კოჭ-წვივის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზების ოპერაციული მკურნალობა ახალი თაობის ენდოპროთეზებით საქართველოშიც ინერგება

მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც რომ დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება, ამას ბევრი პაციენტი თავად დაადასტურებს. მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას სამედიცინო პრაქტიკის დახვეწა და მრავალი მეთოდის სრულყოფა რომ მოსდევს, არც ეს არის გასაკვირი. თუმცა სიახლე, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ, ალბათ ბევრს დააინტერესებს და ერთგვარად გააოცებს კიდეც.

კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზების ოპერაციული მკურნალობა ახალი თაობის ენდოპროთეზებით საქართველოშიც ინერგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემის მქონე მრავალ ხეიბარს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტკივილისა და უამრავი სხვა პრობლემის აღმოფხვრაზე, რომლებსაც ადამიანს პათოლოგიური სახსარი უქმნის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ ორთოპედიაში მართლაც რომ მნიშვნელოვანი სიახლეა. სწორედ ამ სიახლეზე გვესაუბრება ს. ს. "ტრავმატოლოგის" ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის დოქტორი ლუხუმ ჭანტურია.

- როგორც შევიტყვეთ, კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზირება ჩვენს ქვეყანაშიც ინერგება და საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ოპერაციისთვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ...

- ნამდვილად ასეა და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი კლინიკა ამ საქმის პიონერია. კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზების ოპერაციული მკურნალობა ახალი თაობის ენდოპროთეზებით ბევრ პაციენტს შვებას მოჰგვრის, აქამდე გადაუჭრელი ბევრი პრობლემა სრულიად სხვაგვარად გადაიჭრება, მით უფრო, რომ კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი საქართველოშიც საკმაოდ არის გავრცელებული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული თვალსაზრისითაც მეტად აქტუალურია.

- რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება უპირატესად კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი და როგორია მისი გავრცელების სტატისტიკა საქართველოში?

- კოჭ-წვივის სახსრის ტრავმის გავრცელების არეალი მოიცავს ყველა რეგიონს, თუმცა იმ შემთხვევების რიცხვი, რომელთა შედეგებიც ენდოპროთეზირებას უკავშირდება, ბევრად ნაკლებია და მოიცავს ასაკობრივ ჯგუფებს 30-35 წლიდან. მადეფორმირებელი პოსტტრავმული ართროზები უმთავრესად არასწორი მკურნალობის შედეგად ვითარდება. გავრცელების სიხშირით პირველ ადგილს იკავებს კოჭ-წვივის სახსრის პოსტტრავმული ანუ ტრავმის მიღების შემდეგ განვითარებული ართროზი. კოჭ-წვივის სახსრის ტრავმების წილად წვივის ძვლების მოტეხილობის 60-70% მოდის.

საზოგადოდ, სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის ყველაზე მეტად სწორედ მადეფორმირებელი ართროზებია გავრცელებული. მადეფორმირებელი ართროზი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა. ფართო გავრცელებისა და აგრესიული მიმდინარეობის გამო მის მკურნალობას უდიდესი ყურადღება ექცევა.

ართროზის მკურნალობა მოიცავს როგორც კონსერვატიულ, ასევე ოპერაციულ მეთოდებს. კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია ტკივილის შესუსტება, ლიკვიდაცია, სახსრის ქსოვილის, განსაკუთრებით სასახსრე ხრტილის, ტროფიკის (კვების) გაუმჯობესება. ისიც უნდა ითქვას, რომ დაავადების III სტადიაზე ტკივილების კუპირებისთვის კონსერვატიული მკურნალობა საკმარისი არ არის. ამ უკანასკნელის უშედეგობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. სხვადასხვა სახსრის ართროზის მკურნალობისას ოპერაციული მიდგომა სხვადასხვაგვარია. კოჭ-წვივის სახსრის ართროზების მკურნალობისას კი, სამწუხაროდ, ამჟამად მხოლოდ ართროდეზი - სახსრის ჩაკეტვის ოპერაცია - გამოიყენება.

- რას გულისხმობს სახსრის ჩაკეტვის ოპერაცია?

- ეს საკმაოდ დიდი და მძიმე ოპერაციაა. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივია - 4-6 თვეს მოიცავს. სახსრის ჩაკეტვის ოპერაცია გულისხმობს უძრავი შესახსრების შექმნას კოჭისა და წვივის ძვლებს შორის. სწორედ ეს არის ძირითადი პრობლემა, ანუ გადაადგილებისას, ნაბიჯის გადადგმისას, მთელი დატვირთვა ტერფის წვრილ სახსრებზე მოდის, რაც კიდურის სრული ფუნქციობისთვის საკმარისი არ არის. ენდოპროთეზირება კი კოჭ-წვივის სახსარში მოძრაობის სრულად შენარჩუნების საშუალებას იძლევა; ამასთანავე, გამორიცხავს ტკივილების არსებობას და უზრუნველყოფს კიდურის სრულყოფილ ფუნქციობას.

უნდა მოგახსენოთ, რომ კოჭ-წვივის სახსარში მადეფორმირებელი ართროზის არასწორი ან არასაკმარისი მკურნალობა იწვევს სტატიკური ბალანსის დარღვევას და მრავალ ფუნქციურად შეუქცევად პროცესს ადამიანის ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მკურნალობის ახალი პრინციპების ძიება და მათი სწორად მართვა.

