კომბოსტოს მწნილი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს
გირჩევთ, არ დაიზაროთ, ზამთრის დადგომისთანავე მოამზადოთ ეს გემრიელი პროდუქტი და ზამთრის პერიოდში რეგულარულად მიირთვათ, რადგან ის მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის არა მხოლოდ ნაბახუსევს ან სისუსტის დროს, არამედ გაციების, გრიპის და საზოგადოდ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
ეს ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტი ვიტამინების უნივერსალური წყაროა, შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს: C, B1, B2, B3, B6, K, U, პროვიტამინ A-ს.
შეგახსენებთ, კომბოსტოში უხვად წარმოდგენილი C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს ქსოვილთა დაბერებას, ხელს უწყობს უჯრედთა განახლების (რეგენერაციის) პროცესებს. კომბოსტოს მწნილი მდიდარია იოდით, რძის მჟავით, რომელიც ებრძვის ნაწლავის ჩხირს და სხვა მავნე ბაქტერიებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ კომბოსტოს მწნილის საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართვა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას. ამ მწნილის მარილწყალი ორსულთათვის სასარგებლოა ტოქსიკოზთან საბრძოლველად.
კომბოსტოს მწნილი სიფრთხილით უნდა მიირთვან გასტრიტით, წყლულოვანი და ნაღველკენჭოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა.
თინათინ გოცაძე