როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა
თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი დღეში ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ. მოხერხებულად დაბრძანდით, წელში გაიმართეთ, კისერი და მხრები მაქსიმალურად მოადუნეთ.
- თვალები დახუჭეთ და რაც შეიძლება მოეშვით. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები. უსიამოვნო განწყობა და დაჭიმული ნერვები ვარჯიშის დროს არ გამოგადგებათ - სათანადოდ ვერ მოეშვებით და ეფექტიც გაცილებით უარესი იქნება.
- გახელილი თვალები წრიულად ამოძრავეთ ჯერ საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
- ინტენსიურად ამოძრავეთ თვალები ჯერ ჰორიზონტალურ (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ კი ვერტიკალურ (ზემოთ-ქვემოთ) ხაზზე.
- მაგრად დახუჭეთ თვალები და რაც შეიძლება ფართოდ გაახილეთ.
- მიმართეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხისკენ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეეცადეთ შეხედოთ მარცხენა მხარს) და თვალები ერთ წერტილზე შეაჩერეთ. შემდეგ სამჯერ დაახამხამეთ და მზერა მარჯვენა მხარეს მიმართეთ.
- ეს ვარჯიში წინას ჰგავს, ოღონდ ამჯერად მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენაზე გადაიტანეთ.
- დახუჭულ თვალებზე მიიდეთ თბილი ხელისგულები, ხელის თითები შუბლზე გადაიჯვარედინეთ. მოეშვით და შეეცადეთ, ღრმა შავი ფერი “დაინახოთ”.
- თვალები ასიოდეჯერ დაახამხამეთ სწრაფად და მსუბუქად.
- მზერა ცხვირის წვერისკენ მიმართეთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მას შეხედეთ - ასე უფრო გაგიადვილდებათ.
- მიდით ფანჯარასთან, აირჩიეთ რომელიმე ახლომდებარე წერტილი (მაგალითად, ფოთოლი, თუ ხე ფანჯარასთან ახლოს დგას, ან რომელიმე ნივთი აივანზე, თუ ის თქვენი თვალების გასწვრივ მდებარეობს). კარგად დააკვირდით არჩეულ წერტილს და წარმოსახვით გაავლეთ მისი სიღრმისკენ მიმავალი გრძელი ხაზი - მზერა რაც შეიძლება წინ და შორს მიმართეთ.
ვარჯიშების შესრულება სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიხშირით შეიძლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოცემული კომპლექსიდან ზოგიერთი ვარჯიში ამოირჩიოთ და სამუშაო დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიმეოროთ. ასეთი მინიკომპლექსი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს. იმ ვარჯიშთა შესრულებისას, რომელთა დროსაც თვალებს განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილება უხდება, მოძრაობის საბოლოო წერტილზე რამდენიმეწამიანი ფიქსაცია მოახდინეთ. ვარჯიში თითოეული მიმართულებით 7-10-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს.
კვება და მხედველობა
ვარჯიშთან ერთად კვებასაც ნუ დაივიწყებთ. რეგულარულად და უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, ბალანსირებულ დიეტასა და სათანადო ნივთიერებათა შემცველ საკვებს მხედველობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. დაღლილ თვალებს რგებს:
- მოცხარი და მოცვი;
- გარგარი და ჭერამი;
- ოხრახუში, კამა და მწვანე ხახვი;
- მწვანე ჩაი, კუნელის ფოთლებისა და ნაყოფის ნახარში.
ძალზე მარგებელია მცენარეული ზეთით ან არაჟნით შეზავებული სტაფილოც. თვალებისა და მათი ფუნქციის სიჯანსაღესთან დაკავშირებულ პრობლემათა უმრავლესობა A ვიტამინის ნაკლებობასთან არის შეჭიდული. განვითარებად ქვეყნებში 21 წლამდე ასაკის პირთა მხედველობის სისუსტეს და სიბრმავეს უმეტესად სწორედ A ვიტამინის დეფიციტი განაპირობებს. ამ ვიტამინის უკმარისობის პირველი ნიშანი ქათმის (ღამის) სიბრმავეა, როდესაც თვალს სუსტ განათებასთან ადაპტაციის უნარი არ შესწევს. ანთება, შეწითლება და ჭრის სუსტი შეგრძნება თვალის გარეთა კუთხეებთან B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობის დროს ვითარდება. ამის თავიდან ასაცილებლად რძის ნაწარმი და მარცვლეული უნდა მიირთვათ.
