ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, ტრადიციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, ტრადიციები

ბავშვებისთვის უფროსებთან სიახლოვე ნიშნავს ისეთ ურთიერთობას, როდესაც უფროსი ბავშვს აძლევს ყველაზე ფაქიზ, იდუმალ სიმდიდრეს, აძლევს უანგაროდ, ბავშვი კი, რომელიც ითვისებს ყოველივე საუკეთესოს, თავის მხრივ, ამდიდრებს უფროსს თავისი უმანკო ბუნებით, თავისი ემოციების სიწმინდით, ახედებს მას თავისი სულის ყველაზე სუფთა, უზაკველ კუნჭულებში. სწორედ ასეთი ურთიერთობები მოქმედებს პოზიტიურად ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

ამ ურთიერთობებს ადუღაბებს და ბავშვებზე მათ გავლენას აძლიერებს ოჯახური ტრადიციები. ტრადიციებს იდეურთან ერთად აქვს აღმზრდელობითი მნიშვნელობაც. განვიხილოთ ერთი ოჯახის მაგალითი: მეხუთეკლასელ გიორგის ძალიან უყვარს შაბათი და კვირა, როცა მთელი ოჯახი შინაა. განსაკუთრებით ძვირფასია მისთვის ოჯახური საუბრები. დედა ამბობს: “მოდით, ჩემო კარგებო, ვისაუბროთ, ვითათბიროთ”. ნიკა და ანა, გიორგის უფროსი და-ძმა, დედას სუფრის გაწყობაში ეხმარებიან. ოჯახი სუფრასთან იკრიბება, ჩაის სვამს, ნამცხვარს მიირთმევს და საუბრობს: სად დაისვენონ ზაფხულში, ვის რა ნივთი სჭირდება, როგორი ტანსაცმელი იყიდონ ზამთრისთვის, რა შეიძინონ ოჯახისთვის; მსჯელობენ მოსალოდნელ წვეულებაზე, სწავლაზე, სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებზე. ერთხელ ასეთ თავყრილობაზე დედამ ბებია და ბაბუაც მოიწვია. გიორგი მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა - ანამ ცხრა კლასი დაამთავრა და ვერ გადაეწყვიტა, მეათე კლასში გაეგრძელებინა სწავლა თუ სამედიცინო კოლეჯში. ყველამ გამოთქვა აზრი, განიხილეს სხვადასხვა წინადადება. ბოლოს მამამ უთხრა ანას: “რომელი რჩევაც მოგეწონა, გაითვალისწინე, საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად მიიღე”. ასეთი თავყრილობები ამ ოჯახის ერთ-ერთი ტრადიციაა.

დიდი ხანია შემჩნეულია, რომ ოჯახური ტრადიციები, რომლებიც ოჯახის ფსიქოლოგიური კლიმატის განუყოფელი ნაწილია, ძლიერ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე. როგორია მათი გავლენის არსი? რა ტრადიციები აქვს თანამედროვე ოჯახს? ტრადიციებს იცავს არა იურიდიული აქტები, არამედ საზოგადოებრივი აზრის ძალა. მრავალი მათგანი თანდათან საზოგადოების წესად, ნორმად, თავისებურ დაუწერელ კანონად იქცევა. ტრადიციებს უდავოდ მიუძღვის წვლილი საზოგადოებრივ პროგრესში, თუმცაღა ზოგიერთი მათგანი, მიაღწევს რა აპოგეას, თანდათან კარგავს მნიშვნელობას და ამუხრუჭებს კიდეც წინსვლას. ამიტომაც ჩნდება ტრადიციების განახლების, ძველთან, დრომოჭმულთან გამოთხოვების აუცილებლობა. ეს ბუნებრივი პროცესია. იგი ვერ ჩრდილავს ტრადიციების უდიდეს აღმზრდელობით ძალას. კარგი, ნორმალური ოჯახების უმრავლესობას აქვს ცხოვრების ყოველდღიური, მარტივი, გონივრული რიტმი გარკვეული წესებითა და ჩვევებით, რომლებიც თითქმის ავტომატურად სრულდება. ისეთი თავყრილობები, ოჯახური თათბირები, როგორიც ზემოთ აღვწერეთ, აღმზრდელობითი თვალსაზრისით გაცილებით ფასეულია, ვიდრე დამრიგებლური საუბრები. ბუნებრივია, ყოველი ოჯახის ტრადიციები განსაკუთრებული და თავისებურია. ავიღოთ, თუნდაც, უკვე ნახსენები ოჯახის მაგალითი. ამ ოჯახის ცხოვრების ყოველი მხარე ტრადიციებითაა გამსჭვალული. ამასთან, მეუღლეებს მიაჩნიათ, რომ ეს ტრადიციები მათ განგებ არ მოუგონიათ და არ დაუნერგავთ. დიასახლისმა გაიხსენა, რომ იმ ოჯახში, რომელშიც თავად გაიზარდა, ასეთი შეკრებები არასოდეს ყოფილა, მეუღლის ოჯახში კი მათი ქორწინებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ქმრის მშობლებმა სწორედ ასეთი თავყრილობა მოაწყვეს. ახალგაზრდებმა, რომლებმაც მოგვიანებით ცალკე ოჯახად განაგრძეს ცხოვრება, შეუმჩნევლად შეინარჩუნეს ოჯახური შეკრებების ტრადიცია. საუბრები, ჩვეულებრივ, მაგიდასთან მიმდინარეობს, მათ უსმენენ ბავშვები და თანდათანობით, ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევენ, იწყებენ საკუთარი აზრის გამოთქმას და პრობლემების მოგვარებაში თავიანთი წვლილიც შეაქვთ. მეორე ტრადიცია, ბუნებასთან მეგობრობა, სათავეს იღებს დედის მშობლების ოჯახიდან, სადაც ცხოველებისა და მცენარეების ნამდვილი კულტი იყო. მის მშობლებს უყვარდათ ქალაქგარეთ სეირნობა, ლაშქრობათა მოწყობა. ბუნებას ამ ოჯახშიც განსაკუთრებულად ეკიდებიან. გვიან შემოდგომაზე მთელი ოჯახი გადის ბუნების წიაღში, ტკბება შემოდგომის ულამაზესი, ფერადოვანი პეიზაჟებით, შემდეგ ელოდებიან პირველ თოვლს, ის დღე, როცა თოვლი მიწას ფარავს, არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ეჩვენებათ. რა თქმა უნდა, კვირა დღეს მეგობრებთან ერთად გასეირნება სასიამოვნოა, მაგრამ უფრო უკეთესია მთელ ოჯახთან ერთად თხილამურებით სრიალი. განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს თოვლით დაფარულ ტყეში სეირნობა. ბავშვებს დიდხანს ემახსოვრებათ ასეთი გასეირნება. წიგნის სიყვარულიც ამ ოჯახის დიდი ხნის ტრადიციაა. ისიც ძველი დროიდან მოდის. ამ ოჯახში არის მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნია სამახსოვრო წარწერებით, რომელთაც მოწიწებით კითხულობენ უმცროსი თაობის წარმომადგენლები. არის წიგნი, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: “დიდი ბედნიერებაა წიგნის სიყვარული, როცა გაგიჭირდება, იკითხე, გაიგებ, როგორ უნდა ცხოვრება და რისთვის ცხოვრობ”. ეს წარწერა პაპის პაპას ეკუთვნის. ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს, ზოგიერთს - ძალიან საინტერესო, ზოგსაც - სასაცილო... ამ წიგნებთან დაკავშირებულ ისტორიებსაც აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს - ბავშვებს ინტერესს და, საზოგადოდ, წიგნის სიყვარულს უღვივებს.

