სუნთქვა ნიშნავს სიცოცხლეს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვა ნიშნავს სიცოცხლეს!

ჯანსაღი სუნთქვა ზრდის ჩვენს სასიცოცხლო ძალებს და ორგანიზმის დაავადებებისადმი წინააღმდეგობის უნარს.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ის მთელი რიგი პროცესების ერთობლიობაა, რომელთა მიზანიც ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება და მისგან ნახშირორჟანგის გამოდევნაა.

სასუნთქი სისტემის ორგანოებია: ფილტვები და ჰაერგამტარი გზები. მათ გარდა, სუნთქვის პროცესში მონაწილეობენ კუნთოვანი და ნერვული სისტემები. დიაფრაგმის, ნეკნთაშორისი და ზოგიერთი სხვა ტიპის სასუნთქი კუნთების დახმარებით იცვლება გულმკერდის ღრუს მოცულობა, რაც აუცილებელია ფილტვების ვენტილაციის - ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისთვის.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, კონკრეტულად კი მოგრძო ტვინში, მოთავსებულია სუნთქვის ცენტრი, რომელიც ავტომატურად აგზავნის საჭირო სტრუქტურებამდე იმპულსებს და ადამიანი დაუფიქრებლად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, ამავე დროს სასუნთქი ცენტრის აქტივობა ითრგუნება თავის ტვინის ქერქის მიერ, რა დროსაც ადამიანს შეუძლია სურვილისამებრ გააჩეროს სუნთქვა, მაგალითად, წყალქვეშ ჩაყვინთვისას.

სწორედ სასუნთქი ცენტრის დამსახურებაა სუნთქვის საჭირო რიტმის შენარჩუნება, რაც, საბოლოოდ, ორგანიზმის თითოეული უჯრედისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

სუნთქვა ციფრებში

  • სიმშვიდის დროს, მწოლიარე ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში მოიხმარს 400-500ლ ჰაერს;
  • ნორმალური სუნთქვისას ადამიანი წუთში საშუალოდ 12-20 სუნთქვით მოძრაობას აკეთებს: ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, შედარებისთვის: წუთში ცხენის სუნთქვის სიხშირე 12-ია, ვირთაგვის - 60, მომღერალი ფრინველის, კანარის ჩიტის კი - 108;
  • თითოეული ჩვენგანი დღე-ღამეში დაახლოებით 20 ათას სუნთქვით მოძრაობას აკეთებს, წელიწადში კი - დაახლოებით 8 მილიონს.

ჰაერში ნახშირორჟანგის გაზრდისა და ჟანგბადის შემცირებისას ტვინი სასუნთქ კუნთებს გაცილებით ხშირ და ძლიერ შეტყობინებას უგზავნის, რათა მათ ფილტვები კიდევ უფრო ძლიერად, გაზრდილი სიხშირით ამოძრაონ.

ფილტვების მოცულობა

  • მშვიდად მყოფი ადამიანი ერთ ჯერზე ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს საშუალოდ 500 მლ (300-დან - 800 მლ-მდე) ჰაერს, ჰაერის ეს რაოდენობა ფილტვების სასუნთქი მოცულობაა, ის სუნთქვის სიღრმის რაოდენობრივი მაჩვენებელია;
  • განსაკუთრებით ღრმა ჩასუნთქვისას ადამიანს შეუძლია, სასუნთქი მოცულობის გარდა, დამატებით კიდევ 3000 მლ ჰაერის ჩასუნთქვა - ეს ჩასუნთქვის სარეზერვო მოცულობაა;
  • ჩვეულებრივი, მშვიდი ამოსუნთქვისას ჯანმრთელ ადამიანს შესწევს უნარი, სასუნთქი კუნთების ზედმეტი დაჭიმვის ხარჯზე ფილტვებიდან კიდევ დაახლოებით 1300 მლ ჰაერი ამოისუნთქოს - ეს ამოსუნთქვის სარეზერვო ჰაერის მოცულობაა;
  • ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლები საბოლოოდ ქმნიან ფილტვების სასიცოცხლო ტევადობას, რომლის მაქსიმალური რაოდენობა 4800 მლ-ია: 500 მლ + 3000 მლ + 1300 მლ = 4800 მლ;
  • როგორც ჩანს, ადამიანს ჰაერის 10-ჯერ დიდი სარეზერვო მარაგი გააჩნია, რომელიც მოთხოვნისა და საჭიროებისამებრ გამოიყენება;
  • ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ჰაერის ის რაოდენობაა, რომელსაც ამოისუნთქავს ადამიანი ყველაზე ღრმა ამოსუნთქვისას, ყველაზე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის რამდენადმე მაღალია (4000-5500 მლ), ქალებისა კი შეადგენს 3000-4500 მლ-ს.

