კუნთების უნებლიე მოძრაობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთების უნებლიე მოძრაობები

რა იწვევს კუნთების უნებლიე მოძრაობას?

- კუნთთა უნებლიე მოძრაობას, რომელიც გარეგანი რეფლექსური გაღიზიანების გარეშე ვითარდება, დისკინეზია ეწოდება. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ქერქქვეშა ბირთვების ან მათი თავის ტვინის სხვა სტრუქტურებთან კავშირების დაზიანება, რასაც ექსტრაპირამიდული დარღვევები ეწოდება.

ასეთი დარღვევებია:

 

  • ტრემორი;
  • აკინეზია;
  • ქორეა;
  • ათეტოზი;
  • ბალიზმი;
  • ტორსული დისტონია;
  • მიოკლონია.

არსებობს სხვა უნებლიე მოძრაობებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული ქერქქვეშა სტრუქტურების დაზიანებასთან. ესენია:

  • ტრიზმი;
  • კრამპი;
  • სპაზმი;
  • ფიბრილაცია;
  • ფასციკულაცია;
  • ტეტანია.

ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ ეპილეფსიური კრუნჩხვები. კუნთოვანი სისტემის პათოლოგიას შეისწავლის კლინიკური ნევროლოგიის ნაწილი, რომელსაც კლინიკური მიოლოგია ეწოდება. აქ განიხილება ისეთი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია:

  • ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღვევით;
  • მეტაბოლური და ანთებითი მიოპათიებით;
  • თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი პათოლოგიებით.

ისინი საკმაოდ ბევრია და კიდევ რამდენიმე ჯგუფად იყოფა.

- ის დარღვევები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, განიხილება თუ არა დაავადებებად?

- უნდა ვიცოდეთ, რომ კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აცეტილქოლინს, აცეტილქოლინის რეცეპტორებს და აცეტილქოლინესთერაზას. აცეტილქოლინი წარმოადგენს ნერვკუნთოვანი გადაცემის მედიატორს. კუნთის შეკუმშვა ხდება ნერვული იმპულსის საშუალებით, რომელიც ჩართავს აცეტილქოლინისა და აცეტილქოლინესთერაზას მექნიზმს. მოძრაობათა დარღვევები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, დაავადებებად არ მიიჩნევა. ესენი გახლავთ სხვადასხვა მიზეზის მქონე კლინიკური სიმპტომები. ზოგ შემთხვევაში ამგვარი დისკინეზია თანხლებულია სხვა ნევროლოგიური დეფიციტით, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იზოლირებული სიმპტომი იყოს და დაავადებას წარმოადგენდეს.

- კუნთების უნებლიე მოძრაობებიდან ყველაზე ხშირი და ცნობილი ტრემორია. როგორი შეიძლება იყოს იგი და რომელი პათოლოგიების დროს გვხვდება?

- დისკინეზიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმა ტრემორია, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც და პათოლოგიურიც.  ფიზიოლოგიურ ტრემორს მიეკუთვნება: სიცივის, დაღლილობისა და ემოციის შედეგად, ასევე სხეულის ტემპერატურის მომატების - ცხელების დროს განვითარებული ტრემორი, რაც გამომწვევი ფაქტორის მოშორების შემდეგ ქრება და რაიმე კვალს არ ტოვებს. პათოლოგიური ტრემორის მიზეზია აგზნების პროცესის სიჭარბე, ენდოგენური ან ეგზოგენური ინტოქსიკაცია და პათომორფოლოგიური ცვლილებები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. ტრემორი მცირე ან დიდი ამპლიტუდის რიტმული, სწრაფი, სინუსოიდური სტერეოტიპული მოძრაობაა, რომელიც წარმოიქმნება ანტაგონისტურად მოქმედი კუნთების მორიგეობითი აგზნების შედეგად. რიტმი შეიძლება იყოს ნელი (4-5 რხ/წმ), საშუალო სიხშირის (6-7 რხ/წმ) და ხშირი (8-12 რხ/წმ). ტრემორი ლოკალიზდება გარკვეული ჯგუფის კუნთებში ან მთელ სხეულში. ტრემორი შეიძლება აღმოცენდეს:

  • მოსვენებისას (მოსვენების ტრემორი),
  • მოძრაობისას (მოქმედების ტრემორი),
  • პოზის შეცვლისას (პოსტურული ტრემორი) ან
  • მოძრაობის შესრულების პროცესში მზარდი ინტენსივობით (ინტენციური ტრემორი).

