დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

სვია უძილობისა და ნევროზის წამალია

უძილობა ნევროზის შედეგად დამეწყო. სვია ამ პრობლემის დაძლევაში დამეხმარა.

  • შეაგროვეთ სვია აგვისტოში. დაფქული გირჩების 1 წილს დაასხით 4 წილი არაყი. გააჩერეთ 14 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ამ ნაყენის 10 წვეთი მიიღეთ სადილის წინ, ხოლო 10-15 წვეთი უშუალოდ ძილის წინ.
ნატუკა ელაშვილი, რუსთავი

პარადონტიტს შეიძლება მცენარეული საშუალებებითაც უმკურნალოთ

რამდენიმე კვირის წინ, კბილების გამოწმენდისას, სისხლი შევნიშნე. მივმართე სტომატოლოგს, რომელმაც ღრძილების პრობლემა დამიდგინა. გადავწყვიტე, მცენარეული საშუალებებით მემკურნალა.

  • 1 სუფრის კოვზ კრაზანას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ გაცივებამდე, გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.
ლეილა ჭოლოკავა, სენაკი

ცელულიტის საწინააღმდეგო აბაზანა თაფლით

მოამზადეთ არომატული აბაზანა თაფლითა და მარილით, რომელიც ატენიანებს კანს და შეგიმცირებთ ცხიმებს. აბაზანის მიღება უმჯობესია ძილის წინ.

  • 200 გრამი ზღვის მარილი ჩაყარეთ აბაზანაში, დაუმატეთ 400 გრამი თაფლი, აავასეთ აბაზანა თბილი წყლით და კარგად აურიეთ. აბაზანის მიღებამდე 1 საათით ადრე ნუღარ შეჭამთ საჭმელს. აბაზანის ხანგრძლივობა 20 წუთი უნდა იყოს. არ არის რეკომენდებული კანის პირსახოცით შემშრალება. პრობლემურ ზონებზე წაისვით 2 წვეთი მანდარინის ზეთი, კარგად შეიზილეთ და ჩაიცვით თბილი ხალათი.
თიკო ლეჟავა, ზესტაფონი

მაყვლის ფოთლების ნახარში ნერვული გადაძაბვისას შვებას მოგგვრით

ორი წელია დამეწყო კლიმაქსი და მისთვის დამახასიათებელი მომატებული აგზნებადობა, ალები, ნერვული მოშლილობები, უძილობა. თანამშრომელმა მაყვლის ფოთლების ნახარში მირჩია, რაც მართლაც ეფექტური აღმოჩნდა ამ ნიშნების მოსაწესრიგებლად.

  • 1 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთლებს დავასხათ 200 მლ წყალი, ვადუღოთ 1 წუთი, გავაჩეროთ 30 წუთი, გადავწუროთ და მივიღოთ 0,5 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, თბილ-თბილი, შეიძლება რძესთან, თაფლთან ერთად.
მადონა ბუხაიძე, ქუთაისი

სურნელოვანი იასამანი მარილების საუკეთესო დამშლელია

იასამნის ყვავილები თავისი ფერითა და სურნელით ნერვულ სისტემაზე რომ დამამშვიდებლად მოქმედებდა, კარგა ხანია ვიცოდი, თუ მის ნაყენს მარილების დაშლა და მათი ორგანიზმიდან გამოდევნაც შეეძლო, ეს მხოლოდ მაშინ შევიტყვე, კიდურებზე მარილებით შეწუხებული, ყველას მათ სამკურნალო ხალხურ საშუალებას რომ ვეკითხებოდი.

  • ნაყენის დასამზადებლად უნდა მოაგროვოთ იასამნის 20 გრამი ყვავილი და გააშროთ ჩრდილში, შემდეგ დაასხით 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10 და 8-10 დღით დადგით ბნელ ადგილას თავდახურული ჭურჭლით.
  • 10 დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. უნდა მიიღოთ 30 წვეთის ოდენობით დღეში 2-3-ჯერ. პარალელურად, ამ ნაყენითვე დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივნეული და მარილოვანი წანაზარდებიანი ადგილები.

ნაყენის დადებითი ეფექტი 3-4 კვირაში უნდა იგრძნოთ.

