როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის

.

იმავეს განიცდიან მძღოლები მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი გამოცდის წინ, ახალბედა ქირურგები პირველი დამოუკიდებელი ოპერაციის წინ, მსახიობები სცენაზე გასვლის წინ, პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისული ადამიანები...

მღელვარება გამოცდის ან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ბუნებრივია. მთავარია, პანიკას არ ავყვეთ და გამარჯვებისთვის მოვემზადოთ. უძილო ღამეები, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, გახშირებული პულსი, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, კიდურების კანკალი გამოცდის წინ შიშის ტიპური გამოვლინებაა.

საინტერესოა, რომ საგამოცდო სტრესთან ბრძოლა ყველასთვის პრობლემას როდი წარმოადგენს; ზოგიერთს ეს დაძაბულობა, პირიქით, ხელს უწყობს ძალების მობილიზებასა და გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი გვესაუბრება.

  • ქალბატონო ნანა, გამოცდების პერიოდში ახალგაზრდები მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან. ეს არადამაჯერებელი, ზედაპირული ცოდნის ბრალია თუ სტრესულ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება შეექმნას ადამიანს, თუნდაც უკვე ნასწავლი, ათვისებული მასალის გადმოცემის თვალსაზრისით?

- ორივე მიზეზი დასაშვებია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ბრძანეთ დამაჯერებლობის თაობაზე. როდესაც ადამიანს მაღალი ან ადეკვატური თვითშეფასება აქვს, უფრო თავდაჯერებულია და ცოდნის წარმოჩენაც უფრო მეტად უადვილდება. ადამიანს, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, შესაძლოა მეტი ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ სიმორცხვის, თავდაჯერების ნაკლებობის გამო ვერ წარმოაჩინოს.

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესული ზეწოლა. მართლაც საშინელ წნეხს განიცდიან მოზარდები, რომელთაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი. მათ, თავისთავად ცხადია, უამრავი მასალის ათვისება სჭირდებათ, ამასთან, გადასაჭრელი აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - გამოცდები წარმატებით უნდა ჩააბარონ, რათა დაფინანსება მიიღონ. ბუნებრივია, მშობლებიც იმავეს მოითხოვენ მათგან. ახალგაზრდებს უჩნდებათ განსაკუთრებული მზაობა, რაც შეიძლება უკეთ ისწავლონ, აითვისონ დიდი მასალა, რათა გამოცდები წარმატებით ჩააბარონ. ყოველივე ამით გამოწვეული სტრესი გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, იწვევს დაბნეულობას, უყურადღებობას, გონებაგაფანტულობას.

თუმცა ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება; პირიქით, ზოგიერთისთვის სტრესი მამობილიზებელ ფაქტორად იქცევა. ასე რომ, მზა ფორმულა, რომელსაც ყველას მივუსადაგებდით, არ არსებობს, წინასაგამოცდო სტრესი ყველა ადამიანში თავისებურად ვლინდება.

  • დღევანდელ ვითარებას თუ გავაანალიზებთ, შევამჩნევთ, რომ ბავშვები ძალიან დიდხანს თითქმის არაფერს აკეთებენ და პრაქტიკულად ერთ წელიწადში უხდებათ ზღვა მასალის ათვისება.

- ასეც არის. ადრე სკოლაც იმდენს არ სთხოვდა მოსწავლეს. იყო პრაქტიკა, რომ ბოლო, გამოსაშვები წლის განმავლობაში (მაშინ სკოლაში გამოცდები არ ბარდებოდა), რაკი ბავშვები დატვირთულები იყვნენ კერძო მასწავლებლებთან სიარულით, თვეობით არ დადიოდნენ სკოლაში, პროგრამები და სისტემებიც არ იყო მოწესრიგებული და ბავშვები მართლაც გაზარმაცებული იყვნენ. არც შეფასებას აქცევდნენ ყურადღებას, არ იყო ეს მათთვის მნიშვნელოვანი, დაბალი მოტივაცია ჰქონდათ, ამიტომ ბოლო წელს უხდებოდათ დიდი მასალის ათვისება.

