ზარმაცი თვალი და იოგა თვალებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზარმაცი თვალი და იოგა თვალებისათვის

ამბლიოპია ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში იჩენს თავს. მისი მიზეზი თვალების სიგრძეთა სხვაობაა, ე. წ. ანიზომეტროპია, რომლის გამოც ცალი თვალის ახლომხედველობის ხარისხი მეორისას აღემატება. არც ის არის გამორიცხული, ცალი თვალი ახლომხედველი იყოს, მეორე კი ნორმალურად ხედავდეს. ორივე შემთხვევაში თვალების რეფრაქციის (შუქგარდატეხის) უნარი სხვადასხვაგვარია, რის გამოც ტვინი გამოსახულებას ორივე თვალიდან ერთდროულად ვეღარ აღიქვამს. ცალი თვალი წამყვანი ხდება, მეორე კი მხედველობის ფუნქციაში ნაწილობრივ მონაწილეობის ან სრულიად გამოთიშულია.

ამბლიოპიას ხშირად ერთვის სიელმე. ის მაშინაც შეიძლება განვითარდეს, თუ დიდხანს არ ჩატარდა რეფრაქციის პათოლოგიის კორექცია, ადამიანი არ იყენებს სათვალეს და მისმა თვალებმა არ იციან, რას ნიშნავს კარგად დანახვა.

ამბლიოპიის თავისებურების, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინებით, მკურნალობაც სხვადასხვაგვარია. მდგომარეობა დაუყოვნებლივ კორექციას მოითხოვს. სხვაგვარად მხედველობის სისტემას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმს, მით უფრო მეტია დაქვეითებული მხედველობის აღდგენის შანსი. ამასთანავე, რაც უფრო მცირე ასაკისაა პაციენტი, მით უფრო დიდია ალბათობა, მკურნალობამ სათანადო შედეგი გამოიღოს, რადგან მუშაობა აიძულო "ზარმაცი" თვალის ბადურას, არც ისე ადვილია.

ამბლიოპიას სპეციალური ვარჯიშების გამოყენებით მკურნალობენ. ამ თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურია მხედველობის ვიდეოკომპიუტერული კორექციის თანამედროვე კომპლექსი "ამბლიოკორი" - ვიდეოკომპიუტერული აუტოტრენინგი. ვიდრე ბავშვი სურათს აკვირდება, სპეციალური გადამცემი იღებს ინფორმაციას თვალისა და თავის ტვინის მუშაობის შესახებ. ეკრანზე გამოსახულება ჩანს მხოლოდ "სწორი მხედველობის" დროს, ხოლო როგორც კი მხედველობა მკაფიოობას დაკარგავს, მაშინვე ქრება. ამ და სხვა დეტალებით ხდება თავის ტვინის ბუნებრივი მექანიზმების აქტიური ჩართვა გამოსახულების აღდგენის პროცესში.

ვიდეოკომპიუტერული აუტოტრენინგისა და თანამედროვე კომპიუტერული სამკურნალო პროგრამების საშუალებით მხედველობა არასწორი ფიქსაციის მქონე ღრმა ამბლიოპიის შემთხვევაშიც კი უმჯობესდება.

თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები

მხედველობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ასეულობით წლის წინათ შეიქმნა. იოგებს სხეულის წრთობისას არც თვალები დავიწყებიათ და ისიც გაითვალისწინეს, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად ვარჯიში არ არის საკმარისი - სრულფასოვანი დასვენებაც აუცილებელია.

გახსოვდეთ: თვალები დღის განმავლობაში ძალიან იღლება. არც არის გასაკვირი - ისინი ხომ მთელი დღის განმავლობაში უდიდეს ინფორმაციას შთანთქავს და მუდმივად დაძაბულია. მხედველობის მრავალი პრობლემა სწორედ გადაძაბვის ბრალია. დაძაბული მუშაობა ხშირად იწვევს თვალების სიმშრალეს, სიწითლეს, მხედველობის (განსაკუთრებით - შორს ხედვის) შესუსტებას. ასე რომ, დასვენება და განტვირთვა თვალებსაც სჭირდება. ცნობილი ექიმის უ. ბეიტსისა და მისი მოსწავლის მ. კორბეტის მიერ შემუშავებული მხედველობის გაუმჯობესების სისტემა, რომელსაც იოგების სისტემასთან ბევრი რამ აქვს საერთო, სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

თვალების ვარჯიშები და რელაქსაციის მეთოდები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, მარტივია და არც ბევრ დროს  წაგართმევთ. ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული ვარჯიშის აღწერილობა, კარგად გაიაზრეთ და ისე შეუდექით მათ შესრულებას.

