ცაცხვის სამკურნალო თვისებები
ცაცხვის ყვავილი
ცაცხვის ყვავილს სხვაგვარად “ცაცხვის ფერსაც” უწოდებენ. ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებს როგორც მისგან დამზადებულ ნაყენებს, ასევე ნახარშებს.
ცაცხვის ყვავილები შეიცავს გლიკოზიდ ტალიცინს, C და სხვა ვიტამინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, ეთერზეთებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინს, საპონინებს, ცვილს, გლუკოზას და სხვა შაქრებს, მაკრო და მიკროელემენტებს.
პრეპარატები, რომელთაც ცაცხვის ყვავილისაგან ამზადებენ, გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი (გლიკოზიდ ტილიაცინის ეფექტია) მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება. მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პირისა და ყელის გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს.
ცაცხვის ყვავილი სხვა მცენარეებთან კომბინაციაში გამოიყენება სამკურნალო ნაყენების დასამზადებლად. აღნიშნული ნაყენები რეკომენდებულია რევმატული და პოდაგრული გენეზის სახსრების ტკივილის გასაყუჩებლად, ჰემოროიდული კვანძების ანთების ჩასაცხრობად, ჭრილობების მოსაშუშებლად. ცაცხვის ყვავილების (როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან კომპლექსში) ნაყენი, ე.წ. ცაცხვის ჩაი, სასიამოვნო არომატით, ოქროს ფერითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სასმელია. ეს ჩაი ცხელი სახით უნდა მიირთვათ ძილის წინ გაციების, ხველის, თავის ტკივილის დროს.
ცაცხვის ყვავილის ნაყენი აბაზანების სახით რეკომენდებულია ნერვული დაავადებების დროს.
სამკურნალოა ცაცხვის ფოთოლიც. წინათ მას კომპრესის სახით თავზე იფენდნენ თავის ტკივილის დროს.
ცაცხვის ნაცარი
ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს, რომელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისაგან. თურმე ამ ნაცარს გააჩნია უნიკალური თვისება - ის თავის მოცულობაზე 90-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებას იკავშირებს, ბოჭავს. ამის გამო ცაცხვის ნაცარი ინტენსიური მეცნიერული კვლევის საგანია. თანამედროვე მეცნიერული მედიცინა ცაცხვის ნაცარს იყენებს ტოქსინების აბსორბციისთვის მოწამვლის დროს. წვრილად დაქუცმაცებული ცაცხვის ტოტებით ან მათი ნაცრით მკურნალობენ კვებით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს.
ცაცხვისაგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურნალობენ ეგზემას. მას კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს.