როგორ ვხედავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვხედავთ

თვალის ოპტიკური სისტემა

თვალის ოპტიკური განყოფილების ცენტრალური ნაწილი ბადურაა, სადაც უშუალოდ მიიღება გამოსახულება. მისი დანარჩენი ნაწილებია რქოვანა გარსი, ბროლი და მინისებური სხეული, სადაც სხივები ბადურაზე მოხვედრამდე გაივლის.

მხედველობის ორგანოს ოპტიკურ ნაწილზე უშუალოდ არის დამოკიდებული მკაფიო გამოსახულების მიღება.

ნორმალური მხედველობისთვის ბადურაზე სხივების მოხვედრა არ კმარა; თვალი არწივივით რომ გვიჭრიდეს, აუცილებელია, მხედველობის ორგანოში ნორმალურად ხორციელდებოდეს ისეთი ფიზიოლოგიური პროცესები, როგორიც არის აკომოდაცია, რეფრაქცია, გუგის რეფლექსი, თვალის მოძრაობა, თვალის ადაპტაცია, თვალს ჰქონდეს მხედველობის სიმახვილისა და მხედველობის ველის ნორმალური მაჩვენებლები.

აკომოდაცია

აკომოდაცია თვალის უნარია, დაინახოს და გაარჩიოს სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნები, რაც ბროლის სიმრუდის ცვლილების მეშვეობით ხორციელდება.

აკომოდაციის მექანიზმში გადამწყვეტია თვალის სააკომოდაციო კუნთების როლი. ისინი ბროლის ორივე ბოლოზეა მიმაგრებული და მოთხოვნისამებრ იკუმშება და დუნდება, რის გამოც იცვლება ბროლის ამოზნექილობის ხარისხი: ახლოს მყოფი საგნების თვალიერებისას იგი უფრო მეტად ამოიზნიქება, შორს მყოფების თვალიერებისას კი ბრტყელდება.

ახალგაზრდის ნორმალური თვალის ნათელი მხედველობის უშორესი წერტილი უსასრულო მანძილზე მდებარეობს. რაც შეეხება აკომოდაციის უნარს, ის 65 სმ-ით დაშორებული საგნის აღქმით იწყება.

თვალის აკომოდაციური ფუნქცია გუგის სიდიდეზეა დამოკიდებული: ახლომდებარე საგნების თვალიერებისას გუგა ვიწროვდება, შორს მდებარეების თვალიერებისას კი ფართოვდება.

ასაკთან ერთად იკლებს ბროლის ელასტიკურობა, სუსტდება სააკომოდაციო კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების ძალა, მცირდება თვალის აკომოდაციური უნარი. სწორედ ამის ბრალია, ასაკთან ერთად თვალისჩინი რომ იკლებს და ვითარდება პრესბიოპიად წოდებული მოხუცებულობის შორსმხედველობა.

რეფრაქცია

რეფრაქცია თვალში სხივების გარდატეხაა. ნორმალური ანუ ემეტროპული რეფრაქციის შემთხვევაში სხივები თვალის ოპტიკურ ნაწილში ისე გადატყდება, რომ გამოსახულება ზუსტად ბადურაზე მიიღება, რეფრაქციის დარღვევისას კი სხივების გარდატეხის შედეგად გამოსახულება ბადურა გარსის წინ ან უკან ფოკუსირდება. პირველ შემთხვევაში რეფრაქციის დარღვევას ახლომხედველობას, სიბეცეს ანუ მიოპიას უწოდებენ, მეორე შემთხვევაში - შორსმხედველობას ანუ ჰიპერმეტროპიას.

რეფრაქციის დარღვევის ერთ-ერთი სახეა ასტიგმატიზმი - სხივები არათანაბრად, სხვადასხვა მიმართულებით გარდატყდება და ამის გამო ბადურაზე დამახინჯებული გამოსახულება მიიღება.

გუგის რეფლექსი

გუგა თვალის ფერადი გარსის ცენტრში მოთავსებული წრიული ფორმის ხვრელია. მისი დიამეტრის ცვლილება არეგულირებს თვალში გამავალი სინათლის სხივების რაოდენობას. თუ გარემოში საჭიროზე მეტი სინათლეა, გუგის კუნთები იკუმშება და ხვრელს ავიწროებს, არასაკმარისი განათებისას კი დუნდება და გუგის დიამეტრს ზრდის, რათა მასში საგანთა დანახვისთვის საჭირო ოდენობის სხივმა გაიაროს.