პალმინგი

სწორად დაჯექით მაგიდასთან და მოდუნდით. თვალებზე ხელები იმგვარად აიფარეთ, რომ მარჯვენა ხელისგული მარჯვენა თვალის წინ აღმოჩნდეს, მარცხენა კი - მარცხენა თვალის წინ. მტევნები მსუბუქად უნდა ეხებოდეს სახეს, არ არის საჭირო მათი სახეზე მიჭერა. თითები, სურვილისამებრ, შეიძლება ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ან თავისუფლად გეწყოთ შუბლზე. მთავარია, ნაპრალებიდან შუქმა არ შემოაღწიოს.


mkurnali.ge როდესაც ყველა წესის დაცვით მოკალათდებით, თვალები დახუჭეთ და იდაყვებით მაგიდას დაეყრდენით. მიაქციეთ ყურადღება, რომ კისერი და ხერხემალი ერთ სწორ ხაზს ქმნიდეს. სხეული არ დაჭიმოთ, მაქსიმალურად მოდუნდით და მშვიდად ისუნთქეთ. ამის შემდეგ შეეცადეთ, გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების რომელიმე სასიამოვნო ეპიზოდი - ზღვაზე დასვენება, დაბადების დღე და სხვა. ეს მუსიკის ფონზეც შეგიძლიათ გააკეთოთ. თვალების შეგნებულად მოდუნება ძალიან ძნელია (ისევე, როგორც გულისცემის მართვა), ამიტომ მდგომარეობის კონტროლს ნუ შეეცდებით. ეს ვარჯიში სამსახურშიც შეგიძლიათ ჩაატაროთ - ერთგვარი შესვენება-განმუხტვა მოიწყოთ. სასურველია, ამისთვის რამდენიმე წუთი გამოყოთ, თუმცა თვალებს დასასვენებლად 20-25 წამიც ეყოფათ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ დახუჭულ თვალებს მტევნები ნელ-ნელა მოაშორეთ, მიეცით საშუალება, სინათლეს შეეჩვიონ და მერეღა გაახილეთ. პალმინგი რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ, თუნდაც მოკლე ხნით. რამდენიმეწამიანი ვარჯიშის შემდეგაც კი, მიუხედავად დაძაბული სამუშაო დღისა, უმალვე იგრძნობთ ძალთა მოზღვავებას. ვარჯიშის სწორი შესრულება თვალის კუნთების იდეალური რელაქსაციის საწინდარი გახლავთ. თუ ამ მდგომარეობის მიღწევას და მუქი სივრცის დანახვას შეძლებთ, მხედველობის გაუმჯობესებასაც უმალვე შეამჩნევთ. საერთოდ, რაც უფრო მაღალია მოდუნების ხარისხი ვარჯიშის დროს, მით უფრო ხანგრძლივი და ეფექტურია შედეგი.

წერა ცხვირით

ეს ვარჯიში თვალებთან ერთად კისრის კუნთების მოსადუნებლადაც არის განკუთვნილი. კისრის დაჭიმულობა არღვევს სისხლის მიმოქცევას და აუარესებს თვალების კვებას. ვარჯიშის შესრულება ფეხზე მდგომსაც შეგიძლიათ და მწოლიარესაც, მაგრამ უმჯობესია, დამჯდარმა ივარჯიშოთ.

მოდუნდით, დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ ცხვირის წვერი კალამია და ჰაერში წერა ან ხატვა დაიწყეთ. დაწერეთ ასოები, ქალაქებისა და ქვეყნების სახელები, დახატეთ საკვამურებიანი სახლები (როგორსაც ბავშვობაში ხატავდით) ან უბრალოდ წრე ან კვადრატი შემოხაზეთ. ძილის წინ რეკომე-ნდებულია შემდეგი ვარჯიშის შესრულება (მით უფრო - თუ გვიანობამდე ტელევიზორს ან კომპიუტერს უზიხართ): დაჯექით გამართულად, მშვიდად. ღრმად ისუნთქეთ. რამდენჯერმე მაქსიმალურად გააღეთ პირი და გაახილეთ თვალები. ამის შემდეგ თვალები 6-ჯერ ძლიერად მოჭუტეთ და 12-ჯერ მსუბუქად დაახამხამეთ, შემდეგ კი 5-წუთიან პალმინგზე გადადით.

