როდის და რატომ გამოიყენება სპირომეტრიული კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ გამოიყენება სპირომეტრიული კვლევა

ბრონქული ასთმით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული პათოლოგიით დაავადებულთათვის ეს კვლევა კარგად ნაცნობია.

სპირომეტრიისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა - სპირომეტრი.

საზოგადოდ, ფილტვების ფუნქციური კვლევა მედიცინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელია სასუნთქი სისტემის ფუნქციური უკმარისობის ტიპის დადგენა, წინასწარ განსაზღვრა იმისა, თუ სასუნთქი გზის რომელი ნაწილია ჩართული პათოლოგიურ პროცესში, როგორია მისი დაზიანების ხარისხი და სხვა.

კვლევის ამ საინტერესო მეთოდზე გვესაუბრება პოლიკლინიკური ქსელისა და სამშობიარო სახლის - „მედკაპიტალის“ შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ოჯახის ექიმი გიგა უჩავა. ბატონი გიგა იმავდროულად კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ალერგოლოგიცაა. ყოველთვის მოღიმარ, თბილად მოსაუბრე და თავაზიან ამ ახალგაზრდა ექიმს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.

- ბატონო გიგა, რას გვეტყვით საზოგადოდ სასუნთქი სისტემის პათოლოგიებსა და სუნთქვის ფუნქციის კვლევის აუცილებლობაზე?

- სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია. ის ალვეოლებში სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ნახშირორჟანგისა და წყლის გაცემაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილტვის ვენტილაცია ანუ გარეგანი სუთქვა, გარემოსა და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლა და ენერგიის გათავისუფლებაა. სპირომეტრიული კვლევით დადგენილია, რომ მშვიდი ჩასუნთქვის დროს ადამიანი 500-800 მლ ჰაერს ჩაისუნთქავს, ამდენივეს განდევნის მშვიდი ამოსუნთქვის დროს. ყველაზე ღრმა შესუნთქვისას შეისუნთქავს 1,5 ლიტრ ჰაერს. მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ კიდევ შეიძლება ამოისუნთქოს 1,5 ლიტრი ჰაერი. ფილტვების მთლიანი სასიცოცხლო ტევადობა 3,5 ლიტრია.

ადამიანის სასუნთქი სისტემა და კერძოდ, ფილტვები დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე ასრულებს კოლოსალურ სამუშაოს. საკვების გარეშე შეიძლება გავძლოთ რამდენიმე კვირა, წყლის გარეშე - რამდენიმე დღე, ჰაერის გარეშე კი - რამდენიმე წუთი.

სწავლულთა ინტერესს ყოველთვის წარმოადგენდა რესპირატორული სისტემის და კერძოდ, ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესწავლა. 1846 წელს ბრიტანელი ექიმის, ხატჩინსონის მიერ გამოქვეყნდა ცნობა სპირომეტრიის შექმნის შესახებ. სწორედ მან დაუდო საფუძველი გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესწავლას, კერძოდ, ფილტვის სასიცოცხლო და სარეზერვო მოცულობის შესახებ ცნობებს.

1980-იანი წლებიდან იწყება სპირომეტრიული აპარატურის ფართოდ გამოყენება, მიკროპროცესორებისა და ციფრული ტექნოლოგიების დამუშავება. თანამედროვე კომპიუტერული სპირომეტრები საშუალებას იძლევა განისაზღვროს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის 32 პარამეტრი, რომლებიც სრულად ასახავს ფილტვების ფუნქციურ მდგომარეობას, გვეხმარება დროული და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნაში.

