ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი
ამიტომ წელის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებმა პირადი პრობლემები უნდა განიხილონ როგორც პარტნიორებთან, ისე ექიმებთან ერთად. ჩვეულებრივ, სქესობრივი პრობლემები იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებიც ართრიტის ან დისკების პრობლემებით გამოწვეული წელის ქრონიკული ტკივილებით იტანჯებიან. თუმცა პრობლემებმა შესაძლოა ოპერაციის შემდეგაც იჩინოს თავი. მაგრამ ზურგისა და წელის მიდამოში ქრონიკული ტკივილის არც ერთი სახე არ გამორიცხავს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას.
გული გადაუშალეთ პარტნიორს
დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თემაზე პარტნიორთან საუბარს. პაციენტებს ხშირად ერიდებათ უთხრან პარტნიორს, რომ ძლიერი ტკივილის გამო არ სურთ სექსი. პოზის შეცვლაზე საუბრისაც კი რცხვენიათ (ტკივილმა ნაკლებად რომ შეაწუხოთ). ზურგისა და წელის მიდამოს ქრონიკული ტკივილი ხასიათის შეცვლას და ხშირად დეპრესიასაც კი იწვევს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ხელს არ უწყობს. თუ პარტნიორები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იშვიათად ეძლევიან სიყვარულს, ამით არა მარტო ურთიერთობა, არამედ ერთმანეთისადმი ნდობაც ზარალდება. მაგალითად, პარტნიორმა შესაძლოა იფიქროს, რომ ინტიმურ სიახლოვეზე უარს ტკივილის გამო კი არ ეუბნებიან, არამედ სხვა პარტნიორის ყოლის გამო. ხშირად თავად პარტნიორი შიშობს, საყვარელ ადამიანს ზედმეტი ტკივილი არ მიაყენოს. მაგრამ თუ ადამიანები ღიად განიხილავენ ერთმანეთთან საკუთარ პრობლემებს, გაუადვილდებათ ალტერნატივის პოვნა, რათა შეინარჩუნონ სქესობრივი აქტივობა და დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით.
მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები
თუ ზურგი ან წელი გტკივათ, შესაძლოა დაგეხმაროთ ტკივილგამაყუჩებლის მიღება სექსის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დატვირთვის) წინ. თუ ზურგის მიდამოში სპაზმები გაქვთ, ურიგო არ იქნება ცხელი შხაპის მიღება - ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს, კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი გახურება. ცხელი შხაპის გარდა, მტკივან ადგილზე ყინულის დადებაც შეიძლება - ყინული ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და გადაძაბვას.
მოსინჯეთ ახალი პოზები
იმისთვის, რომ ინტიმური ურთიერთობა სასიამოვნო გახდეს, შეიძლება გამოიყენოთ ის პოზები, რომლებშიც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. ამისთვის კარგად უნდა იცნობდეთ საკუთარ სხეულს. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებსაც ხერხემლის დისკების პრობლემა აწუხებთ, უნდა ეცადონ, ნაკლებად გადაიხარონ წინ. ამ შემთხვევაში საუკეთესო იქნება პოზიცია, რომლის დროსაც ზურგი მოდუნებულია და აქვს აუცილებელი საყრდენი. ჩვეულებრივ, ასეთია ზურგზე წოლა. შეიძლება, უფრო მოხერხებულად იგრძნოთ თავი, თუ ზურგის ქვეშ ბალიშს ამოიდებთ. წელს ქვემოთ დადებული ბალიშიც ასუსტებს ზეწოლას ხერხემლის ამ მონაკვეთზე. ზურგზე ზეწოლას მუხლებს ქვემოთ დადებული ბალიშიც ამცირებს. ზოგს ტკივილი უკან გადახრისას ეწყება. ჩვეულებრივ, ეს ართრიტის ან ხერხემლის არხის სტენოზის შემთხვევაში ხდება. ასეთ დროს უფრო მისაღებია წინ გადახრილი მდგომარეობა. ყველაზე მოხერხებული კი გვერდზე წოლაა. მაგალითად, მამაკაცი, რომელსაც ხერხემლის პრობლემები აქვს, გვერდზე წევს, ხოლო ქალი - მის წინ, ზურგით მისკენ. მამაკაცი ასე უფრო იოლად მოახერხებს ზურგის მდგომარეობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში წინ გადახრას. არცთუ იშვიათად სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილის მიზეზი უბრალო რამაა, მაგალითად, უხერხული პოზა. თუ ტკივილმა ამის გამო შემოგიტიათ, ეს ნერვიულობადაც არ ღირს. ხერხემლის სტაბილურობის მიღწევასა და მოქნილობის აღდგენაში ზურგისა და წელის ქრონიკული ტკივილებით გატანჯულ ადამიანს შესაძლოა ფიზიოთერაპიაც დაეხმაროს. ფიზიოთერაპევტი ასწავლის მას ტრენირებისა და მოთელვისთვის აუცილებელ ვარჯიშებს, რომლებიც ხერხემლის მოძრაობას აადვილებს.
თუ საჭიროა, შეჩერდით
ზოგჯერ ტკივილი ზურგის ან წელის მიდამოში არა სექსის დროს, არამედ მოგვიანებით წარმოიშობა. შესაძლოა იმიტომ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ ან ზედმეტად დაიძაბეთ. ამ დროს უმჯობესია სქესობრივი ურთიერთობა დატვირთვის უსაფრთხო დონემდე შეზღუდოთ. ინტიმური ურთიერთობის დროს შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი დისკომფორტი, მაგრამ არა ტკივილი. თუ სექსის დროს ძლიერმა ტკივილმა იჩინა თავი, ჯობს გაჩერდეთ. არ დაივიწყოთ, რომ როცა თავს უკეთ იგრძნობთ, ყოველთვის შეგიძლიათ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.