ყველაფერი კიტრის შესახებ
კიტრი შესანიშნავად კლავს წყურვილს. არც არის გასაკვირი - მისი შემადგენლობის 95% ხომ წყალია. დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები (თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით), ორგანული მჟავები და ნაცარი შეადგენს. აქედან 2-2,5% შაქრებია, 0,4-0,5% კი მინერალური ნივთიერებების წილად მოდის. კიტრი შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებსა და A პროვიტამინს. აღსანიშნავია, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების მინერალური მარილების, მიკროელემენტების მარილების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობით არის განპირობებული. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილები. სულ ახლახან მკვლევრებმა მასში ვერცხლის მარილებიც აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.
სამკურნალო თვისებები
სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი - ეს კიტრის სამკურნალო თვისებათა არასრული ჩამონათვალია. მის შემადგენლობაში შემავალი პექტინები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე ლპობით პროცესებს, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. კიტრით სისტემატური კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს კანს. კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნა, ამიტომ ამ ბოსტნეულს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი უკავია, კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. “კიტრის დღეები” არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საპროფილაქტიკო მიზნითაც შეიძლება ჩაიტაროთ. ამისათვის უნდა მიირთვათ დღეში 2 კგ კიტრი ცოტაოდენი მარილით, 5 ჯერზე. გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავებისა თუ რემისიის (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტების) დროს რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება - 1 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. შეიძლება, მივირთვათ ერთი კიტრიც თაფლთან ერთად. კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კანის გასაგრილებლად და ნაოჭების გასასწორებლად კიტრის თხელი ანათლები 10-12 წუთით კანის შესაბამის უბნებზე უნდა დაიწყოთ. კიტრის ექსტრაქტზე დამზადებული ლოსიონი კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა. კიტრის ახალგამოწურული წვენი კანს ათეთრებს და არბილებს. მის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით მათ ურჩევენ, ვისაც ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ელფერის კანი აქვს.
საინტერესო ფაქტები
თურმე კიტრის რეკორდები გინესის წიგნშია შეტანილი. ყველაზე გრძელი - 1,83 მეტრი სიგრძის - კიტრი უნგრეთშია გაზრდილი და კულტურის ჩინურ სახესხვაობას მიეკუთვნება. სათბურში 6 კგ-მდე წონის კიტრია გამოყვანილი, ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ნაყოფის რეკორდული წონა კი 3,7 კგ-ია.