თვალის ფუნქციური დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის ფუნქციური დარღვევები

- რა ხდება შორსმხედველობის როგორც პათოლოგიური მდგომარეობის დროს და რა არის მისი უხშირესი მიზეზი?

- შორსმხედველობა, ისევე როგორც ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი, რეფრაქციის მანკებია, ანომალიები. თვალის რეფრაქციის ანომალიას, საზოგადოდ, ამეტროპია ეწოდება. ამ დროს დარღვეულია შესაბამისობა თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხუნარიანობასა და მისი ოპტიკური ღერძის სიგრძეს შორის. შორსმხედველობა, იგივე ჰიპერმეტროპია, არის მდგომარეობა, როდესაც პაციენტი კარგად ხედავს შორს (როგორც სახელწოდებიდან ჩანს), მაგრამ რეალურად ახლოს ხედვაც უჭირს, განსხვავებით ახლომხედველობისგან, როდესაც პაციენტი რეალურად კარგად ხედავს მხოლოდ ახლო მანძილზე და შორს ხედვა უჭირს. ჰიპერმეტროპიის დროს შორს მდებარე საგნებიდან გამომავალი პარალელური სხივები იკრიბება ბადურას უკან. ბავშვთა ასაკში შორსმხედველობა ხშირად სიელმესთან არის დაკავშირებული. ამას ეწოდება აკომოდაციური სიელმე. შიგნითა სიელმე ყოველთვის ასოცირებულია შორსმხედველობასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია ზუსტი სტრატეგიით სათანადო სათვალის შერჩევა პლუსური მოქმედების ანუ შემკრები ლინზებით. ამან უნდა გამოიღოს შედეგი და იდეალურ შემთხვევაში მივიღოთ სიელმის კორექცია. თუ კორექცია განსაზღვრული ხნის განმავლობაში არ მოხდა, დღის წესრიგში დგება სიელმის საწინააღმდეგო ოპერაციის საკითხი. ოპერაცია სკოლამდელ ასაკში უნდა ჩატარდეს. ასეთია მიდგომა მთელ მსოფლიოში. ის ითვალისწინებს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც, რომ ბავშვი სკოლაში მივიდეს უკვე გასწორებული თვალით. რაც შეეხება ახლომხედველობას, იმავე მიოპიას, ის, პირიქით, გარეთა სიელმეს უკავშირდება ხოლმე. მიოპიის დროს, ჩვეულებრივ, შორს მდებარე საგნებიდან გამომავალი პარალელური სხივები იკრიბება არა ბადურაზე, არამედ მის წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვალის ოპტიკური სისტემის მთავარი ფოკუსი მდებარეობს ბროლსა და ბადურას შორის. ამ შემთხვევაშიც უნდა დაინიშნოს შესაბამისი სათვალე, რომლის მიზანია არა მხოლოდ მხედველობის გაუმჯობესება (მომატება), არამედ სიელმის კორექციაც. თუ შედეგი ვერ მივიღეთ, უნდა გაკეთდეს ოპერაცია. ესეც - აუცილებლად სკოლამდელ ასაკში.

- რა ხდება, როდესაც რეფრაქციის ამ ანომალიებს სიელმე არ ახლავს თან?

- ცხადია, ასეთი შემთხვევაც ბევრია - სიელმე არ შეინიშნება, მაგრამ დასტურდება შორსმხედველობა ან ახლომხედველობა. ამ დროს სტრატეგია ასეთია: პაციენტს ვუნიშნავთ შესაბამის სათვალეს, რომ თვალები არ დაეღალოს. შორსმხედველობისას თუ პაციენტმა სათვალე არ გაიკეთა, გაუჩნდება ასთენოპიური ჩივილები - ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება თვალების არეში, რომელიც შუბლისკენ ირადირებს და ზოგჯერ დასაბამს აძლევს თავის ტკივილს. ეს ნებისმიერ ასაკში ძლიერ დისკომფორტს იწვევს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის, როგორც მინუსის, ასევე პლუსის შემთხვევაში, საჭიროა ადეკვატური კორექცია შესაბამისი სათვალით.

- სამწუხაროდ, ბევრი გაურბის სათვალის ტარებას...