პათოლოგიური ტრემორი გვხდება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს. რელიეფურია დილით, სპირტიანი სასმლის მიღებამდე. თირეოტოქსიკოზის დროს ტრემორი ხშირია და მცირე ამპლიტუდისა. იგი დიფუზურად ვრცელდება ტანისა და კიდურების კუნთებში. ინტენციური ტრემორი ნათხემის პათოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია. ტრემორის ერთ-ერთი სახეა ესენციური ტრემორი ანუ კეთილთვისებიანი ოჯახური ტრემორი. მისი დებიუტი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირია სიცოცხლის მეექვსე ათწლეულში. ძირითადი სიმპტომია ხელების კანკალი, რომელსაც შეიძლება ახლდეს თავის, იშვიათად - ფეხების კანკალიც. მას არ ახასიათებს ჰიპოკინეზია და რიგიდობა, პარკინსონური ტრემორისგან განსხვავებით. ალკოჰოლური სასმლის მიღებით ესენციური ტრემორი მცირდება. ესენციური ტრემორის მკურნალობაში ძირითადი როლი ენიჭება ბეტა-ადრენობლოკატორებს.

- რაკი პარკინსონური ტრემორი ახსენეთ, იქნებ მასზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ...

- ტიპური პარკინსონური ტრემორი არის 4-6 რხ/წმ სიხშირის, ამპლიტუდა ცვალებადია. იგი მოსვენების დროს ვლინდება და მცირდება ნებითი მოძრაობისას. ამ დაავადების დროს თანაბრად იმატებს კუნთთა ტონუსი მომხრელებსა და გამშლელებში და ვლინდება ცვალებადი წინააღმდეგობის სახით. რიგიდობა მოიცავს კიდურებისა და სხეულის კუნთებსაც, რის გამოც ვითარდება შებოჭილობა. ადგილი აქვს `დაკბილული ბორბლის~ ფენომენსაც, რომელიც კლინიკურად ვლინდება პასიური მოძრაობისას წყვეტილი, რიტმული წინააღმდეგობით. ძილში ტრემორი და რიგიდობა ქრება. პარკინსონული ტრემორი ასიმეტრიული გავრცელებისაა და მეტადაა გამოხატული იმ კიდურებში, საიდანაც დაიწყო ჰიპერკინეზი. იგი გვხვდება პარკინსონის დაავადების, პოსტენცეფალიტური, ათეროსკლეროზული და ტრავმული პარკინსონიზმის დროს. პარკინსონის სინდრომი დოფამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. თალამუსი პარკინსონული ტრემორის გენერატორია.

- როგორ მკურნალობენ პარკინსონულ ტრემორს?

- პარკინსონული ტრემორის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და პაციენტის ასაკზე. მედიკამენტების სახით გამოიყენება დოფამინის რეცეპტორთა აგონისტები, ანტიქოლინერგული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მაგრამ ანტიპარკინსონური მედიკამენტური მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ლევოდოპას პრეპარატები, განსაკუთრებით - 60-70 წლის და უფრო ხანდაზმულ პაციენტებში. ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ასევე ფიზიოთერაპიული საშუალებები: რადონული, გოგირდწყალბადოვანი, წიწვოვანი აბაზანები. მოძრაობის დეფექტის გაძლიერებასთან ერთად იზრდება სამკურნალო ფიზკულტურის როლი პარკინსონიზმის მკურნალობაში. აქტივობის არარსებობას, საწოლში ან სავარძელში მუდმივ ყოფნას თან სდევს შებოჭილობის გაღრმავებაც, ამიტომ პაციენტი უნდა დავარწმუნოთ სამკურნალო ფიზკულტურის აუცილებლობაში.


- რა არის ქორეა, როგორ ვითარდება და ვლინდება ის?

