დავეხმაროთ ერთმანეთს
რითი არ ვიმკურნალე, სად არ ვიყავი... გამუდმებით ვიცავდი დიეტას, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე იყო. ჩემს წამებას მეზობელი სოფლიდან ჩამოსული დეიდა შეესწრო, ჩაიღიმა და მითხრა, წყლულის ისეთ წამალს გასწავლი, თავს აღარასოდეს შეგახსენებსო. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც გიშველოსო.
ვცადე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომიხდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ კუჭის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ. აღარც ის ქალბატონი მინახავს, მაგრამ დღემდე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი... მინდა, ცოდნა “ოჯახის მკურნალის” მკითხველსაც გავუზიარო. დარწმუნებული ვარ, ჩემი “მასწავლებელი” ამ საქციელს მომიწონებდა.
- აიღეთ 50 გ დინდგელი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში და მიიყვანეთ დუღილამდე. დინდგელი დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ, შედოთ საყინულეში და როცა გაიყინება, წვრილად გახეხოთ). როგორც კი კარაქი დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ შიგ დაჭრილი (ან გახეხილი) დინდგელი. ურიეთ, სანამ დინდგელი მთლიანად არ გადნება კარაქში და არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (დაახლოებით ნახევარი საათი). მიღებული მასა ორფა დოლბანდში გადაწურეთ მინის ჭურჭელში, კარგად რომ გაცივდება, შედგით მაცივარში. მიიღეთ საჩაროზე კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ეს ულუფა რომ გათავდება, მოამზადეთ მეორე და ისიც ბოლომდე მიიღეთ. ქეთევან კეთილაძე
სკლეროზის მკურნალობის ხალხური მეთოდები
ჩემი მეზობელი ათეულობით წლის განმავლობაში ხალხური მეთოდებით მკურნალობდა მეზობლებსა და ნათესავებს. სწორედ მან მასწავლა სკლეროზის სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალებები, რომლებიც ძალიან მოუხდა დედაჩემს. იმედი მაქვს, ეს რეცეპტები თქვენც გამოგადგებათ.
- აიღეთ ნივრის საშუალო ზომის თავი, გაარჩიეთ, დანაყეთ, გადაიღეთ მინის ქილაში და დაასხით ერთი ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი. შედგით მაცივრის ქვედა თაროზე. მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ყუნწი მოაჭერით, გახეხეთ. ერთი ჩაის კოვზი გადაიღეთ სუფრის კოვზზე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზის ნივრიანი ზეთი. კარგად აურიეთ და მიიღეთ. გაიმეორეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1-3 თვე, შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. აფართოებს და წმენდს სისხლძარღვებს, ხსნის თავის ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს და ქოშინს.
- 1 სუფრის კოვზ მანანას დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, დააყენეთ 3 საათით, შემდეგ გაწურეთ. სვით სურვილისამებრ, დღის ნებისმიერ პერიოდში. პირველ კვირას მიიღეთ ნახევარი ჭიქა, შემდეგ - ერთი. უხდება ათეროსკლეროზს, რევმატიზმს და ნერვულ დარღვევებს, აგრეთვე - უძილობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ღვიძლის დაავადებებს, თირკმელებსა და შარდის ბუშტში სილასა და კენჭებს.
- აავსეთ ბოთლის მესამედი დაჭრილი ნივრით, დაასხით არაყი ან 50-60-გრადუსიანი სპირტი. 14 დღით დააყენეთ სიბნელეში, ყოველდღე ანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 5 წვეთი, გაზავებული ერთ ჩაის კოვზ ცივ წყალში. წმენდს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს კუჭს, დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმზე.
- წვრილად გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ. 1 ჭიქა წვენი შეურიეთ 1 ჭიქა თაფლს. თუ თაფლი ჩაშაქრებულია, შეათბეთ წყლის აბაზანაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. კარგია ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით - ტვინის სკლეროზის დროს.
ეკატერინე ვაშაკიძე
ვაშლის ძმარი - უებარი წამალი
დიდხანს მტკიოდა სახსრები. არ მქონდა საშუალება, ექიმებთან და გამოკვლევებზე მევლო. დედაჩემმა ვაშლის ძმრით მკურნალობა მასწავლა. დავაყენე ძმარი და დავიწყე მკურნალობა. თანდათან ტკივილმაც მიკლო, კოჭლობამაც და ბოლოს გამიარა კიდეც. რეცეპტი ასეთია: ყოველი ჭამის დროს მიიღეთ ერთ ჭიქა წყალში გაზავებული 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გთავაზობთ ვაშლის ძმრით სხვა დაავადებების მკურნალობის წესებსაც:
- ვარიკოზული ვენების დროს დილა-საღამოს დაისხით ვენებზე ვაშლის ძმარი და შეიზილეთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ ვენების შევიწროებას. ამასთან ერთად, დღეში 2-ჯერ სვით 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი, გახსნილი ერთ ჭიქა წყალში.
- ანგინის (ტონზილიტის) დროს კარგია ყელში ვაშლის ძმრის ხსნარის გამოვლება. დოზა - 1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალზე. გამოვლება საჭიროა საათში ერთხელ. პირი აივსეთ ხსნარით, გამოივლეთ და ჩაყლაპეთ. ამ დროს ხსნარი ჩარეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს.
ტკივილის შესუსტების შემდეგ ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ. ნუშისებრ ჯირკვალზე ნადები 12 საათში ქრება.
- საკვებით მოწამვლისას, თუ მას პირღებინებაც ახლავს, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და ყლუპ-ყლუპად სვით 5 წუთში ერთხელ. მეორე ჭიქის გამოცლისას დოზა გაზარდეთ - მიიღეთ 2 ჩ/კ ყოველ 5 წუთში. მესამე ჭიქა გამოცალეთ პატარ-პატარა ყლუპებით, 15-წუთიანი შუალედებით. გულისრევა რომ გაგივლით, მიირთვით ცოტაოდენი ადვილად ასათვისებელი საკვები.
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღის განმავლობაში უნდა ვსვათ თითო ჭიქა ნარევი ყოველი ჭამის დროს.
ვაშლის ძმარი მზადდება ასე: ვაშლი გარეცხეთ, დამპალი და ჭიანი ნაწილები მოაცილეთ. დაწნეხეთ ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მიღებული ფაფა გადაიღეთ ჭურჭელში, დაასხით ანადუღარი თბილი წყალი (0,5 ლ წყალი 0,4 კგ გახეხილ ვაშლზე). ყოველ ლიტრ წყალზე დაამატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, აგრეთვე - 10 გ პურის საფუარი და 20 გ გამომშრალი შავი პური. ამ ნარევით სავსე ჭურჭელი დადგით თავახდილი 20-30 გრადუს ტემპერატურაზე. ჭურჭელი უნდა იყოს მინისა, ხისა ან მომინანქრებული. სათავსში უნდა ბნელოდეს, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები დუღილს აბრკოლებს. ფერმენტაციის პირველი სტადია 10 დღე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ამოურიეთ ხის კოვზით დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში, არწყეთ და ფართოყელიან ჭურჭელში ჩაასხით. თითოეულ ლიტრზე დაუმატეთ 50-100 გ თაფლი ან შაქარი და ურიეთ, სანამ მთლიანად არ გაიხსნება, ანუ არ მიიღებთ ერთგვაროვან სითხეს. ფერმენტაციის მეორე სტადიაზე ქილას აფარებენ დოლბანდს, პირს უკრავენ და სითბოში დგამენ დუღილის გასაგრძელებლად. როცა სითხე დაწყნარდება და გაიწმინდება, დუღილი დამთავრებულია. ვაშლის ძმრის მომზადებას 40-60 დღე სჭირდება. შემდეგ მას ბოთლში ასხამენ (ფილტრავენ ძაბრზე დაფარებულ დოლბანდში), თავს უცობენ და გრილად ინახავენ. ვაშლის ძმარი უხდება სალათებს და სხვა კერძებს. იგი აკმაყოფილებს საკვებზე მჟავე დანამატის მოთხოვნილებას. ნანული ბურდიაშვილი