ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი
ფიჭვის ღირსებებს მთელ მსოფლიოში სცემენ თაყვანს. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ხე მარადიულობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა, მცირე აზიაში - უკვდავების და ნაყოფიერებისა, ფინეთში - სიცოცხლისა, კორეელებისთვის კი ის პრინციპულობასა და ერთგულებას განასახიერებს. ფიჭვს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მისი კვირტებისგან დამზადებულ პრეპარატებს შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი ეფექტი ახასიათებს, ამიტომაც მათ ხშირად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გურმანები ფიჭვის ნორჩი ყლორტებისგან მურაბასაც ხარშავენ, რომელიც მხოლოდ გემრიელი სასუსნავი კი არ არის, ფილტვების ანთებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წამალიც გახლავთ.
ფიჭვის კვირტები
ფიჭვის კვირტების ნაყენი ძალზე მარგებელია ბრონქიტის, პნევმონიის, რევმატიზმის, სახსრების, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს. ნაყენი ასე მზადდება:
- აიღეთ ერთი სადილის კოვზი კვირტი, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჰერმეტულად დაახურეთ სახურავი, შემდეგ 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში და 15 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შეგრილებული ნაყენი დოლბანდში ან საწურში გაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. სვით დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ნახევარი ან მესამედი ჭიქა.
კვირტების ნახარშს საინჰალაციოდ და სავლებად იყენებენ ანგინისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, სპირტიან ნაყენს კი - ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად. ის უებარი წამალია ტუბერკულოზური პათოლოგიის დროსაც. ფიჭვის კვირტებისგან (ხის სხვა ნაწილებთან ერთად) ამზადებენ სამკურნალო აბაზანებს, რომლებიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
ფიჭვის წიწვები
ფიჭვის წიწვები C ვიტამინის მდიდარი წყარო და ძალზე ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი მოგროვება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. გარდა ვიტამინებისა, ის მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი ნივთიერებებით. წიწვის აბაზანები მატონიზებელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ნაყენი კი ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს მას. განსაკუთრებით მარგებელია ზამთარში, როცა ორგანიზმს ვიტამინები აკლია და იმუნურ სისტემას ძალების საგანგებო მობილიზება უხდება.
ფიჭვის მტვერი
ფიჭვის მტვერს, როგორც სიბერისგან დამცავ საშუალებას, ძველთაგანვე იცნობენ. ის მანამდე უნდა მოაგროვოთ, სანამ გადმოიფანტება. დაკრიფეთ ყვითელი გირჩები, მზეზე გაახმეთ, მტვერი გადმოყარეთ, გაცერით, გააშრეთ და ქაღალდის პარკით მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ. ასე დამუშავებული მტვერი ჩაისავით დააყენეთ და მიირთვით, განსაკუთრებით - თუ სახსრების დაავადება ან რევმატიზმი გაწუხებთ. ფიჭვის მტვერს ჩირქოვან ჭრილობებზეც აყრიან. ფართოდ იყენებენ მტვრის სპირტიან ნაყენსაც.
* * *
ანგინის, ტონზილიტის (ნუშურების ანთების), ფარინგიტის (ხახის ლორწოვანი გარსის ანთების), სასისა თუ ხახის სხვა დაავადებების დროს კარგია ფიჭვის ფისის ღეჭვა და წუწვნა. ფიჭვისგან იღებენ კუპრს, კანიფოლს, სკიპიდარს, ტერპენტინის ზეთს. სკიპიდარისგან დამზადებული მალამოები და ლინიმენტები ნევრალგიის, მიოზიტის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს მტკივანი ადგილების დასაზელად გამოიყენება, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს კი, როგორც ანტიმიკრობულ საშუალებებს, ინჰალაციისთვის იყენებენ. კანიფოლისა და ტერპენტინისგან სამკურნალო პლასტირებსა და მალამოებს ამზადებენ, ხოლო კუპრი ჩინებული მადენზიფიცირებელი საშუალებაა ეგზემისა და კანის სხვა დაავადების დროს.