- ქორეული მოძრაობები მთელ სხეულში გავრცელებული ურიტმო, უწესრიგო, უკოორდინაციო და სწრაფი კუნთოვანი შეკუმშვებია. იცვლება მიმიკაც, ჩნდება გრიმასები, გაძნელებულია ყლაპვა და ლაპარაკი. ქორეა ხშირად რევმატიზმის გართულებაა. იგი რევმატული ანამნეზის მქონე 5-12 წლამდე ბავშვებში გვხვდება. დაავადების სიმპტომები ვითარდება თანდათანობით, ჩვეულებრივ გადატანილი ანგინის, ტონზილიტის ან მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ. ავადმყოფობის დასაწყისში ჰიპერკინეზს მიიჩნევენ ცელქობად, თითქოს ასეთ მოძრაობებს ბავშვი განზრახ აკეთებდეს. 1-3 კვირის განმავლობაში ჰიპერკინეზი იმატებს და მოიცავს ყველა კიდურს, ირღვევა დგომა, სიარული, ყლაპვა, მეტყველება. ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება რევმატიზმის სხვა გამოვლინებებიც: ცხელება, კარდიტი, პოლიართრალგია (წვრილი და მსხვილი სახსრების ტკივილი). ქორეის დროს კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, რასაც თან ერთვის მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მყეს-ძვალთა რეფლექსები გაცხოველებულია. უნებლიე მოძრაობები იმატებს ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვისას, ძილში წყდება, გადაღლისას მცირდება. ძალა, როგორც წესი, შენარჩუნებულია, მაგრამ პაციენტს არ შეუძლია შეასრულოს მუდმივი ძლიერი შეკუმშვა, ხელები ასრულებს უნებლიე მოხრა-გაშლას, ენა გამოიყოფა და შეიყოფა პირში. გენერალიზებული ქორეის მიზეზი რევმატულ ქორეასთან ერთად არის ჰანტინგტონის დაავადებაც. ქორეა ხშირად აღმოცენდება ზოგიერთი პრეპარატის მიღების ფონზე როგორც გვერდითი ეფექტი.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- დაავადების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა, კერძოდ, ანტისტრეპტოლიზინისა და ანტისტრეპტოჰიალურონიდაზის ტიტრის განსაზღვრა.

- არსებობს თუ არა დღეს ამ მდგომარეობის სამკურნალო საშუალება?

- ქორეული ჰიპერკინეზების კუპირების მიზნით გამოიყენება ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ვალპროატები. ამ პრეპარატების მიღებას შედეგი აქვს მხოლოდ ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

- ზემოთ ბალიზმი ახსენეთ. ეს ტერმინი ჩვენი მკითხველების უმრავლესობისთვის უცნობია...

- ბალიზმი იშვიათი ჰიპერკინეზული სინდრომია, რომელიც ხასიათდება პროქსიმალური სეგმენტების ძლიერი, ფართო ამპლიტუდის მქონე მოძრაობებით. სინდრომი უპირატესად ცალმხირვადაა გამოხატული (ჰემიბალიზმი), ხშირად ახლავს ჰემიპარეზიც. ბალიზმის მიზეზია ქერქქვეშა ბირთვების დაზიანება. ბალიზმის მკურნალობისას იყენებენ ნეიროლეპტიკებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჰემიბალიზმი რამდენიმე კვირის შემდეგ სპონტანურად უკუვითარდება.

- რა არის მიოკლონია?

- მიოკლონია მოკლე, უეცარი კუნთოვანი შეკუმშვებისგან შედგება. ის შეიძლება აღმოცენდეს როგორც არარეგულარულად, ასევე რიტმულად და ხშირად მეორდება ერთსა და იმავე კუნთში. ამით განსხვავდება იგი ქორეისგან, რომელიც შერჩევითად ვითარდება ზოგიერთ კუნთში. თუმცა მიოკლონია შეიძლება იყოს გენერალიზებულიც. უპირატესად ზიანდება პროქსიმალური (სხეულთან ახლოს მდებარე) ჯგუფის კუნთები, იშვიათად - სახე და ტორსი. აუცილებელია მიოკლონიების განხილვა სხვა კლინიკურ ნიშნებთან ერთად. მაგალითად, მიოკლონიები, რომლებიც მხოლოდ ჩაძინების ფაზაში აღმოცენდება, მოიცავს კიდურებს, ზოგჯერ კი სხეულსა და თავსაც და უნებლიე მოძრაობით არის თანხლებული, ფიზიოლოგიურია და მათ ჩაძინების შეკრთომები ეწოდება. სლოკინი მიოკლონიის ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც მოიცავს დიაფრაგმისა და სასუნთქ კუნთებს. როგორც ყველა ჰიპერკინეზი, მიოკლონიები ძლიერდება ემოციური რეაქციების დროს. მიოკლონიები შეიძლება აღმოცენდეს ქერქის, ქერქქვეშა ბირთვების და სპინალური სტრუქტურების დაზიანების შედეგად. შესაბამისად, მათი არსებობა მოსალოდნელია სხვადასხვა დაავადების დროს: თავის ტვინის ანთებითი, ტოქსიკური და დეგენერაციული, ასევე ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში. მიოკლონიების მკურნალობისას ეფექტურია: ტრანკვილიზატორები, ანტიკონვულსანტები, ვალპროატები, ზოგჯერ ამ პრეპარატების კომბინაცია.

- ტორსული დისტონიის დროს რა პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რით განსხვავდება ის სხვა სახის დისკინეზიებისგან?

- ტორსული დისტონია მიეკუთვნება მემკვიდრეობით პროგრესირებად დაავადებას, შეიძლება იყოს როგორც გენერალიზებული, ასევე ფოკალური. იგი განსხვავდება სხვა დისკინეზიებისგან იმით, რომ კუნთოვანი შეკუმშვისას თან ახლავს სპაზმი, რომელიც პაციენტს აძლევს გარკვეულ მდებარეობას გარკვეული დროის განმავლობაში. კისერი შეიძლება გადაიხაროს რომელიმე მხარეს (ტორტიკოლის) ან უკან (რეტროკოლის); ტორსი იღებს იძულებით სკოლიოზის ან ლორდოზის პოზიციას. დასაწყის სტადიაზე კუნთოვანი სპაზმი ვითარდება გარკვეული მოძრაობისას, მოგვიანებით პათოლოგიური პოზა აღმოცენდება მოსვენებისას და იწვევს სხეულის დეფორმაციას. ყველაზე მეტად დისტონიური ჰიპერკინეზი სახისა და კისრის კუნთებს აზიანებს. მაგალითად, ბლეფაროსპაზმი, რომელიც ორბიტალური (თვალისირგვლივი) მიმიკური კუნთების უნებლიე შეკუმშვაა. გენერალიზებული ტორსული დისტონიის მკურნალობას უმნიშვნელო ეფექტი აქვს. დისტონიის ფოკალური ფორმების შემთხვევებში კი, მაგალითად, ცერვიკული დისტონიის (სპასტიური კისერმრუდობა), წერის სპაზმისა და ბლეფაროსპაზმის დროს, თანამედროვე მედიცინაში არის წინსვლა - იყენებენ ბოტულოტოქსინის ლოკალურ ინექციებს უშუალოდ დისტონიაში ჩართულ კუნთებში. ტოქსინი მოქმედებს ნერვკუნთოვანი სინაფსური გადაცემის ბლოკირების გზით. ეს მეთოდი პრაქტიკულად არ ხასიათდება გვერდითი მოვლენებით. ინექციები თავიდან რამდენიმე კვირაში ერთხელ კეთდება, შემდეგ კი - უფრო იშვიათად. მედიკამენტური მკურნალობის სხვა მეთოდები მეორეხარისხოვანია და ნაკლებ ეფექტური. ზოგჯერ მცირე შედეგს იძლევა დოპამინის პრეპარატები, ბენზოდიაზეპინები, მიორელაქსანტები. სამკურნალოდ იყენებენ ასევე ფიზიოთერაპიულ პროცედურებს და ორთოპედიულ საშუალებებს: პარაფინის აპლიკაციებს, აბაზანებს, ნოვოკაინითYადგილობრივ ბლოკადას. ფიქსირებული პათოლოგიური პოზისა და სახსრის დეფორმაციების დროს ნაჩვენებია ორთოპედიული მკურნალობა: არასწორი პოზების კორექცია ორთოპედიული აპარატებითა და ფეხსაცმლით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ასევე ქირურგიული მკურნალობა.

- შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ისეთ პრობლემას, როგორიც არის ტიკი. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

