გლაუკომის დიაგნოსტიკის, მართვისა და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლაუკომის დიაგნოსტიკის, მართვისა და მკურნალობის საშუალებები

- ქალბატონო მარიკა, რა დაავადებაა გლაუკომა და რამდენად ხშირია ეს პათოლოგია?

- არსებობს თვალის დაავადება, რომელიც შეუმჩნევლად ვითარდება, არ აწუხებს ადამიანს და ბოლოს დაბრმავებამდე მიჰყავს - ეს დაავადებაა გლაუკომა.

ტერმინი „გლაუკომა“ განიმარტება როგორც თვალის ქრონიკული დაავადება და აერთიანებს თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს (60 დაავადება), რომელთაც ერთნაირი თვისებები ახასიათებს, ესენია:

  • თვალშიდა წნევა (თშწ) მუდმივად ან პერიოდულად აღემატება ინდივიდუალურად ასატან (ტოლერანტულ) დონეს;
  • ვითარდება ოპტიკური ნერვის ბოჭკოების დაზიანება - გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია, რომელიც საბოლოოდ ნერვის ატროფიით მთავრდება;
  • გლაუკომისთვის დამახასიათებელი მხედველობითი ფუნქციების დარღვევა.

- რომელ ასაკში ვითარდება გლაუკომა?

- გლაუკომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ძირითადად - 40-45 წლის შემდეგ. თანდაყოლილი გლაუკომა ვითარდება 0-დან 10 წლამდე, სიხშირე 10000 მოსახლეზე 1 შემთხვევაა. 40-45 წლის ჯგუფში გლაუკომა მოსახლეობის 0,1%-შია აღრიცხული, 50-60 წლის პაციენტებში - 1,5%, 65 წლის ზემოთ 3%-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება.

- რამდენად საშიში დაავადებაა გლაუკომა?

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გლაუკომა მსოფლიოში დაბრმავების მიზეზთაგან მეორე ადგილზეა. ამავე ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში ყოველ წუთს გლაუკომით ბრმავდება 1 ადამიანი და ყოველ 10 წუთში 1 ბავშვი.

საქართველოში, სავარაუდოდ, 30000-40000 ადამიანს აქვს გლაუკომა, ამდენივე ადამიანი დაავადებულია, მაგრამ არ იცის ამის შესახებ (ო. გოლოვაჩოვი, მ. გოლოვაჩოვა. 2011). ეს დაავადება იმიტომაც არის ვერაგი, რომ ხშირად ადამიანი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ვერ ხედავს, რადგანაც გლაუკომა იწყება, როგორც წესი, ერთ თვალზე და დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა?

- მედიცინაში არ არსებობს ერთიანი აზრი ამ დაავადების მიზეზისა და განვითარების შესახებ. უდავოა, რომ მრავალფაქტორული დაავადებაა ზღურბლის ეფექტით. ეს ნიშნავს, რომ დაავადების განვითარებისთვის საჭიროა მთელი რიგი მიზეზების ერთობლიობა, რომლებიც რთავენ გლაუკომის განვითარებისა და პროგრესირების მექანიზმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკა - გლაუკომის არსებობა უახლოეს ნათესავებთან (მშობლები, და, ძმა).

- როგორია გლაუკომის სიმპტომები?

- გავიმეორებ, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაწყებით სტადიებში გლაუკომა უსიმპტომოდ და ასიმეტრიულად მიმდინარეობს, ეს სწორედ ის მიზეზია, რის გამოც პაციენტები ოფთალმოლოგს დაგვიანებით მიმართავენ, როცა დაავადება უკვე განვითარებულია და მხედველობის ნერვში შეუქცევადი ცვლილებებია ჩამოყალიბებული.

მცირე სიმპტომები, რომლითაც გლაუკომაზე შეიძლება დაეჭვდეს ადამიანი, მხედველობის ველის დეფექტები ან შევიწროებაა, ხანდახან პაციენტები აღნიშნავენ ცისარტყელასებური რკალების არსებობას სინათლის წყაროს ყურებისას, ეს უფრო დახურულკუთხოვან გლაუკომას ახასიათებს, ასევე ტკივილი წარბის არეში. ექიმი ძირითადად ამ სიმპტომებს ავლენს, ამიტომ აუცილებელია 40 წელს გადაცილებულთა პროფილაქტიკური შემოწმება, განსაკუთრებით - გლაუკომის მიმართ გენეტიკური მიდრეკილების არსებობისას.

დახურულკუთხოვან გლაუკომიან პაციენტებთან შეიძლება განვითარდეს გლაუკომის მწვავე შეტევა, რომელსაც ახასიათებს თვალისა და თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა, რომელიც განპირობებულია რქოვანას შეშუპებით.

არსებობს რისკფაქტორები, როგორებიცაა მაღალი მიოპია, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული დაავადებები, თვალის ანატომიური თავისებურებები და სხვა.