ახლანდელი, ტესტური ხასიათის გამოცდები, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა იმ მხრივ, რომ ბავშვს, რომელიც კარგად აზროვნებს, გონიერია, შესაძლოა ძალიან დიდი მასალის ათვისება არ დასჭირდეს, რადგან მთავარი არსის გაგებაა. ვგულისხმობ უნარ-ჩვევებს, სადაც რაიმეს დასწავლა საჭირო არ არის. გონიერი ადამიანი ალღოს უღებს და ადვილად ახერხებს ამ დავალების შესრულებას თუ ამოცანის გადაჭრას, რასაც ემატება ინტელექტიც.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ მშობლების თაობას კარგად ახსოვს, როგორ ხორცსაკეპ მანქანაში გავდიოდით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს. ზეპირი გამოცდა ბევრი ბავშვისთვის უფრო რთულია, რადგანაც პირისპირ დგება გამომცდელთან და ხშირად მოფიქრების საშუალებაც არ აქვს. სუბიექტური ფაქტორიც მეტად მნიშვნელოვანია და შესაძლოა უარყოფითი როლი შეასრულოს. წერითი გამოცდა შედარებით იოლია, იმიტომ, რომ შენს თავთან მარტო რჩები და მთელი ცოდნისა და უნარების კონცენტრაციის საშუალება გეძლევა. ეს დაძაბულობა და ნერვიულობა ახსოვს ჩვენს თაობას და ხშირია, როცა მშობელი გადასცემს ამას შვილს.

მიმაჩნია, რომ თავად გამოცდის პროცესი იმდენად დაძაბული არ არის და ბევრ აბიტურიენტს, რომელთანაც მისაუბრია, უთქვამს, რომ საშინელება წარმოედგინა. მარტო ამოცანის შესრულებაზე კი არ ფიქრობ, არამედ იმაზეც, იქ რა იქნება. ამიტომ კარგია, როდესაც წინასწარ იმართება გამოცდის რეპეტიცია. ეს ძალიან უწყობს ხელს ბავშვის დამშვიდებას: რჩები შენს ცოდნასთან, შენს გონიერებასა და ინტელექტთან ერთად და გაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ თუ მომზადებული და მოტივირებული ხარ, ეს დაძლიო. უშუალოდ გამოცდებამდე შფოთავენ, რომ ერთბაშად აღმოჩნდებიან ძალიან დატვირთულ რეჟიმში, ვეღარ გაერთობიან, ვეღარ მოილხენენ, ბევრ გასართობს მოაკლდებიან, ამიტომ შეიძლება, მცირე ულუფებად განტვირთვის საშუალება მივცეთ ბავშვს - გულის გადაყოლება აუცილებელია, რათა არ გადაიწვას.

  • პირადად მე ნაკლებად დამაჯერებელი მეჩვენება თავის მართლება "ვიცოდი და დამავიწყდა".

- შესაძლოა, ასე მოგვეჩვენოს; გააჩნია, როგორია ეს ადამიანი. დიდ გავლენას ახდენს ზეწოლა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შინაგანი შფოთვა უჩნდება მოზარდს. ეს შფოთვა შეიძლება იმ გარემოშიც გაგრძელდეს, რაც ძალიან უშლის ხელს გახსენებას, მოფიქრებას, აზროვნების პროცესების, ყურადღებისა და მეხსიერების სრულად ამუშავებას. შეიძლება, მართლაც იცოდა ბავშვმა, მაგრამ სტრესულ სიტუაციაში ვერ შეძლოს გადმოცემა, ნასწავლის ჩამოყალიბება.

  • ხშირად ბავშვებს სწორად გაცემული პასუხების შავად ნაწერიდან გადათეთრების დროს მოსდით შეცდომა.

- ამ დროს ცაიტნოტის ფაქტორი ამოქმედდება, ანუ ის, რომ შეიძლება გადათეთრება ვერ მოასწრო, და ესეც ერთგვარი შფოთვის გამოვლინებაა.


  • ზემოთ ბრძანეთ, რომ დაბალი თვითშეფასების ადამიანებს უჭირთ საკუთარი ცოდნის წარმოჩენა. რას ურჩევდით მათ? მეორე მხრივ, ადამიანი შესაძლოა კმაყოფილი არ იყოს ნასწავლის ხარისხით, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალოს გამოცდის დროს ცოდნის გამომჟღავნებაში.

- როცა ადამიანი ყოველთვის კმაყოფილი არ არის თავისი მიღწევებით, თავის მიერ შესრულებული სამუშაოთი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი საკუთარ თავს უფრო მეტს სთხოვს და, შესაბამისად, უფრო მეტის ათვისებისკენ, შესწავლისკენ ისწრაფვის. ეს დამოკიდებულებაა განვითარების მამოძრავებელი.

  • როგორ მოვიქცეთ ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად?

- წავახალისოთ, ვუთხრათ: შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უთუოდ გამოგივა. შევახსენოთ, თუკი რამ წარმატებისთვის მიუღწევია - შესაძლოა ჩვენ ეს წარმატება უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს, მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი იყოს. არ არის აუცილებელი, ის სწავლასთან იყოს დაკავშირებული - შეიძლება, გავახსენოთ შემოქმედებითი წარმატებაც. გავახსენოთ, როგორ უხაროდა, როგორ ამაყობდა და საამაყო იყო სხვებისთვისაც, ანუ მთელი ის სიტუაცია, როცა იყო კმაყოფილი, ლაღი, წარმატებული, აღიარებული.