- ტიკი ჰგავს მიოკლონუსს - შეკუმშვები მასავით ხანმოკლეა, მაგრამ უნებლიე მოძრაობები სტერეოტიპული და ავტომატიზებულია. ტიკი შეიძლება აკონტროლოს თვით პაციენტმა ყურადღების დაძაბვით და შინაგანი დაძაბულობის შემცირებით. ტიკით შეპყრობილ ადამიანს აქვს რომელიმე მოტორული აქტის შესრულების დაუოკებელი სურვილი, რომელიც ყოველთვის მოქმედებაში გადადის. მაგალითად, თავის ტრიალში, თმების გასწორებაში, მხრების აჩეჩაში, ქუთუთოების ხამხამში, წარბების შეჭმუხვნაში, ღეჭვით მოძრაობებში, ტუჩების ცმაცუნში, სახის გრიმასაში და სხვა. ტიკი ორგვარია: ფუნქციური და ორგანული. ფუნქციური ტიკის განვითარების კუთხით მნიშვნელობა აქვს გაღიზიანებით პროცესს პერიფერიაზე. მაგალითად: კონიუნქტივიტისას თვალების ხამხამი, ტუჩების სიმშრალისას - ტუჩების გალოკვა. ორგანული ტიკის წარმოშობას ზოლიანი სხეულის (ტვინის ნაწილი) დაზიანებას მიაწერენ. ტიკები აღმოცენდება ნორმალური ბავშვების 1/4-ში და უკუგანვითარდება გარდატეხის ასაკში. ჯანსაღი მოზარდების ნაწილში აღინიშნება ასევე მუდმივი მოტორული ტიკები, რაც არ გამოხატავს რაიმე ორგანულ პათოლოგიას.

- როგორ მკურნალობენ ტიკს?

- ტიკების სამკურნალოდ გამოიყენება სედაციური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, მძიმე შემთხვევებში - ნეიროლეპტიკები.  ფუნქციური ტიკების დროს კი ძალიან კარგი შედეგი აქვს ფსიქოთერაპიას, ასევე კლიმატო- და ფიზიოთერაპიას.


- რომელი პათოლოგიური მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი ტრიზმი?

- ტრიზმი საღეჭი კუნთების ხანგრძლივი ტონური შეკუმშვაა და ტეტანუსს ახასიათებს. ტრიზმი ვითარდება აგრეთვე მენინგიტის, ენცეფალიტის, ეპილეფსიური შეტევის, ისტერიული შეტევისა და სტომატოლოგიური დაავადებების დროს. მნიშვნელოვანია დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩატარება მენინგიტისა და ენცეფალიტის დროული გამოვლინება, რაშიც ნევროლოგს ეხმარება მენინგიალური ნიშნების აღმოჩენა; ეს არის კისრისა და ქვემო კიდურის გამშლელი კუნთების რიგიდობა.

- როდის ვითარდება კრამპი და როგორ მკურნალობენ მას?

- კრამპი კუნთების სპაზმია, რომელსაც თან სდევს ტკივილი. კანჭის კუნთების კრამპი ვითარდება მაობლიტირებელი ენდარტერიიტისა და გარდამავალი კოჭლობის დროს, ხელის თითების კრამპი ვითარდება ტეტანიის დროს. კრამპის განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი ტრენირება და ცხელი კლიმატი (დეჰიდრატაციის შედეგად ნატრიუმის ნაკლებობის გამო). ზოგჯერ კუნთების იზოლირებული კრამპი ვითარდება კუნთების პირველადი, მეტაბოლური დაავადებისას. კრამპის მკურნალობაში გამოიყენება მიორელაქსანტები, ანტიკონვულსანტები, ტრანკვილიზატორები.

- როდის ვითარდება კუნთების სპაზმი, ფასციკულაცია და ფიბრილაცია?

- სპაზმი კუნთების გარდამავალი ტონური შეკუმშვაა, რაც შეიძლება კუნთების გადაღლის შედეგი იყოს. მაგალითად, წვივის კუნთებისა - ცურვის დროს, თითების კუნთებისა - ხანგრძლივი წერისას. სპაზმს ასევე იწვევს პერიფერიული ნერვის ხანგრძლივი ირიტაცია. მის სამკურნალოდ გამოიყენება მიორელაქსაციური და სპაზმოლიზური საშუალებები. ფიბრილაცია კუნთის ცალკეული ბოჭკოების უნებლიე, სწრაფი შეკუმშვაა, ფასციკულაცია კი - ზურგის ტვინის წინა ფესვის საინერვაციო ზონაში კუნთის ბოჭკოთა უნებლიე სწრაფი შეკუმშვა. ფიბრილაციაც და ფასციკულაციაც ზურგის ტვინის ფესვების დაზიანების შედეგია.

- როგორ და რატომ ვითარდება ტეტანია?

