კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე
ფოთლებშიც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მგ პროცენტამდე აღწევს.
ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება. ამ უკანასკნელ დრომდე წენგოსაგან კეთდებოდა პრეპარატი "იუგლონი" კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს, მათ ჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე.
კაკლის ზეთი კონიუნქტივიტების და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.
ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის - 50 გ. 1 ლ წყალზე სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. აღნიშნავენ, რომ დიაბეტიანებს შაქრის შემცველობას უმცირებს შარდში.
წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფებიდან სპირტზე ნაყენს ამზადებენ. ბოთლში ჩაყრილ კაკალს ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ, სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს კი შაქარს აყრიან, კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც მიიღება კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს (განსაკუთრებით საჭმლის გაძნელებული მონელებისას). ლიქიორი უფრო ნაკლებეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მეტად კარგი გემოსია. იღებენ ჭამის შემდეგ საჭმლის ძნელად მონელების არართული ფორმის დროს.
ნაყენისათვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლ სპირტზე. ლიქიორს კი გემოვნებით მიხაკსაც უმატებენ.
კაკლის ფოთლების წყლიან ნაყენს ან მონახარშს რაქიტიანი ბავშვების აბაზანებისათვის იყენებენ.
თმისათვის უფრო მუქი ფერის მისაცემად თავს კაკლის ფოთლის მაგარი ნახარშით იბანენ. სამკურნალოდ კაკლის ფოთლებს იყენებენ უყუნწოდ ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებისას, კანის დაავადებების ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭაშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
დასალევად გამოიყენება წყლიანი ნაყენი. ერთ სუფრის კოვზ ხმელ წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (დღეღამის დოზა). გარეგან პრაქტიკაში იყენებენ მონახარშს: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5 ლ წყალს ასხამენ და 15 წუთს ხარშავენ.
ხალხური მედიცინა ფოთოლსა და წენგოს მრავალი დაავადების დროს იყენებს, კერძოდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა მათ იყენებენ კუჭ-ნაწლავების ანთებისა და ტკივილის, ფურუნკულების, ჩიყვის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბუასილის, ნიკრისის ქარის, სიყვითლის, სისხლიანი ნახველის სამკურნალოდ, აგრეთვე კომპრესებად ძუძუთა ბავშვების მკვებავი ქალების ძუძუს თავების დახეთქვისას. მოხარშულ თბილ ფოთლებს იდებენ ბუასილიან ადგილზე. იხილეთ ვრცლად