იოდდეფიციტის ენდემური კერა
წინათ მიაჩნდათ, რომ ენდემური ჩიყვი (დღეს ეს სახელწოდება ტერმინ "იოდდეფიციტური დაავადებით" შეიცვალა) მხოლოდ მთაგორიანი და მდინარისპირა ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი. სამწუხაროდ, ბოლო ხანს გაირკვა, რომ ენდემური ჩიყვის გავრცელების არეალი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ბევრად უფრო ფართოა. იოდის დეფიციტის მხრივ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგაშოა.
გვესაუბრება ნუტრიციოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეხნიაშვილი.
-
ბატონო ზურაბ, ერთი წელია, გაუქმდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა. დავიჯერო, პრობლემა უკვე დავძლიეთ? რატომ, რა მიზეზით და ვინ გააუქმა იგი?
- ამ პროგრამის გაუქმებაში დიდი წვლილი ბატონ კახა ბენდუქიძეს მიუძღვის. ტელევიზიით ამ ამბავს ვრცელი გადაცემაც კი მიეძღვნა. ექიმებმა და მოსახლეობამ განაცხადეს, რომ ჩიყვს მიაქვს საქართველო, უამრავი წერილი მოვიდა კახეთიდან... ვიდრე ეს პროგრამა მოქმედებდა, რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით... აბა, რა გითხრათ?! არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არაკომპეტენტურობა? უვიცობა? არა, ეს გაცილებით მეტია.
ათი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში. კანადის იოდდეფიციტურ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვეწვია რეგიონული კონტროლის ხელმძღვანელი და სიგელებით და მადლობებით დაგვაჯილდოვა. აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი მიღწევებით... პარლამენტში, თათბირზე, გამოვიდა იუნისეფის ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი და თქვა, ამ ეტაპზე პრობლემა თითქმის დაძლეულია და ახლა პროგრამის შეჩერება დიდი შეცდომა იქნება, ვინაიდან ეს უახლოეს მომავალში ბევრ სირთულეს შეგვიქმნისო. რამდენიმე დღის წინ ისევ გაიმართა თათბირი იუნისეფისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით. ერთად შეისწავლეს საქართველოში შემოსული მარილი და დაასკვნეს, რომ დაახლოებით 80%-ში იოდი არ არის, მათ შორის - ისეთებშიც, რომლებიც იოდის შემცველობისა და მოხმარების ხანგრძლივი ვადის გამო ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასე რომ, მდგომარეობა უკვე დამძიმდა. პრობლემის საბოლოოდ დაძლევაზე ვლაპარაკობდით და უცებ... ის კი არა, ზოგიერთი ტელევიზიითაც კი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე თვითონ საერთოდ არ იღებს იოდიან მარილს, უფრო მეტიც - ადუღებს, იოდი რომ გამოაცალოს. ამას უვიცობაც აღარ ჰქვია.
საქართველოში იოდდეფიციტის პრობლემის მოგვარების პირველი და მთავარი პირობა სახელმწიფოს ნებაა. უამისოდ, რაც უნდა გააკეთონ ცალკეულმა ადამიანებმა თუ ორგანიზაციებმა, არაფერი გამოვა. სამოციან წლებში, როდესაც ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში იყო აქტუალური, იოდდეფიციტის დაძლევის პროგრამები მეფეების, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ეგიდით ხორციელდებოდა. ბრაზილიაში ყველაზე პოპულარული ადამიანი - პელე ჩაუდგა სათავეში ასეთ პროგრამას. ეს იმიტომ, რომ ყველას ესმოდა და ესმის, რა საშიშროება მოაქვს ადამიანისთვის იოდდეფიციტს.
-
კერძოდ, რა საფრთხეს გვიქმნის იოდის უკმარისობა?
- ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი მუცლადყოფნის დაახლოებით მესამე თვიდან იწყებს ფუნქციონირებას. მანამდე მთელი დატვირთვა დედის ფარისებრ ჯირკვალზე მოდის. ვერც ერთი ორგანო და ორგანოთა სისტემა სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდება, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე ნორმაზე ნაკლებია. იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენელი ნაწილია. მისი დეფიციტი - ჯირკვლის ჰორმონების ნაკლოვანებას, ეს კი, თავის მხრივ, ორგანოთა განუვითარებლობას იწვევს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი, კერძოდ, მისი ქერქი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტისას ვერც ზრდის ჰორმონები ავლენენ თავიანთ თვისებებს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში გონებრივი და ფიზიკური განვითარება ფერხდება - ვითარდება კრეტინიზმი და ჯუჯობა. სხვათა შორის, ენდემურ კრეტინიზმს ხატოვნად იოდდეფიცი-ტური დაავადების აისბერგის მწვერვალს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ ნაკლებად მანიფესტირებულ ფსიქომოტორულ დარღვევებს ბევრად უფრო მასობრივი ხასიათი აქვს. ეს პრობლემა ჩვენს მომავალს დიდ საფრთხეს უქმნის. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ებრძვის კიდეც იოდის დეფიციტს. არ ვდავობ - სახელმწიფომ თავის დროზე ეს ყველაფერი გაითვალისწინა. მართალია, კანონის მიღება გაჭიანურდა, მაგრამ 2005 წელს, როგორც იქნა, გვეღირსა კანონი, რომელიც საქართველოში არაიოდიზებული მარილის შემოტანას კრძალავდა.