თანდაყოლილი გლაუკომა ახალშობილთა 60%-ში ვლინდება, მას ბუფთალმსაც (ხარის თვალს) უწოდებენ.

გლაუკომის დროს პათოლოგიური პროცესის განვითარების ძირითადი ეტაპებია:

  • თვალში არსებული წყალწყალა ნამის განდევნის პროცესის შეფერხება ან მოშლა, რომელიც განპირობებულია უამრავი სხვადასხვა მიზეზით;
  • თშწ-ის მომატება კონკრეტული თვალისთვის ტოლერანტული (ასატანი) მონაცემების ზევით;
  • სისხლის მიმოქცევის გაუარესება თვალის ქსოვილებში;
  • ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) და იშემია ქსოვილებში მხედველობის ნერვის თვალიდან გასვლის ზონაში;
  • ნერვული ბოჭკოების კომპრესია თვალიდან გასვლის ზონაში, რაც იწვევს მათი ფუნქციის დარღვევას და მათ დაღუპვას;
  • ბადურას უჯრედების დისტროფიას (კვების მოშლა) და დესტრუქციას (განადგურება);
  • მხედველობის ნერვის, ეგრეთ წოდებული, გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათიისა და შემდგომში ატროფიის (დაღუპვა) განვითარება.

- მაღალი თვალშიდა წნევა ყოველთვის არის თუ არა გლაუკომის სიმპტომი?

- არის მდგომარეობები, რომელთაც ოფთალმოჰიპერტენზია ეწოდება, როდესაც თშწ მაჩვენებელი სტატისტიკური ნორმის მაჩვენებელზე მეტია, მაგრამ ასეთ ადამიანებს ხანგრძლივი დაკვირვებისას არ აღენიშნებათ მხედველობითი ფუნქციების დარღვევა, ოპტიკური ნერვის დაზიანება და ა.შ.

- შესაძლებელია თუ არა ნორმალური წნევისას გლაუკომის არსებობა?

- არსებობს გლაუკომის ტიპი - ეგრეთ წოდებული გლაუკომა დაბალი წნევით ან ნორმოტენზიული გლაუკომა, რომელსაც ახასიათებს მხედველობის ნერვის დაზიანება შესაბამისი მხედველობის ველის დეფექტებით, მაგრამ თშწ მაჩვენებელი სტატისტიკური ნორმის ფარგლებშია. ითვლება, რომ ამ პათოლოგიის მიზეზია მხედველობის ნერვის არაადეკვატური სისხლმომარაგება და მომატებული მგრძნობელობა თშწ ნორმალურ მაჩვენებლებზეც. ხშირად, ამ პაციენტებს აქვთ დაბალი არტერიული წნევა კისრის ოსტეოქონდროზი.

- რა სახის შეიძლება იყოს გლაუკომა?

- არსებობს გლაუკომის შემდეგი სახეობა:

  • თანდაყოლილი - 0-10 წელი;
  • იუვენილური (საყმაწვილო) - 10-35 წელი;
  • მოზრდილთა პირველადი - 40 წელი და ზევით;
  • მეორეული - ნებისმიერ ასაკში, ვითარდება სხვა მიზეზების გამო (ტრავმა, თვალის სხვა დაავადებები და ა.შ.).

ყველაზე ხშირად პრაქტიკაში გვხვდება მოზრდილთა პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა.

- როგორია დიაგნოსტიკა?

- ექიმთან ვიზიტის დროს პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სრული ოფთალმოლოგიური კვლევა: მხედველობის განსაზღვრა, თვალშიდა წნევის განსაზღვრა სპეციალური ხელსაწყოთი - ოფთალმოტონომეტრით, თვალის ბიომიკროსკოპია, თვალის ფსკერის დათვალიერება. ასეთი კვლევა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ პოლიკლინიკაში. თუ ექიმმა იეჭვა გლაუკომა ან დაადასტურა დაავადება, ამ ძირითადი კვლევების გარდა, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული პერიმეტრია (მხედველობის ველის განსაზღვრა) და მხედველობის ნერვისა და ბადურას ოპტიკო-კოჰერენტული ტომოგრაფია ან Hღთ. ეს კვლევები გლაუკომიან პაციენტებთან უნდა ჩატარდეს წელიწადში 2-ჯერ, დაავადების დინამიკის განსასაზღვრად. ეს დამატებითი კვლევები საჭიროა ასევე დაავადების არსებობის, არარსებობის ან განვითარების საშიშროების დასადგენად გარკვეულ ეტაპზე, განსაკუთრებით, როცა არის გენეტიკური განწყობა. ასევე დიაგნოზის დასაზუსტებლად, მკურნალობის ეფექტურობისა და კონკრეტული ადამიანისთვის თვალშიგა წნევის განსაზღვრისათვის.

- როგორ მკურნალობენ გლაუკომას?

