როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს
- სიტყვა “ასთენია” ბერძნული წარმოშობისაა და სისუსტეს, უქეიფობას ნიშნავს. ყველასთვის ნაცნობია ადრე გაზაფხულზე განწყობის დაქვეითება. ეს კიდევ უფრო მძაფრად ეტყობათ მოზარდებსა და ბავშვებს. ბავშვებთან გაზაფხულის ასთენია ვლინდება ჭირვეულობით, უმადობით, ძილის რეჟიმის დარღვევით, უმნიშვნელო ტრავმის შედეგადაც კი სხეული ლურჯდება, ხშირია სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან... გაზაფხულზე ადამიანი უმეტესად სასუნთქი სისტემის ინფექციებით ავადმყოფობს და გამოჯანმრთელებაც ჭიანურდება. სახეზე პერიოდულად ჩნდება გამონაყარი, კანი შრება და იქერცლება, ტუჩის კუთხეები სკდება. ასე გვატყობინებს ორგანიზმი, რომ ვიტამინები სჭირდება. ჰიპოვიტამინოზი, ვიტამინების ნაკლებობა, გაზაფხულის ასთენიის ერთ-ერთი მიზეზია. განსაზღვრულ როლს ასრულებს საკვებში ზოგიერთი მინერალური ნივთიერებისა და მიკროელემენტების სიმცირეც. ბავშვის მზარდი ორგანიზმი დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. კანზე გაჩენილი სილურჯეები და ცხვირიდან სისხლდენა C ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს, დახეთქილი ტუჩის კუთხეები - B2 ვიტამინის ნაკლებობაზე, ნერვული აშლილობა, კუნთოვანი სისუსტე, მადისა და ძილის დარღვევა B ჯგუფის სხვა ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, ჭირვეულობა, კარიესის ნაადრევი გამოვლენა - კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევისა და D ვიტამინის ნაკლებობისა.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო ცვლილებები? როგორ მივიღოთ ვიტამინები?
- სათბურში მოყვანილი კიტრი და პომიდორი საამისოდ ნამდვილად არ გამოდგება. სხვა საქმეა ქორფა მწვანილი, მწვანე სალათა, მწვანე ხახვი, ტკბილი ბულგარული წიწაკა. გაზაფხულზე ორგანიზმი ყველაზე მეტად C ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ეს ვიტამინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, იგი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ საკვებით. ამისთვის გამოდგება ციტრუსები, კივი, ჩინური და ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ასკილი, ქაცვი, შავი მოცხარი. ამ უკანასკნელის გაყინვა და შენახვა შესაძლებელია - ვიტამინები და მინერალები ასეთი სახით კარგად ინახება. B ჯგუფის ვიტამინების წყაროა ბურღულეული, სასურველია, მარცვლეული ხშირად ჩავრთოთ მენიუში. გაითვალისწინეთ, რომ რაფინირებული პროდუქტები არ შეიცავს თიამინს, სეროტონინს - ბედნიერების აღმძვრელ ნივთიერებას. აქსელერანტი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია კალიუმ-ფოსფორის ცვლის მოწესრიგება. ამაში დაგეხმარებათ რძის პროდუქტები, ყველი, კვერცხი. ნერვული სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მიკროელემენტი სელენი. მას შეიცავს ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, ტვინი, თინუსი. არ დაივიწყოთ ბანანი - ხშირად ჩართეთ რაციონში ეს შესანიშნავი ტროპიკული ხილი. მასში ბევრია მაგნიუმი, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, სეროტონინი.
- როგორ შევადგინოთ რაციონი, როგორ მოვამზადოთ საკვები სწორად?
- შეგახსენებთ რამდენიმე წესს:
1. კერძი მოამზადეთ უშუალოდ ჭამის წინ. შენახული მზა კერძი - წვნიანი, კატლეტი და სხვა - გაცხელებისას ყველა სასარგებლო ნივთიერებას კარგავს.
2. ერიდეთ მზა და სწრაფი მომზადების საკვებს - ძეხვეულს, სუპებს, ფაფებს. მათში არსებული დანამატები: საღებავი, არომატიზატორი, კონსერვანტები - C ვიტამინს შლის.
3. ტკბილეული და ცომეული შთანთქავს ორგანიზმიდან B1 ვიტამინს - თიამინს, რომელსაც მხნეობის ვიტამინს ეძახიან. ჩაის მიატანეთ ჩირი, თხილი, კაკალი, მარმელადი - პექტინის, ჰალვა - E ვიტამინის წყარო.
4. ბავშვი შუადღისას გაიყვანეთ სასეირნოდ. მზის სხივები აუცილებელია ორგანიზმში D ვიტამინის წარმოსაქმნელად, კანის, ძვლების, კბილების სიჯანსაღისთვის.
არსებობს მხიარულების მომნიჭებელი პროდუქტებიც. ისინი შეიცავენ კარგი გუნება-განწყობილების ჰორმონებს: ოპიატებსა და ენდორფინებს. ასეთია უმი ხილი და ბოსტნეული. მათი წყალობით გაზაფხულის სტრესს ადვილად გადაიტანთ. ტკბილი ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, ისპანახი, კომბოსტო შეიცავს ოპიატ ციტოფინს, რომელიც ორგანიზმს გაზაფხულის უქეიფობის - პერიოდული თავის ტკივილის, ფეხების სისუსტის, ადვილად დაღლის - გადალახვაში ეხმარება. ახალი რძე შეიცავს კაზომორფინს, რომელიც მატებს ძალებს და სიცოცხლის ხალისს. გირჩევთ, შეიძინოთ სოფლის, ფერმის რძე, რომლის შოვნაც გაზაფხულზე უკვე შეიძლება. ტკბილი ხილი დიდი ოდენობით შეიცავს გლუკოზას, რომელიც ტვინში “ბედნიერების მექანიზმის” ჩართვას უწყობს ხელს. ასეთივე ეფექტი აქვს შოკოლადსაც, ოღონდ გირჩევთ, ზომიერად მიიღოთ.
- იმუნიტეტის გაძლიერება ღონისძიებათა მთელი წყებისგან შემდგარი ჯაჭვია. კერძოდ, რას მოიცავს ის?
- უპირველესად - ბალანსირებულ კვებას. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, მივირთვათ ახალი ხილი, ბოსტნეული, ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად ვსვათ ასკილის ნაყენი, ქაცვის წვენი. სინჯეთ “ჯანმრთელობის კოქტეილი”: ბლენდერში იოგურტთან ერთად გათქვიფეთ ქაცვი, კივი და ბანანი. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლიც. მეორე - დღის რეჟიმის მოწესრიგებას. ეცადეთ, საკმარისად იძინოთ, რათა ორგანიზმმა ძალების აღდგენა მოასწროს. დასაძინებლად უნდა დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, არა უგვიანეს 23 საათისა. მესამე - ჰიგიენას. ხშირად იბანეთ ხელები საპნით. ასწავლეთ ბავშვსაც ხელების ბანა ყოველი კვების წინ, ქუჩიდან სახლში დაბრუნებისთანავე, ტუალეტიდან გამოსვლისას. მეოთხე - სუფთა ჰაერს. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რათა ბაქტერიებსა და ვირუსებს დაგროვების საშუალება არ მისცეთ. თუ ოჯახში ბავშვია, სახლი დღეში ოთხჯერ მაინც უნდა გაანიაოთ 5-10 წუთით. ორპირში უფრო სწრაფად განიავდება. ბავშვი კი ამ დროს სხვა ოთახში გაიყვანეთ. ხშირად გაასეირნეთ ბუნების წიაღში. ხშირად მოამზადეთ მთელი ოჯახისთვის ხილის სმუზი - დაჭერით ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, კივი, ბანანი, მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით ასკილის ნაყენი, 1 სადილის კოვზი თაფლი და გათქვიფეთ. გადაიღეთ მაღალ, გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, მორთეთ პიტნის ფოთლებით და მიირთვით. გაზაფხულზე ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. გაახალისეთ სუფრა ხილის ვიტამინოვანი დესერტით. გაითვალისწინეთ, ბავშვის მზარდ ორგანიზმს გაცილებით მეტი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება სჭირდება, ვიდრე ზრდასრული ადამიანისას.