იოგას კომპლექსი, რომელიც რეკომენდებულია მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის

იოგები ირწმუნებიან, რომ თუ ამ ვარჯიშებს ბავშვობიდანვე ყოველ დილა-საღამოს შევასრულებთ, ღრმა სიბერემდე კარგ მხედველობას შევინარჩუნებთ.

მოხერხებულად დაჯექით სკამზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ხალიჩაზე მოირთხათ ფეხი. წელში გაიმართეთ, მოადუნეთ სხეულისა და სახის კუნთები, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მჯდომარე პოზას გინარჩუნებთ. მზერა მიაპყარით თქვენს პირდაპირ არსებულ შორეულ წერტილს. თუ ფანჯარაა, გაიხედეთ ფანჯარაში, თუ არადა კედელს უმზირეთ. ყურადღება დაუძაბავად გადაიტანეთ თვალებზე.

ვარჯიში I. ღრმა და ნელი ჩასუნთქვის პარალელურად მზერა წარბებშუა მიმართეთ, ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით შეაჩერეთ, შემდეგ კი ნელ ამოსუნთქვასთან ერთად თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ და რამდენიმე წამით დახუჭეთ. დროთა განმავლობაში (არა უადრეს 2-3 კვირისა) თვალები პირველ მდგომარეობაში უფრო და უფრო მეტხანს შეაჩერეთ (ნახევარი წლის შემდეგ მისმა ხანგრძლივობამ რამდენიმე წუთს უნდა მიაღწიოს).

ვარჯიში II. ღრმა ჩასუნთქვის პარალელურად შეხედეთ ცხვირის წვერს, მზერა რამდენიმე წამით შეაყოვნეთ და ამოსუნთქვისას თვალები საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. შემდეგ რამდენიმე წამით დახუჭეთ.

ვარჯიში III.  ჩასუნთქვის პარალელურად თვალები მაქსიმალურად, მაგრამ დაუძაბავად მიაბრუნეთ მარჯვნივ და დაყოვნების გარეშე დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას, თან ამოისუნთქეთ. მომდევნო ჩასუნთქვისას იგივე მოძრაობა გააკეთეთ მარცხენა მხარეს. ამის შემდეგ თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავდაპირველად თითო ციკლი შეასრულეთ, 2-3 კვირის შემდეგ კი სამ-სამ ციკლზე გადადით.

ვარჯიში IV. ჩასუნთქვისას შეხედეთ მარჯვენა ზედა კუთხეს (დაახლოებით 45° ვერტიკალიდან) და დაყოვნების გარეშე დაუბრუნეთ თვალებს საწყისი პოზიცია, თან ამოისუნთქეთ. მომდევნო ჩასუნთქვაზე ქვედა მარცხენა კუთხეს შეხედეთ, ხოლო ამოსუნთქვისას თვალები კვლავ საწყის პოზიციაში დააბრუნეთ. ვარჯიში გაიმეორეთ მარცხენა ზედა კუთხიდან იმავე პრინციპით. შემდეგ თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავდაპირველად თითო ციკლი შეასრულეთ, 2-3 კვირის შემდეგ კი სამ-სამ ციკლზე გადადით.

ვარჯიში V.  ჩასუნთქვისას თვალები დახარეთ და ნელ-ნელა მიაბრუნეთ საათის ისრის მიმართულებით, ზედა წერტილზე (12 საათის პროექციაზე) რამდენიმე წამით შეაჩერეთ. დაყოვნების გარეშე დაიწყეთ ამოსუნთქვა და განაგრძეთ თვალების ბრუნება საათის ისრის მიმართულებით ქვემოთ (6 საათის პროექციაზე). ვარჯიში საათის ისრის საპირისპირო მიმართულებითაც უნდა შესრულდეს. შემდეგ თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ. თავდაპირველად ერთი წრის შემოხაზვაც საკმარისია, 2-3 კვირის შემდეგ კი შეიძლება ციკლის გაზრდა სამ წრემდე.

კომპლექსი 3-5 წუთიანი პალმინგით უნდა დაასრულოთ.