- თუ პაციენტს არ სურს სათვალის ტარება და ქირურგიულ კორექციას ამჯობინებს, პრაქტიკულად ნებისმიერ ასაკში შეუძლია ამის გაკეთება. თანამედროვე ექსიმერულ ლაზერებს უნარი შესწევს, აღმოფხვრას პლუს ექვსამდე დარღვევა, ახლომხედველობის შემთხვევაში კი მათი შესაძლებლობა კიდევ უფრო ფართოა - მინუს 15-მდე. უბრალოდ, პაციენტებს უნდა ესმოდეთ, რომ ოპერაციას თავისი ჩვენებები აქვს. ამ ჩვენებათა შეფასება, ისევე როგორც წინასაოპერაციო კლინიკური გამოკვლევა და მისი შედეგების ანალიზი, საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ (თანაც საკმაოდ მაღალი ალბათობით), რა შედეგს მოგვცემს ოპერაცია, როგორ მხედველობას მივიღებთ მისი მეშვეობით. აუცილებელია აგრეთვე პაციენტთან ახლო კონტაქტი, რათა მისგან გავიგოთ, რას ელის ის ოპერაციისაგან, რა მიზნის მიღწევა სურს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წინასწარ უნდა შეფასდეს ახლომხედველობისა თუ შორსმხედველობის ხარისხი, პაციენტის წინასაოპერაციო მონაცემები. ყოველივე ამის ანალიზითა და შეჯამებით განვსაზღვრავთ და, როგორც უკვე მოგახსენეთ, საკმაოდ მაღალი სიზუსტითაც, რა ეფექტი ექნება ოპერაციას, უღირს თუ არა პაციენტს მისი გაკეთება, მიიღებს თუ არა იმ შედეგს, რასაც მოელის. საქართველოში ასეთი ოპერაციები უკვე 15 წელია დანერგილია და წარმატებით ტარდება. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში გამუდმებით იხვეწება აპარატურა, ყოველი ახალი აპარატი კი უფრო მაღალი ხარისხის შედეგს იძლევა. საბედნიეროდ, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრშიც გვაქვს ბოლო თაობის ძალზე დახვეწილი და სრულყოფილი აპარატი, რომელიც რეფრაქციის ანომალიის კორექციას ემსახურება.


- ასაკობრივ შორსმხედველობაზე რას გვეტყვით?

- ჩვენ მას პრესბიოპიას ანუ მოხუცებულთა შორსმხედველობას ვეძახით (ასე ვთქვათ, 40 წლის შემდეგ პლუს სათვალის ტარება რომ გვიწევს). ეს აკომოდაციის შესუსტებაა, რომელსაც ახასიათებს ნათელი მხედველობის უახლოესი წერტილის თვალიდან თანდათანობით დაშორება და განპირობებულია ბროლის ელასტიკურობის ასაკობრივი შემცირებით. მისი კორექციაც შესაძლებელია და ბევრს გაუკეთებია ეს ოპერაცია საქართველოშიც. არის შემთხვევები, როდესაც ასაკოვან პაციენტს როგორც შორი, ასევე ახლო ხედვისთვის სჭირდება სათვალე. მკითხველმა მარტივად რომ გაიგოს, წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მუდმივად ხმარობს სათვალეს შორს ხედვისთვის, ახლოსთვის კი იკეთებს უფრო მეტ პლუსს. მას ურჩევნია, გაიკეთოს ოპერაცია, რათა შორ მანძილზე ხედვისთვის აღარ დასჭირდეს სათვალე, ახლოსთვის კი თანახმაა ისევ გაიკეთოს, ოღონდ უფრო პატარა. ფაქტობრივად (პლუსის შემთხვევაში), პაციენტი მუდმივ სათვალეს მოიხსნის, წასაკითხად და ახლო მანძილზე სამუშაოდ კი უფრო პატარას გამოიყენებს. როგორც მოგახსენეთ, მინუსის შემთხვევაში თანამედროვე აპარატურას კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს, მინუს 15-მდე შეუძლია მოხსნა. ოპერაციის შემდეგ, ჩვეულებრივ, პაციენტები ძალიან კარგად ხედავენ შორს, დიდ კომფორტს გრძნობენ, რადგან მნიშვნელოვნად იზრდება მათი მხედველობის ველი. კმაყოფილები არიან, რადგან შეუძლიათ ძალიან შორსაც დაინახონ და გაარჩიონ ის, რასაც ოპერაციამდე, მაგალითად, ერთ მეტრზე ხედავდნენ. ეს მათ დიდ შვებას ჰგვრის. სწორედ ამან განაპირობა მთელ მსოფლიოში ამ ოპერაციათა ასეთი დიდი პოპულარობა.

- ლინზებიც უწინდებურად პოპულარულია?