- ტეტანია უჯრედშორის სივრცეში კალციუმისა და მაგნიუმის იონების დეფიციტის შედეგია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, რაც იწვევს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის გაძლიერებას და ახასიათებს კიდურებში მტკივნეული ტონური კრუნჩხვითი შეტევები. აღნიშნული სინდრომი ვითარდება სისხლში კალციუმის კონცენტრაციის 2,2 მმოლ/ლ-მდე. დაქვეითებისას (იონიზებული კალციუმი ამ დროს < 1 მმოლ/ლ). ტეტანიის შეტევა იწყება პერიორალური (პირისირგვლივი) და აკროდისტალური (სხეულის კიდურა ნაწილები) პარესთეზიებით, შემდეგ ვითარდება კიდურების მტკივნეული კუნთოვანი კრამპები. კალციუმის დეფიციტის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს: ალიმენტური ფაქტორი (კალციუმით მდიდარი საკვების მცირე როდენობით მიღება: ძირითადად რძის პროდუქტებისა), D ვიტამინის ნაკლებობა, ორსულობა, ლაქტაცია, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, მაგალითად ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებების, რომლებიც ამცირებენ კალციუმის დონეს სისხლში ძვლის სიმკვრივის გაზრდის გამო. მაგრამ კალციუმის ქრონიკული უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი არის პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია ანუ პარათჰორმონის ნაკლებობა. ხანგრძლივი ღებინების ან ჰიპერვენტილაციის შედეგად აღმოცენებული ალკალოზის დროს ვითარდება ნორმოკალცემიური ტეტანია. დაავადების დიაგნოსტიკაში ნევროლოგს ეხმარება სხვადასხვა სიმპტომი, მაგალითად, შეტევათა შორის აღინიშნება ტეტანიის დამახასიათებელი ხვოსტეკისა და ტრუსოს სიმპტომები. ხვოსტეკის სიმპტომი: ყბაყურა ჯირკვლის არეში ჩაქუჩის დაკვრით სახის ნერვის გაღიზიანება იწყვევს მიმიკური კუნთების შეკუმშვას. ტრუსოს სიმპტომი: ორთავა კუნთის მედიალურ ღარზე ხელის დაჭერა ან მხარზე ლახტის დადება განაპირობებს სისხლძარღვოვანი და ნერვული კონის გაღიზიანებას და მტკივნეულ კრუნჩხვით შეტევას. ინსტრუმენტული გამოკვლევებიდან ინფორმაციულია ელექტროკარდიოგრაფია, რომელზედაც ვლინდება არითმია და QT-ინტერვალის გახანგრძლივება. ქრონიკული ჰიპოპარათირეოზისთვის დამახასიათებელია სისხლში კალციუმის კონცენტრაციის შემცირება, ფოსფორის კონცნეტრაციის გაზრდა, შარდში კალციუმის კონცენტრაციის შემცირება. თუ ტეტანური და ეპილეფსიური გულყრები ერთდროულად განვითარდა, ნევროლოგს სჭირდება დარღვევის დიფერენცირება თავის ტვინის სიმსივნისგან. მიზეზი შესაძლოა იყოს თავის ტვინში არსებული კალციფიკაციები, რომლებიც კომპიუტერულ ტომოგრამაზე ჩანს.

- როგორ მკურნალობენ ტეტანიას?

- ჰიპოკალციემიური ტეტანური შეტევის დროს აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სტაციონარში. საჭიროა კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარის ნელი ინფუზია ინტრავენურად. ქრონიკული უკმარისობისას ხდება ტაბლეტირებული კალციუმის მიწოდება. ჰიპოპარათირეოზის დროს საჭიროა დამატებით ჰორმონული პრეპარატის მიღება.

- კუნთოვანი პათოლოგიების კვლევის რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- კუნთოვანი პათოლოგიების გამოკვლევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონეირომიოგრაფია. მისი საშუალებით ხდება ნერვ-კუნთოვანი სისტემის გამოკვლევა კონცენტრული ნემსის დახმარებით კუნთთა ელექტრული პოტენციალების რეგისტრაციის გზით. აღნიშნული გამოკვლევა გვეხმარება ნეიროგენული და მიოგენური დაზიანების დიფერენცირებისა და იდენტიფიცირებისთვის. კუნთთა დაავადებების კვლევის ერთ-ერთი მეთოდი კუნთის ბიოფსიაა, თუმცა ეს მეთოდი ხშირად არ გამოიყენება. მისი მეშვეობით ადგენენ კუნთთა დეგენერაციულ და ანთებით დაავადებებს, ასევე - კუნთოვანი ბოჭკოების ატროფიას.