თავის ტვინი და ათეროსკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინი და ათეროსკლეროზი

- ბატონო გიორგი, რა არის ათეროსკლეროზი, რა ცვლილებებს იწვევს ის თავის ტვინში? საზოგადოდ, რა ნევროლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს ათეროსკლეროზის დროს ადამიანის ორგანიზმში?

- ათეროსკლეროზი უმთავრესად სისხლძარღვების დაავადებაა. იგი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება და სისხლძარღვებს ადრინდელ სიკრიალეს უკარგავს. ათეროსკლეროზის შედეგად იცვლება, კერძოდ, მცირდება სისხლძარღვთა კალიბრიც. ამის გამო სისხლის ფორმიანი ელემენტები მათში თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და სისხლძარღვების შიგნით ათეროსკლეროზის გამო წარმოშობილ ამობურცულ ადგილებზე ერთგვარ ამბოხებას აწყობენ. ამით იწყება ყველაფერი - სისხლის მიმოქცევა ფერხდება, შედეგად ფერხდება ქსოვილებისა და ორგანოებისთვის საკვებისა და ჟანგბადის მიწოდებაც, რაც საბოლოოდ ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციის პათოლოგიურად შეცვლას, დაზიანებას ან სხვა პრობლემებს იწვევს. სისხლის მიერ მიწოდებული ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ერთ-ერთი პირველი და მთავარი მომხმარებელი თავის ტვინია. სისხლი - ეს გახლავთ მუდმივმოქმედი მტვირთავი, რომელიც ორგანოებისკენ ეზიდება ყველაფერ საუკეთესოს, კერძოდ იმას, რაც მათ მუშაობისთვის სჭირდებათ, ხოლო იქიდან მათი ცხოველმოქმედების პროცესში გამოყოფილი მომწამლავი ნივთიერებები გამოაქვს, რომლებიც ან მეორეულად უნდა გადამუშავდეს, ან ორგანიზმის გარეთ იქნეს გატანილი. თავის ტვინიც ამ ყველაფერზე სათანადოდ რეაგირებს და პრობლემებს ქმნის მაშინ, როცა სისხლით ნორმალურად ვერ მარაგდება. სხვათა შორის, ამის კარგი მაგალითია წამიერი სისხლის წნევის დაქვეითება. ამ დროს ადამიანი ეცემა. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა: ამ დროს ის იმ პოზას იღებს, რომლის დროსაც თავის ტვინს საჭირო რაოდენობის სისხლი მიეწოდება და ადამიანიც მყისვე მოდის გონს. თავის ტვინი ერთ-ერთი ლიდერ ორგანოა (ასეთი რამ ზოგიერთ სხვა ორგანოსაც ახასიათებს), რომელიც იაპონური სისტემით ანუ უსაწყობო მეურნეობის პრინციპით მუშაობს - ზუსტად იმდენს ითხოვს, რაც მას უახლოესი 3-5 წუთის განმავლობაში სჭირდება. მას არ სცალია იმისთვის, რომ რამე მოიმარაგოს და ამაზე ზრუნვას დაახარჯოს დამატებითი ენერგია, მაშინ როდესაც მის ყოველ კუთხე-კუნჭულში მილიონობით გამოთვლითი პროცესი მიმდინარეობს და ყოველი მისი უჯრედი სხვადასხვა ფუნქციით არის დაკავებული. თუ თავის ტვინმა საჭირო რაოდენობის სისხლი, ანუ ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ვერ მიიღო, თავს იჩენს უამრავი სიმპტომოკომპლექსი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს იმიტომ, რომ თავის ტვინის ნეირონები არახელსაყრელ პირობებში იხოცებიან.

- როგორი პირობებია არახელსაყრელი?