- რეფრაქციის ანომალიების კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კონტაქტური კორექცია. ისევე როგორც ექსიმერლაზერული ქირურგიული ჩარევა, ისიც მუდმივად იხვეწება. დღეს კონტაქტური ლინზების ფართო არჩევანია. არსებობს სხვადასხვაგვარი ლინზები: აირგამტარი, აირგაუმტარი, ნახევრად რბილი, რბილი, მაგარი და სხვა. ყველას თავისი ჩვენება აქვს. ლინზები დღეს ძალზე დახვეწილია, აქედან გამომდინარე, პაციენტი ადვილად ეგუება მათ. იყო დრო, როდესაც ჩვენთან შემოდიოდა მხოლოდ ჩეხური ლინზები, რომელთა აუტანლობაც ძალიან მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს აღწევდა. პაციენტების უმრავლესობა ვერ ეგუებოდა მათ, ცრემლდენა აწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ დღეს ლინზებს, მათი სრულყოფილებიდან გამომდინარე, ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ ამას, რადგან თანამედროვე დახვეწილი ლინზები თვალზე არ ჩანს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაინც ვერ ეგუებიან ლინზებს, დისკომფორტს უქმნით ყოველ დილას მათი ჩასმა, შემდეგ ამოღება და სითხეში ჩადება, ამიტომ ბევრი ამჯობინებს, საბოლოოდ გამოეთხოვოს კონტაქტურ ლინზებს და ლაზერული ოპერაცია გაიკეთოს.

- რომელს გაუწევთ რეკომენდაციას - სათვალეს თუ ლინზას?

- სათვალესაც და ლინზებსაც თავისი ჩვენებები აქვს. მნიშვნელოვანია პაციენტის მიდგომაც. ბევრი მოდის იმისთვის მოტივირებული, რომ არ სურს სათვალის ტარება და მაინცდამაინც კონტაქტური ლინზა უნდა. ზოგჯერ კონტაქტურ კორექციას ან ოპერაციას ვთავაზობთ, მაგრამ უარს ამბობენ, რადგან სათვალითაც მშვენივრად გრძნობენ თავს. ასე რომ, პაციენტს ვერ აიძულებ და არც შეიძლება. ჩვენ არ ვცდილობთ მის გადარწმუნებას. მან თავად უნდა აირჩიოს, რა უფრო კომფორტულია მისთვის, რასთან უფრო მეტადაა ადაპტირებული.

- რა პათოლოგიაა და რამდენად ხშირია ასტიგმატიზმი?

- ასტიგმატიზმიც რეფრაქციის ანომალიაა. ამ დროს თვალის ოპტიკური სისტემის გარდატეხის ძალა სხვადასხვა მერიდიანში სხვადასხვაა, რის გამოც სივრცის ნებისმიერი წერტილიდან გამოსული სხივები ბადურას რომელიმე ერთ წერტილში არ ფოკუსდება. სიტყვასიტყვით ასტიგმატიზმი წერტილოვანი ფოკუსის უქონლობას ნიშნავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თვალი ერთ წერტილში ვერ აფოკუსებს შორიდან მომავალ პარალელურ სხივთა კონას. მისი მიზეზი რქოვანას დეფორმაციაა. ეს თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც ასიდან 95 და მეტ შემთხვევაში იმით არის განპირობებული, რომ რქოვანას არ გააჩნია ერთი და იმავე სიმრუდის რადიუსი მის ყველა მერიდიანში - გარკვეულ მერიდიანში ანუ ერთგან ერთი სიმრუდე აქვს, მეორეგან კი სხვა. ამის გამოა, რომ ამ მერიდიანებს ერთნაირი გარდატეხის უნარი არ გააჩნიათ. მათ სხვადასხვაგვარი ფოკუსური მანძილი ახასიათებთ და მათზე დაცემული სხივთა კონა სხვადასხვა მანძილზე იკრიბება, წერტილოვანი ფოკუსი არ მიიღება. ასტიგმატიზმი ადრეულ ასაკშივე ვლინდება, უმეტესად თანდაყოლილია და რქოვანას ანომალიური ფორმით განისაზღვრება, თუმცა რქოვანას დეფორმაცია შესაძლოა ტრავმული ანუ შეძენილიც იყოს. ასტიგმატიზმი ძალზე ხშირია, მაგრამ მკითხველს ნუ ეგონება, რომ ეს რაღაც უხეში ანომალიაა, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას. პირიქით, მისი კორექცია წარმატებით ხდება ცილინდრული ლინზებით. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, თბილისშიც, მათ შორის - ღუდუშაურის კლინიკაშიც, არის ექსიმერლაზერული აპარატურა, ძალზე დახვეწილი და სრულყოფილი თანამედროვე კომპლექსი, რომლითაც წარმატებით ხდება ასტიგმატიზმისა და შორსმხედველობის კორექცია. დღეს პაციენტებს საშუალება აქვთ, ოპერაციის შემდეგ, ასე ვთქვათ, გადააგდონ სათვალე და ისეთივე მხედველობა მიიღონ, როგორიც მანამდე ჰქონდათ სათვალით.