- გლაუკომა, თვალშიდა წნევის მომატება, 40 წელს გადაცილებულთა შორის მეტად გავრცელებული პრობლემაა. მას A ვიტამინისა და თიამინის ნაკლებობას უკავშირებენ. თიამინით მდიდარია ხორცი (მათ შორის - ფრინველისა), თევზი, ნიგოზი, პარკოსნები, ნატურალური მარცვლეული, A ვიტამინის წყაროს კი ღვიძლი და კვერცხი წარმოადგენს.
- კატარაქტა, ბროლის შემღვრევა, უმეტესად ასაკოვანთა შორის გავრცელებული პათოლოგიაა, თუმცა ახალგაზრდებშიც იჩენს თავს როგორც მეტაბოლიზმის დეფექტი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კატარაქტა თვალის ბროლში მიმდინარე ჟანგვითი პროცესების შედეგია და ჩ ვიტამინის მიღებას გვირჩევენ - ის თვალს ამგვარი დაზიანებისგან იცავს. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ კატარაქტისგან დაცვის უნარი რძის ნაწარმსა და მარცვლეულში შემავალ რიბოფლავინსაც შესწევს. თვალები ასაკთან ერთად კარგავს შაქრის ათვისების უნარს. თუ ამას სისხლში შაქრის დონის მომატება - გალაქტოზემიაც დაერთო, შესაძლოა, კატარაქტის განვითარებას მიეცეს დასაბამი.
- თვალის ბადურას დაზიანება. ბადურას ნაწილისა და მისი ყვითელი ლაქის დაზიანება ასაკოვანთათვის მხედველობის დაკარგვის მთავარი მიზეზია, რისკფაქტორებიდან კი ყველაზე ხშირად კაშკაშა სინათლის ხანგრძლივ ზემოქმედებას ასახელებენ. სპეციალისტების აზრით, კაშკაშა სინათლის ხანგრძლივი ზემოქმედებისას წარმოიშობა თავისუფალი რადიკალები, რაც, თავის მხრივ, ბადურას დაზიანებას განაპირობებს. თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი, მოგეხსენებათ, E ვიტამინი და ბეტა-კაროტინია. ამრიგად, ამ ნივთიერებებით მდიდარი საკვები მხედველობის განმტკიცება-შენარჩუნებისთვის აუცილებელი დიეტის განუყოფელი ნაწილია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ბეტა-კაროტინის შემცველ ბოსტნეულს მივირთმევთ, მით უფრო დაბალია მხედველობის ფუნქციის დარღვევის ხარისხი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თვალებს დაზიანებისგან ლუთეინი და ზეაქსანთინი იცავს. ბეტა-კაროტინის მონათესავე ეს ორი ნივთიერება ბადურაში გროვდება და მის გამძლეობას უზრუნველყოფს. ბეტა-კაროტინი, რომელსაც ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის, უხვადაა მწვანე ბოსტნეულში, კომბოსტოში, ისპანახში, სტაფილოში, ყაბაყში, გარგარში, ყვითელ და ნარინჯისფერ ხილში. მიიჩნევა, რომ ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები აფერხებს ბადურას ყვითელი ლაქის დაზიანების პროცესს. ამიტომაც აუცილებელია ახალი ხილისა და ბოსტნეულის ინტენსიურად მიღება - ორგანიზმს ჩ და სხვა ვიტამინებით ხომ ისინი ამარაგებენ. არანაკლებ სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, რომლებიც თუთიის წყაროა, მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, ნიგოზი, მარცვლოვნები, მწვანე ბოსტნეული, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი, E ვიტამინით გაჯერებული მცენარეული ზეთი. თვალებისთვის ძალიან კარგია ფლავონოიდები, რომლებსაც ციტრუსების რბილობი შეიცავს. ასე რომ, თვალების ხათრით მაინც მიაქციეთ ყურადღება საკვებ რაციონს!