ის მეტია დგომისას და ნაკლებია ჯდომისა ან წოლისას. ფიზიკური ვარჯიშით შესაძლებელია ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდა;

  • მაქსიმალურად ღრმა ამოსუნთქვის შემდგომ ფილტვებში კიდევ რჩება ჰაერი, დაახლოებით 1200 მლ - ეს ნარჩენი ჰაერის მოცულობაა, რომელიც თითქმის ყოველთვის რჩება ფილტვებში, ორგანიზმის გარდაცვალების შემდეგაც კი, ის სრულად მხოლოდ ღია პნევმოთორაქსისას გამოიდევნება;
  • ფილტვებში არსებული ჰაერის მაქსიმალური რაოდენობა ფილტვების საერთო მოცულობაა, რომელსაც ქმნის ნარჩენი ჰაერისა და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის ჯამური მაჩვენებელი, ის შეადგენს 6000 მლ - 1200 მლ + 4800 მლ = 6000 მლ.
  • მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში არსებული ჰაერის რაოდენობა, მოდუნებული სასუნთქი მუსკულატურის დროს, ფილტვების ფუნქციური ნარჩენი მოცულობაა, რომელსაც ქმნის ნარჩენი ჰაერისა და ამოსუნთქვის სარეზერვო რაოდენობის ჯამური მაჩვენებელი და ის 2500 მლ-ია. 1200 მლ + 1300 მლ = 2500 მლ.
  • ფილტვების ვენტილაცია ისაზღვრება დროის ერთეულში, ჩვეულებრივ, წუთში ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობით. მშვიდი სუნთქვისას ეს 6-9 ლ ჰაერია;

ფილტვების ვენტილაცია დამოკიდებულია სუნთქვის სიღრმესა და სიხშირეზეც, რომელიც სიმშვიდისას წუთში საშუალოდ 16-ს შეადგენს, 12-დან 18-მდე.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა სუნთქვის სიხშირე რამდენადმე აჭარბებს მოზრდილთა მაჩვენებელს, რაც უფრო მცირეა ასაკი, მით მეტია სუნთქვის სიხშირე, მოზრდისას ის თანდათან მცირდება და 15 წლის ასაკში მოზრდილი ადამიანის ნორმალურ მაჩვენებელს უტოლდება.

ბავშვთა სუნთქვის სიხშირე წუთში ასაკის მიხედვით:

  • ახალშობილები - 40-60;
  • 2 კვირიდან 3 თვემდე - 40-45;
  • 4-6 თვე - 35-40;
  • 7-12 თვე - 30-35;
  • 2-3 წელი - 25-30;
  • 5-6 წელი - დაახლოებით 25;
  • 10-12 წელი - 20-22;
  • 14-15 წელი - 18-20.

მკვდარი სივრცე

ფილტვების ალვეოლების გარდა, ჰაერი არის ჰაერგამტარ გზებშიც, მათ მიეკუთვნება ცხვირის ღრუ (პირის ღრუ პირით სუნთქვისას), ცხვირხახა, ხორხი, ტრაქეა და ბრონქები.

ჰაერგამტარ გზებში არსებული ჰაერი, სასუნთქი ბრონქიოლების გარდა, აირთა ცვლაში არ მონაწილეობს, რის გამოც ჰაერგამტარი გზების სანათურს ანატომიურად მკვდარ სივრცედ მოიხსენიებენ.

ჩასუნთქვისას მკვდარ სივრცეში არსებული ჰაერის შემადგენლობა არ იცვლება და ის შეუცვლელად ტოვებს იმავე სივრცეს ამოსუნთქვისას.

ანატომიურად მკვდარი სივრცის მოცულობა 150 მლ-ია, ანუ სიმშვიდისას სასუნთქი მოცულობის ერთ მესამედს შეადგენს.

შესაბამისად, მშვიდ მდგომარეობაში ჩასუნთქული 500მლ ჰაერიდან ფილტვების ალვეოლებამდე 350მლ აღწევს, დანარჩენი კი მკვდარ სივრცეში რჩება.

ფილტვების ალვეოლებში მშვიდი ამოსუნთქვისას არის 2500 მლ ჰაერი, ამიტომ ყოველი მშვიდი ჩასუნთქვისას ახლდება ალვეოლური ჰაერის ერთი მეშვიდედი ნაწილი.

