გლაუკომა - ვერაგი მტაცებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლაუკომა - ვერაგი მტაცებელი

- რატომ იმატებს თვალშიგა წნევა?

- თვალშიგა წნევა ერთიანი და უცვლელი მაჩვენებელი არ არის და განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის. იგი დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციურ თავისებურებებზე (სქესი, აღნაგობა, ტემპერამენტი და ა.შ.). სტატისტიკურად, თვალშიგა ჰიპერტენზია უფრო მეტად ქალებშია გამოხატული. თვალშიგა წნევა ანუ ოფთალმოჰიპერტენზია შესაძლოა გამოწვეული იყოს თვალის დაავადებით ან იყოს სხვა, მაგალითად, ენდოკრინული სისტემის დაავადების - თირეოტოქსიკოზის, ჰიპოთირეოზის - შედეგი. იგი ზოგჯერ ვითარდება ჰორმონული პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების ან ატროპინის შემცველი პრეპარატის მიღების ფონზე. თვალშიგა წნევამ შესაძლოა კლიმაქსური პერიოდის პათოლოგიური გართულების პერიოდშიც მოიმატოს. წნევის მომატების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ნერვული აღგზნებადობა, წყლის ჭარბი მიღება, ფიზიკური დატვირთვა, როდესაც ადამიანი თავდახრილი ვარჯიშობს ან მუშაობს. თვალშიგა წნევის ნორმალური მაჩვენებელი ვერცხლისწყლის სვეტის 21-22 მმ-ია. მის მუდმივობას ჯანმრთელ თვალში სითხის მოდინებისა და გადინების ბალანსი უზრუნველყოფს. თუ მაჩვენებელმა 23-24 მმ-მდე მოიმატა, პაციენტს განმეორებით კონტროლზე ვიბარებთ. თვალშიგა წნევა ყველაზე ხშირად გლაუკომის დროს იმატებს. ამ დაავადებას საფუძვლად უდევს თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მომატება, მხედველობის ველის შევიწროება და მხედველობის ნერვის გლაუკომური ატროფია. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ირღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან მცირდება მხედველობის ველი, შედეგი კი სრული სიბრმავეა. არსებობს გლაუკომის თანდაყოლილი და შეძენილი, დახურულ- და ღიაკუთხოვანი ფორმები და სხვა. თანდაყოლილი გლაუკომა შედარებით იშვიათია და მისი მკურნალობა საბავშვო ქირურგიულ განყოფილებებში ადრეულ ასაკშივე ხდება. ღიაკუთხოვანი გლაუკომა რთული გამოსავლენია, რადგან ფარულად მიმდინარეობს და გვიანდელ სტადიაზე ვლინდება. დახურულკუთხოვანი გაცილებით “გულახდილია” - წნევის ძლიერი მომატებისას შესაძლოა მწვავე შეტევით გამოვლინდეს. ამ დროს, უმეტესად - დილაობით, ავადმყოფი უჩივის მხედველობის უეცარ დაბინდვას; ნათურის გარშემო ეჩვენება ცისარტყელას რგოლები; გრძნობს ყრუ ტკივილს წარბების ზემოთ, თვალისა და საფეთქლის არეში. ეს მოვლენები ხშირად ისე მალე გაივლის, რომ ავადმყოფი ექიმთან მისვლას ვერც კი ასწრებს. როგორც აღვნიშნე, პრაქტიკულად შეუმჩნევლად მიმდინარეობს ღიაკუთხოვანი ფორმა. მხედველობის არე თანდათანობით ვიწროვდება (პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელიც) და ადამიანი ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ცალი თვალით ხედავს, მეორით კი დაბრმავდა.

- რა იწვევს გლაუკომას?

- არსებობს ზოგადი და ადგლობრივი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს გლაუკომის წარმოშობასა და პროგრესირებაზე. ადგილობრივ ფაქტორებს მიეკუთვნება ახლომხედველობა. ზოგადი ფაქტორებია:

  • ასაკი (60-65 წელზე მეტი). გლაუკომით იშვიათად ავადდებიან ახალგაზრდები (გამონაკლისია თვალის ტრავმა). ჩვეულებრივ, გალუკომა თავს 40 წლის შემდეგ იჩენს;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ათეროსკლეროზი;
  • ქრონიკული სტრესი;
  • მემკვიდრეობითი განწყობა - თუ რომელიმე ახლო ნათესავს (დედას, მამას, დას, ძმას) გლაუკომა ჰქონდა, რისკი მაღალია;
  • რისკჯგუფში ხვდებიან კომპიუტერთან დიდხანს მომუშავე პირები და ისინი, ვისი პროფესიაც მხედველობის გადაძაბვას, აგრეთვე ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება.