-
გვეღირსა, მაგრამ ფაქტობრივად ერთი წლის შემდეგ პროგრამა გაუქმდა....
- ზოგიერთს სიტყვა "ეპიდემიოლოგიის" მნიშვნელობა ან არ ესმის, ან ძალიან აღიზიანებს - სადაც კი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა, ყველა პროგრამა გაუქმდა, უფრო მეტიც - ბატონი კახა ბენდუქიძე ამაყობს, რომ თვითონ იოდიან მარილს არ იღებს. დალოცვილო, რამე თუ არ იცი, სხვას მაინც ჰკითხე! ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ არაინფექციურ დაავადებებს შორის ნომერი პირველი პრობლემა იოდის დეფიციტი და ენდემური ჩიყვია. ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა!
კარგი, ამას თავი დავანებოთ და ჩვენ ჩვენი ვთქვათ. აგერ, თბილისი ავიღოთ. სადაც, წესით, ბავშვებში ჩიყვის გავრცელება 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თბილისის სკოლების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩიყვიანობა 20-30 პროცენტს აღწევს. საქართველოს სხვა რეგიონებში 80-90-პროცენტიან კერებსაც ნახავთ.
-
იქნებ დააზუსტოთ, რომელ რეგიონებს გულისხმობთ...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღეს მთელი საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს. წინათ ეს დაავადება მთიანი რეგიონებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ დღეს შიდა ქართლში გაცილებით მეტი დაავადებულია, ვიდრე სვანეთში ან რაჭა-ლეჩხუმში.
-
რა არის ენდემური ზონა?
- ენდემურს ისეთ ზონას უწოდებენ, სადაც ბავშვებში ჩიყვის გავრცელება 5%-ს აღემატება. ჩიყვის მთავარი მიზეზი კი გარემოში არსებული იოდის დეფიციტია. რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, ზემო აჭარა, კახეთი და ზემო იმერეთი უმძიმესი ენდემური კერები გახლავთ. ასეთი კერები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია. ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა მდინარეების, მყინვარების, წვიმის წყლის ზემოქმედებით. თავდაპირველად იოდი ყველგან თანაბრად იყო, შემდეგ კი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენით ნელ-ნელა ჩამოირეცხა და ახლა ყველაზე მეტი იოდი მსოფლიო ოკეანეშია თავმოყრილი. მთა კი იოდის გარეშე დარჩა, თუმცა დღეს ზღვისპირა რეგიონებშიც კი იოდის დეფიციტი 30%-ზე მეტია. ეს ჩერნობილის კატასტროფის შედეგია, როდესაც ყველაზე მეტი რადიაქტიური იოდ-131 ამოიფრქვა.
-
აქვე დავძენ - საქართველო ერთადერთი რესპუბლიკა იყო, რომელსაც ამ ავარიის შემდეგ არავითარი კომპენსაცია არ მიუღია.
- მართალს ბრძანებთ, თანაც 1986 წელი ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირში იოდდეფიციტი თითქმის აღმოფხვრილად ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დონეზე ამ მხრივ არაფერი კეთდებოდა - იოდიანი მარილი აღარ შემოდიოდა, დისპანსერები გაუქმებული იყო - და პრაქტიკულად მშიერმა ფარისებრმა ჯირკვლებმა აქტიურად შთანთქეს ჰაერში გამოფრქვეული რადიაქტიური იოდი...
-
თანაც, რამდენადაც ვიცი, ამ ტიპის ავარიის შედეგები 20-25 წლის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.
- ონკოლოგიური დაავადებები პიკს ამოფრქვევიდან ოცდახუთი წლის შემდეგ აღწევს. ჯერჯერობით საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკვეთრი, შესამჩნევი მატება არ აღნუსხულა. სამწუხაროდ, წინ კიდევ რამდენიმე წელია, იმედია, ღმერთი დაგვიფარავს.
-
კიბო კიბოა, მაგრამ არც ჩიყვია დიდი შვება...