- არახელსაყრელია მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ჟანგბადის ნაკლებობა ან მეტობა, საკვების არასათანადო მიწოდება და სხვა. მაგალითად, ადამიანმა მუდამ ასპროცენტიანი ჟანგბადით რომ ისუნთქოს, რომელიღაც ნეირონები აუცილებლად გადაიწვება, შესაბამისად, დაზიანდება თავის ტვინის რომელიმე ფუნქცია; ზომაზე მეტი გლუკოზა რომ მიიღოს, მისი დაშლის პროდუქტების სიჭარბე ასევე გამოიწვევს ფუნქციის შეცვლას, გლუკოზის ნაკლებობისას კი თავის ტვინში შიმშილი დაიწყება და ზოგიერთი ფუნქცია ამ დროსაც დაზარალდება. ამრიგად, თავის ტვინს მხოლოდ იდეალური ნორმა სჭირდება. სხვაგვარად ის ყოველთვის არახელსაყრელ მდგომარეობაშია და ამას პასუხობს განსაზღვრული ფუნქციების ამოვარდნით ანდა განსაზღვრული ნეირონების კვდომით. საბედნიეროდ, თავის ტვინში მილიარდობით უჯრედია და უმნიშვნელო დაზიანებებს ფუნქციის სერიოზული მოშლა არ მოჰყვება, მაგრამ მაინც საჭიროა, თავის ტვინს ყოველი ასეთი არახელსაყრელი მდგომარეობა, არასრულფასოვანი რეჟიმი თავიდან ავაცილოთ. "გადამწვარი" ნეირონების ფუნქციას გვერდით მყოფი ნეირონი იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება; თავის ტვინის შესაძლებლობათა შემცირების გამო ადრე თუ გვიან განვითარდება მდგომარეობა, რომელსაც თავის ტვინის ატროფიას უწოდებენ.


- თქვენ ატროფია ახსენეთ. მოდი, აქვე კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, რომ ათეროსკლეროზი და მეხსიერების დაკარგვა ერთი და იგივე არ არის, თუმცა მათ შორის შეიძლება იყოს ერთგვარი კავშირი.

- სასაუბრო მეტყველებაში გავცელებული სიტყვა "სკლეროზი", მართალია, "ათეროსკლეროზისგან" არის ნაწარმოები, მაგრამ მას უმართებულოდ ხმარობენ მეხსიერების დაქვეითების სინონიმად. ახალგაზრდა ქალი ან მამაკაცი, თუ რამე დაავიწყდათ, იტყვიან, სკლეროზი დამეწყოო. იმავე წარმატებით გოგონამაც შეიძლება თქვას, როცა ბიჭი პირველად აკოცებს და გაწითლდება, რომ კლიმაქსი დაეწყო. ტერმინების არევა სწორი არ არის. ათეროსკლეროზს და "სკლეროზს" შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამთ. ათეროსკლეროზი ყოველთვის არ იწვევს მეხსიერების გამოკვეთილ რღვევას, ისევე როგორც მეხსიერების გამოკვეთილი რღვევის დროს ყოველთვის არ დასტურდება ათეროსკლეროზი, თუმცა ისიც მართალია, რომ ეს პროცესები განსაზღვრულ სიტუაციებში თანხვდება ერთმანეთს. მაგრამ როცა ახალგაზრდა მეხსიერებას უჩივის, იშვიათია, რომ მას ჰქონდეს ამ პრობლემის გამომწვევი ორგანული პათოლოგია; მას უფრო შრომის ან დამახსოვრების ორგანიზაციის პრობლემა უდგას.

- ასაკოვან ადამიანებში რა ხდება ამ დროს?

- როდესაც ასაკოვან ადამიანს ხანმოკლე მეხსიერების რღვევა უდასტურდება, ვეჭვობთ, ხომ არ მიმდინარეობს თავის ტვინში ატროფიული პროცესი.

- თუმცა შესაძლოა, ათეროსკლეროზს არც ამ შემთხვევაში მიუძღოდეს ბრალი...

- შესაძლოა, მართლაც ასე იყოს, რადგან მეხსიერების დარღვევას მარტო ათეროსკლეროზი როდი იწვევს; მიზეზი შესაძლოა იყოს თავის ტვინის რომელიმე სხვა დაავადება. ეს დაავადებები - მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს - უმთავრესად თავის ტვინის ნეირონების გადაგვარებას იწვევენ. შედეგად ირღვევა ფუნქცია, რომელზეც ეს უჯრედები აგებენ პასუხს: თუ მათ კუნთების მოხრა ევალებოდათ, მაშინ კუნთების მოხრა შესუსტდება, თუ მეხსიერებაზე აგებდნენ პასუხს, მეხსიერება ირევა და ასე შემდეგ. ტვინის ქსოვილები, უფრო სწორად, უჯრედები არ მრავლდებიან, მაგრამ ხელიდან არასოდეს უშვებენ "პენსიაზე გასვლის" შანსს. "პენსიაზე გასული" უჯრედების ფუნქციას სხვა უჯრედები იღებენ საკუთარ თავზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ტიტანური შრომა უწევთ და შესრულებული სამუშაოს ხარისხიც შეიძლება არ იყოს მაღალი.

- იმ დაავადებების შესახებ გვესაუბრეთ, რომლებიც თავის ტვინის ათეროსკლეროზთან არის დაკავშირებული.

- თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი უმთავრესად ენცეფალოპათიებს იწვევს. ამ დროს ბევრი ფუნქცია იცვლება. ხშირად თავს იჩენს დეპრესია, უგუნებობა, უინიციატივობა, მოძრაობების გაძნელება, სიარული იმდენად არ ჭირს, რამდენადაც შეინიშნება სიარულის სურვილის უქონლობა, მოქნილობისა და იმპულსურობის გადასვლა მეტისმეტ სიდინჯეში, ზოგჯერ შეზღუდვაშიც კი. არსებობს ისეთი მდგომარეობებიც, როდესაც თავის ტვინის ფუნქცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენთვის სასურველი დონისა არ იყოს, მაინც შეესაბამება განსაზღვრულ ნორმას. ამ მდგომარეობის აღსანიშნავად ჩვენ, ექიმები, ტერმინ "ასაკობრივ ნორმას" ვიყენებთ. მხოლოდ თეორიულად თუ წარმოიდგენ, რომ თავის ტვინის უჯრედები მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში იყოს. ცხოვრებაში ასე არ ხდება, და როდესაც განსაზღვრულ ასაკში თავის ტვინის მცირე ატროფიას აღმოვაჩენთ, ვამბობთ, რომ ეს არის ასაკობრივი, ასაკთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც ასაკობრივ ნორმას შეესაბამება. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ატროფია საერთოდ არ ვითარდებოდეს, მაგრამ ასაკთან ერთად ორგანიზმში ყველაფერი განიცდის ატროფიას. თუმცა შესაძლოა ისეთი ადამიანიც შეგხვედრიათ, რომელიც ცხრა ათეულ წელს არის გადაცილებული და შესანიშნავად, სხარტად აზროვნებს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ერთმანეთს არ ჰგავს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მეტ-ნაკლები რესურსებით, მეტ-ნაკლები სიყოჩაღით. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, არ ეწევიან, არ ეტანებიან ალკოჰოლს, ინარჩუნებენ წნევისა თუ შაქრის მუდმივ მაჩვენებელს, დროულად იძინებენ - მათ ატროფია ნაკლებად ექნებათ გამოხატული. ისიც უნდა ითქვას, რომ კაცნი ვართ და იდეალურ პირობებში ცხოვრება ძნელია და ამიტომ ექიმები იძლევიან ჩვენი ამ პირობებისადმი მისადაგებულ არა იდეალურ, ფუნდამეტალურად იდეალურ რჩევებს მავნე ფაქტორების თავიდან ასაცილებლად. არ მომწონს, როცა რომელიმე ექიმი პაციენტს ეუბნება: "მოერიდე გაციებას". გაციებას ადამიანი ვერ მოერიდება, რადგან არ იცის, როდის ცივდება. მაგრამ თუ პაციენტს ვეტყვით: "ხშირად ნუ გადაკოცნით ერთმანეთს", "ხელის ჩამორთმევის შემდეგაც დაიბანეთ ხელები", "სველი თმით სიცივეში შინიდან არ გახვიდეთ" და სხვა, ეს უკვე სულ სხვაა, ამ რეკომენდაციების შესრულება ყველას შეუძლია.


- რა კლინიკური ნიშნებით ადგენენ თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზს?

- ეს ნიშნები იმდენად ბევრია და იმდენად მრავალგვარი, რომ მათი გამოყოფა საკმაოდ ძნელია. ათეროსკლეროზი ნებისმიერი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს. როდესაც ჩვენი აზროვნებითი პროდუქტი არ მოგვწონს, ტვინი სხარტად ვერ მუშაობს, გონება საღი არ არის, როდესაც მოუქნელი ხდება მოძრაობა, გული ადვილად გვიჩვილდება, მეხსიერება გვღალატობს, - შეიძლება ათეროსკლეროზი ვივარაუდოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი ნიშნები ახალგაზრდასაც შეიძლება გამოაჩნდეს და ფიზიოლოგიურად და ანატომიურად ნორმალური თავის ტვინის მქონე ადამიანსაც და მხოლოდ და მხოლოდ ნევროზის გამოვლინება იყოს. ექიმი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გაარკვიოს და ზუსტად დაადგინოს, რასთან აქვს საქმე. ამ დროს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს კლინიციტის პირად გამოცდილებას, ვიდრე, ვთქვათ, რომელიმე ინსტრუმენტულ გამოკვლევას. საზოგადოდ, აპარატურა ადამიანმა მეტი ინფორმაციის მისაღებად მოიგონა, მაგრამ მეტი ინფორმაცია რომელიმე მათგანის პრიორიტეტულობას არ ნიშნავს. მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მათგანია პრიორიტეტული.

