რამ გამოიწვია თვალის დაზიანება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ გამოიწვია თვალის დაზიანება?

 - ბატონო გიორგი, რომელი დაავადებების დროს შეიძლება დაზიანდეს თვალი?

- მხედველობის ორგანოს დაზიანება შესაძლოა მოხდეს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, სარკოიდოზის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს. ბუნებრივია, მიზეზის კვალობაზე, თვალის დაზიანების კლინიკური გამოვლინება სხვადასხვაგვარია.

- რა ცვლილებები ვითარდება თვალში არტერიული ჰიპერტენზიის დროს?

- არტერიული ჰიპერტენზიის დროს თვალში განვითარებული ცვლილებები მეორეულია და ამ პათოლოგიის დროს მიმდინარე სისხლძარღვთა ტიპურ ცვლილებებს უკავშირდება. არტერიული წნევის მატებისას მხედველობის ორგანოს დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპებით, სისხლჩაქცევით, ბადურა გარსის ჩამოცლით, მძიმე შემთხვევებში - მისი ნეკროზითა და ნერვულ უჯრედთა განგლიური შრის მძიმე დისტროფიული ცვლილებებით.

- რას შეიძლება უჩიოდეს ადამიანი მხედველობის ორგანოს მხრივ არტერიული ჰიპერტენზიისას?

- არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი მატებისას ავადმყოფს შესაძლოა დაეწყოს ყურების გუგუნი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. ამ სიმპტომებს ზოგჯერ თან სდევს თვალში ციმციმი, მხედველობის ველში შავი წერტილების გაჩენა, მხედველობის დაბინდვა და მხედველობის ველის შევიწროება.

- შესაძლებელია თუ არა, ჰიპერტონიული დაავადების დროს რაიმე გზით თავიდან ავიცილოთ თვალის დაზიანება?

- ჰიპერტონიული დაავადების დროს თვალის დაზიანება მეორეულად, მომატებული არტერიული წნევის გამო ხდება. თუ არტერიული წნევის ციფრები მოწესრიგებულია, მხედველობის ორგანოს დაზიანებას თავიდან ავიცილებთ.

- თვალის რომელი პათოლოგიის მიზეზად შეიძლება იქცეს შაქრიანი დიაბეტი?

- შაქრიანი დიაბეტი იწვევს დიაბეტურ რეტინოპათიას - ბადურა გარსის სისხლძარღვების დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია სისხლში გლუკოზის ხანგრძლივად მაღალი დონით. დიაბეტური რეტინოპათია დაავადების დაწყებიდან საშუალოდ 5 წლის განმავლობაში ვითარდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში დიაბეტური რეტინოპათია დიაგნოზის დასმისას შემთხვევათა 25%-ში აღინიშნება ანუ, ფაქტობრივად, ყოველ მეოთხე ადამიანს დიაბეტის აღმოჩენისას უკვე აქვს დიაბეტური რეტინოპათია.

- ხომ არ ნიშნავს დიაბეტით დაავადება, რომ თვალი აუცილებლად დაზიანდება? შესაძლებელია თუ არა ამ პათოლოგიის დროს მხედველობის ორგანოს დაცვა?

- შაქრიანი დიაბეტის დროს ბადურა გარსზე მომხდარი ცვლილებები მხედველობის დაკარგვას გვიქადის, ამიტომ მათი დროული გამოვლენისთვის აუცილებელია რეგულარულად, წელიწადში 1-2-ჯერ, ჩატარდეს ოფთალმოსკოპია ანუ დათვალიერდეს თვალის ფსკერი. თუნდაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მხედველობის ორგანოს მხრივ არაფერს უჩიოდეს, გამოკვლევა მაინც აუცილებელია.

დიაბეტური რეტინოპათიისთვის დამახასიათებელი საწყისი ცვლილებების დროს სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის. თვალის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • მოხდეს შაქრიანი დიაბეტის კომპენსაცია ანუ არ დავუშვათ სისხლში გლუკოზის დონის მატება და მისი შემცველობის მკვეთრი მერყეობა;
  • ვაკონტროლოთ არტერიული წნევის ციფრები;
  • მუდმივად ვიმყოფებოდეთ იმ ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც დიაბეტური თვალის პრობლემატიკით არის დაკავებული.

- რა ცვლილებებს იწვევს თვალის მხრივ გლომერულონეფრიტი?


- გლომერულონეფრიტი არის თირკმლის გორგლოვანი აპარატის უპირატესი დაზიანებით მიმდინარე დაავადება. მისი ერთ-ერთი კლინიკური სიმპტომია არტერიული ჰიპერტენზია. დაავადების შორსწასულ შემთხვევებში მომატებული არტერიული წნევის ფონზე ვითარდება მხედველობის ორგანოს დაზიანება და თავს იჩენს სიმპტომატიკა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. თვალში აღმოცენებული ცვლილებები გლომერულონეფრიტის დროსაც მეორეულია, მათი თავიდან აცილებისთვის აუცილებელია ძირითადი დაავადების სათანადო მკურნალობა.