- გლაუკომისგან სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ არსებობს სამკურნალო საშუალებები მისი მართვისათვის და დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად, ასეთია - თვალის წვეთები, ლაზეროქირურგია, ქირურგიული ოპერაცია.

როგორც წესი, მკურნალობა იწყება თვალის წვეთებით. დიაგნოზის დასმის შემდეგ ოფთალმოლოგმა უნდა შეიარჩიოს ჰიპოტენზიური რეჟიმი, შეიძლება დაინიშნოს თვალის 1-2 ან 3 პრეპარატი. პირველ პერიოდში ექიმთან ვიზიტი აუცილებელია კვირაში ერთხელ. როცა წნევა სტაბილური გახდება, მისი კონტროლი საჭიროა ყოველ 2 თვეში. პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის დანიშნულება, ჩაწვეთების ჩაგდება დაუშვებელია.

დაწყებით სტადიებზე ეფექტურია ლაზერული ოპერაცია იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი პაციენტს არ დასჭირდეს ან შეუმცირდეს წვეთების რაოდენობა. როცა კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, ინიშნება ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია არ არის იმის გარანტია, რომ შემდგომ პაციენტს არ დასჭირდება ოფთალმოლოგის მკურნალობა და წვეთების ჩაწვეთება. მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება.

- როგორია პროგნოზი?

- დაავადების პროგნოზი, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტზეა დამოკიდებული. დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება მთავარია მხედველობის დიდხანს შესანარჩუნებლად.

- რამდენად შესაძლებელია გლაუკომის პროფილაქტიკა?

- გლაუკომა საშიში და ვერაგი დაავადებაა, წისასწარ მისი პროგნოზირება შეუძლებელია. ჯანმრთელმა ადამიანმა 40 წლის ასაკიდან წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა გამოიკვლიოს თვალი, მით უფრო, თუ ამ დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა არსებობს (გლაუკომა უახლოეს ნათესავებთან).

სამწუხაროდ, გლაუკომის განკურნება ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკითა და მკურნალობის სწორად წარმართვით შეიძლება დაავადების პროგრესირების შეჩერება. ამის შეფასება ხდება თშწ (გადამოწმება ყოველ 2 თვეში) და მხედველობის ველის დეფექტების (გადამოწმება ყოველ 6 თვეში) მიხედვით.

თვითმკურნალობა დაუშვებელია!

წელიწადში 2-ჯერ რეკომენდებულია კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება, მისი წყალობით უმჯობესდება თვალში სისხლის მიმოქცევა, ქსოვილების კვება და ა.შ.

თუ ექიმის დანიშნულება ზუსტად შესრულდება, გლაუკომის დიაგნოზი განაჩენი არ არის.

პაციენტს შეუძლია ჩვეული რეჟიმით, მაგრამ შემდეგი რეკომენდაციების დაცვით იცხოვროს:

  • ხშირად შეიმოწმეთ მხედველობა ცალ-ცალი თვალით;
  • ფიზიკური დატვირთვა - ასაკისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, თავი აარიდეთ ფიზიკურ და ნერვულ გადატვირთვას. არ ასწიოთ 10 კგ-ზე მეტი ტვირთი;
  • მოერიდეთ თავდახრილ მდგომარეობაში ნებისმიერი საქმის კეთებას (ქსოვა, კითხვა და სხვა);
  • ტელევიზორის ყურება მხოლოდ კარგი განათებისას;
  • კითხვისას ან მხედველობის დაძაბვით საქმიანობისას ყოველ 1 საათში 10-15 წ-ით შეისვენეთ;
  • კვება რაციონალური, ასაკის შესაფერისი, უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, თევზს, შეზღუდეთ ცხიმები და შაქარი;
  • სითხის მიღება ზომიერად, ერთ ჯერზე 1 ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიოთ, 1 ფინჯანი ყავაც არ არის აკრძალული;
  • იკრძალება ალკოჰოლის მიღება;
  • სიგარეტს უნდა დაანებოთ თავი, ნიკოტინი მავნებელია თვალისთვის;
  • მოერიდეთ მჭიდრო საყელოებს, ჰალსტუხებს - ყველაფერს, რამაც შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა კისრისა და თავის არეში;
  • მნიშვნელოვანია კარგი ძილი, რეკომენდებულია მაღალი ბალიშის ხმარება;
  • კიდევ ერთხელ - ზუსტად დაიცავით წვეთების ჩაწვეთების რეჟიმი, თუ სახლიდან გასვლა გიწევთ, წვეთები თან უნდა წაიღოთ, დაიჭირეთ თადარიგი, შეიძინეთ წვეთების დამატებითი ფლაკონი, წამალი არ უნდა გამოგელიოთ;
  • რეგულარულად მიაკითხეთ ოფთალმოლოგს, თშწ-ის სტაბილიზაციის შემთხვევაშიც, ყოველ 2 თვეში კონტროლი აუცილებელია.