რა ხდება გლაუკომის დროს

თვალში სითხის მიმოქცევა სპეციალური სადრენაჟო სისტემის - ფოროვანი დიაფრაგმის საშუალებით ხდება. ეს სისტემა მოიცავს თვალის წინა საკნის კუთხესა და მიკროსკოპულ არხებს. მომატებული წნევა თვალისთვის იმით არის საშიში, რომ წნევის მომატებისას ბადურა გარსის ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც წარმოქმნიან მხედველობის ნერვს, ხდება მექანიკური ზეწოლა. ზეწოლის ადგილას თვალი კარგავს მხედველობითი ინფორმაციის გატარების უნარს. ამის გამო ადამიანს უვიწროვდება მხედველობის ველი. თუ ასეთი ზემოქმედება ხანგრძლივი ან ძალზე ინტენსიურია, მხედველობის ველი საგრძნობლად ვიწროვდება - ე.წ. ლულოვან მხედველობამდე: ადამიანი თითქოს მილიდან იყურება  - გარშემო სიბნელეა, ჩანს მხოლოდ ძალიან დავიწროებული ცენტრი.


დიაგნოსტიკა

გლაუკომის ადრეული გამოვლენისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ გასინჯვებს. 40 წლიდან ყველამ უნდა შეიმოწმოს თვალშიდა წნევა, ხოლო საეჭვო შემთხვევაში ჩაიტაროს დეტალური გამოკვლევა.

მკურნალობა

გლაუკომისგან განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია - ის ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ დროულად დაწყებული და სისტემატური მკურნალობით მისი განვითარება შეიძლება შეჩერდეს და შენარჩუნდეს კარგი მხედველობა. მკურნალობის საფუძველია თვალშიდა წნევის შემცირება. ამისთვის, წესისამებრ, იყენებენ სპეციალურ წვეთებს. ყველა პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად. ინიშნება ბეტა ბლოკერები, პროსტაგლანდინები, კომბინირებული თვალის წნევის შესამცირებელი პრეპარატები და სხვა.

- როდის არის აუცილებელი ოპერაცია?

- თუ თვალშიდა წნევა, მკურნალობის მიუხედავად, არ იკლებს და მხედველობის ფუნქცია უარესდება, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს ოპერაცია. მეორე ეტაპზე მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთოს ლაზერული ქირურგია. მისი საშუალებით მცირდება თვალშიგა სითხის სეკრეცია ან უმჯობესდება მისი დენა. თუ ეს მეთოდი უეფექტო აღმოჩნდა, მომდევნო ეტაპია მიკროქირურგიული ჩარევა. ყველაზე გავრცელებული სახეა ფისტულიზებული ოპერაცია. ამ დროს იქმნება ხელოვნური გზა თვალის წინა საკნიდან სითხის გამოსასვლელად.

პაციენტის რეჟიმი

დაავადების მიმდინარეობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პაციენტის ცხოვრების ნირზე:

  • კატეგორიულად იკრძალება ფიზიკური და ნერვული გადაძაბვა. მცირე გადაძაბვასაც კი შეუძლია გლაუკომის შეტევის პროვოცირება. ზღვრული სიმძიმე, რომლის აწევა ნებადართულია პაციენტისთვის, 10 კგ-ია.
  • კითხვა და ქაღალდებთან მუშაობა მხოლოდ დღის შუქზე შეიძლება. ყველაზე საშიშია განათების მკვეთრი ცვალებადობა.
  • ტელევიზორის ყურება შეიძლება მხოლოდ კარგად განათებულ ოთახში (სიბნელეში - არა!). დაჯექით სწორად, თავი არც წინ დახაროთ და არც უკან გადააგდოთ.
  • კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს მცენარეული პროდუქტებით. ერიდეთ საკვებს, რომელიც კუჭ-ნაწლავში აირების დაგროვებას უწყობს ხელს (კომბოსტოს, ლობიოს და სხვა), შეზღუდეთ ცხარე და მლაშე, ასევე - ხორცი, ცხოველური ცხიმი და შაქარი. უპირატესობა მიანიჭეთ თევზეულს, ქორფა ხილსა და ბოსტნეულს.
  • ერიდეთ სპირტიან სასმელებს. განსაკუთრებით საშიშია ლუდი!
  • იკრძალება მაგარი ჩაი, ნატურალური ყავა.
  • თვალებისთვის მავნეა ნიკოტინი.
  • ნუ ჩაიცვამთ მჭიდროსაყელოიან სამოსს, ნუ მოიჭერთ ჰალსტუხს - ეს აუარესებს თავისა და კისრის მიდამოში სისხლის მიმოქცევას.
  • რეკომენდებულია მწვანემინიანი სათვალის ტარება - ოფთალმოლოგები ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერი ეფექტურად აქვეითებს თვალშიდა წნევას.
  • მეტად მნიშვნელოვანია კარგი ძილი.

გახსოვდეთ: ავადმყოფმა შესაძლოა ვერ იგრძნოს მომატებული წნევა, მაგრამ ამით ის ნაკლებსაშიში არ ხდება. რაც უფრო მაღალია წნევა და რაც უფრო მეტხანს რჩება მომატებული, მით უფრო ზიანდება მხედველობის ნერვი, განიცდის ატროფიას და კვდება, მასთან ერთად კი იკარგება მხედველობაც. გლაუკომის დროს თვალის ქსოვილებში მიმდინარე ცვლილებები შეუქცევადია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება. ნებაზე მიშვებული გლაუკომა მხედველობას სრულ სიბრმავემდე აქვეითებს. არ მისცეთ მას ამის უფლება!