- გეთანხმებით. საზოგადოდ კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იოდის დეფიციტი ბევრს უმნიშვნელო დაავადებად მიაჩნია. გარდა ზემოთ ნახსენები უმძიმესი პათოლოგიებისა - ჯუჯობისა და კრეტინიზმისა, იოდდეფიციტი იწვევს ახალშობილთა და ორსულთა პათოლოგიებს, მკვდრადშო-ბადობას, თვითნებურ აბორტებს, ყრუმუნჯობას, სიელმეს და სხვა პრობლემებს. თავად ჩიყვიც ხომ იოდის დეფიციტის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
-
სიტყვამ მოიტანა და, როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, აკლია თუ არა ბავშვის ორგანიზმს იოდი? საზოგადოდ, რამდენი იოდი უნდა მიიღოს ადამიანმა დღე-ღამეში?
- იოდის დეფიციტის დროს ბავშვი მოდუნებულია, უჩივის საერთო სისუსტეს, შეინიშნება გონებრივი შეზღუდულობაც - ბავშვი აპათიურია, ძნელად იმახსოვრებს წაკითხულს, უჭირს სწავლა. კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, ზოგჯერ ძილიანობაც ვითარდება.
რაც შეეხება დოზირებას, ის სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის სხვადასხვაა. ყველაზე მეტი, მაქსიმალური დოზა - 200-250მკგ დღეში - ორსულებს სჭირდებათ. სხვათა შორის, ჰიპერიოდიზმი ანუ იოდის სიჭარბე არავითარ გვერდით ეფექტს არ იწვევს. იაპონიაში, ტრადიციული რაციონიდან გამომდინარე (მოგეხსენებათ, უმთავრესად ზღვის პროდუქტე-ბით იკვებებიან), დღეში 1000 მკგ-ს და მეტს იღებენ, მაგრამ არაფერი მოსდით. იოდის სიჭარბე ასაკოვანთათვის არის საშიში. ასევე, კვანძოვანი ჩიყვის დროს იოდის მიცემამ შესაძლოა სპეციფიკური დაავადება იოდბაზედოვი გამოიწვიოს.
-
მოდი, ისევ იოდდეფიციტის პრობლემას დავუბრუნდეთ.
- ვიდრე იოდდეფიციტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდებოდა, საქართველოში მრავალი უცხოელი გახლდათ ჩამოსული. მათი შეფასებით, ისეთი მდგომარეობა, როგორიც ჩვენთან იყო, მხოლოდ ჯუნგლებში თუ ენახათ. სწორედ ამ საგანგაშო ვითარების გამო გადაწყდა საქართველოში იოდდეფიციტის საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შემუშავება. ამ პროგრამამ ათი წელი იმუშავა და, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმუშავა ბრწყინვალედ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა: ჩატარდა ჯგუფური პროფილაქტიკა; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველად საქართველოში გამოყენებულ იქნა ლიპიოდოლი - იოდიზებული ზეთი, რომელიც ექვს თვეს მოქმედებს; ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ ქალებს - ამ ჯგუფებში იოდის დეფიციტი ყველაზე საშიშია - ჯგუფური პროფილაქტიკა ორ-ორჯერ ჩაუტარდათ, შესწავლილ იქნა მდგომარეობა იოდის მიცემამდე და მიცემის შემდეგ - განსხვავება კოლოსალური აღმოჩნდა! მოსახლეობაში მილიონობით იოდიზებული ტაბლეტი დარიგდა, ყველა რაიონში დაფინანსდა ენდოკრინოლოგიური კაბინეტები, რათა უფასოდ მომსახურებოდნენ პაციენტებს, შეიქმნა სამხარეო ცენტრები, რომ ხალხს ექოსკოპიისთვის თბილისში არ ერბინა, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში კომპიუტერები, ულტრასონოგრაფიული და შარდში იოდის განმსაზღვრელი აპარატები დაიდგა... და თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე პროგრამის შეჩერების გამო დღეს თავიდან არის დასაწყები.
-
რატომ შეჩერდა პროგრამა?
- რა მოგახსენოთ, პარლამენტიდან დაწყებული, ჯანდაცვის სამინისტროთი დამთავრებული, ყველა მხრებს იჩეჩავს. მე მაინც მგონია, რომ არაპროფესიონალიზმია მიზეზი. კანონის მიღებამ, რომელმაც აკრძალა საქართველოში არაიოდიზებული მარილის შემოტანა და იუნისეფის დაფინანსებამ საშუალება მოგვცა, სხვა საქმეებთან ერთად ოცდაათი რაიონის მკვიდრი ცხრაასამდე ბავშვი შერჩევით გამოგვეკვლია. ყველა მათგანის ორგანიზმი გაჯერებული იყო იოდით, მაშინ როცა პროგრამის დასაწყისში იოდის ოდენობა ორგანიზმში ოდნავ თუ აღემატებოდა ნორმის ნახევარს. რამდენიმე წლის დაძაბულმა მუშაობამ მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა, უფრო მეტიც - ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ სულ ორიოდე წელიწადში პრობლემა მთლიანად დაგვეძლია.