თვალის გუგების შევიწროებას მიოზი ეწოდება, ხოლო გაფართოებას - მიდრიაზი. ორივე ეს მოვლენა რეფლექსურად მიმდინარეობს. ჯანმრთელ ადამიანს ორივე თვალის გუგა ერთნაირად აქვს გაფართოებული ან შევიწროებული. ცალი თვალის განათებისას ვიწროვდება მეორის გუგაც.

გუგა ვიწროვდება ძლიერი განათებისას, ახლომდებარე საგნების თვალიერებისას, ძილში, ფართოვდება ცუდი განათებისას, ძლიერი ემოციის, მოხრჩობის, ნარკოზის დროს. გუგის დიამეტრს ცვლის ზოგიერთი ჰორმონიც. ატროპინი მას აფართოებს, რის გამოც ამ ჰორმონს აქტიურად იყენებენ თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკაში, ადრენალინი კი, პირიქით, საგრძნობლად ამცირებს გუგის ხვრელის დიამეტრს.

თვალის კაკლის მოძრაობა

უმოძრაო თუ მოძრავი, ახლომდებარე თუ შორს მყოფი საგნების თვალიერება წარმოუდგენელი იქნებოდა, თვალის კაკალს ნებისმიერი ღერძის გარშემო მოძრაობა რომ არ შესძლებოდა.

თვალს პირვანდელი მდებარეობიდან (როდესაც ის პირდაპირ და წინ იყურება) შეუძლია მობრუნდეს გარეთ 420-ით, შიგნით 450-ით, ზევით 540-ით და ქვევით 570-ით. თვალის კაკალი 6 კუნთის დახმარებით მოძრაობს, რომლებიც მას ეკვატორზე ოდნავ წინ აქვს მიმაგრებული. 2 კუნთი ირიბია, 4 - სწორი: გარეთა, შიგნითა, ზემო და ქვემო. მათგან მხოლოდ გარეთა კუნთი აბრუნებს თვალს პირდაპირ და გარეთ, ხოლო შიგნითა - პირდაპირ და შიგნით. ზედა და ქვედა სწორი კუნთები თვალს ზემოთ ან ქვემოთ მოძრაობის გარდა ოდნავ შიგნითაც აბრუნებს.


 ასე რომ, როდესაც თვალი პირდაპირ და ზევით ან ქვევით ბრუნავს, ამ დროს ერთდროულად იკუმშება როგორც სწორი, ისე ირიბი კუნთები. თვალი ყოველთვის შეთანხმებულად მოძრაობს, ყოველი საგნის თვალიერებისას ჩვენთვის შეუმჩნეველ უწყვეტ ნახტომებს აკეთებს, რის შედეგადაც გამოსახულება ბადურაზე განუწყვეტლივ გადაადგილდება ერთი წერტილიდან მეორეზე. თითოეული ნახტომის ხანგრძლივობა წამის მეასედის ტოლია, ზომა კი 200-ს არ აღემატება. ნახტომის სიჩქარე წამში 200-დან 400 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო მათ შორის ინტერვალი, ესე იგი დასათვალიერებელ საგანზე ან განათებულ წერტილზე თვალის შეჩერების ხანგრძლივობა დაახლოებით 0,2-0,5 წამს უდრის (თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის 10-ჯერ მეტიც კია).

რაც უფრო რთულია ობიექტი, რომელსაც ვათვალიერებთ, მით უფრო რთულია თვალის მოძრაობის მრუდი. თვალი თითქოს მოსინჯავს გამოსახულების კონტურებს, ჩერდება და უბრუნდება მის იმ უბნებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რათა აღსაქმელი საგნის შესახებ დაწვრილებითი ვიზუალური ინფორმაცია შეაგროვოს.

ადაპტაცია

სხვადასხვა განათების პირობებში თვალის მხედველობით შეგუებას ადაპტაცია განაპირობებს.

თვალის მგრძნობელობას ყოველთვის განსაზღვრავს საწყისი განათება. ამის მიხედვით არსებობს თვალის ადაპტაცია სინათლისა და სიბნელის მიმართ. ბნელი ოთახიდან ნათელში გასვლის შემდეგ ყველას შეგვიმჩნევია პირველ წუთებში მხედველობის გაუარესება, რაც თვალის მგრძნობელობის დაქვეითების ბრალია, მაგრამ რამდენიმე წუთში სინათლისადმი ადაპტაციის წყალობით მხედველობა აღდგენილა.

