დაბერების პროცესთან დაკავშირებული ნევროლოგიური ცვლილებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბერების პროცესთან დაკავშირებული ნევროლოგიური ცვლილებები

ნერვული სისტემის ასაკობრივი ცვლილებები

ნევროლოგიური და ფსიქიკური ცვლილებები ასაკოვან ადამიანებთან სხვადასხვაგვარია, განსხვავებულია მათი წარმოშობის მიზეზებიც. ცხოვრების მეორე ნახევარში სულ უფრო მეტად ქვეითდება ორგანიზმის კომპენსატორულ-შემგუებლობითი (ადაპტაციური) შესაძლებლობები, ნაკლებ საიმედო და მყარი ხდება ცალკეულ ნერვულ უჯრედებსა და კვანძებს შორის კავშირები. ასაკოვან ადამიანებთან თითქმის ყოველთვის შეინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროება მათში ათეროსკლეროზულ ცვლილებათა გამო. შესაბამისად, ასაკთან ერთად უმაღლესი ნერვული მოქმედებაც მნიშვნელოვნად იცვლება, მცირდება ნერვულ პროცესთა ძალა, მოქნილობა და ბალანსი. ეს ყოველივე კლინიკურად ასთენიური სიმპტომებით გამოიხატება, რაც თავის მხრივ ხასიათდება შრომისუნარიანობის დაქვეითებით, ძილის დარღვევით, ემოციური არამდგრადობით, ყურადღებისა და მეხსიერების შესუსტებით. განსაკუთრებით დემონსტრაციულია ადამიანის ემოციური სფეროს ცვლილებები. ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად მატულობს თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების რისკი. 60 და უფრო მეტი ასაკის პირებთან ტვინის ინსულტის შემთხვევები 17-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანებთან. ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, ასევე ლიპიდური ცვლის ასაკობრივ ცვლილებებსა და ათეროსკლეროზულ პათოლოგიებს შორის ყოველთვის განიხილება პირდაპირი კავშირი როგორც ასაკოვან პირებთან, ასევე ხანდაზმულებთან. სწორედ ეს კავშირი განაპირობებს როგორც თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის განვითარების მექანიზმებს, ასევე სიბერის ძირითადი ნევროლოგიური სიმპტომების კლინიკურ გამოვლინებებს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტვინის პათოლოგიათა აღმოცენება იწყება სისხლის მიმოქცევის უკმარისობის კვალად, ხოლო სისხლძარღვთა შევიწროების გამო თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების გაუარესების შემთხვევაში ვითარდება ენცეფალოპათია. ნერვული სისტემის ფუნქციური შესაძლებლობები ხანდაზმულობისა და მოხუცებულობის ასაკში მკვეთრად იზღუდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რასაც ორგანიზმი პრინციპში თანდათანობით ეგუება. თუმცა შემგუებლობითი შესაძლებლობები, საზოგადოდ, ასაკთან ერთად ორგანიზმს სულ უფრო მეტად უქვეითდება.

ასაკოვან პირებთან ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევები განსხვავებულია. მათი მიმდინარეობა დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ადამიანის ცხოვრების წესსა და პირობებზე, ჩვევებზე, როგორ იცხოვრა მან საზოგადოდ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი ჯანმრთელობისადმი წლების განმავლობაში და სხვა მრავალ ფაქტორზე.

დაბერების ნევროლოგიური ნიშნები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბერებისას კანონზომიერად ქვეითდება ნერვული სისტემის ფუნქციობის დონე. დაბერების პროცესს საფუძვლად უდევს ცალკეულ სისტემებში ნეირონთა განლევა, ეს პროცესი შუა ასაკიდან იწყება და სიკვდილამდე გრძელდება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ნეირონული ლიპოფუსცინოზი, ნერვულ უჯრედთა თანდათანობითი კარგვა და მათი ჩანაცვლება გლიური ელემენტებით. ამ ცვლილებათა ვიზუალიზაცია შესაძლებელია როგორც კომპიუტერული, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. დასახელებული კვლევებით ჩანს აგრეთვე თავის ტვინის ისეთი ასაკობრივი ცვლილებები, როგორებიცაა მოცულობის შემცირება და პარკუჭების გადიდება. მოგვიანებით ეტაპებზე დამატებით ვითარდება ბალთები და ნეიროფიბრილური ჩანართები, ძირითადად ალცჰაიმერის დაავადებისათვის დამახასიათებელი, თუმცა ნეირომეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ასკვნიან საბოლოოდ, ეს ასაკობრივი ცვლილებებია თუ სიბერის კვალად განვითარებული დაავადების ნიშანი. სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ აღნიშნული სახის გამოვლინებები სწორედ ალცჰაიმერის ტიპის დემენციასა (ჭკუასუსტობას) და დეგენერაციულ პათოლოგიებს უკავშირდება. ასაკთან ერთად ვლინდება ნევროლოგიური დარღვევები, რომელთაც სხვა ახსნა არ მოეძებნება, გარდა დაბერების პროცესისა. ეს დარღვევებია:

1) ნეიროოფთალმოლოგიური სიმპტომები:

გუგების პროგრესული შევიწროება, აკომოდაციისა და სინათლეზე რეაქციის შესუსტებით, კონვერგენციის უკმარისობა, მზერის ზედა მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა, სიბნელესთან ადაპტაციის შესუსტება და მკვეთრ განათებაზე მგრძნობელობის მომატება;

2) სმენის პროგრესირებადი დაკარგვა (ასაკოვანთა სმენაჩლუნგობა), განსაკუთრებით მაღალ ტონებზე, შესაბამისად მეტყველების აღქმის დაქვეითება. ყოველივე ეს ლოკოკინაში წამწამოვანი უჯრედების რიცხვის შემცირების შედეგია;

3) ძირითადად ყნოსვის დაქვეითება, უფრო ნაკლებად - გემოვნების შეგრძნებისა;

4) მამოძრავებელი სიმპტომები:

მოძრაობითი აქტივობის შემცირება, რეაქციათა შენელება, კოორდინაციისა და მოძრაობათა მოხერხებულობის (მოქნილობის) შესუსტება, კუნთოვანი ძალის დაქვეითება (განსაკუთრებით ქვემო კიდურებში, ზემო კიდურებთან შედარებით და უფრო მეტად პროქსიმულ კუნთებში, ვიდრე დისტალურში), კუნთოვანი მასის (მოცულობის) შემცირება. ყველა ჩამოთვლილი ცვლილება განპირობებულია ძირითადად ზურგის ტვინის წინა რქების ნეირონთა რიცხვის პროგრესული შემცირებით, თუმცა, სიბერის კვალად, ზოგჯერ პირველადი კუნთოვანი ატროფიაც ვითარდება;

5) მყესთა რეფლექსების ცვლილება:

მუხლის რეფლექსთან შედარებით აქილევსის რეფლექსის დაქვეითება უფრო მკვეთრად არის გამოხატული, 80 წლის ზემოთ კი ზოგჯერ აქილევსის რეფლექსი სრულად ქრება;

6) ფეხის თითებსა და ფეხისგულებზე ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა. ამასთან პროპრიოცეპტული (შეხებით გამოწვეული) მგრძნობელობა ან არ იცვლება, ან იცვლება უმნიშვნელოდ. ამ ტიპის დარღვევები დაკავშირებულია მგრძნობიარე ბოჭკოების განლევასთან ან ზურგის ტვინის უკანა რქების განგლიური უჯრედების კარგვასთან;

7) დაბერების კვალად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობასთან, საზოგადოდ პოზასთან, სიარულის მანერასთან დაკავშირებული ცვლილებები;

8) გარდა ამისა, სიბერეს ზოგჯერ თან ახლავს კანკალი. მოხუცებს უხშირესად უკანკალებთ ხელები, ზოგჯერ თავი და ნიკაპი. შესაძლოა აღენიშნებოდეთ ხმის კანკალიც.

ასაკის გავლენა მეხსიერებაზე, დაბერება და კოგნიტური ფუნქციები

ნეიროფიზიოლოგთა განცხადებით, კოგნიტურ ფუნქციათა დაქვეითება იწყება 30 წლის ასაკიდან, თანდათანობით ხდება და გრძელდება ასაკშიც. ცვლილებას განიცდის ყველა ტიპის კოგნიტური ფუნქცია, თუმცა მეტყველების ფუნქციებიდან ზოგიერთი (სიტყვების მარაგი, ინფორმაციის მოცულობა მეხსიერებაში და აღქმა-გაგება) უკეთ უძლებს ასაკის მატებას, ვიდრე შემსრულებლობითი ფუნქციები (დაგეგმვა, კონსტრუირება, მოცემული ტიპიდან ობიექტების გამოყოფა და სხვა).

დაბერების ყველაზე მკვეთრად გამოხატული ნიშნები მეხსიერებასთან, დასწავლასა და პრობლემათა გადაწყვეტასთან დაკავშირებული შეზღუდვებია. ნეიროფიზიოლოგთა განმარტებით - ყოველივე ეს ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარის პროგრესული დაქვეითებითაა განპირობებული. ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 70 წლის შემდგომ, მცირდება დამახსოვრების, ინფორმაციის შენახვის, ახალწარმოქმნის, სახელწოდებათა გახსენების და კონცენტრაციის უნარი. გარდა ამისა, მეხსიერება შესაძლოა მნიშვნელოვნად დაქვეითდეს სხვა ინტელექტუალური ფუნქციების შენარჩუნების მიუხედავად. ასაკოვანი ადამიანები ზოგჯერ ვერ იხსენებენ სულ ახალმიღებულ ინფორმაციას, ახალ სახელებს. მეხსიერების დარღვევის ამ ტიპს კეთილთვისებიან ასაკობრივ მავიწყობასაც უწოდებენ.

თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ყოველივე ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ჩვევებზე, საცხოვრებელ პირობებზე, ქრონიკულ პათოლოგიებსა და წლების განმავლობაში ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საზოგადოდ, ადამიანის განვლილ ცხოვრებაზე!