საყურადღებოა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ფილტვის პათოლოგიით 10 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 250 000 ათასი - ბრონქული ასთმით (არასათანადო მკურნალობით), რესპირაციული ტუბერკულოზით - 1,7 მილიონი ადამიანი, თამბაქოს მწეველობით - 5 მილიონი, პნევმონიით კი - 2 მილიონი ბავშვი.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ანუ ფქოდი 2025 წლისთვის გლობალური სიკვდილობის მე-3 მიზეზი გახდება. ბრონქული ასთმით დაავადებულია 300 მილიონი ადამიანი, ალერგიული რინიტით - 400 მილიონი, ფქოდი კი მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 11,7%-ს შეადგენს.

- რა არის სპირომეტრია?

- სპირომეტრია ფილტვის ვენტილაციის საუკეთესო შემაფასებელი ტესტია და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს წარმოადგენს. იზომება: რამდენი ჰაერი იქნა შესუნთქული, რამდენი - ამოსუნთქული და რა სისწრაფით.

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტიკისათვის, ასევე ვენტილაციური დარღვევების სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისათვის. კომპიუტერული სპირომეტრია ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გრაფიკული რეგისტრაციისა და მიღებულ სპიროგრამაზე პათოლოგიური პროცესის არსებობის ობიექტური შეფასების, დარღვევის ტიპისა და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობა.

გამოყოფენ გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დარღვევის ორ ტიპს: ობსტრუქციასა და რესტრიქციას, თუმცა შეიძლება იყოს შერეული ფორმაც. ობსტრუქციის დროს აღინიშნება სასუნთქ გზებში ჰაერის განვლადობის დარღვევა - სპაზმი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ანთებითი პროცესი სასუნთქ სისტემაში, ლორწოს დაგროვება, უცხო სხეულის არსებობა. ფილტვების ობსტრუქციულ დაავადებებს მიეკუთვნება: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი), ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ბრონქული ასთმა.

რესტრიქციული პროცესების დროს ქვეითდება თვით ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობა, მცირდება მისი მოცულობა, რესტრიქციული ცვლილებით მიმდინარეობს შემდეგი დაავადებები: ფილტვების ატელექტაზი, პნევმოთორაქსი, ალვეოლური და ინტერსტიციული პროცესები.

როგორც წესი, მარტო სპირომეტრიული მონაცემების სუფუძველზე დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, რადგან გამოვლენილი ფუნქციური დარღვევები ხშირად არასპეციფიკურია, თუმცა სპირომეტრიული მაჩვენებლებისთვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული განმეორებადობა, რაც დაავადების მიმდინარეობის მონიტორირებასა და სიმძიმის შეფასებაში გვეხმარება. სპირომეტრიული მაჩვენებლები იცვლება მთელი რიგი სხვა პათოლოგიების: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ნერვული სისტემების დაავადებების დროს და მოქმედებს სასუნთქ ფუნქციაზე. პათოლოგიური პროცესის გამოვლენის შემდეგ განმეორებითი გამოკვლევა პათოლოგიის მიმდინარეობის დინამიკასა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

- როდის ტარდება სპირომეტრიული კვლევა?

- სპირომეტრიის ჩატარება აუცილებელია ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელ გართულებათა რისკის შესაფასებლად, ასევე ფილტვების ობსტრუქციულ და რესტრიქციულ დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გასატარებლად.

კვლევა მარტივი და უსაფრთხოა. მისი გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, თუმცა შესრულებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილის წესები: სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა იყოს გასული თვალის, გულმკერდის, მუცლის ღრუსა და ქალა-ტვინის ოპერაციული ჩარევიდან, გასათვალისწინებელია ანევრიზმების არსებობა, პნევმოთორაქსი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერთერმია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტკივილი, კომუნიკაციის პრობლემა პაციენტთან, მწვავე ინფარქტი, ეჭვი რესპირატორულ ტუბერკულოზზე, გამოხატული და გახანგრძლივებული სისხლიანი ხველით, მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმა.

სპირომეტრია უნდა ჩატარდეს საკვების მიღებიდან 2 საათის, სიგარეტის მოწევიდან 1 საათისა და ფიზიკური გადაძაბვიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ. ბრონქების გამაფართოებელი სხვადასხვა საინჰალაციო თუ ტაბლეტური სამკურნალო საშუალებების მიღებიდან კი გასული უნდა იყოს, სულ მცირე, 12 საათი.

