლიერია, ცოტა ხნით უარი თქვით ისეთ საკვებზე, რომლის ღეჭვაც ყბებს ტვირთავს. მიიღეთ თხევადი და ნახევრად მყარი საკვები.
  • პირს ძლიერად ნუ გააღებთ, მეტადრე - მთქნარებისას.
  • იძინეთ ზურგზე, ბალიში ისეთი შეარჩიეთ, რომ კისერი არ დაგეძაბოთ.
  • ნუ დაწვებით გვერდზე ან მუცელზე.
  • ნუ გადაიკიდებთ მხარზე მძიმე ჩანთას.
  • ნუ შეასრულებთ სამუშაოს, რომელიც თავის აწევას მოითხოვს (მაგალითად, ჭერის შეღებვა).
  • ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს.
  • თავი არიდეთ სტრესს. მრავალი სტომატოლოგისა და მანუალური თერაპევტის აზრით, სტრესი ქმნის მანკიერ წრეს. ის იწვევს კუნთების დაძაბვას, რაც მკვეთრად აძლიერებს ტკივილს და აძნელებს მის კუპირებას.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. სპეციალისტს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ თავის ტკივილი ძლიერია, გიჭირთ პირის გაღება, კბილების გამოხეხვა. ეს საგანგაშო სიმპტომებია, რადგან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომის გაუარესებაზე მეტყველებს.

რას გულისხმობს მკურნალობა

საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომს სტომატოლოგი მკურნალობს. ხშირად საჭიროა ქირურგიული თუ ორთოპედიული ჩარევა. აუცილებელია თანკბილვის კორექცია, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიოთერაპიული პროცედურები.