სუნთქვის რიტმის დარღვევა

მოგრძო ტვინში არსებული სუნთქვის ცენტრის მუდმივი მუშაობის მიუხედავად, მაინც ხდება ხოლმე, რომ სუნთქვის ნორმალური რიტმი ირღვევა და ეს რამდენიმე ფორმით ვლინდება:

  • ეუპნოე - სუნთქვის ნორმალური რიტმია და როგორც უკვე მოგახსენეთ, ის წუთში 12-18 სასუნთქი მოძრაობაა წუთში;
  • ჰიპერპნოე - ღრმა და გახშირებული სუნთქვაა, რომელიც თავს იჩენს ფიზიკური და ემოციური დაძაბვისას, თირეოტიქსიკოზისას, ანემიისას, აციდოზის, ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობის შემცირებისას;
  • ტაქიპნოე - სუნთქვის ცენტრის მკვეთრად გამოხატული სტიმულაციის (სისხლში ჟანგბადის შემცირება ნახშირირჟანგის მომატების ფონზე) შედეგად სუნთქვის სიხშირის მომატებაა, რომელიც ვლინდება სხეულის ტემპერატურის მატებისას, ფილტვებში შეგუბებითი პროცესებისას;
  • ბრადიპნოე - სუნთქვის ცენტრის დაზიანების ან დათრგუნვის შედეგად, ჰიპოქსიის ფონზე, შეშუპების, იშემიის ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედებისას სუნთქვის სიხშირის შემცირებაა;
  • აპნოე - სუნთქვის დროებითი შეჩერებაა, ზოგჯერ იგი უკიდურესად გამოხატულ ბრადიპნოედ მიიჩნევა;
  • ჩეინ-სტოქსის ტიპის სუნთქვა - დამახასიათებელია მზარდი ამპლიტუდისა და აპნოეს მქონე სუნთქვითი მოძრაობების მონაცვლეობა;
  • ბიოტის ტიპის სუნთქვა - დამახასიათებელია ერთნაირი ამპლიტუდისა და აპნოეს მქონე სუნთქვითი მოძრაობების მონაცვლეობა;
  • კუსმაულის ტიპის სუნთქვა - ხმაურიანი და ღრმა სუნთქვაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძირითადი და დამხმარე სასუნთქი მუსკულატურის კრუნჩხვითი შეკუმშვები.

სუნთქვის რიტმის დამრღვევი მიზეზები

  • სუნთქვის რიტმის დარღვევის უშუალო მიზეზი სუნთქვის ცენტრის მუშაობის ცვლილებაა.

სუნთქვის ცენტრი მჭიდროდ უკავშირდება ნერვული სისტემის სხვა სტრუქტურებს და იმ რეცეპტორებს, რომლებიც ჰაერის ცვლილებაზე რეაგირებენ: სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებისას რეცეპტორები ღიზიანდებიან და შესაბამისად, ააქტიურებენ სუნთქვის ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის გაზრდით აკომპენსირებს აიროვან ცვლას და სისხლის ნორმალურ მჟავატუტოვან შემადგენლობას აღადგენს.

არსებობს მდგომარეობანი, რომლებიც სუნთქვის ცენტრის დაზიანებას, მის მოწამვლას იწვევენ, რის შედეგადაც ის კარგავს სუნთქვის ტემპისა და რიტმის მარეგულირებელ უნარს და ვითარდება სუნთქვის რიტმის დარღვევა.

ამგვარი რამ მოსალოდნელია:

  • შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის სტადიაზე;
  • თირკმლის უკმარისობისას, გლომერულონეფრიტის, თირკმლის ტოქსიკური დაზიანებისას და სხვა;
  • ღვიძლის უკმარისობისას, რომელიც ვითარდება ჰეპატიტების ფონზე, როგორც ვირუსული, ისე ალკოჰოლური და აუტოიმუნური ეტოლოგიისა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება და სხვა;
  • მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადებები, რომლებიც აზიანებენ თავის ტვინს, მაგალითად, ბაქტერიული ან ვირუსული ენცეფალიტები;
  • რიტმის დარღვევას იწვევს ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლა;
  • სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინში, რომელიც ვითარდება ინსულტების, თავის ტვინის შეშუპების ან მასში სიმსივნური ახალწარმონაქმნების გაჩენისას;
  • სუნთქვის რიტმის დარღვევა დამახასიათებელია პიკვიკის სინდრომისთვის, რომელიც ვითარდება მკვეთრად გამოხატული გაცხიმოვნების ფონზე, დამახასიათებელია ძილში სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკვლევრებს სუნთქვასთან დაკავშირებით დღემდე საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები, თეორიები და ტერმინოლოგია გააჩნიათ, მაგრამ, ერთი, რაზეც ისინი არ კამათობენ, არის პრინციპი: სუნთქვა ნიშნავს სიცოცხლეს, ჰაერის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თავად ადამიანის სიცოცხლეც ხომ დაბადების შემდგომ მისი პირველი ჩასუნთქვიდან იწყება.

ასე რომ, თუ გსურთ სრულად შეიგრძნოთ ამქვეყნიური ცხოვრების გემო, ისუნთქეთ მშვიდად და ლაღად!