-
ახლა რა გვეშველება?
- არ ვიცი. ვიდრე საქართველო იარსებებს, - და ღმერთმა ქართველებიანად მილიონ წელს აარსებოს ჩვენი ქვეყანა, - ეს პრობლემაც იქნება. იმასაც ვიტყვი, რომ ის ძალიან ადვილად მოსაგვარებელია, მაგრამ ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო. იქნებ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ათი ლარის მოპარვისთვის ციხეს რომ უსჯიან კაცს, ასეთი მავნებლობისთვის პასუხი არავის მოეთხოვება?! ჰკითხე მაინც, რატომ, რისთვის, რის საფუძველზე?! თუ კითხვასაც ვეღარ ბედავ?!
ერთი კონტროლის ცენტრი ხომ უნდა არსებობდეს საქართველოში, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალყურს ყველა რეგიონს, ეცოდინება, სად რა მდგომარეობაა, სად არ შედის იოდიანი მარილი, სად არის საგანგაშო ვითარება... წელიწადში სულ ოცდახუთი ათასი ლარი იყო დაფინანსება. მესმის, რომ ქვეყანას უჭირს, მაგრამ ის თუ იცის ვინმემ, რომ გერმანია იოდდეფიციტთან ბრძოლით წელიწადში 1,5 მილიარდი ევროს ეკონომიას აკეთებს?! ხომ არ გგონიათ, რომ იოდდეფიციტი მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა? გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია თავგამოდებით იბრძვიან იოდის დეფიციტის წინააღმდეგ. იცით, რომ შვეიცარიის მთელი ტერიტორია მეოცე საუკუნის დასაწყისში უმძიმეს ენდემურ ზონად იყო აღიარებული და იქ ჩვეულებრივი (არაიოდიანი) მარილი დღესაც კი აფთიაქში იყიდება ექიმის რეცეპტით? სამოციან წლებში საქართველოს ტერიტორიის სამოც პროცენტზე მეტი იყო იოდდეფი-ციტური, დღეს კი საქართველოში ფაქტობრივად არ არის რეგიონი, ჩიყვის გავრცელება ნორმასთან ახლოს მაინც რომ იყოს. სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, კვების ინფრასტრუქტურის შეცვლამ, მდგომარეობა კიდვ უფრო გაამწვავა.
-
როგორ მოვიქცეთ?
- სახელმწიფომ თავისი ნება უნდა გამოხატოს. გენიალური მეცნიერი ალექსანდრე მაჭავარიანი, ენდემურ ჩიყვთან ბრძოლის ერთ-ერთი მამამთავარი, მეოცე საუკუნის დასაწყისში წერდა: "არსებობს რიგი დაავადებები - პარტახტიანი ტიფი, ქოლერა, დიზენტერია, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე, და არის დაავადებები, რომლებიც თავისი არამძაფრი მიმდინარეობით ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, მაგრამ გაცილებით მეტ ზიანს აყენებენ ერს. ერთ-ერთი ასეთი დაავადება კი სწორედ ენდემური ჩიყვია". ათი წლის მუშაობა ჯერ კიდევ მთლიანად წყალში არ არის ჩაყრილი. რეგიონებში მდგომარეობა ასე თუ ისე მართვადი გახდა, მაგრამ მაინც სჭირდება კონტროლი და ყურადღება. სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ რეგიონებში ჩიყვის გავრცელება და იოდურია - შარდში იოდის შემცველობა. ეს აუცილებელი მინიმუმია, ურომლისოდაც არაფერი გამოვა.
P.S. როგორც ხედავთ, მდგომარეობა საქართველოში ჯერ კიდევ საგანგაშოა. კანონით, ქვეყანაში მხოლოდ იოდიანი მარილის შემოტანაა ნებადართული, არადა, მდგომარეობის შესწავლამ ცხადყო, რომ ბაზრის 80% იოდიანი მარილის გარეშეა დარჩენილი. ე. ი. კანონი არ სრულდება, იოდის დეფიციტის დაძლევის პროგრამა შეჩერებულია, პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე არავის აუღია... "ოჯახის მკურნალი" ადრეც ყურადღებით ადევნებდა და დღესაც ადევნებს თვალს იოდდეფიციტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პრობლემის გარშემო უამრავი კითხვა დაგროვდა, რომლებზეც პასუხის მიღებას უახლოეს მომავალში შევეცდებით.