ბავშვებზე ერთდროულად მოქმედებს აღზრდის ორი უმნიშვნელოვანესი საშუალება - წიგნები და ახლობლების პირადი მაგალითი. მათი ერთობლიობა ბავშვებზე თვისებრივად ახალ, მძლავრ ზემოქმედებას ახდენს. ეს ზემოქმედება კიდევ უფრო ძლიერდება იმით, რომ იგი მიმდინარეობს ბუნებრივ ვითარებაში, შემდგომ კი ამ ზემოქმედებას უკვე თვით ბავშვები ახდენენ ერთმანეთზე. ასეთი ვითარება საუკეთესო პირობებს ქმნის წიგნის სიყვარულისა და ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, ხოლო ზნეობრივ ნორმებს, რომლებსაც წიგნებიდან გვასწავლიან, განამტკიცებს ახლობლების პირადი მაგალითი და მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბებას ესაძირკვლება.

ამ ოჯახში კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა - თეატრის სიყვარული. უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად და დიდი სიამოვნებით დადიოდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრში, უმცროსები კი კითხვებით არ ასვენებდნენ უფროსებს: “რა ჰქვია სპექტაკლს? რაზეა? ვინ არიან მთავარი მოქმედი გმირები? რომელი მსახიობები თამაშობენ?” - და ა.შ. როცა დიდები და პატარები ერთად მიდიან თეატრში, ეს ნამდვილი ოჯახური დღესასწაულია. ორი კვირით ადრე ემზადებიან თეატრში წასასვლელად, იხსენებენ, რა სპექტაკლი ნახეს ცოტა ხნის წინ, რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად. ზოგჯერ ხმამაღლა წარმოთქვამენ მოქმედ პირთა რეპლიკებს, წარმოდგენის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღეს მსჯელობენ სპექტაკლის შესახებ. ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს. ერთი სიტყვით, თეატრი ამ ოჯახის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვებს უკვე დამოუკიდებლადაც უჩნდებათ თეატრში წასვლის სურვილი, და არა მარტო მშობლებთან, მეგობრებთან ერთადაც. თეატრის სიყვარულმა უკვე გაიდგა ფესვი მათ არსებაში.

მრავალ ოჯახს აქვს მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენების, ოჯახური დღესასწაულების საზეიმოდ აღნიშვნის ტრადიცია. საშურია, რომ ასეთი ზეიმების სამზადისში უფროსებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. დაისახოს გეგმა, განაწილდეს დავალებები ოჯახის წევრებს შორის, განიხილონ სტუმრების დახვედრის ვარიანტები, მოიგონონ სიურპრიზები, გასართობები, მოამზადონ საჩუქრები. ერთობლივი საზრუნავი უფრო მეტად აახლოვებს მის წევრებს. ბავშვები ბევრ რაიმეს ითვისებენ და სწავლობენ, იძენენ მნიშვნელოვან უნარებს, ითვისებენ კულტურული ქცევის წესებს, ხვეწენ მანერებს და ეტიკეტს. თვით დღესასწაულის აღმზრდელობითი არსია ახლობელ, ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა, მათთან საინტერესო საუბარი, მთელი ვითარების საზეიმო ხასიათი, ურთიერთობის სიხარული. სწორედ ასეთ ატმოსფეროში მიმდინარეობს დღესასწაულები მრავალ ოჯახში. სასარგებლო ტრადიციები აძლიერებს ოჯახს, საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ოჯახის უფროსი წევრების მიერ ჩვენში დათესილი სიკეთისა და სიყვარულის მარცვლები და მომავალ თაობებს გადავცეთ. ტრადიციის აღმზრდელობითი ძალა, უწინარედ, ის არის, რომ მათში არსებულ გამოცდილებას მომავალი თაობა იღებს ყველაზე ბუნებრივი გზით. ბავშვების ქვეცნობიერი ყველაფერს ისრუტავს, ის მასში ილექება და გარკვეულ დრომდე ინახება, მერე კი სიტუაციის შესაბამისად ამოტივტივდება და პიროვნების ქცევაზე აისახება. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ქვეცნობიერში შემონახული “ნალექი” რაც შეიძლება პოზიტიური იყოს. ოჯახში, სადაც მრავალი ტრადიციაა, მეტი პირობაა ბავშვებზე მშობლების ცალკეული შეცდომების უარყოფითი გავლენის გასანეიტრალებლად. რაც უფრო მეტი ტრადიციაა ოჯახში, მით მეტად მტკიცეა იგი და კავშირი თაობებს შორის.