ს. გეგიძე, გორი

მოცვი, ჭინჭარი და ასკილი ძალას მოგგვრით

გაზაფხულის დასრულებისთანავე ძლიერი ფიზიკური სისუსტე ვიგრძენი, რომელიც განსაკუთრებით დილაობით მიტევდა, მუდმივად მეძინებოდა და ყველაფრის კეთების სურვილი დავკარგე.

ღონემიხდილობა სამსახურშიც შემატყვეს და სასწრაფოდ მირჩიეს, თავისთვის მიმეხედა.

არჩევანი ჩემი დის რეკომენდებულ საშუალებაზე შევაჩერე და არც შევმცდარვარ. გთავაზობთ ამ საშუალებას:

  • აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ 4 ჩაის კოვზი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათით და გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ დალევაზე.

სასურველია, თუ მას დღეში 3-ჯერ მაინც დალევთ.

მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთებით, რომლებიც სხვადასხვა მავნე ნივთიერებით დაბინძურებულ ორგანიზმს საიმედოდ ასუფთავებს და მას ძველ ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს.

ნათია თავაძე, გურჯაანი

კრიტიკულ დღეებში თავშავა და მარწყვბალახა დაგეხმარებათ

კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი მრავალი გოგონასთვის კარგად ნაცნობია, მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი. თუმცა, რაც ამ ხალხურ საშუალებებს მივაგენი, შვებით ამოვისუნთქე.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი თავშავა და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და ჩაასხით თერმოსში.

უნდა დალიოთ მენსტრუაციის დღეებში ნახევარი ჭიქის ოდენობით 4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე.

ნაყენი კარგად ხსნის ტკივილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მას ხშირად სვამენ კლიმაქსის პერიოდშიც აგზნებისა და უძილობის სამკურნალოდ.

მარწყვბალახასგან წამალი ასე მზადდება:

  • 20 გრამ მარწყვბალახას დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე. გააცივეთ და გადაწურეთ. დალიეთ 1/4 – 1/2 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში, ჭამამდე.

თუ მენსტრუალური ციკლი აგერიათ, შეგიძლიათ დალიოთ 2 ჩაის ჭიქა გვირილის ცხელი ნაყენი ერთ ჯერზე ან კვლავ თავშავას ენდოთ.

  • 1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ შეფუთული 40 წუთის განმავლობაში და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ.
ინგა გულორდავა, სენაკი

ჭინჭარი და ორკბილა ფსორიაზს საიმედოდ ებრძვის

ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა და მისი მკურნალობის საუკეთესო სტრატეგია რემისია, ანუ მიძინების სტადიაზე გადაყვანა და ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა. გთავაზობთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ფსორიაზი არ გამწვავდეს. ამ საშუალებებით მკურნალობა საჭიროა წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, მათი გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუკი დაავადებას გამწვავება შენიშნეთ.

  • 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთლებს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, ადუღოთ 10 წუთით. გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.
  • აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.

ეს საშუალება წმენდს სისხლს და დაავადება უკან იხევს.

  • 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. დადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ 10 წუთი გააცივეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი 200 მლ-მდე შესავსებად.

მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ქეთევან აბესაძე, თბილისი

გაიწმინდეთ ორგანიზმი

ყველამ იცის ამბავი თალგამის შესახებ, რომლის ამოღებასაც მთელი ოჯახი გულმოდგინედ ცდილობდა. თუმცა შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რა მცენარეა თალგამი, რომ მისი წვენი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდად მიიჩნევა.

ის არეგულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი წიდების გამოყოფას.

  • წვენის მოსამზადებლად თალგამი გაწმინდეთ, კარგად გარეცხეთ და გააცალეთ კანი, როგორც ახალ კარტოფილს.

გასუფთავებულ თალგამს წვენი შეგიძლიათ წვენსაწურში გამოაცალოთ ან წვრილად გახეხოთ და დოლბანდით გამოწუროთ. მიღებული სითხე მაცივარში შეინახეთ.

1 სადილის კოვზი წვენი დღეში სამჯერ უნდა დალიოთ ნებისმიერ დროს.

თალგამის წვენის სმისას, უმჯობესია, ვეგეტარიანულად იკვებოთ. აუცილებლად გამორიცხეთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი სადილები, ხორცი, სახამებელი.

1 სამკურნალო კურსისთვის საჭიროა 10 კილომდე თალგამი, მისგან გამოწურული წვენი 2-3 თვე უნდა გეყოთ.

1 კგ თალგამიდან დაახლოებით 600-700 გრამი წვენი უნდა მიიღოთ.

ქეთევან რაზმაძე, რუსთავი

თუ ქუსლებზე კანი ხშირად გისკდებათ

თუ ქუსლებზე კანი გაგისქელდათ და გაგიუხეშდათ, ბევრს ნუ იფიქრებთ, მიიღეთ სოდიანი წყლის თბილი აბაზანები. მასში ფეხები მანამდე გააჩერეთ, ვიდრე წყალი სასიამოვნო ტემპერატურის იქნება.

შემშრალების შემდეგ კი გაუხეშებულ ადგილებსა და ნახეთქებზე დაიდეთ გახეხილი კომბოსტო და მწვანე ხახვი, შეიხვიეთ ფეხები პოლიეთილენით და ასეთი კომპრესით დაიძინეთ.

დილით კომპრესი შეიხსენით, დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ფეხის ნებისმიერი კრემი, პროცედურა გაიმეორეთ მეორე დღესაც. კანი დარბილდება და მისი მოცილება სპეციალური ფეხის სახეხით ან პემზის ქვით გაცილებით გაადვილდება.

რამდენიმე ხნის შემდეგ ქუსლებზე პრობლემამ კვლავ იჩინა თავი, ტუხტის ფესვების ნაყენი მოამზადეთ:

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და ხშირი მორევით გაათბეთ წყლის ორთქლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. ნაყენის ოთახის ტემპერატურამდე გაციების შემდეგ დაასველეთ მასში დოლბანდის ხელსაწმენდები და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე.

ეს პროცედურა დღეში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ - დილას და საღამოს.

ლევან სალაძე, ზესტაფონი

ნუ აჰყვებით ნერვებს

ერთი პერიოდი სამსახურში ძალიან დაიძაბა ვითარება, სულ სანერვიულო ამბები იყო. წასვლამდე უკვე ვიძაბებოდი, დღის ბოლოს კი გულის არეში ტკივილები დამჩემდა, მსგავსი შეგრძნებები მშვიდად ყოფნის დროსაც მიჩნდებოდა. ექიმის დანიშნულ პრეპარატებს განუხრელად ვიღებდი, მაგრამ ვგრძნობდი, ნერვების მოთოკვა სულ უფრო მიჭირდა.

მეგობარმა ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაყენის სმა მირჩია.

სტრესული სიტუაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომ მინდა, სხვებსაც დავეხმარო.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი. ჭიქა კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ გახსენით და გადაწურეთ.

მიღებული ნაყენი გაყავით ორ ნაწილად, თითოეულს დღეში ორჯერ, დილა-საღამოს დაასხით ადუღებული წყალი და ჩაისავით დალიეთ.

ნაყენის სმისას, სასურველია, არ მოსწიოთ და არ დალიოთ.

ანა ჩალაძე, თბილისი

თმის ცვენას მწვანე მეგობრები შეაჩერებენ

1. 50 გრამი მშრალი ჭინჭრის ფოთლები მოათავსეთ 1 ლ ღვინის ძმარში. გააჩერეთ 7-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ და წაისვით გამელოტებულ ადგილებზე;

2. საჭიროა 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ამპულა D2 ვიტამინი, 2 კვერცხის გული;

  • აბუსალათინის ზეთში აურიეთ D ვიტამინი და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს დაიბანეთ თავი კვერცხის გულით (2 კვერცხის გული საკმარისია);

ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა თავიდან გაიმეორეთ. ხშირად, 3 კურსის შემდეგ, გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის ზრდა, ხშირდება თმის საფარველი და ძირები მაგრდება.

3. 2 კვერცხის გული აურიეთ 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, შემდეგ კი დაიბანეთ ცხელი წყლით. რამდენიმე კვირაში წყდება თმის ცვენა და ახალი ამოდის.

4. თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი.

ნ აიღეთ 10 გრამი მშრალი კრაზანას ყვავილები, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის). გააჩერეთ 1 კვირა, გადაწურეთ და შეინახეთ მინის დახურულ ჭურჭელში.

ამ ნაყენით გაიწმინდეთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.

საბა ლელაშვილი, დუშეთი