ტესტირების წინ საჭიროა საპასპორტო ინფორმაცია: ასაკი, სქესი, სიმაღლე, წონა, ეთნიკური წარმომავლობა, მწეველობის ისტორია, საქმიანობისა და ოჯახის ისტორია.

ძირითადი სპირომეტრიული მონაცემებიდან გამოიყოფა სამი პარამეტრი:

  • FVC - ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა - ჰაერის მაქსიმალური მოცულობა ფორსირებული ამოსუნთქვის დროს მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ. ნორმალური ფილტვი ჰაერს 4-6 წამში ამოისუნთქავს.
  • FEV1 - ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა პირველ წამში;
  • FEV1/ FVC - ტიფნოს ინდექსი, მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ავლენს სასუნთქი გზების გამავლობის შემცირებას (ობსტრუქციას).

ნორმის დროს ის 70%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის დაქვეითება ობსტრუქციულ პროცესზე მიუთითებს.

ობსტრუქციული ცვლილებების შექცევადობა ისაზღვრება ბრონქოდილატაციური ტესტის შემდეგ. ამისათვის ვიყენებთ ბრონქების გამაფართოებელ ხანმოკლე მოქმედების საშუალებებს, თუ სპირომეტრიული მაჩვენებლები შეიცვალა 12 და მეტი პროცენტით, ვსაუბრობთ ბრონქულ ასთმაზე, თუ პარამეტრები 12%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შეიცვალა, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ვვარაუდობთ.

- თუ ახლავს გვერდითი მოვლენები აღნიშნულ კვლევას?

- არასასურველი გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: სპირომეტრიული მონაცემების მისაღებად საჭიროა რამდენიმე სუნთქვითი მანევრის შესრულება (ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი დაღლილობისა და თავბრუხვევის შეგრძნება, თუმცა ეს ყოველივე 1-3 წუთში გადაივლის, სხვა, უფრო სერიოზული გართულებების განვითარება კი დამოკიდებულია ავადმყოფის თანმხლები დაავადებების სიმძიმეზე.

სპირომეტრიული კვლევა უნდა ჩაუტარდეს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული ან მორეციდივე ხველა ნახველით, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, შრომის უნარის დაქვეითების ტენდენცია, ამოსუნთქვისა თუ ჩასუნთქვის გაძნელება, ქრონიკული სურდო, სულხუთვის ღამის სიმპტომები. რისკის ფაქტორებია: მწეველობა, გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები, კარშიდა და კარგარეთა დაბინძურება, ადინამია, ჰიპოდინამია, ხშირი რესპირატორული ინფექციები.

ჩვენი საცხოვრებელი გარემო ძალზე დაბინძურებულია. დიდია მწეველთა მაჩვენებელი, პასიური მწეველობა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მწეველი ქალების რიცხვმა სადღეისოდ გადააჭარბა მამაკაცებისას. აღმოჩნდა, რომ ქალის სასქესო ჰორმონები ნიკოტინისა და მხუთავი აირის გაცილებით მეტ კუმულაციას ახდენს, ვიდრე ეს ხდება მამაკაცებთან. განვითარებად ქვეყნებში ავადობის 80% მოდის რესპირატორული ტრაქტის დაავადებებზე, ამასთან, დაავადებულთა 80% მწეველია.

პრობლემა გლობალურია და მძიმე. ამაზე მეტყველებს ის, რომ საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა მწეველი ქალების რიცხვით და ბოლოდან მეორე ადგილზე მწეველ მამაკაცთა რაოდენობით.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მძიმე რესპირატორული ხვედრის მქონე ქვეყნების რიცხვშია.

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკით შესაძლებელია დაავადებათა სწორი მართვა, გართულებათა პრევენცია.