- მოსალოდნელია თუ არა მხედველობის ორგანოს დაზიანება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს? თუ კი, როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

- როგორც ცნობილია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ყველაზე ხშირად შაქრიანი დიაბეტის, კერძოდ, დიაბეტური ნეფროპათიისა და არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად აღმოცენდება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის დაზიანება წლების განმავლობაში კანონზომიერად ვითარდება მრავალრიცხოვანი ნეიროჰუმორული დარღვევის ხარჯზე. აღნიშნული დარღვევები წარმოადგენს როგორც თირკმლის დაზიანების ანუ ჰიპერტონიული ნეფროპათიის, ისე თავად არტერიული ჰიპერტენზიის ანუ წნევის მატების მიზეზს და ორივე მდგომარეობას აღრმავებს. ცნობილია, რომ არტერიულ ჰიპერტენზიას, გარდა წნევის მატებისა, ახასიათებს ზოგიერთი ორგანოს დაზიანება. მათ ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოებს უწოდებენ. ასეთი ორგანოებია გული, სისხლძარღვები, ცენტრალური ნერვული სისტემა, თვალის ბადურა გარსი, კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოების, მათ შორის - ბადურა გარსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ოპტიმალური ანტიჰიპერტენზიული (მაღალი წნევის საწინააღმდეგო) მკურნალობა და წნევის ციფრების ნორმალიზება. ეს რეკომენდაცია ძალაში რჩება, თუნდაც პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობდეს, რომ მაღალი წნევა აქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად სუბიექტური შეგრძნების არარსებობისა, წნევის მატების შემთხვევაში დასახელებული სამიზნე ორგანოები და, რაღა თქმა უნდა, თვალიც, აუცილებლად დაზიანდება. ამის თავიდან აცილება მხოლოდ არტერიული წნევის ნორმალიზებით შეიძლება. ამ გართულების და, ამის კვალობაზე, მხედველობის ორგანოს დაზიანების თავიდან ასაცილებლად, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია სისხლში გლუკოზის შემცველობის ნორმალიზაცია.

- რა ცვლილებებს იწვევს თვალში სარკოიდოზი, შესაძლებელია თუ არა მათი თავიდან აცილება?

- სარკოიდოზი არის სისტემური დაავადება, რომელსაც ქრონიკული მიმდინარეობა და სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილში დამახასიათებელი გრანულომების წარმოქმნა ახასიათებს. სარკოიდოზის დროს თვალის დაზიანება ჩვეულებრივი მოვლენაა და პაციენტთა დაახლოებით 78%-ს აღენიშნება. თვალის სარკოიდოზი მიმდინარეობს მორეციდივე, დუნედ მიმდინარე ირიდოციკლიტის - თვალის ფერადი გარსისა და წამწამოვანი სხეულის ერთდროული ანთების სახით. არცთუ იშვიათად პროცესი ითრევს მხედველობის ნერვს, ბადურა გარსს და ქორიოიდეას ანუ საკუთრივ თვალის სისხლძარღვოვან გარსს. ზოგჯერ ვითარდება რეტინული პერიფლებიტი - ბადურა გარსის ვენების კედლის ანთება, წამწამოვანი ანუ ცილიარული სხეულის ჩირქოვანი ანთება მინისებურ სხეულში ექსუდაციით (ანთებითი გამონაჟონით), რაც იწვევს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას. სარკოიდოზის სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, ეს მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ.

- რა ცვლილებები ვითარდება მხედველობის ორგანოში დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის დროს?

- ენდოკრინული ოფთალმოპათია იმ პაციენტთა დაახლოებით 50%-ს უვითარდება, რომელთაც ჰქონდათ ან აქვთ დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი. ამ პათოლოგიისა და აუტოიმუნური თირეოიდიტის მსგავსად, ენდოკრინული ოფთალმოპათიაც აუტოიმუნური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ თვალის დაზიანებას ამ დროს ორგანიზმის მიერ საკუთარი თვალის მიმართ ანტისხეულების გამომუშავება განაპირობებს. ენდოკრინული ოფთალმოპათიის დამახასიათებელი თავისებურებაა თვალის ქსოვილის ანთების სიმპტომების აღმოცენება: თვალი მტკივნეულია, წითელი, აცრემლებული, განსაკუთრებით - ქარსა და კაშკაშა მზეში; თვალის გარსები ანთებადი და შეშუპებულია; ქუთუთოები და თვალის გარშემო არსებული ქსოვილები ინფილტრირებულია სითხით; თვალის კაკალი გამოდის თვალბუდიდან; თვალის კუნთის დაზიანების შედეგად თვალს უჭირს მოძრაობა, მხედველობა შეიძლება იყოს ბუნდოვანი ან გაორებული. სამწუხაროდ, ენდოკრინული ოფთალმოპათიის მკურნალობის ადეკვატური მეთოდები არ არსებობს. რაკი მის აღმოცენებასა და მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს თირეოტოქსიკოზი, მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის დროული და ეფექტური მკურნალობა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების წარმატებული მკურნალობისას თვალის მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყოველთვის - ზოგ შემთხვევაში ოფთალმოპათია პროგრესირებას განაგრძობს. ასეთ პაციენტებს მხედველობის ნერვის შეშუპებისა და სიბრმავის თავიდან აცილების მიზნით უტარდებათ მკურნალობა სტეროიდული ჰორმონებითა და იმუნოსუპრესორებით - იმუნური რეაქციების დამთრგუნველი საშუალებებით.

- საუბრის დასასრულს, რას ურჩევდით იმ ავადმყოფებს, რომელთაც ჩვენ მიერ განხილული დაავადებები აქვთ?

- მათ საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ძირითადი დაავადების სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, თვალის დაზიანება თავიდან ავიცილოთ, ამიტომ აუცილებელია არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი და მხედველობის ორგანოს ცვლილებების დროული გამოვლენის მიზნით ოფთალმოლოგის რეგულარული დაკვირვება.