აკნე - გარდახეტის ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკნე - გარდახეტის ასაკი

- რამდენად ხშირია აკნე გარდატეხის ასაკში?

- გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებათა შორის კანის პრობლემები მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აკნე მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს, გარდატეხის ასაკის პირთა შორის კი 80%-ს ანუ ოთხჯერ უფრო ხშირია. აღსანიშნავია, რომ გარდატეხის ასაკში აკნე გოგონებთან შედარებით ვაჟებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოზრდილ ასაკში განვითარებული აკნე უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან. გარკვეული სქესობრივი განსხვავებით ხასიათდება აკნეს დროს გამონაყარის გავრცელებაც. გარდატეხის ასაკში აკნესთვის ტიპური გამონაყარი ვაჟებთან უფრო ხშირად ზურგის არეში ვითარდება, გოგონებთან კი – სახეზე. გარდატეხის ასაკში ხშირია ეგრეთ წოდებული ვულგარული აკნე. გარდა ამისა, არსებობს ვარდისფერი აკნე ანუ როზაცეა, რომელიც უფრო მეტად მოზრდილთა კანის პრობლემაა.

- რა არის აკნე და რატომაა ეს დაავადება ხშირი გარდატეხის ასაკში?

- აკნე არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების დაავადება, ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით. სადღეისოდ უცნობია აკნეს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი, თუმცა დადგენილია მრავალი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება დაავადების განვითარებას ხელი შეუწყოს. აღნიშნულ ფაქტორთაგან უმნიშვნელოვანესია გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი ჰორმონული დისბალანსი. როცა გარდატეხის პერიოდი დასრულდება, ხშირად აკნეც უკუგანვითარდება. ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში აკნეს მკურნალობა საჭირო არ არის. სამწუხაროდ, შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში აკნე მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

- როგორი გამოვლინებებით ხასიათდება აკნე?

- აკნესათვის დამახასიათებელია მოვარდისფრო კვანძების, ჩირქის შემცველი ბუშტუკების, თეთრი და შავთავიანი წერტილოვანი გამონაყარის, ე.წ. “კომედონების” განვითარება უპირატესად სახესა და ზურგის არეში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გამონაყარი ვაჟებთან უფრო ხშირია ზურგის არეში, გოგონებთან – სახეზე, თუმცა გარკვეული მკაცრი კანონზომიერება არ არსებობს. გამონაყარის ინტენსივობა და ელემენტების რაოდენობა განსაზღვრავს დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ტაქტიკას.

- აკნეს მკურნალობის რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური მოქმედების პრეპარატები. ადგილობრივი მედიკამენტებია აკნეს საწინააღმდეგო კრემები და ლოსიონები. მათი შემადგენელი კომპონენტები ზემოქმედებენ აკნეს განვითარებაში მონაწილე ყველა მექანიზმსა და რგოლზე – ადგილობრივ ჰორმონულ დისბალანსზე, კანის ჭარბი ცხიმის პროდუქციაზე, თმის ფოლიკულის შიდა დისკერატოზზე, სებო-ფოლიკულური აპარატის ინფექციურ აგენტსა და საპასუხო ანთებით რეაქციაზე.

- აკნეს სამკურნალო სისტემურ საშუალებათაგან უპირველესად დავასახელოთ ანტიბიოტიკები. უპირატესობა ეძლევა ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული აკნეს მკურნალობისათვის გამოიყენება სისტემური (ტაბლეტირებული სახით მისაღები) კონტრაცეპტივები. აკნეს მძიმე მიმდინარეობისას კი - სისტემური იზოტრეტინოინი.

აღნიშნულის გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია სპეციფიკური კოსმეტოლოგიური პროცედურები, რაც ძირითადი მკურნალობის დამხმარე საშუალებაა. განსაკუთრებული როლი ენიჭება კანის მოვლის საშუალებების სწორ შერჩევას, რადგანაც ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა საკმაოდ რთულია და არც არის მიზანშეწონილი. საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელი კანის მოვლასაც გარკვეული ცოდნა სჭირდება. აკნესადმი მიდრეკილი კანისათვის კი განსაკუთრებული მოვლაა აუცილებელი. ეს ძირითადი, საბაზისო მკურნალობის ეფექტების გაძლიერებისა და შედეგების ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

უნდა ითქვას, რომ აკნეს მკურნალობა კომბინირებული და ხანგრძლივია, ის გულისხმობს საბაზისო (ძირითადი

მკურნალობა ადგილობრივი და ზოგადი, სისტემური საშუალებებით) მკურნალობისა და კანის მუდმივი მოვლის კომბინაციას. შედეგსაც მოთმინებით უნდა დაელოდოთ, რადგანაც სწრაფი და სრული გაჯანსაღება იშვიათია.

- აკნეს საწინააღმდეგო საშუალებათაგან მოსახლეობაში პოპულარულია სარეცხი საპონი, სპირტი, მჭადის ფქვილი. მიზანშეწონილია თუ არა მათი გამოყენება?

- სარეცხი საპნის გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპირტი კი ხშირად აკნეს საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების შემადგენლობაშიც შედის, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხოლოდ სპირტი იყოს ეფექტური. მჭადის ფქვილს შეიძლება ჰქონდეს სქრაბის ეფექტი – კანს მკვდარ უჯრედებს აცილებდეს, თუმცა შესაძლებელია ფქვილის უხეში ნაწილაკებით კანის გაღიზიანება.