- მოდი, ახლა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებზე ვისაუბროთ. აქვთ თუ არა მათ კავშირი ათეროსკლეროზთან?

- ალცჰაიმერის ავადმყოფობა თავის ტვინის ნერვული უჯრედების, ნეირონების, მზარდი დაზიანებით მიმდინარე პროგრესული დაავადებაა. იგი პირველად გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა აღწერა 1906 წელს. ყველაზე ხშირად 65 წლის შემდეგ გვხვდება, თუმცა იშვიათად უფრო ადრეც შეიძლება დაიწყოს. ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სიმპტომებია:

  • გუნება-განწყობის შეუფერებელი ცვალებადობა;
  • დაბნეულობა;
  • ორიენტაციის უნარის დაქვეითება;
  • უცნაური ქცევა;
  • აგრესიულობა;
  • ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითება (ახალი ფაქტების დავიწყება).

ავადმყოფობის დასაწყისი, წესისამებრ, "შენიღბულია". ხშირად ოჯახის წევრები და ახლობლები ამ სიმპტომებს "ასაკს", "სტრესს" მიაწერენ. ალცჰაიმერის დაავადება მამაკაცებში რამდენადმე უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ალცჰაიმერის ავადმყოფობის დროს თავის ტვინი აცეტილქოლინით ღარიბდება. ეს ნივთიერება ნერვული ინფორმაციის ქიმიური გადამტანი ანუ მედიატორია. იგი აზროვნებითი პროცესების უზრუნველყოფაზე აგებს პასუხს. აცეტილქოლინი თავის ტვინში მეხსიერების საფუძვლებს ქმნის. 1991 წლიდან მეტად პოპულარული გახდა ამილოიდური თეორია. ამ თეორიის თანახმად, თავის ტვინში გროვდება ცილა ბეტა-ამილოიდი. არსებობს ჰერპესული, ოქსიდაციური და სხვა თეორიებიც, თუმცა დაავადების მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის. ალცჰაიმერის ავადმყოფობა არ მიეკუთვნება გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ ქრომოსომებში აღმოჩენილია განსაზღვრული ცვლილებები, რომლებიც დაავადების განვითარებას განაპირობებს. ავადმყოფობის სრული პრევენცია შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარების რამდენადმე გადავადება შემდეგი ღონისძიებებით:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესით;
  • მაღალი ფიზიკური და სოციალური აქტივობის შენარჩუნებით;
  • ბევრი კითხვითა და ინფორმაციის გაცვლით;
  • ინტელექტუალური თამაშებით (ჭადრაკით, კროსვორდების შევსებით და სხვა);
  • პატარებსა და შინაურ ცხოველებზე ზრუნვით;
  • არტერიული წნევისა და ქოლესტერინის კონტროლით;
  • თანმხლები დაავადებების, განსაკუთრებით - ანთებით მიმდინარე დაავადებების მკურნალობით.

ამ კუთხით მეტად სასარგებლოა მძიმე მეტალებით დაბინძურებული გარემოსთვის თავის არიდება და სუფთა ჰაერზე სეირნობა. დღემდე ალცჰაიმერის ავადმყოფობის სამკურნალოდ ნაცადია 400-ზე მეტი პრეპარატი, მათ შორის - ვაქცინაც. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა მეცნიერებმა უკვე დაიწუნეს, მუშაობა გრძელდება. სადღეისოდ ათობით პრეპარატი გადის კლინიკურ კვლევებს და სამედიცინო საზოგადოება საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ელის. საქართველოში ალცჰაიმერის ავადმყოფობის სამკურნალოდ  რეგისტრირებულია რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისთვის. პარკინსონის დაავადება კლინიკური ნიშნებით ალცჰაიმერისას ჰგავს. ეს გახლავთ პროგრესული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც უმთავრესად თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში დოფამინის რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. იგი პირველად ინგლისელმა ქირურგმა ჯეიმს პარკინსონმა აღწერა 1817 წელს, ნევროლოგიის როგორც დარგის "დაბადებამდე" 50 წლით ადრე, და "კანკალა დამბლა" უწოდა. იგი მამაკაცებში ქალებთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო ხშირია. დაავადების დაწყების საშუალო ასაკი 60 წელია. ავადობა, ანუ ახალი შემთხვევები, სხვადასხვა გამოკვლევის თანახმად, მერყეობს წელიწადში 4,5-დან 21 შემთხვევამდე 100 ათას კაცზე, ავადმყოფობის გავრცელება კი 100 ათას კაცზე საშუალოდ 120-ია. პარკინსონის დაავადების სიმპტომებია:

  • მოძრაობის სურვილის შემცირება;
  • "გაზარმაცება";
  • კუნთოვანი შებოჭილობა;
  • ნიღბისებრი სახე;
  • მოხრილი და მოკლე ნაბიჯებით სიარული;
  • დეპრესია;
  • თითების კანკალი;
  • კანის ცხიმიანობის მომატება.


რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა მშობლებს პარკინსონის დაავადება აქვთ. მემკვიდრეობითი ფორმები უმეტესად 50 წლამდე იწყება. გაცილებით ხშირია არამემკვიდრეობითი, თვითნაბადი ფორმები, რომლებიც მოგვიანებით ყალიბდება. დაავადების ადრეული ნიშნებია: ყნოსვის დაკარგვა, ძილის დარღვევა, უცნაური მოძრაობები ძილის დროს, რასაც, როგორც წესი, მეუღლეები ამჩნევენ. აღსანიშნავია ასევე კანის ცხიმიანობის მომატება და ყაბზობა. ამ ეტაპზე დიაგნოზის დასმა პრაქტიკულად არ ხდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ერთი ზემოთ აღწერილი ნიშანი არ არის სპეციფიკური პარკინსონის დაავადებისთვის და უსაფუძვლო შიშის საფუძვლად არ უნდა იქცეს.

- აბა, როდის შეიძლება დიაგნოზის დასმა?

- ავადმყოფობის გამოხატულ სტადიაზე, როდესაც შესამჩნევი ხდება ერთ-ერთი კიდურის მოუხეშაობა, მოუქნელობა, მოძრაობის სურვილის შემცირება ("გაზარმაცება"), შენელება, შებოჭილობა, დეპრესია, კანკალი; პაციენტები უჩივიან კბილების გამოხეხვის, ჩაცმის, საწოლში გადაბრუნების, კიდურთა კოორდინებული მოძრაობის გაძნელებას; იცვლება ხელწერა; ნელდება თვალების ხამხამი. დაავადების დასაწყისში მოძრაობითი ცვლილებები ხანგამოშვებითია და რატომღაც ყოველთვის ასიმეტრიული. კანკალი - ასიმეტრიული, წვრილამპლიტუდიანი, სხვა ტრემორებთან შედარებით ნელი და აქვს ერთი მეტად დამახასიათებელი ნიშანი: პაციენტი თითებით თითქოს მარცვლებს ატრიალებს. ვლინდება მოსვენებისას, ძლიერდება სიცივეში, შიმშილისა და ნერვიულობის დროს, ძილის დროს ქრება. კანკალი უმეტესად ხელის თითებს მოიცავს, თუმცა არც ფეხის, ენის, ტუჩების, ქვედა ყბის კანკალია გამორიცხული.

- არსებობს თუ არა უფრო ზუსტი სადიაგნოზო საშუალება?

- არ არსებობს. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები საჭიროა არა დიაგნოზის დასადასტურებლად, არამედ სხვა, შესაძლო ავადმყოფობის გამოსარიცხად.

- როგორ მკურნალობენ პარკინსონის დაავადებას, რამდენად ეფექტურია მისი მკურნალობა და შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება, შეჩერება, შენელება?

- მკურნალობის პრინციპი სიმპტომურია. ამავე დროს უნდა ვეცადოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ მედიკამენტების გვერდითი მოვლენები. ყველაზე ეფექტურად დღემდე დოფამინის პრეპარატები მიიჩნევა. სხვა სამკურნალო ღონისძიებები დამხმარე როლს ასრულებს. რაც შეეხება დაავადების შენელებას, არსებობს ნეიროპროტექტორული პრეპარატების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ავადმყოფობის პროგრესირებას რამდენადმე აფერხებს.

- გამიგონია, რომ პარკინსონის დაავადებას ქირურგიული გზითაც მკურნალობდნენ...

- დიახ, იყო თავის ტვინში დოფამინით მდიდარი ქსოვილების გადანერგვის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ამ მეთოდმა არ გაამართლა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მუჰამედ ალის წარუმატებელი ოპერაცია. ამჟამად ქირურგიული მეთოდებიდან ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა და დასავლეთში ყველაზე პოპულარულიც გახლავთ თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაცია კანქვეშ ჩანერგილი სპეციალური ელექტროსტიმულატორით.