საპირისპირო რამ ხდება, როდესაც ნათელი ოთახიდან ბნელში გავდივართ - აგზნებადობის დაქვეითების გამო თვალი თავდაპირველად ვერაფერს ხედავს, შემდეგ ბადურას აგზნებადობა თანდათან იმატებს და იწყება დეტალების გარჩევა. ეს უკვე სიბნელისადმი ადაპტაციაა.

მხედველობის სიმახვილე

ხედვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხედველობის სიმახვილე - საგნების სივრცობრივი დამოკიდებულების: მათი სიდიდის, ფორმის, მოძრაობისა და მიმართულების - განსაზღვრა.

მხედველობის სიმახვილე ორ წერტილს შორის ის უმცირესი მანძილია, რომელსაც თვალი არჩევს. ეს მაჩვენებელი სპეციალური ცხრილებით განისაზღვრება, რომლებიც სხვადასხვა ზომის ასოების ან ღია წრეწირების რამდენიმე მწკრივისგან შედგება. თითოეული სტრიქონის გასწვრივ წერია რიცხვი, რომელიც გამოსახავს იმ მანძილს მეტრებში, საიდანაც ნორმალურმა თვალმა უნდა გაარჩიოს ამ სტრიქონის ფიგურები.

მხედველობის ველი

წერტილთა ერთობლიობას, რომლებსაც ერთდროულად ვხედავთ თვალის ერთ წერტილში მზერის დროს, მხედველობის ველი ეწოდება. მხედველობის ველის საზღვრები სპეციალური ხელსაწყოთი - პერიმეტრით იზომება. უფერო საგნებისთვის მხედველობის ველის საზღვრები ასეთია: ქვემოთ - 700, ზემოთ - 600 და გარეთ - 900. ადამიანის ორივე თვალის მხედველობის ველი ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს, რასაც სივრცის აღქმისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერადი საგნებისთვის მხედველობის ველი შედარებით მცირეა. ყველაზე დიდია ლურჯი და ყვითელი ფერებისთვის, წითლის აღქმისას იკლებს, ხოლო მწვანე ფერისთვის ყველაზე ნაკლებია.

ბინოკულარული მხედველობა

ადამიანს ორი თვალი აქვს. შესაბამისად, მისი მხედველობა ბინოკულარულია, რაც საშუალებას აძლევს, აღიქვას გარესამყარო რელიეფურად, განსაზღვროს საგნების ურთიერთგანლაგება, მათი მოცულობა, იმსჯელოს მათ დაშორებაზე. როდესაც ადამიანი რაიმე საგანს ორივე თვალით უმზერს, მას არ რჩება ორი საგნის დანახვის შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ ორ ბადურაზე ორ გამოსახულებას იღებს. ეს სწორედ ბინოკულარული მხედველობის დამსახურებაა - ყველა საგნის გამოსახულება ბადურას შესატყვის ადგილას თავსდება და თითქოს ერთმანეთს ერწყმის. ბინოკულარულ ხედვაში დიდ როლს ასრულებს თვალის კაკლის კუნთები, რომელთა შეთანხმებული მოქმედებაც ორ სხვადასხვა თვალში გამოსახულების იდენტურ ადგილებზე მოხვედრას უზუნველყოფს.

თვალის დამცავი აპარატი

თვალის მთავარი დამცავი ორგანო მისი ზედა და ქვედა ქუთუთოებია. ბევრმა არც კი იცის, რომ ქუთუთოების რიტმული, შეთანხმებული დახურვა, რომელსაც თვალების ხამხამს ვუწოდებთ, ძლიერი დამცავი რეფლექსია, რომლის წყალობითაც თვალის კაკალი მავნე გარეგანი ფაქტორებისგან საიმედოდ არის დაცული. ამასთან ერთად, თვალების ხამხამი უზრუნველყოფს რქოვანა გარსის წინა ზედაპირის დასველებას. თვალების ხამხამი ძლიერდება კაშკაშა სინათლის ზემოქმედების, რქოვანა გარსის, კონიუნქტივის ან წამწამების გაღიზიანების დროს. დამცავი ღონისძიებაა ცრემლდენაც - თვალის ლორწოვანი გარსის დასველება თვალის ზედა ნაწილის გარეთა კუთხეში მოთავსებული საცრემლე ჯირკვლების სეკრეტით.