- ხშირად პაციენტები ფიქრობენ, რომ აკნეს ეფექტური მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია კანის მიკროფლორის გამოკვლევა, გამოვლენილი მიკროორგანიზმების მგრძნობელობის განსაზღვრა ანტიბიოტიკებისა და სხვა საშუალებების მიმართ. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ მეთოდითაა შესაძლებელი სწორი მკურნალობის დაგეგმვა. რამდენად საფუძვლიანია მსგავსი შეხედულება?

- პაციენტები მართლაც ხშირად თვლიან, რომ აკნე არის კანის სტრეპტოკოკული ან სტაფილოკოკური ინფექციური დაავადება. რეალურად აკნე არ არის კანის ინფექცია, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ გარკვეული მიკროორგანიზმები მონაწილეობენ მის განვითარებაში. ასეთი მიკროორგანიზმია პროპიონბაქტერია აკნე. კარგადაა ცნობილი, რომ თმის ფოლიკული და მასთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვალი ქმნიან ერთობლიობას - სებო-ფოლიკულურ აპარატს. აკნეც სწორედ ამ სტრუქტურაში აღმოცენებული პროცესების შედეგია. აქ ბინადრობს პროპიონბაქტერია აკნე, რომელიც, ფაქტობრივად, მრავლდება უჟანგბადო ანუ ანაერობულ პირობებში. ასეთი პირობების შექმნას კი ხელს უწყობს შავი ან თეთრი კომედონების გაჩენა და ფოლიკულური საცობის განვითარება (შავი ან მოთეთრო წერტილები კანზე). ჩვეულებრივი ბაქტერიოლოგიური ანალიზი არ გვაძლევს ინფორმაციას ანტიბიოტიკების მიმართ იმ ბაქტერიის მგრძნობელობაზე, რომელიც ანაერობულ (უჟანგბადო) პირობებში იზრდება. როგორც წესი, ჩვეულებრივი ბაქტერიოლოგიური ანალიზით ვლინდება სტრეპტოკოკების ან სტაფილოკოკების ზრდა. მართალია, ისინი აკნეს დროს მეორეულად განვითარებულ ანთებით პროცესში მონაწილეობენ, მაგრამ, საზოგადოდ, მათ არ ენიჭებათ წამყვანი როლი.

გარკვეულ შემთხვევებში ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგები შეიძლება მართლაც საჭირო ინფორმაციას იძლეოდეს, მაგრამ გაუმართლებელი ფინანსური ხარჯების ასარიდებლად მისი მიზანშეწონილობა ჯობს ექიმმა განსაზღვროს.

- ხშირად გარდატეხის ასაკის პირთა გარეგნობა ზედმეტად პრიალა, ცხიმიანი კანით გვამახსოვრდება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა?

- ზედმეტად ცხიმიანი კანი ანუ სებორეა საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისა და ცხიმის ჭარბი გამოყოფის შედეგია. გარდა იმისა, რომ ზედმეტი ცხიმი კოსმეტიკურ პრობლემას ქმნის, ის აკნეს აღმოცენების ერთ-ერთი მიზეზიცაა. სებორეის განვითარებას ხელს უწყობს გარდატეხის ასაკში აღმოცენებული ჰორმონული დისბალანსი, შესაძლებელია მისი გამწვავების მიზეზი იყოს სიცხე, გამაღიზიანებელი (მწარე და ცხარე) საკვები, ალკოჰოლი.

- რატომ არის რთული აკნესაგან სრული განკურნება?

- როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, აკნე ქრონიკული დაავადებაა. როგორც წესი, მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს - თვეებისა და წლების განმავლობაში, პერიოდული ხანმოკლე გაუმჯობესებისა და დაავადების კვლავ გამწვავებების მონაცვლეობით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდატეხის ასაკის აკნეს უმთავრესი საფუძველი ფიზიოლოგიური ჰორმონული დისბალანსია, რომლის თვითრეგულირების შემდეგ დაავადება ხშირად თავისით უკუგანვითარდება. ზოგჯერ კი პაციენტებს, უპირატესად მოზრდილებს, არ აქვთ არავითარი ჰორმონული დისბალანსი, მაგრამ აკნე მაინც უგრძელდებათ, ან პირველად აღმოუცენდებათ მოზრდილ ასაკში. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, კანს თავისი იზოლირებული ჰორმონული ცვლა აქვს. შესაძლებელია სწორედ კანის ჰორმონული დისბალანსი განაპირობებდეს აკნეს არსებობას მოზრდილთა ასაკშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ კანის ჰორმონული დისბალანსი არ ვლინდება სისხლში ჰორმონების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზებით. აკნეს განვითარების სწორედ ეს მექანიზმია მკურნალობისადმი შედარებით ახალი მიდგომის საფუძველი, რაც ამ ეტაპისათვის კვლევითი (და არა ექსპერიმენტული!) ხასიათისაა და გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვილია დასავლეთის მრავალ ქვეყანაში. მისი არსი აკნეს სამკურნალოდ ადგილობრივი ჰორმონული საშუალებების გამოყენებაა. ახლო მომავალში ანალოგიური კვლევების ჩატარება ჩვენს ქვეყანაშიც იგეგმება. შესაბამისად, აკნეთი დაავადებულ პაციენტებს საქართველოშიც მიეცემათ მკურნალობის ახალი მიმართულებით გაგრძელების საშუალება.