განვითარებულ ქვეყნებში ბოლო ხანს ფართოდ დაინერგა კოჭ-წვივის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება ახალი თაობის ენდოპროთეზებით. ენდოპროთეზირების შედეგად ხეიბრებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმსა და რეჟიმს, დაივიწყონ მუდმივი ტკივილები. გარდა ამისა, ენდოპროთეზირების შედეგად შესაძლოა სახსრებში სრულად აღდგეს მოძრაობების ამპლიტუდა, პაციენტი კვლავინდებურად შრომისუნარიანი გახდეს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რა დიდი როლი ეკისრება კოჭ-წვივის ართროზების მკურნალობაში ენდოპროთეზების გამოყენებას.


- იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, რას წარმოადგენს კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზი.

- თანამედროვე, ახალი თაობის ენდოპროთეზები მზადდება უახლესი ტექნოლოგიებით, ტიტანისა და სხვა ძვირფასი ლითონების მინარევებისგან. მათი ზედაპირები დამუშავებულია ისეთი სისტემით, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს პროთეზის ძვალთან კონსოლიდაციას, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივ ექსპლუატაციას, ხანგრძლივ მოხმარებას განაპირობებს. პროთეზის მაღალი ხარისხი და დახვეწილი დიზაინი უზრუნველყოფს ოპერაციის შედეგიანობის ძალიან მაღალ ალბათობას. თანამედროვე პროთეზები ტექნოლოგიურად მეტად მოხერხებულია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმსაც მოითხოვს. ოპერაცია კეთდება წინა მიდგომით, ანუ კოჭ-წვივის სახსრის წინა ზედაპირიდან; მოითხოვს როგორც კოჭის ძვლის, ასევე წვივის დისტალური ბოლოს სასახსრე ნაწილის დამუშავებას, ენდოპროთეზის ზედაპირებისათვის სარეცლის მომზადებას.

ენდოპროთეზების არსებობამ მადეფორმირებელი ართროზების დროს კოჭ-წვივის სახსარში ოპერაციული მკურნალობა მეტად აქტუალური გახადა. თუმცა ძალიან ბევრი საკითხი შესწავლის ფაზაშია, განსაკუთრებით - პროთეზების შერჩევა, მათი სახეობების გამოყენების განსაზღვრა ასაკისა და დაზიანების ხარისხის მიხედვით, პოსტოპერაციული პერიოდის მართვა და რეაბილიტაციის სპეციფიკა.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზის ახალი ენდოპროთეზებით მკურნალობას?

- ისევე როგორც ყველა სხვა ოპერაციის შემთხვევაში, ამ სახის ოპერაციების დროსაც გართულებათა რისკი საკმაოდ მაღალია. გართულება გულისხმობს ტკივილების არსებობას პოსტოპერაციულ პერიოდში - არასაკმარისი სტაბილიზაციის პირობებში, ასევე - უცხო სხეულის ფაქტორს, ჩირქოვანი პროცესების, თრომბოზების განვითარებას და სხვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმდენად დახვეწილია დღეს პროთეზების დამზადების ტექნოლოგია, იმდენად სრულყოფილია პროთეზების ფორმები და იმდენად ახლოა ისინი შემადგენლობით ადამიანის ორგანიზმთან, რომ გართულებათა რისკი მინიმუმამდეა დასული.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს კლინიკაში ინერგება კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზების ოპერაციული მკურნალობა ახალი თაობის ენდოპროთეზებით. ამ ახალმა მეთოდმა მთლიანად ჩაანაცვლა მოძველებული მეთოდი ართროდეზი, რომელიც ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტებს მრავალ დისკომფორტს უქმნიდა. ზოგ შემთხვევაში პრობლემებს ქმნის არშემდგარი ართროდეზიც, რომელსაც ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ახალი თაობის ენდოპროთეზების უპირატესობაზე აღარ შევჩერდები - ის საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- მიმდინარეობს კვლევები კოჭ-წვივის სახსრის ართროზების წარმოშობის, განვითარებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ირგვლივ; ასევე - ავადმყოფების შერჩევა და მომზადება ახალი სახის ოპერაციების ჩასატარებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ვინაიდან კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზირება ახალი თაობის ენდოპროთეზებით საქართველოში პირველად ინერგება, სავარაუდოა, რომ მრავალი პრობლემა შეგვხვდება და უზარმაზარი სამუშაო იქნება გასაწევი.

დღეს მედიცინის, ისევე როგორც სხვა დარგების განვითარება მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს ზღვა ინფორმაციის დენას განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც ზემოხსენებული ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება. მაგალითად შემიძლია დავასახელო საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროთეზირება დიდი ხანია წარმოებს. კოჭ-წვივის სახსართან დაკავშირებული პრობლემები და ოპერაციული ტექნიკა ჩვენ გერმანიაში - ტუბინგენისა და მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკებში შევისწავლეთ; ჩვენი კოლეგები, გ. ობგაიძე და ც. სამადაშვილი, იმყოფებოდნენ ზაარლანდის ცენტრალურ კლინიკაში - ზაარბრუკენში, ხოლო ე. ძაგნიძე ავსტრიაში ზალცბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

გვჯერა, რომ მაღალი ინტელექტუალური რესურსი, უახლესი აპარატურა, ძლიერი ტექნიკური უზრუნველყოფა და თანამედროვე, ახალი თაობის ენდოპროთეზების არსებობა უზრუნველყოფს ოპერაციების წარმატებით შესრულებას და მეტად ეფექტურ შორეულ შედეგებსაც განაპირობებს.