  • ეს ქება-დიდება მეორე უკიდურესობაში ხომ არ გადაგვაგდებს, საფუძველს მოკლებულ ამბიციას ხომ არ მივიღებთ?

- მე იმ შემთხვევებზე ვსაუბრობ, როდესაც მოზარდი მართლა იმსახურებდა ქებას. კი არ უნდა ვიცრუოთ, არამედ რასაც ნამდვილად კარგად გაართვა თავი, ის გავიხსენოთ. მშობლების მიუკერძოებელი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს სათანადო შედეგს.

  • ზოგჯერ მოზარდს აზროვნების გასაუმჯობესებლად ასმევენ მედიკამენტებს, მცენარეულ ნაყენებს. შედეგიანია ამგვარი ჩარევა?

- მეხსიერების გასაუმჯობესებელ მედიკამენტურ საშუალებებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ შეიძლება, მცენარეული საშუალებებით ბავშვს შფოთვა მოვუხსნათ, ძილი მოვუწესრიგოთ, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი? ეს ხომ ისევ ტვინის ფუნქციობისთვის იქნება სასარგებლო.

  • ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე თვე დარჩა. როგორ დავადგინოთ, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის?

- უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ინტელექტუალური დონე არ არის გადამწყვეტი. ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნულ-ემოციური მზადყოფნა. ხუთი წლის ბავშვი შეიძლება გამართულად კითხულობდეს, მაგრამ იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელსაც სკოლა სთავაზობს, ჯერ მზად არ იყოს, იმიტომ რომ 5 წლის ბავშვის ძირითადი ქცევა თამაშია და არა სწავლა. მაგალითად, მას შეიძლება არ ესმოდეს, რატომ უნდა იჯდეს მერხთან სხვებთან ერთად... ამ დროს ბავშვისთვის სხვა ინტერესებია წამყვანი.

განსაკუთრებით უმძიმთ მათ, ვინც საბავშვო ბაღში არ დადიოდა და არ აქვს თანატოლებთან ჯგუფური ურთიერთობის გამოცდილება, სხვა უფროსებთან ასეთ გარემოში ურთიერთობის გამოცდილება, მით უფრო - პედაგოგთან, რომელიც მას რაღაც მითითებებს, დავალებებს აძლევს, თუნდაც თამაშის დროს. ეს ინტერაქციები ბავშვს გავლილი უნდა ჰქონდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, მზად იყოს, დღეში თუნდაც 3 საათი გაატაროს უცხო გარემოში, რომელთანაც ადაპტაცია სჭირდება. 6 წლის ბავშვი თავისი ინტელექტუალური, ემოციური, პიროვნული განვითარებით, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად დაძლევს ამ ამოცანას. ამ ასაკში ერთი წელიც კი მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა. თუ ბავშვი მზად არ არის სასკოლო გარემოსათვის, ამან შესაძლოა შეაფერხოს დასწავლისა და აზროვნების ოპერაციები. თუ ჩვენი სისტემა უშვებს, რომ ხუთი წლის ბავშვი სკოლაში შევიდეს, მაშინ სწავლების მეთოდოლოგიაც შესაბამისი უნდა იყოს.

  • როგორია პირველი კლასიდანვე ორი ენის სწავლების ფსიქოლოგიური ასპექტები?

- როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის და იწყებს მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის სწავლას, შეიძლება, უცხო ენის სწავლაც დავაწყებინოთ, ოღონდ არა წერა-კითხვით, არამედ თამაშით, ლექსების სწავლით, ზეპირი მეტყველებით, რათა ყური შეეჩვიოს და გავარჯიშდეს. ბავშვი აზროვნებს იმ ენაზე, რომელ ენობრივ გარემოშიც იზრდება და ვითარდება. სკოლაში მას მხოლოდ ასოების გამოყვანას კი არა, ფაქტობრივად, წერით აზროვნებასაც ვასწავლით. როცა ამას ემატება სხვა ენა, ტვინს ორმაგი დატვირთვით უწევს ინტელექტუალური ოპერაციების განხორციელება და, ბუნებრივია, უჭირს. ამიტომ არის, რომ პატარა ბავშვებს ხშირად ქართული და უცხოური ასოები ერთმანეთში ერევათ.

  • როგორ ვასწავლოთ მოზარდს დაბრკოლებების გადალახვა, რათა ღირსეულად გაართვას თავი ცხოვრებისეულ სირთულეებს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს შეეძლოს საკუთარი ემოციების მართვა, სწორი კომუნიკაცია, რათა არც თვითონ დაზარალდეს და არც სხვა ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში, შეეძლოს პრობლემის არსის გაანალიზება, მის მოსაგვარებლად რეალური გზების მოძიება და დაგეგმვა. თუ ადამიანს ამის უნარი აქვს, მას ვერავითარი დაბრკოლება ვერ შეაშინებს.